prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

სიბრძნე სიცრუისა — ნაწილი 1

სულხან-საბა ორბელიანი · პროზა

ფინეზ მეფე

იყო ხელმწიფე ერთი, რომლისა საქმენი არავისგან მოიგონებიან. რომელსა სიკეთისა და სიქველისაგან ეგოდენი მოწყალებანი შეეკრიბნა გულსა თვისსა.

თავად არ აღირაცხოდა; სიფიცხლე და უწყალოება ჯავრისანი გულისაგან ღვთის შიშისა ნიავით გაექარვებინა; სიუხვე მისი ნოტიოს ღრუბლისაგან უმრავლესად გაეგრილა ყოველთა კაცთა ზედა საბოძვარი ცათა წვიმისათვის გარდაემატებინა.

მისი შიში და ზარი ესრეთ განფენილ იყო პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, მეხის ტეხისა უსაზარლესად მიაჩნდათ. მისი სიტკბო და ალერსი ესრეთ შეეტკბოთ, ჩჩვილთა წულთაებრ სძისა და ძუძუთა უსაყვარლესად მიეზიდათ.

და იყო სახელი დიდისა მის და მაღლისა მეფისა ფინეზ. და ჰყვა ვაზირი ეგეთი, რომე სიბრძნითა მისითა ცათა აღწევნილ იყო, ჭკუითა ხმელთა სიგრძე და განი სრულად განეზომა, მეცნიერებითა ზღვათა უფსკრულთა მიწევნილ იყო, ჰაერთა და ვასკვლავთა საქმენი გულისა ფიცართა გამოეწერა; ესეთი სიტყვის სიტკბო ჰქონდა, მხეცთა კაცთა მსგავსად მოაქცევდის, ტინთა ცვლილებრ დაადნობდის და მფრინველთა კაცებრ აუბნებდის.

და იყო სახელი ვაზირისა მის სედრაქ. დიდად უყვარდა მეფესა ვაზირი იგი. და არა იყო გულსა მეფისა ზრუნვა, გინა შეჭირვება უძეობისა კიდე, რომე შვილი არა ესვა. დღესა ერთსა გახსნა და გასცა განძი ურიცხვი გლახაკთა ზედა, რათა ევედრონ ღმერთსა ძისა ბოძებისა მისისათვის.

და იყო საჭურისა მეფისა კაცი გულჩქარი და ფიცხელი, სეფეთუხუცესი იყო და გულითადი მეფისა, რომელსა ერქვა რუქა. და თქვა: - რომელსა მეფეთაგანსა გარდაუგია სალარო ესეოდენი?

თქვა სედრაქ არაკი:

მეფე ხორასნისა

იყო ერთი მეფე ხორასანსა დიდებული, კეთილ-გონიერი, უხვი და მოწყალე. დღესა ერთსა გახსნა სამნი სალარონი და უხმო ყოველსა საბრძანებელსა, რათა ყოველმან დიდმან და მცირემან, დიდებულმან, გინა გლახაკმან ათორმეტსა ჟამსა, რაცა ეძლოს, წარიღონ. და წარიღეს ყოველთა და ვერა დაასრულეს სამნი იგი სალარონი.

მას დღესა ნადიმი გარდაიხადა, აფუცა ვაზირთა მისთა, თუცა რომელთა ასმოდეს, ანუ იცოდეს მისი მსგავსი მდიდარი და უუხვესი მეფე. ექვსთა ვაზირთა ფუცეს უსმენელობისათვის მსგავსისა მისისა. და უმცროსსა ვაზირსა გაეცინა.

ჰკითხა მეფემან:

რის მიზეზისათვის იცინიო?

მან ფიცი სთხოვა მოუკვლელობისათვის და მეფემან თავისი თავი ფუცა.

მას ვაზირსა რა გული შეუჯერდა, მოახსენა: ჩინეთის ქვეყანას ერთი ურია არის, მალქოზ ჰქვიან და მისი მოყმე არის დიდებული ვინმე. მისებრივ უხვი არც უწინარეს ყოფილა და არც დღეის წაღმართ იქმნებისო.

ეწყინა მეფესა, მაგრამ ვაზირი იგი ფიცისად ვეღარ მოკლა და პატიმარ ჰყო. და თვით სამეფო სამოსელი განიძარცვა, სხვა შეიმოსა და წარვიდა მის კაცისა ნახვად. მუნ მივიდა, სადა იგი ესახლა. თურმე წესი იყო კაცისა მის: სადაცა ვის უცხოსა ნახევდის, თვისსა მოიყვანის, აბანის, შემოსის, გაასვენის, საბოძვარი მისცის და განუტევის.

დღე ერთ ვლიდა ქალაქთა მათ გარემოს. და ნახა მეფე ესე სახითა გლახაკისათა; წარიყვანა და რომელი სხვათათვის წესი იყო, იგი მას უქმნა. რა შემოსა, ნახა, დიდად საპატიო იყო, ჰკითხა სადაურობა და ვინაობა და ყოველივე აამბობინა. ოდეს სცნა მეფობა მისი, დავარდა მიწასა უღირსად და დადვა თავი თვისი და ევედრებოდა უცნობობისათვის.

აწვია და შეიყვანა სახლსა ერთსა ეგეთსა, რომე მას მეფესა მის სახლის მსგავსი არ ედგა უცხო და უცხოდ მორთული: ანუ საფენი, ანუ ფარდაგი ყოველივე სტავრა იყო. ნადიმი გარდაიხადა. ჭურჭელი ყოველივე შეწყობილი თვალი იყო. ყოველივე უძღვნა.

ცხრა დღე განუსვენა, დღე ყოველ უმჯობესსა სახლსა დასმიდის. მჯობი და უძვირფასესი ჭურჭელი მოიღის, უმხიარულე ნადიმი დაუდვის და ყოველივე უძღვნის. უკვირდა მეფესა დიდება და უხვობა მის კაცისა.

მეცხრესა დღესა ერთსა ასეთსა სახლსა აწვია, რომე დიდად უცხო იყო, და არცა მისი ქმნულება ითქმის. საფენი და ფარდაგი - საფერი, და ჭურჭელი მთელი თვალი იყო. გამოთლილი ყვავილნი იყვნეს და ხენი თვალისანი, შეფერებულნი მსგავსად, შვენიერნი. და ყოველივე უძღვნა. სამნი ესეთნი მგოსანნი ქალნი უძღვნნა, ვერც თვალი უკეკლუცესსა ნახევდა და ვერც ყური უამესსა ისმენდა.

წამოვიდა მეფე. არა წამოიღო რა განძთაგან: ერთი ალმასის თასი, და ერთი იაგუნდის საწდე, და ერთი ყვავილი თვალისა და სამნი მგოსანნი ქალნი. მადლი უბრძანა მასპინძელსა: ღვთის მოწყალებით მეც შემოგზღოო.

წამოვიდა და მოვიდა მისსა ქალაქსა. ვაზირი იგი პატიმარი პატიოსან ჰყო და ილხენდა.

მის კაცისა პატრონი იგი ურია მისანი იყო. სცნა ყოველი იგი ყოფილი, გაწყრა კაცსა მას ზედა, შეიპყრა, აიალაფა, მეხრლმეთ მისცა სიკვდილად.

წაიყვანეს მათ სიკვდილად. ევედრა მკვლელთა მათ მოუკლველობისათვის. და სამხრესა შინა ჰქონდა თვალი ძვირფასი; მით იყიდა სისხლი თვისი.

მათ კაცთა ეგრე არქვეს: პატრონი ჩვენი, თვითვე იცი, მოგვია, და თუცა ხმელთა ვლიდე, სამისნოთა სცნობს და შენ წილ ჩვენ დაგვხოცს. აწე ამას გიზამთ: კიდობანსა ჩაგსვამთ და მკვდრის აკლდამათა შთაგდებთო. და ჩადვეს.

ნახა ურიამან სამისნო მისი: ხმელთა ზედა აღარ იყო. დაიჯერა მოკლვა მისი.

მას ჟამსა მპარავნი აღდგეს, რომე აღარ დაუტევეს სახლი, გინა საფლავი დაუთხრელი. მოიწივნეს სადაც იყო საფლავი და კიდობანი იგი, დათხარეს, პოვეს და გამოიღეს. ნახეს მუნ - შიგ კაცი ჯდა და განუტევეს.

წავიდა კაცი იგი, მოვლო მრავალი ქვეყანა და უცნაურად მოვიდა ქალაქსა მას მეფისასა. მეფე მაღალთა დერეფანთა ზედა ჯდა ნადიმად და მგოსანნი იგი იმღერდეს. ერთმან მათგანმან იცნა პატრონი მისი ქვე გავლილი, ატირდა და ჩანგი ხელთაგან განვარდა.

ჰკითხა მეფემან: რა დაგემთხვიაო?

მან მოახსენა ნახული მისი. მონახეს კაცი იგი და პოვეს. აბანეს, შემოსეს, გამოასვენეს. მეორესა კვირასა შეჯდა მეფე, მიუხდა, ურია იგი მოსრა და საბატონო მისი მას მისცა. მას კაცს ესრეთ შეჰზღო.

- ეს არაკი ამისთვის მოგახსენე: ვერც ასეთს გასაცემს იქმს კაცი, რომ სხვას არ ექმნას, და არც კარგსა საქმესა ღმერთი დაუკარგავს. რუქავ, შენგან მიკვირს ეგეთი საუბარი!

გამოხდეს ხანი და ჟამი რაოდენიმე. შეიწყალა ღმერთმან და მისცა მეფესა ძე ესეთი, რომე სინათლითა მზე მოშურნეობდა, ათხუთმეტისა დღისა მთვარე ნათელსა მისგან ითხოვდა, ვარსკვლავნი მისსა კამკამებასა გაეცვიფრებინა, შავნი მერცხლისა მხარნი ბროლთა ზედან განპყრობით დაეშვენებინა, მელნის გუბენი გიშრის ლერწმით შემოესარა, ვარდი და ზამბახი ერთმანერთში აეყვავებინა. სახელად ჯუმბერ უწოდეს.

რა მოიზარდა, გამოიყვანა მეფემან, ვაზირსა თვისსა სედრაქს და საპატრონოთა თვისთა აჩვენა. აიყვანა ვაზირმან, დალოცა და მოახსენა:

- მეფეო, ღმერთმან გიცოცხლოს და ბედნიერმცა არს ძე შენი ესე და კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე. და მიეცეს ამას გულისხმიერობა ვირისა, ერთგულობა ძაღლისა და ძალი ჯინჭვლისა.

ესმა რა ესე რუქა საჭურისსა, აღშფოთდა და უთხრა ვაზირსა:

- რად მიიღე წყევა ძესა ზედა მეფისასა? ვაზირი გონიერი, წყნარი და სიტყვამარჯვე ხამს, ამად რომე ხელმწიფესთან მყოფს ხუთნი საქმენი უნდა სჭირდეს:

ერთი: სიტყვა ტკბილი უნდა ჰქონდეს;

მეორე: გამწყრალი დააწყნაროს, არა თუ მხიარული გააწყროს;

მესამე: პირიდამ ავი სიტყვა არ წაიცთუნოს;

მეოთხე: სიტყვის თქმის ჟამი იცოდეს;

მეხუთე: რაც თქვას, ყოველს კაცს მოაწონოს.

შეხედა სედრაქ და რქვა:

- შენ ყოველსა მართალსა იტყვი, მაგრამ ოდეს მამაკაცსა სამამაკაცო დაეკვეთოს, დიაცის ბუნება მიეცემის. ამით სცან, რომე ულვაშნი და წვერნი მისნი თან აღმოიფხვრას. საჭურისსა სამნი საქმენი მართებან:

პირველად: მხევლებრივ მორცხვობა;

მეორედ: ავთა ენათა შენახვა;

მესამედ: პატრონის ხვაშიადის დაკრძალვა;

თვარემ მე ძე მეფისა არ დამიწყევლია. თუცა გინებს, ადრე სცნობ.

ვირი ერთსა უყესა ტალახსა შიგან გაატარე, რათა დაეფლას. მერმე გზა იგი გაახმე. თუცა შენ ვირი გზასა მას ზედა გაატარო, უგუნურმცა არს.

ძაღლი კაცისა გლახაკისა, მჭლე და დიდად უსუქარი, მიიყვანე და მდიდარსა კაცსა მიაბარე, რათა გაასუქოს. მერმე ორთავე უხმონ. თუცა პირველი, დამამჭლობელი, დაუტეოს და რომელმან გაასუქა, მას გაჰყვეს, ორგულ არს.

ჯინჭველი შეიპყარ და ერთსა ჭიქასა ათორმეტნი დღენი დააყოფინე მშიერსა და მერმე გამოუტევე. თუცა თვისისა ზომისაგან ოთხი წილი მეტი არ აიღოს წაღებად, უსუსურმცა არს და მე სიტყვამცდარიო!

მოასხეს სამნივე და ჰყვეს ეგრეთ და ყოველივე თქმულებრ იყო. იხარებდა მეფე დიდად ვაზირისა სიტყვასა და ძისა მისისა სიკეთესა ზედა.

ღამესა ერთსა ეჩვენა მეფესა ჭაბუკი ვინმე შვენიერი, მსგავსი ლომისა, მხნე, ახოვანი, პირმწყაზარი, ტანსარო. ახლად სუმბული ამოსვლოდა და მცირედ ქუფრი მოჰხვეოდა საყვარლად სახილველი.

უთხრა მეფესა: ღმერთმან გიდღეგრძელოს ძე ეგე შენი და თუცა მე არა მომაბარებ, ნება შენდა, ვერვინ გასწვართოს; თუ მეძებო, მპოვო, თუ არა, შენვე ინანდეო.

სახე თვისი, ეტრატსა ზედა გამოწერილი, ხელთა მისცა და უთხრა: მეძებე, თავმან შენმანო და თვით წავიდა.

გაეღვიძა მეფესა და ნახა, ხელთა ეტრატი ჰქონდა, სხვა არავინ იყო მისთანა. რა იგი ჭაბუკი ვეღარა ნახა, ეგრე დაჭმუნდა, ვითა ძე იგი მოკდომოდა და დიდი ურვა შეექმნა.

შევიდა სედრაქ, ნახა მეფე საგებელსა ზედა მწოლი და დიდად დაღრეჯილი. მოახსენა:

- მეფეო, მრავალნი ჟამნი არიან მე ჩრდილთა ქვეშე თქვენთა ვიმყოფები, ესრეთ შეჭირვებული არ მინახავხარ, სნეულება ღმერთმან მიგრიდოს.

უბრძანა მეფემან: არა სნეული ვარ. სიზმარი მეზმანა და მით დამიღრეჯიაო.

ჯერეთ ვაზირმან ზმანება არა ჰკითხა და მოახსენა არაკი:

ხარბი გლახაკი (გლახაკის სიზმარი)

გლახაკი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა.ეზმანა მას:სამეოცი ცხოვარი ჰყვა და ენება განსყიდვა. მოვიდა კაცი ერთი და მოსცა თითოსათვის ხუთ-ხუთი კირმანეული. ცხოვარისა პატრონმან ექვს-ექვსი სთხოვა. შეცილებასა ზედა გაეღვიძა კაცსა მას და სინანული იწყო. თვალნი ეგრეთვე დაიხუჭნა და ხელი მიუღო ვაჭარსა: - ოროლი კირმანეული მომეც, მოგცემო! ანუ ვინღა მისცემდა ვეცხლსა, ანუ ვისღა მიჰყიდდა?

- ესრეთ არს ყოველივე ზმანება, მეფეო!სად შეიჭირვე ეშმაურსა საქმესა ზედაო? უბრძანა მეფემან: - არა ეგრეთ არს სიზმარი ჩემი.

უთხრა ყოველივე და ეტრატი ხელთა მისცა.

გაუკვირდა ვაზირსა სიკეთე სახისა მისისა და ეგრე მოახსენა:

- თუცა თვით არ მოვიდეს კაცი იგი, პოვნა მისი საჭირო არს, ამად რომე თემი მისი არა ვიცით, სახელი მისი არა უთქვამს. რით უნდა ვპოვოთ? ქარი ხელითა არ დაიჭირვის, და თვალს ზარმაცი ვერ მიეწევის. რაც ბედი აქვს კაცსა ღვთისაგან, ის დაემართების.

თქვა ვაზირმან არაკი:

ძუნწი ვაჭარი

ერთი დიდვაჭარი იყო. ეგზომი განძი შეყარა, სალაროთა რიცხვი არ იცოდა. სიბერემდე არა სვა, არა ჭამა, არცა რა შეიმოსა. მერმე თქვა: ეგოდენი შემიკრებიან, აწ დავჯდები, ვილხენ, ვიხარებ, ხარჯვას დაუწყებო!

მოვიდა ერთსა სალაროსა, დაკლეტილი ვერ გააღო; მეორესა და მესამესა - და ყოველივე ნახა და ვერა რომელი გააღო.

გაწყრა და გინება დაიწყო.

სალაროდამე ხმა გამოვიდა: რომელი აღებ კარსა, რა საქმე გიცსო?

მან მდიდარმან სახელი თვისი უთხრა: ჩემია, დახარჯვა მნებავსო.

მუნით ესრე ესმა: თუცა შენი იყო, დღეისამდე არცა შენ იხმარე და არცა ცოლსა და შვილსა ახმარე. ესე ყოველივე ხურო ნაზარისა არისო.

იწყინა მან კაცმან და ეგრე თქვა: „ესეთსა საქმესა ვიქმ, ჩემთვისა და მისთვის სწორად დავკარგო“.

აიღო ვალი, მოაღებინა მრავალი ძელი, გამოახვრეტინა, ყოველი საუნჯე შიგ ჩაყარა და პირი გარდაუჭედა და შადის მდინარესა ჩაყარა. იგი ხურო თურე ბაღდადელი იყო, შადი სადაც ჩადის.

დილას განთიად ხურო იგი მდინარის კიდესა განვიდა: ნუთუ ტივი მოაქვნდეს ვისმეო: - ნახა, უმარავი ძელი მდინარესა მოაქვს უკაცურად. მისცა ფასი მცურავთა, შეგზავნა და გამოაზიდვინა. ყველა კარსა ზედა ხუროსასა დაახორავეს.

კაცი იგი ნამდიდრევი შეუდგა კვალსა ძელისასა: ვისი ბედი იყოს, ვიცნაო.

მოვიდა, ნახა კარსა ზედა ხუროსასა. ჰკითხა: ვინ ხარო?

მან უთხრა: მე ნაზარი ხურო ვარო.

უთხრა ხუროს: აიღე ერთი ძელი და შინა სახლსა შეიღეო.

რა შეიღეს, უთხრა: ეჩო ჰკარ ხესა ამას, რა ძესო!

რა ძელსა შეხეთქა, თვალი პატიოსანი და მარგალიტი გამოსცვივდა.

შესწრაფა ხუროსა და მან კაცმან ეგრე უთხრა: ესე რომელსა ჰხედავ, ყოველივე ძელი ესრეთ არს, ღმერთმან მე წამართო და შენ მოგცაო.

რქვა ხურომან: ღმერთმან შენვე მოგცეს, ეგრევ წარიღეო. ნამდიდრევმან არ ინება არც ნახევარი და არც ნაოთხალი. ერთი და ორი ეუბნა, და არც ერთი ფული არ წამოიღო.

მერმე ხურომ უთხრა: ორიოდ-სამი პურიც არის, წაიღეო!

ნება დართო. შევიდა, ცოლს უთხრა:

- სამი დიდი პური გამოაცხევ და შიგ კარგი და პატიოსანი თვლები ჩადევ. ეგება იმ კაცმან წაიღოს, ცოლ-შვილი მშიერი არ დაეხოცოს.

ადრე უსმინა ცოლმან, პურნი არდაგსა გაუხვივნა, მოსცა და წარიღო კაცმან მან და წავიდა.

მიმავალმან ნახა, უდაბნოსა ხარგა ერთი დგა თხისა ბალნისა. მივიდა, გლახაკი არაბთაგანი იყო. ცოლი ყრმასა ზედა დასწოლოდა. სხვა მეზობლები აგარაკთა ადგილთა წარსრულიყვნეს და იგი ვერ გაყოლოდა. არა რა აქვნდათ, არცა ქვეშსაგებელი, არცა ყრმისა შესახვეველი.

მან კაცმან სიგლახაკისათვის შეიწყალნა და პურნი იგი მისცნა და უთხრა: წარვედ ბაღდადად ხურო ნაზარისასა, ეს უძღვენ, იგი კაცი ღვთის მოშიში არის და აკვანსა და სახვეველს მოგცემსო.

ნამდიდრევი იგი წარვიდა, და არაბმან პურნი ხუროსავე მიუტანა. მან ყოველივე სათხოვარი მისცა და მოვიდა ხურო ცოლთან და მოართვნა პურნი იგი.

უთხრა ცოლსა არაკი:

ცხრილიანი კაცი

კაცი ერთი მდინარისა კიდესა ჯდა და ცხრილი ხელთა ჰქონდა. ჩაჰყვის ცხრილი წყალთა და რა აივსის, თქვის: ვისაც ღმერთი მისცემს, ესრეთ მისცემსო. ამოიღის ცხრილი, და რა წყალი გაედინის, თქვის: ვისაც წაართმევს, ესრეთ წაართმევსო.

- ღმერთმან ბედი კარზედ გვისვიანაო.

- მეფეო, თუცა ღმერთსა კაცი იგი შენთვის უნდა, კართავე შენთა მოიყვანს, თვარემ პოვნა ძნელი არის.

თქვა რუქამ: „წვიმა არ არის და თოვლი, კართა ჩვენთა მოვიდეს. თუცა ჩვენ არა ვიცით ადგილი მისი, მან რა იცის თემი ჩვენი? კაცი გავგზავნოთ, პოვნას ვეცადნეთ. რომელსა კაცსა ჩასდებია საჭმელი უხელოდ, რომელსა შეჰმოსია სამოსელი გაურჯელად?“

თქვა რუქამ არაკი:

უგუნური მცურავი

მცურავი ერთი მიჰქონდა წყალსა. თქვა: ღმერთო, მიშველეო!

მეორე ამხანაგმა უთხრა: ხელი გაიქნიე, გახვალ და ნაშველები იქმნებიო.

- მოვნახოთ და ვპოოთ.

ვაზირმან უთხრა საჭურისსა:

- დია კეთილგონიერი ხარ. თუცა უღთოთ ცდით საქმე იქმნება, რად არ ეცდები სამამაკაცოთ ასოთა გამობმასა, ცოლთან და შვილთან სიხარულსა და შვებასა?

თქვა ვაზირმან არაკი:

უბედური დიდვაჭარი

იყო დიდვაჭარი ერთი, რომელი ღმერთსა არა ესვიდა. გასცა ყოველი თვისი მონაგები და პური იყიდა: მომავალსა წელსა უკეთუ დამცირდეს, ერთსა სამ-ოთხად გავყიდიო.

მომავალსა წელსა უმრავლესი მოვიდა. კვალად იყიდა იაფად, გონებდა, სხვას წელს გავყიდი უკეთაო. ყოველთა წელთა უმრავლესი და უმრავლესი მოვიდა. და დაულპა ყოველი პური მისი და განქარდა ყოველი მონაგები მისი. აღარა დარჩა რა.

გამოუღო ცოლსა თვისსა სამკაული, რაცა აქვნდა, და წარვიდა საფრანგეთს, განყიდა, ივაჭრა, ეგოდენი ქონება შეყარა, რიცხვი არ ეგებოდა. შინ აღარ მიიქცა სიხარბით. ჩაჯდა ხომალდსა, გონებდა უფროსსა სარგებელსა. აუღელდა ზღვა, დაემსხვრა ნავი და ქონება დაენთქა. თვითონ ერთს ფიცარზედ შერჩა და ღადომ ნაპირს გააგდო.

დიდად შეწუხებული ერთს ქალაქში მივიდა, პოვა პატრონი მის ადგილისა და ესე ყოველი გარდასავალი თვისი უამბო.

მან მეპატრონემან ესრე უთხრა: რადგან მდიდარი ესრეთ დავარდნილხარ, აქ იყავ ერთსა წელსა; მამულისა ჩემისა მოურაობას მოგცემო და მეტი ქონებისა შენისა შეიკრიბეო.

დადგა მოურავად. პირველადვე პური და ბრინჯი მოიპარა, არამც ცოტა მერგოსო. გასრულებასა წლისასა მრავალი ქონება ხვდა. თქვა: „ავად მიქნია“. თავის ბეღლიდამ ამოღება იწყო და პატრონისა ბეღელსა ჩაყრა, რომელი ნაპარევი ჰქონდა.

ნახეს კაცთა კაცი იგი ღამე პატრონის ბეღელსა მავალი, პარვა ეგონათ. აუწყეს პატრონსა. გაწყრა, გამოუღო ყოველივე მონაგები და განაძო.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — სულხან-საბა ორბელიანი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.