ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი;
ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი;
არ მეამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი;
მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.
ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური;
მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური:
ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური,
ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.
ზახილი მესმა. შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა,
შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა;
ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა,
მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.
ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მითქს რომელი,
მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი;
მონა მივსწიე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი;
შევსთვალე: „დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?“
მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა;
ფიცხლა შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა,
ვუთხარ: „დადეგ, გამაგონე, შენი საქმე მეცა მინა!“
შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.
გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: „შენ ასეთი ხენი ვით ჰხენ!“
მერმე მითხრა: „მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ:
იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ,
უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი ასრე ვითხენ“.
მე ვუთხარ: „დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა;
არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა.
თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა.
მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.
ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა,
ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა.
მერმე ვჰკითხე: „ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა?“
საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.
პირველ მითხრა: „არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავხო?
ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო?
რამან შეგქმნა მოყვითანედ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო?
ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიცა რად დაგავსო?
მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი,
ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი;
ესე საზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი,
ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუწვდომელი.
მამის ძმა და მამა-ჩემი პაპამ ჩემმან გაყვნა ოდეს,
ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს,
თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს;
მათვე დაჰრჩა სანადირო, არ მივსცემდი, მომერჩოდეს.
დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე,
ქორის დევნა მომნდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე;
სპათა ვუთხარ: „მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე!“
ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.
ნავითა გავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა.
არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად დავჰრიდო, და-?
დამეძაბუნნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა,
ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდ-ა.
მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესრე ხმდა ვითა!
გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრეს ნავითა,
თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა,
ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა.
მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა,
ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა,
ზღვასა შევე, მომეგება მეომარი ვითა ღელვა,
სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.
კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს,
იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს,
არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს,
ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.
მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე,
ზღვა-ზღვა ცურვით წამოუვე, ჩემნი მჭვრეტნი გავაცბუნვე;
თანა-მყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე,
ვინცა მდევდა, ვერ შემომხდა, მივუბრუნდი, მივაბრუნვე.
აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა!
ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა!
ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა,
ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!“
ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა.
მოვახსენე: „აჩქარება შენი ყოლა არა უნდა,
მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ, და-!
ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!.
ესეცა ვუთხარ: „ამბავი ჩემი არ გაგეგონების,
უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების“.
მან მითხრა: „ლხინი საჩემო მაგას არ შეეწონების!
დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების“.
მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა;
გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა,
პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა,
ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს ხრმალსა და სალტე-კოტასა.
კვლა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი;
შემასხმიდიან ქებასა: „მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!“
მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი,
ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი.
ვეფხისტყაოსანი — ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა — ორიგინალი ტექსტი
შოთა რუსთაველი · ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა
ნაწილები
- პროლოგი
- ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
- როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
- ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
- თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
- წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
- ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
- ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
- შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
- ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
- ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
- ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
- წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
- ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
- ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
- წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
- ტარიელის ტირილი და დაბნედა
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მოწერილი
- რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
- ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
- ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
- ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
- ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა
- შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
- ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
- ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
- დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი
- ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
- ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
- ლოცვა ავთანდილისა
- ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
- წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
- პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა
- მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა
- აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
- წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
- ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
- წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
- ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
- ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
- წიგნი ფატმანისა ავთანდილისა სამიჯნურო
- წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
- ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
- ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
- წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
- წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
- წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
- ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
- თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
- თათბირი ავთანდილისა
- თათბირი ტარიელისა
- ტარიელისაგან ზღვათა მეფისასა მისლვა
- ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
- სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
- ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
- ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
- ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
- ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
- ეპილოგი
ტექსტის წყარო: შოთა რუსთაველი