prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

სიბრძნე სიცრუისა — ნაწილი 9

სულხან-საბა ორბელიანი · პროზა

რა ორი-სამი დღე გამოვიდა, მოსამსახურენი საქმეზედ გავიდნენ. ყადი შეფრფინვით შესცქეროდა, ჯორმან ავშარა წაიყარა და აეშვა. მუნ ხელსაბანი კუმკუმა იდგა, მას შიგ ჩაძვრა.

დაიწყო ყადმან ძახილი. მსახურნი მოვიდენ, მათ ყოველი უამბო. ეგრე თქვეს: დაფეთებია რამე და შეშლილია, თვარა რას როტავს, კუმკუმაში ჯორი ვით ჩავა, ან როგორ დაეტევაო!

დაიჭირვს ყადი, ბევრი ტანჯეს და დააბეს. ფიცავს ყადი: ხელი არა ვარ, მართალს ვიტყვიო!

ვინ მოუსმენდა? ვრჩი, აღარა მჭირს რა!

გაუშვეს. მარტო ჯდა. კუმკუმის პირიდამ თავი ამოჰყო ჯორმან და ყურები გაიბერტყა. დაიძახა ყადმან: აქავ არის, მიშველეთო!

მოვიდენ იგი კაცნი, კიდევ შეიპყრეს და უარესი ჭირი დამართეს. კიდევ, საქმე რომ გაუჭირეს, თქვა: მოვრჩი, აღარა მჭირს რაო!

კიდევ გაუშვეს და ყადი ჭკვიანად ჯდა. კიდევ კუმკუმის პირიდამ თავი ამოყო ჯორმან და ყურების ბერტყა შექმნა. ყადმან უთხრა: დიახ გხედავ, მანდა ხარ, მაგრა შიშით ვერ ვიტყვი, ტანჯვისა მეშინიანო.

- იგი ყადი მართლა ამბობდა, ხედვიდა და არავინ უჯერებდა. მე მასავით ვხედავ, მართალს ვამბობ, არავინ მისმენთ და რა ვქმნა?

თქვა რუქამ არაკი:

სპარსი და ინდო

ერთი სპარსი ვაჭარი წავიდა ინდოეთს. მივიდა ქიშმირის ქალაქად. სადა დიდებულთა ვაჭართა საკრებულო იყო, მუნ შევიდა. გარდაიარა და ყოველსა კაცსა ზევით დაჯდა, რიდე მოიხადა, გვერდს დაიდვა და ფერხი მუხლთა შემოიდვა. ეგრე ამპარტავნად დაჯდა, რომე მის უდიდესი კაცი მუნ არ ყოფილიყო.

თქვენცა გასმიათ ინდოთ სიმდიდრისა ამბავი.

ერთი კაცი გარედამ იმზერდა, რომე შინაგან შესვლასაც არ აღირსებდენ, არა თუ დაჯდომილიყო. მან კაცმან, რა სპარსი ეგრე მჯდომი ნახა, ერთი მოსამსახურე კაცი შეუყენა:

- გამოიკითხე, რაოდენი ათასის სალაროს პატრონია?

რა ჰკითხეს სპარსსა, მან კვეხნით თქვა: სამასი თუმანი მაქვსო.

რა ეს ესმა გარემდგომსა მას ინდოსა, წყენისაგან უჭკოდ გახდა, ეგრე თქვა:

- მე სამასი სახლი ქარვისა მიდგანან და სხვას დიდებას გარდა, რვა ვეცხლის ბალავარი კართა მიგდია კაცთა უკუსაჯდომად, და მუნ შესვლას არა ღირს ვარ, მათ პატრონ კაცთა ლოცვა მოვახსენო, და იგი უმსგავსო შესრულ არს და ყოველსა ზემორე უზის, რომლითა ჯდომითა ანუ რომლითა დიდებითა!

რა იგი სპარსი გამოვიდა, ინდო კართა დახვდა და ეგრე უთხრა:

- შენ აქაურის ვაჭრობის უმეცარი ხარ და, თუ შენც გნებავს, რაც სავაჭრო შენ გაქვს, ეგოდენს მე ჩემსას მოგცემ, ერთად ვივაჭროთ, ზიანი და სარგებელი ერთად სწორი იყოს ჩვენთვის!

იამა სპარსსა და ნება დართო. სამასი თუმანი სპარსისა, სამასი - ინდოსი. ექვსასი თუმნისა, ინდომ ურჩივა, სულ ნიორი და ხახვი იყიდეს. ფუნდუკები იქირავეს და იქ დააზვინეს. ინდომ უთხრა:

- სამს თვეს უკან დაძვირდების და ერთი ათად შეგვექმნების.

გამოხდა სამი თვე, სრულებით დალპა ამათი სავაჭრო. სპარსმან უთხრა:

- წახდა ჩვენი ჭირნახული!

ინდომ ურჩია: აიღეს ვალი, მუშა დაიჭირეს, დამპალი გადაარჩიეს და სხვა შეინახეს.

კიდევ უთხრა: - დიდად გასარგებლებო!

გამოხდა სამი თვე. სრულობით ასე დალპა, ერთი აღარ დარჩა.

შექმნა სპარსმან ტირილი და ინდოს ბრალობა დაუწყო. ინდომ უთხრა:

- რას ლაყბობ, ზიანი და სარგებელი სწორი იყო, შენი და ჩემი სწორად წახდა!

იგი სპარსი ეგრე დაგლახაკდა, პურის შოვნა არ ძალედვა. მერმე იგი ინდო მივიდა და სპარსი თავისთან წაიყვანა, მისცა სამასი თუმანი სხვა და ეგრე უთხრა: ძმაო, ეს ექვსასი თუმანი შენმა იქ ჯდომის ჯავრმან დამაკარგვინაო!

- მას ინდოსავით, შენის ლეონის ჯავრი ესრეთს საქმეს მაქნევინებს, ყოველს კაცს უკვირდეს.

თქვა ჯუმბერ არაკი:

მჭედელი და ეშმაკები

ერთი მჭედელი იყო ქალაქსა შამისასა. წამსა და წუთს ეშმაკს აგინებდა. შეწუხდენ ეშმაკნი და მჭედლისათვის მახე გააკეთეს. ერთი ეშმაკი ბერის კაცის სახით მოვიდა, ერთი ვაჟკაცი შვილად მოიყვანა, მჭედელს ოცი ფლური მოუტანა: ამ ჩემს შვილს შენი ხელობა ასწავლეო!

მჭედელს იამა და მიიბარა. კარგს სწავლებას დაჰპირდა.

ორს თვეს უკან ერთი ეშმაკი ბერს, უძლურს კაცად შეიცვალა და მოვიდა მჭედელთანა, ორასი ფლური მოუტანა და უთხრა:

- დია დავბერდი, აღარა ძალმიც რა, ეს ხელფასად აიღევ, დამადნევ, გარდამახალისე და ოცისა წლისა გამაკეთე!

მჭედელმან ეშმაკს აგინა: ეს როგორ იქმნება კაცისაგანაო!

შაგირდმან უთხრა: ფლური გამოართვი, მე თოქმაჩის შვილი ვარ, მე კარგა დავახალისებო.

ეშმაკი ეშმაკურის საქმის მცოდნელია. შეკრეს ეს ბერიკაცი, დადვეს. ნახშირი და ცეცხლი დააყარეს და დაუწყეს საბერველით ბერვა, მრავალი იძახა: დავიწვი, ნუ დამწვავთო!

მათ უფრო უბერეს. ეშმაკს რა დასწვავდა?!

ცოტაოდენი ჟამი გამოხდა, ცეცხლიდამ ოცის წლის კაცი ამოძვრა. გაუკვირდა ყოველსა კაცსა და განითქვა ეს ამბავი: ესეთი ხელოსანია იგი მჭედელი, ორასის წლის კაცს დაახალისებს და ოცის წლის ვაჟკაცად შეიქმსო!

მიესმა შამელს ყადს; დია დაბერებულიყო, ორასი ფლური მოუტანა: დამახალისეო!

მჭედელი დაჰპირდა. ეგონა, ამასაც დავახალისებო. გარდააცვეს თავსა ფერხი, ჩადვეს ცეცხლში და დაუწყეს ბერვა. რა გაჩხრიკეს ცეცხლი, ძვალიც ვეღარ პოვეს, ესრეთ დამწვარიყო.

დაიჭირეს საბრალო მჭედელი და დაარჩვეს. ეშმაკებმან ეს ხრიკი უგდეს.

- ეშმაკი ეშმაკს კიდეც გარდაახალისებს და კიდეც ნახავს. შენ ეშმაკი ხარ და ეშმაკს ჰხედავნ, მაგაზე რა ფიცი გინდა, ან ვინ არ დაგიჯერებს.

თქვა ჯუმბერ არაკი:

ყარყატის თავგადასავალი

ერთს ადგილსა მრავალი თეთრი ყარყატი ბუდობდა. ერთმან კაცმან ერთის ყარყატის კვერცხები დაიპარა და ბატის კვერცხები ბუდესა ჩაუწყო. გამოჩიკა მან ყარყატმან და დაზარდა, თვისი ბარტყი ეგონა. რა დაიზარდა, მამალი ყარყატი მოვიდა, ნახა, მისი მსგავსი არ იყო. შეჰყარა მის თემის ყარყატნი და ყველაყას უჩვენა. დაიჭირეს ეს უბრალო დედალი ყარყატი, მოკლეს და ტვინი ამოსწოვეს.

- აწ რა გაწყინა შენ ლეონ? ცოლი იყო შენი და გაგიბოზდა, მტერი იყო და ძე მოგიკლა? ანუ ცოლი გესვა და მასთან განისვენა? ანუ მაგან ხეიბარ გყო? რა გიყო? მითხარ! თავმან მეფისამან, არა ვუსარჩლი. არცა შენსა მირჩევნია, მაგრამ მართალსა ვიტყვი. შენსა და მას შუა სამტერო არა არის რა.

მტერობა სამთა ჰმართებს:

ერთსა - მესაზღვრეთ, რომ სამანს გარდასვლა მოინდომოს;

მეორეს - სხვის მამული რომ სხვას ეჭიროს, თუ იგი არ წახდეს, მას ვერ იშოებს;

მესამეს - ერთს მეორისაგან სასირცხო საქმე სჭირდეს.

თქვა რუქამ:

- არა ვფარავ, მტერი ვარ ლეონისა.

თქვა ჯუმბერ:

- სამთა არა მართებან მტერობანი:

ერთს - ნავში მჯდომსა - მენავისა;

მეორეს - მინდორს მსახლობელს - მაგართა ადგილთა მსახლობელისა;

მესამეს - ნაკადულთა ზედა ბოლოს მსახლობელს - სათავეზე მსახლობელისა.

თქვა რუქამ:

- მეფის ძე ხარ და დაგვატკბე!

თქვა ჯუმბერ:

- სამთა ჰმართებენ სიტკბონი: ერთსა - ციხის მოზიარესა;

მეორესა - ბევრის განაყოფის პატრონსა;

მესამესა - ლხინზედ მსხდომთა.

თქვა რუქამ:

- ცუდად ვაშრობ თავსა ჩემსა.

თქვა ჯუმბერ:

სამნი შვრებიან ცუდად:

ერთი - ტალა მოშიშარი;

მეორე - მცდელი ჯორთა მაშობრობისა;

მესამე - მდევარი ქარისა.

თქვა რუქამ:

- ენათ სიმრავლეს იწვრთი.

თქვა ჯუმბერ:

- სამთა მართებენ ენამრავლობა:

ერთსა - გლახაკსა უპოვარსა;

მეორესა - ქადაგსა მოარულსა;

მესამეს - კაცსა მოჩხუბარსა.

თქვა რუქამ:

- გარდავიხვეწო ხელთაგან შენთა.

თქვა ჯუმბერ:

- სამთა ჰმართებენ გარდახვეწა:

ერთსა - თემთაგან პირადაღებულსა;

მეორესა - ურჩის ცოლის უფალსა;

მესამესა - პატრონისა ორგულსა.

თქვა რუქამ:

- ჩემდა სანატრელ არს სიკვდილი.

თქვა ჯუმბერ:

- სამთა ენატრება სიკვდილი:

ერთსა - ბოროტითა სიცოცხლითა ცხოვრებულსა;

მეორეს - სენგრძელსა და უკურნებელსა;

მესამესა - უეჭველად ედემის მომლოდნელსა.

თქვა რუქამ:

- განძება ჩემი გნებავს, უთუოდ.

თქვა ჯუმბერ:

- სამნი განიძებიან:

ერთი - მეზვრე - ქურდი ყურძნისა;

მეორე - მკურნალი - წამლისა უმეცარი;

მესამე - მსხემი უამებელი.

თქვა რუქამ:

- ვხედავ განგარისხე!

თქვა ჯუმბერ:

- სამნი განარისხებენ კაცსა:

ერთი - შვილი ურჩი და უსმინარი;

მეორე - დიაცი მაგინებელი;

მესამე - მონა ყბედი.

თქვა რუქამ არაკი:

ფილოსოფოსნი

ერთი დიდი ფილოსოფოსი იყო ყოველთა სიბრძნითა შემკული. დაუტევა სოფელი და განშორებულად უდაბნოდ წავიდა. მუნ დადგა და მარტო ილოცებდა. სხვანი ექვსნი ფილოსოფოსნი იყვნენ დია ცოდნის მცდელნი და მოყვარულნი. სიტყვას რასმე ზედა შეცილდნენ, ვერა რომელი დაესკვნათ. წავიდნენ მის განშორებულისა ნახვად. ჰკითხეს და მან ხმა არ გასცა. მერმე კიდევ ჰკითხეს და მან ეგრე უთხრა:

- თქვენ ყოველნი თქვენი მონაგებნი ბევრი საუბრისა სწავლისათვის წაგიგიათ, და მე ჩემო მონაგები და სოფელი ამაზე დაუტევე, რომ დადუმებით ვიყო და არ ვიუბნა.

მეტი არა უთხრა და სირცხვილნეულნი წამოვიდნენ უპასუხონი.

- მეც, თუ თქვენ მოგრჩები, არა ამ სოფელს, მას საუკუნოსაც დაუტოვებენ და განვისვენებ.

თქვა ჯუმბერ არაკი

დათვი და მონადირენი

ორნი ამხანაგნი ნადირობდნენ. ხევი იყო და ხევს გაღმა-გამოღმა რონინებდნენ. ერთს ამხანაგს დათვი შემოეჭიდა, ქვეშ ჩაიდვა. მეორე ამხანაგმა უყივლა: - გაუშვი ეგ დათვი და წამოდი, სხვა საქმე გვიძსო!

მან დაუძახა: - დათვი არ მიშვებს, თვარა მე წეღანვე წამოვიდოდიო!

- იმისი არ იყოს, შენ არავის ეშვები და არ აწყნარებ, თვარა შენი საუბარი არცა ვის ეამება და არცა ვის ეხალისება.

უთხრა რუქამ არაკი:

ობოლი და მისი დედა

იყო ერთი ობოლი მარტვილი. რა მოიზარდა, დედას ჰკითხა:

- დედავ, ყოველს კაცს მამა უვის, მე რად არა მყავს?

დედამ უთხრა:

- შვილო, შენცა გყვანდა, მაგრა წყალმან დაარჩო.

შვილმან უთხრა:

- მას წყალზე ხიდი არ იდვა, მას ზედ გასულიყო?

დედამ უთხრა:

- იდვა, მაგრამ შორს იყო.

შვილმან უთხრა:

- ასრე შორს იყო, რომ აქამდის ევლო, ვერ მოუარდა?

დედას გაეცინა და ეგრე უთხრა:

- თუ მაგდენი გაესინჯა, არც კი დაირჩობოდა.

- ეს არაკი ამად მოგახსენე: თუ აგრე სიტყვის მსინჯავი ხარ, მოუწონებელს კაცს რად ეუბნები და აქამდის რად ვერ მოიგონე ჩემი უბრობა?

აღაღო ლეონ თავისი ბრძნად მოუბარი პირი და ტკბილად მოლაპარაკე ენა, უთხრა ჯუმბერს:

- ძეო მეფისაო! მარტვილი ხარ, სიტყვის გზას ეძებ და მეტის ნდომით უფრო ჰკარგავ, როგორც იმ მეფეს დაეკარგა, რასაც ეძებდა.

მეფემ ჰკითხა: როგორ ყოფილაო?

მოახსენა ლეონ:

უმეცარი დალაქი

ჩემი შობისა და მამა-დედათა უცნობობისა უწინარესვე ვჰკადრე მეფობასა თქვენსა და რა აქათ წამოველ, სოფელსა ერთსა მოველ. ხუთნი ამხანაგნი სხდეს და ლაღობდენ. მაწვიეს მეცა და დამსვეს მათთანა.

თავთა პარსვა მოუნდათ. მას სოფელსა ერთი უმეცარი დალაქი თურე იყო. კარგი ცოდნა იჩემა და მოვიდა.

დაუწყო ერთსა თავსა პარსვა. თურე დია შეაჭირვა.

მიღმა აქლემი ღრიალებდა.

მან კაცმან თქვა: მას აქლემსაც თავს პარსვენო და მისთვის ასე მწარედ ყვირისო. ჩვენ ვიცინეთ და სხვათაც მოვაპარსვინეთ.

მეორეს დაუწყო პარსვა და დიდად შეაწუხა. ამოიღო ხუთი ბისტი, მისცა და უთხრა: ვიცი, ცოცხალი ვერ გარდაგირჩები, შენი ხელფასი არ შემრჩეს, მას სოფელსა ვალად არ დამეკიდოსო.

მესამეს დაუწყო პარსვა. მოკორტნა თავი და სისხლმდინარეს ბამბა დააკრა, სხვაგან მოჰკორტნა და დააკრა ბამბა. მართ ათამდე ადგილს დაჰკორტნა, ნახევარი მოჰპარსა. და რომ ვეღარ გაუძლო და შეაჭირვა, ეგრე უთხრა: ძმაო, ნახევარი ბამბა დაგითესავს, ნახევარი იყოს, ეს ნესვად მინდა დავთესოო.

ვიცინოდით და ერთმანერთს ამბავს ვკითხევდით.

მეოთხეს პარსვა დაუწყო. რომ შესჭირდა, მე ვკითხე: რავდენი ძმანი ხართ-მეთქი?

მან ეგრე მითხრა: თუ ამ კაცს მოვრჩი, ექვსნი ვართ, თუ არა - ხუთნიღა დარჩებიანო.

მეხუთეს დაუწყო პარსვა. დაჰკორტნა ბევრგან და ბამბა დააკრა. რა გაათავა, ორი ფული მისცა. იგი დალაქი თურე სიტყვაწყლიანი იყო და ეგრე უთხრა: შენს თავსა ზედა ხუთის ბისტის ბამბა დამეხარჯა და ორს ფულს მაძლეო.

ვიცინოდით და, რომელიც უარს იტყოდა, ძალათ მოვაპარსვინით ხოლმე თავი.

რა მე დამიწყო პარსვა, დია შევჭირდი, მარა თავს არ დავიტყევ, რა გაათავა, ფასი მივე და მადლად ვუთხარ: ასემც მამა-დედათ შენთა სული განისვენებს, ვითა მე განმასვენე-მეთქი.

მათ ჩემთა ამხანაგთა გამკიცხეს: ხმელი ვირის თავი დაიყვირებდაო, შენ რა მადლს ეტყვიო?

მე ეგრე ვუპასუხე: - უარი მეთქვა, არ მომეშვებოდით, და იგი კაცი დავიმადლე და მამა-დედა დავუწყევლე.

მათ მკითხეს: ვითაო?

მე ეგრე ვუთხარ: მე რომ მისგან პარსვით განვისვენე, თუცა მისთა მშობელთა სულნი ეგრე განისვენებენ, ჯოჯოხეთს რა უარესი ტანჯვა იქნების-მეთქი?

ვსვით ღვინო და განვისვენეთ.

მოახსენა ლეონ:

იტალიელი მხატვარი

წამოველ მუნით და მოველ ქალაქსა იტალიისასა. მნახა მხატვარმან ვინმე და მაწვია. ყოველთა მხატვართა უხუცესი იყო. მასთან ერთი თვე დავყავ. რომელი მხატვარი მას აწვევდა, მეც მაწვევდა ხოლმე.

ერთმან მხატვარმან გვაწვია. ერთს სარკმელში ერთი საწერელი დაეხატა, გაშლილი კალამი რომ შიგ იდვას, მის მსგავსად, კაცს ეგრე ეგონებოდა, გაშლილი საწერელი ძესო. ერთი სხვა დია კარგი მხატვარი იყო, ხელოვნების მჩემებელი. მას უთხრა მასპინძელმან: ადეგ, ძმაო, ეგ საწერელი მომეც და მერმე მე გემსახუროო!

ზე ადგა იგი მხატვარი, საწერელი ეგონა. რა ხელი მიჰყო, კედელი დაჰხვდა, მეტად შერცხვენდა. ჩვენ გაგვეცინა.

მეორეზე მან გვაწვია. ამა უწინდელს მასპინძელს საწერლის საქმე დავიწყებოდა და მას კედელსა ზედა ერთი გაღებული კარი გამოესახა. ეგრე ეგონებოდა კაცსა, შესავალი სახლის კარიაო. ღვინოს ვსმევდით და ერთსა სიტყვასა ზედა შეიცილნენ.

მასპინძელმან საწერლის მხატვარს უთხრა: ნუ ცილობთ, ჩემს წიგნში მართალი სწერიაო!

მან ჰკითხა: იგი წიგნი სად არისო?

მასპინძელმან კარი აჩვენა: მას სახლში ძეს და გამოიღეო და ნახეო!

ადგა, სწრაფით შესვლას ლამოდა და კედელს თავი შეატაკა და გაიხეთქა.

მასპინძელმან უპასუხა: ავად გიმასპინძლე, მარა მისთანა საწერლის ხატვას, მაგისთანას სახლში ისწავლიანო.

ღვინო ვსვით და გავიხარენით.

სხვამან გვაწვია მხატვარმან. ჩვენ დაგვსხა და, სადა ჩვენ ვსხედით, იქ გვერდით სხვა სახლი ედგა. მას შიგ ერთი რკინის აუზი გაეკეთებინა. მნახავს მდგარი წყალი ეგონებოდა.

თვითო-თვითო მხატვარი მოიწვივის, მისცის ჭიქა, უთხრის: ძმაო, შევედ, მანდ წყალი დგას, ამოიღე და გამოიტანეო!

შევიდიან, წყალი ეგონისთ, ატაკიან ჭიქა, გატეხიან და სხვით გზით გაიპარიან და სირცხვილეულნი წარვიდიან.

ერთი ბრძენი მხატვარი იყო. რა იგი აწვია, მოვიდა. ჭიქა მისცა და შეგზავნა. ნახა. აგრძნა, ხრიკი რამე არისო. ხელი მიჰყო, რკინა იყო. სამხატვროს საწერელი. მუნ მზა იდვა. მას რკინაზე ერთი მყრალი ძაღლის მძორი გამოხატა, რომე შიგ ჩავარდნილს ჰგვანდა. გამოვიდა და უთხრა: ვინღაცას ძაღლის მძორი ჩაუგდია, იგი აღარ იხმარების და აღარ ავავსეო.

შევედით, ვნახეთ, გვიამა, ღვინო ვსვით. დია მომეწონა მათი ხელოვნება.

სხვამან გვაწვია. მეორისა ამხანაგისა ცოლი თურე ენახა და მისი სახე გამოესახა, სრულად მას ამსგავსა. ჩვენ დავსხედით მას სახესთანა. მერმე იგი კაცი აწვია. შემოვიდა, ნახა ჩვენში მჯდომელი. ფიცხელი კაცი იყო. მას მართლა მისი ცოლი ეგონა. მეტის ჯავრისაგან ვეღარა გაიგნო რა. მოუხდა, ცემა ენება. რა მჯიღი შემოჰკრა, კედელი დაჰხვდა.

დიადი ვიცინეთ და ესრეთ დავლიეთ თვე იგი მუნ.

წამოველ მუნით, მოვხვდი კაცთა ვისმე სამთა. მინდვრად სხდეს მებოძირთა გზათა თანა. იგინიცა მას დღესა შეყრილიყვნენ, ძმათა სტიროდენ და ცოლებს აგინებდენ. მიველ, ვკითხე: რა წაგკიდებიათ-მეთქი!

მითხრეს: ცხენით გარდამოხედ, დაჯედ და გეტყვითო!

ერთმან თქვა:

მოშურნე რძალი

ერთი ძმა მყვანდა, საყვარელი, მორჩილი ჩემი და ნება გულისა ჩემისა. მისი ცოლი ჩემს ცოლს სიმწყაზრით სჯობდა. ამაზედ გაგლისპდა, დაემტერა: რად იგი უკეთესიაო! გარდამეკიდა: ანუ რძალი შენს ძმას გააგდებინე და ანუ ძმას გაეყარეო!

მან, ჩემმა ძმამ, ცოლი არ გაუშვა, მე გავეყარე და აწ საგლახაკოდ დავიარები.

მეორემან თქვა:

პურის პურით ჭამა

ოთხნი ძმანი ვიყავით ცოლიანები. შემომადგა ცოლი ჩემი და ეგრე მეტყოდა: თუცა შენ ძმათა გაეყრები, ესეთი დიაცი ვარ, პურს პურით გაჭმეო.

დღე და ღამე არ მომისვენა. რა ძმას გავეყარე, ვუთხარ: პურით პურის ჭამა რა არს, მაჭამე-მეთქი!

შექმნა კორკოტი, წინ დამიდგა, პურიც ხელთ მომცა: აჰა, პური პურით ჭამეო.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — სულხან-საბა ორბელიანი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.