prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

სიბრძნე სიცრუისა — ნაწილი 11

სულხან-საბა ორბელიანი · პროზა

მან მითხრა: ძმაო, რა კაცი დაბერდება, ჭკუა დაუსუსტდება, კაცსა აწყენს. ეს ავი თემია. არავინ დაუთმობს, მე მას არ დავუთმობ. მას შუღლი მოსდევს და შუღლს კაცის კვლა. აწ ნებიერ არის, კართ ვერ გავა და, რაც იამებოდეს, იგი ქმნასო.

მუნით შემიყვანა, ერთი მშვენიერი სახლი იყო, დამსვა. უხმო, ერთი მწყაზარი ქალი გამოვიდა. მისთანა არა მინახავს რა. დია ლამაზი იყო და ტანადაც საროს ჰგვანდა. მრავალი თვალისა და მარგალიტის სამკაული აქვნდა. თავზე ერთი ოქროს წვლილი მავთულით მობმული, მრგვალი რაღაცა ება, თვალ-მარგალიტით შემკული, და ადგილზე მიათრევდა.

იგი არა ვკითხე. შევიგენ, მისი რამ იყო.

მან მითხრა: ეს ჩემი ცოლიაო და იგი კაცის თავი მისთრევსო.

მე ვჰკითხე: რად მისთრევს-მეთქი?

მან მითხრა: ერთს დღეს ამის უცნაურად შემოველ, მას კაცსა ეხვეოდა, და ეგრე უთხრა: ნეტამც შენს თავს არავინ გამყსო. მე ესე სასიკვდილოდ ვერ გავიმეტე, სიტურფეს ჰხედავ და გუნება უკეთესი აქვს, და ცოდნა და რიგი იმისებრი არ ეგების, და ამას დავუთმე. მას კაცსა თავი მოვსჭერ, ოქროთი შევამკევ და ზედ მოვაბი, ნატვრა არ გავუქარვე. ღმერთმან ნუ გაჰყაროს! მის სიცოცხლეში ზედ ებას და იყოსო.

მერმე ეგრე მითხრა: ამაზე ნუ გამკიცხავ, რომ ჩემი აუგი გითხარ. თუცა არ მეთქვა, უცხო კაცი, უცხო თემს, უცხოს ამბავს ვეღარ იტყოდიო.

ხუთასი ფლური მომცა, კაცი გამომატანა, ზღვაში ნავს ჩამსვა და გამომისტუმრა და წამოველ.

მიველ ქვეყანასა, რომელსა ჰქვიან დია კეთილი და კარგი თემი, მარა მას თემსა სიმართლე და მართალი სიტყვა არ ითქმის. ყველანი, დიდნი და მცირენი, მტყუარნი არიან.

მეფესთან მიმიყვანეს. მუნ ვიყავ, მართალს ვერავინ იტყოდა, დიდი სირცხვილი იყო.

მეფემან ნადიმი დაგვიდვა და დაიწყეს ნადირობის ამბის თქმა.

თქვა ერთმან დიდებულმან:

შავარდენი და წერო

წეროს შავარდენი მოვუტივე. შეიპყრა და ქვე ჩამოიღო. მიველ, ვნახე: შავარდენს თავი აღარ ება. ვთქვი: ნუთუ წერომ მოსწყვიტა-მეთქი! ვძებნე და ვერ ვპოვე.

რა შავარდნის ქუდი ვნახე, შიგ იდვა. თურე მოტევებაში ქუდის საფხუწი ვერ მოვუფონე და ძლიერ გამექნივა; გაგდებაში თავი მომეწყვიტნა. შავარდნის სიკეთემ ეგოდენი მისტანა, უთავომ წერო შეიპყრა და მერმე მოკვდა.

თქვა სხვამან:

ბრმა ავაზი

ავაზი მყვა, მამისაგან დანარჩომი, რომე ნადირი ვერ გარდეხვეწის. სენიანობით თვალები დაუბრმავდა. დავღონდი და ვეღარა ვუწამლე რა. მიმძიმდა მისი წახდენა. მისთანა აღარ იშოებოდა.

ერთმან კაცმან მითხრა:

- მაგას თავსა ზედა კატა დააკარ და ნადირს ადევნე; კატა ნახავს და ავაზა შეიპყრობს.

ეგრე ვქმენ და ვეღარას ღონით ნადირი ვეღარ გარდაეხვეწა.

თქვა სხვამან:

ბზიკის მწვრთნელი

მე ბზიკს ასრე გავწვრთნი, ჰაერიდამ მფრინავი წერო და ვარხვი ჩამოიღოს.

პირველ მოუწონეს. მერმე ჰკითხეს: ვითაო?

მან თქვა:

- ლერწამში ჩავსხამ, რა დაიმართება, რა წეროს კავკავი მოვა, ამოვუტევებ, ჰაერში ავლენ ორნივ, ერთი ერთს თვალში უცემს, მეორე - მეორეში. თვალნი დაუბრმდებიან და ჩამოცვივიან.

იწყინა ვაზირმან და მეფესა ჰკადრა: რა შენი საკადრისია, ასეთსა სიტყვასა მოგახსენებს! ეგება ეს კი იქმნას და მართალი იყოს: ის ბორა ბუზი რომ არის, იმან ამ რიგად ქმნას, რომ შეაწუხოს მეკალოვე ხარივითა და ძირს ჩამოიღოს.

თავმან შენმან, ამისთანა კაცი შენ წინ არ უნდა მოიყვანო!

მათრახიანი ხოხობი

ნადირობას ვიყავ. მამალი ხოხობი გაფრინდა. ქორი მოვუტიე. მერმე დედალი გაფრინდა. აღარ მაქვნდა რა. მათრახი შევსტყორცნე.მათრახის ბილდირგა ხოხობს ყელს გადაეცვა და წავიდა.

მეორეს წელს შემოვიარე. მას ხოხობს ღლაპნი დაეფრინნეს და ყველას ყელზე წვრილნი მათრახნი ეკიდნეს.

თქვა აქიმმან:

თავტაფიანნი

მე ნადირობისა არა ვიცი რა და ეს ვიცი: მე სომხითის მეფისა აქიმი ვიყავ. მასთან ვჯე. ერთი შემცოდე კაცი მოიყვანეს. მეფემ მისის თავის წარკვეთა ბრძანა. მე მცირედი დავაყოვნე, მუნვე წამალი შევაგებე. რა თავი მოჰკვეთეს მას კაცს, იგი წამალი ყიას ჩავასხი და ტაფა ყელზე დავაკარ.

აღარ მოკვდა კაცი იგი და თავის ნაცვლად ტაფა ება. სიკვდილს უკან სამი-ოთხი შვილი ეყოლა და თავი არც ერთს არ ება და წვრილი ტაფები ებნეს თავთა ნაცვლად.

თქვა ვაზირმან:

ბნელეთისა პირსა მსახლობელი კაცი

მე ვიყავ ბნელეთისა პირსა მსახლობელი კაცი. გლახაკი და უპოვარი ვიყავ. ერთი ცოლი მყვა და ერთი სახლი მედგა.

გავედ მინდვრად მარტო და ვლიდი ცუდად. ვნახე, ერთსა მგელსა პირთა ყრმა სჩრია და მოაქვს. შევუზახე. ყრმა დააგდო და გაიქცა.

ავიყვანე ყრმა და ვჰკითხე: ვისი ხარ-მეთქი?

მან მრქვა: ქაჯის შვილი, მგელმა მომიტაცა. აწ რადგან მომარჩინე, დამმალე, მამაჩემი მოვა ძებნად, ჩემს წონას თვალსა და მარგალიტს მოგცემს, ნუ მიმცემ, ვირემ თავისი მარნის კლიტე არ მოგცეს. იგი შენ გეყოფისო.

ჩავსვი ჯირკსა შიგან და წამოსასხამი ჩემი მივაფარე. მოვიდა ქაჯი და მითხრა:

- მგელმან შვილი მომტაცა: თუ იცი და მასწავლი, ეგოდენს ოქროს მოგცემ, დასასრულამდე გეყოს.

მე ბევრი მიზეზი დავიდევ: ვიდრე მარნის კლიტეს არ მომცემ, არა იქნება-მეთქი.

მარნის კლიტე დია დამძიმებით მომცა და შვილს აბრალა, თვარა შენ რა იცოდიო და კლდე დამანახვა: მას კლდეს მიაყრდენ და კარი გაეღებაო! და წავიდა.

მიველ მას კლდესთან, კარი გავაღე. შეველ, არა იყო რა. ერთი ვირი ება. მეწყინა და ასე ვთქვი: ქაჯი იყო და მაცდინა, თვარა მრავალს მაძლევდა, ამის კლიტეს რას ვაქნევდი-მეთქი.

გამწყრალმან ვირს არგანი ვკარ. ვირმან უკანით ხაზინა გახსნა. სულ ვეცხლი და ოქრო გაყარა. რა ეს ვნახე, დიდად მიამა და შინ მოვიყვანე. ცოლს ვახარე. შევიყვანე სახლში, დავაბი. ქვეშ ვარცლი შევუდგით ხოლმე, ვცემდით და ვეცხლი და ოქრო გამოგვიყარის.

გამოხდა ხანი. გაავმპარტავნდი. აბანოში წაველ. მას ვირზე შეჯდომა მოვინებე. ცოლმა დამიშალა: მაგ ვირს ნუ წაიყვანო!

არ დავუჯერე. შევჯე, წაველ, ვირი აბანოს კარზე დავაბი და მე შინ შეველ. თურე მეაბანოვე სხვაგან იყო, მოვიდა, აბანოს კარზე ვირი ნახა, არგანი ჰკრა და აგინა. ვირმან თავისი ხაზინა გახსნა.

მეაბანოემ ნახა, იამა, მოიპარა და სხვა მისი მსგავსი ვირი დამიბა.

გავათავე აბანო, გამოველ, შევჯე, წაველ. რამდენი ვსცემე, ჩონჩორიკის მეტი აღარა გაყარა რა.

დამიწყო ცოლმან ბრალება და საყვედური. წაველ კიდევ მარნისაკენ, მეგულებოდა რამე. მიველ, შეველ, ერთი ხელსაფქვავი იდვა. სხვა ვერა ვნახე რა. წამოვიღე დაღონებულმან, მომეხმარება-მეთქი.

მოველ. თუ წაღმართ მოვაბრუნი, სრულ სასმელ-საჭმელი, რაც მინდის, ყოვლის ნივთისა გამოყარის. აწ მით დავიწყე რჩომა.

კიდევ გაავმპარტავნდი და მეფის წვევა მოვინდომე.

ცოლმა დამიშალა: ნუ იწვევო! არ დავიშალე, ვიწვივე. რა ფიცი მინდა, კარგა დავხვდი. შემიტყეს და ხელსაფქვავი წამიღეს. დავრჩი დაღონებული.

წაველ მარნისაკენ, ჩემი ღონე იქივ მწევდა. შეველ, ერთი გოგრა ეკიდა. სხვა აღარა იყო რა მის მეტი. წამოვიღე და წამოველ.

მაშვრალი, მოწყენილი გზაზე დავჯე და გულისთქმა მომივიდა და თავს ვაბრალე: რად ვქმენ, მე აბანოს რას ვაქნევდი, ან მეფის წვეულობასა? ამისთანა ვირი და ამისთანა საფქველი დავკარგე. ნეტამც ოთხი კაცი ხელარგნოსანი მომაყენა და ეგოდენი მირტყა, რომ სულად მიმწურა.

გოგრიდამ ოთხი კაცი ამოძვრა, ეგოდენი მირტყეს, სულად მიმაგდეს. რა მოვისვენე, მიამა.

წამოვიღე გოგრა, მოველ ქალაქის პირსა. ვთქვი: ნეტამც თორმეტი ათასი კაცი ამოვიდეს, მეფეს ვირიცა და საფქველიც წამირთონ და მომიტანონ-მეთქი!

ამოძვრნენ ამდენი კაცი გოგრიდამ, ჩაესივნენ ქალაქს, ვირიც და საფქველიც წაართვეს და მომიტანეს.

ცოლმან მითხრა: სხვა თემს წავიდეთ, ჩვენი ყოფნა აქ აღარ იქნებაო!

წამოვედით, ზღვაში ჩავსხედით. აღელდა ზღვა, ხომალდი დაამტვრია. ყველა დაინთქა. მე მარტო ფიცარს შევრჩი, ღადომ გამომაგდო კიდურსა. მოველ აქა და ამ დიდებას მივხვდი.

თქვა მეფემან:

აბდულ-აზიმ დავრიში

მამის მამა ჩემი, აბდულ-აზიმ, დავრიში იყო და ვლიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. ესეთისა ტილისმისა ხელოვნობა ჰქონდა, რომე მას საქმე ვერ გადურჩებოდა. მრავალს უცხოსა და საკვირველს საქმესაც იქმოდა. თურე სადაც მიწათა, ანუ კლდეთა საუნჯე შეამცნივის, ამოუღებელი არ გაუშვის და რაც ზედ ძნელი ტილისმა ნახის, მოშალის და განძი გლახაკთ განუყვის.

დღესა ერთსა ნახა ერთს ქვაბის კარს ტილისმათა ნიშანი და დაუწყო მას ჩხრეკა.

მას გზაზე მრავალი უცხო ტილისმა ნახა შექმნილი. ნახა პირველად ხრმალი, რომელი იქცეოდა, და მოშალა.

შევლო, ნახა წყალი, მდუღარე მომდინარე, რომ გასვლა არ ეგებოდა, და გაახმო. მასთან - მაიმუნი სპილენძისა, მებრძოლი სასტიკად, და იგიცა მოშალა.

შევლო, ნახა ტბა ვეცხლისა წყლისა. ეს კლდის ბილიკი ვერას ტილისმას, ვერას მხარს ვერ გადაუვლის, ზედ მიადგება. ვეცხლის წყლის მოშლა დიდად ძნელია და იგიცა განვლო.

ნახა ცოტა სახლი, მას შიგან ზარდახშა დაბეჭდილი, აიღო, გამოიღო. ნახა ერთი ბალნით და ჩალით დაწნული ქუდი, ერთი დაბალი მაშია და ერთი სასანთლე იდვა.

გაუკვირდა და თქვა: ეს რა უნდა იყოს? ამას რაერთი ფასი აცნ, რომ ერთი უცხო და მძიმე ტილისმანი დაუცან ამისთვისო?

მუნით წამოვიდა, მოვიდა ქალაქსა ერთსა. ქუდი თავს ერქვა. ვისაც ეტყოდის რასმე, იგინი არას მიუგებდენ და უკვირდა დიდად. რა იგი ქუდი მოიხადის, ყოველმან კაცმან ხმა გასცის. თურე ვირემ თავს ერქვა, ვერა თვალი ვერ დაინახევდა. ეს იყო ქუდისა მისისა საქმე.

თქვა პაპამან ჩემმან:

- ქუდი შევიგენ რა არის და აწ ამათი რა ვყო?

შევიდა სახლად და ამოიღო სასანთლე და აანთო. და რა სანთელი დაანთო, ერთი დიდი, შავი და მაღალი ჭაბუკი წამოდგა და ხელს აკოცა და დადგა.

ჰკითხა პაპამან ჩემმან: ვინ ხარო?

მან მოახსენა: მე მონა მაგ სანთლისა ვარ. ვისცა ეგ აქვს, მას ვმსახურებო.

პაპამან ჩემმან უბრძანა:

- რა სამსახური ძალგიც?

მან მოახსენა:

- ასეთს კაცი ვერას მომიდებს, რა გინდ ძნელი საქნარი იყოს, არა ვქმნა.

პაპამან ჩემმან ბევრი რამ შეუკვეთა და რაც უთხრა მოსატანი, მოუტანა, საქმნელი უქმნა.

მერმე უბრძანა: ინდოეთს მინდა წასვლა და მალ მიმიყვანეო!

მან კაცმან მოახსენა:

- მე ამ სანთლის მსახური ვარ და ესეები შემიძლია, და სხვა უდიდესი საქმე და ეგ თემზე ტარება მაგ მაშიის წესია. ჩაიცვი, ფერხი ქვეყანასა ჰკარ და სადაც გინდა, წუთზედ მიხვალ.

ქუდი თავს დაირქვა, სასანთლე უბეს ჩაიდვა, მაშია ჩაიცვა, ფერხი მიწას ჰკრა: ინდოეთს მივიდეო, და წუთსავ მუნ მივიდა მეგობრის კარზე.

მაშინ რა მაშიის, სანთლისა და ქუდის საქმე სამივ სცნა, მოვლო ყოველი ქვეყანა.

ამ თემს დიდი მძლავრი მეფე ჯდა, მოუსივა სასანთლის მონა, იგი მეფე მოკლა და თვით დაემკვიდრა.

- აქა მათმან ტყუვილმან გამაკვირვა. მრავალი სხვა ასეთი ტყუვილი ითქვა, ვერც დავისწავლე და არც მეფეთ წინაშე იკადრება.

მისანი ყვავი

წამოველ მუნით და მოველ თემსა ევლათისასა. ვერას ღონით პური საჭმელად ვერ ვიშოვნე. ძუნწნი, უღთონი და ავნი კაცნი იყვნენ. ორი დღე მშიერი ვიარე. მერმე ეს ღონე მოვიგონე: ყვავს ჯოხი შევსტყორცე, მხარი მოვტეხე და უბეს ჩავისვი. ვაჩხავლებდი. მით მისნობა დავიწყე.

მოვადეგ ერთსა სახლსა. მარტო დიაცი იყო. კარი არ გამიღო, სახლად არ შემიყვანა. ღამე მესწრა. ღონე არ მქონდა, კარზედ მივეყრდნენ.

დიაცმან ცეცხლიდამ ფუნთუშის პურები ამოიღო, კიდობანში ჩადვა. ცოტა ხანი გამოვიდა. მის სოფლის მამასახლისი მოვიდა, დოქით ღვინო და ერთი ნამზადი ბატი მოიტანა. ღვინო და ბატი სარკმელში შედვა. დასხდეს, მცირე იალერსეს. კარზე ერთი ცხენოსანი კაცი მოადგა. რა ცხენის ხმა ესმათ, მამასახლისი, გოდორი იდგა, მას ქვეშ შესვა. დიაცი მიწვა. მე ყოველივე ვნახე. ეს კაცი თურე მის დიაცის ქმარი იყო, საქმარზე წასულიყო და არ მოელოდენ.

მოვიდა, მე მკითხა: ვინ ხარო?

მოვახსენე: ღვთის სტუმარი ვარ-მეთქი და სახლში არავინ შემიშვა-მეთქი. კაცმან უყივლა. დიაცმან ხმა გვიან გასცა, ვითამ მძინარობა შეიფერა. ცეცხლი აანთო, შემიყვანა. ორნივ მშიერნი ვართ. ცოლს საჭმელი სთხოვა. ცოლმან ზუზვით ორი მჭადი მოიღო და მოსცა: საჭმელი ვინ მომცა, შუაღამეაო!

მე ყვავი უბეში მიჯდა, მკლავი მოვუჭირე და დავაჩხავლე.

მან კაცმან მკითხა: რა არისო?

მე ვუთხარ: მისანი ყვავია და ყველას სცნობს, ამისი ენა კარგა ვიცი-მეთქი.

იამა მას კაცსა და წლის მოსავლისა მკითხა. ყველა კარგი ვუთხარი.

მერმე დავაჩხავლე და მკითხა: რა თქვაო?

ვუთხარ: ეს თქვა-მეთქი: მჭადს რად სჭამთ, კიდობანში ორი თეთრი ფუნთუში ძევს და ისა სჭამეთო.

მერმე დავაჩხავლე და ბატისა ვუთხარ და იგიც ამოვაღებინე. კიდევ დავაჩხავლე და ღვინოც მოვაღებინე.

კაცმან ცოლი დატუქსა: თუ ეს გქონდა, რად არ მოგვართვიო?

მან თავის გამართლება დაიწყო: სამშობლოს მივიდოდი, ნუზლად მინდოდაო.

რა გავძეღ, მეტი აღარ მინდოდა, ყვავი კიდევ დავაჩხავლე.

მასპინძელმა მითხრა: რა თქვაო?

მე ვუთხარ: ეს თქვა-მეთქი: თქვენ რომ სმად სხედხართ და მშიერი მამასახლისი გოდორ ქვეშ ზის, უკაცრაოდ რატომ დარჩებით, მასცა ლხინი აჩვენეთო.

მამასახლისსა რა ესმა, გოდორი თავს გარდაივლო, კარში გამოვარდა, კაცი თან გამოჰყვა, მე ჩემს გზას მივმართე.

ცოცხლად დამარხული და უსახოდ დიდი ადამიანები

მოველ ქვეყანასა ერთსა. უცხო და უცხო რიგი და საკვირველი წესი ჰქონდათ. შეველ ქალაქად. მშიერი ვიყავ. ხუთი ბისტის ხორცი მინდოდა მეყიდნა.

მათ კაცთა ასე მიპასუხეს: შენ უცხო თემის კაცსა ჰგავხარ, თვარა მაგდენი ხორცი მიმინოს ვერ კმა ეყოფისო.

ერთი მათი უხუცესი კაცი იყო, ოქროს სელზე ჯდა, მასთან მიმიყვანეს და ეს სყიდვა აცნობეს. მან ჩემი სადაურობა მკითხა. მე ცოტა რამ ვუამბე და უცხო ვარ-მეთქი.

მან მითხრა: კარგს ვისმე გამსგავსე. მე ძე არ მყავს, უმკვიდრო ვარ, ერთი ასული მივის, იგი შეირთევ და ჩემი მონაგები და მამული შენ დაიმკვიდრეო.

მე დავჯერდი. ვნახე ქალი მისი, მეტად შვენიერი იყო. შემრთო, ქორწილი მიყო. თვით შინ დაჯდა და მე მას ოქროს სელზე დამსვა. ხორცის სყიდვის საქმე მე მაურვებინა.

რა ათი დღე გამოვიდა, ქალი დასნეულდა და ოთხს დღეში მოკვდა.

მომკაზმეს უცხოდ, რაც უკეთესი ჰქონდათ. შემმოსეს პატიოსნითა თვალითა და მარგალიტითა. ძვირფასები ჩამაცვეს მეცა და მას მკვდარს ქალსაცა.

მე ვუთხარ: რასა იქმთ? უნდა ვსტიროდე, თავი დავაკლა და თქვენ მკაზმავთ-მეთქი.

მე რა ვიცოდი, რას მიპირობდენ?

მათ მითხრეს: ჩვენი წესი ეს არის და ასრე უნდა ვყოთო.

მოიღეს ქოსი, ტაბლაკი, დაფი და დაფდაფი, ნაფირი. ჰკრეს და ლხინით მკვდარიც წაიღეს, მეც წამიტანეს.

მაღლა გორაზე ერთი დიდი ციხე იყო, იქ ავიდენ. ციხეში ერთი დიდი ღრმა აკლდამა იყო, მართ ორი უტევანი განი ჰქონდა.

მკვდარი ჩაიტანეს, მეც ჩამსვეს, შვიდის დღის ნუზლი ჩამატანეს. კიბე აგრევ აიტანეს და დავრჩი მუნ მარტოკა.

ავდეგ, მივიარ-მოვიარე, ვნახე, ის აკლდამა სრულ მის ქალაქის სასაფლაო იყო და, რაც ქვეყანას კარგი და პატიოსანი იარაღი, ან სამკაული იყო, იქ ეყარა. ქალისათვის საქალო იარაღი ჩაეტანებინათ და ვაჟისათვის - სავაჟო. დიდად გამიკვირდა.

ოთხი დღე დავყავ. ქოსისა და ნაფირის ხმა მომესმა. მოვიდნენ. თურე ერთი დიდებული კაცი მომკვდარიყო. ახალ ნაქორწილევი ცოლი თან მოსდევდა.

მკვდარიცა და მისი ცოლიც მუნ ჩემთან ჩამოსვეს. შვიდის დღის ნუზლი მას ჩამოატანეს. ქალი შეჭირვებული იყო, თვარა დია უზომოდ კეკლუცი იყო.

სიმწყაზრემან მისმან გამაკვირვა. კიბე აიღეს და იგინი აგრევ წავიდნენ.

ვჰკითხე მას ქალსა: ეს რა არის, რასათვის ასრე გვიყვეს-მეთქი?

მე ჩემი ამბავი ვუთხარ.

მან ქალმან მიპასუხა:

- ამ თემს ასრე წესობს. თუ ცოლი მოკვდება, ქმარი უნდა თან ჩაჰყვეს, და თუ ქმარი ამას - ცოლი. შვიდის დღის ნუზლს მისცემენ და მერე უნდა ზედ დააკვდესო. მას უკან აღარ უნდა იცოცხლოს, ვეღარც დღე ნათელი ნახოს.

მე დიდად დამიმძიმდა და გულითა ვეტყოდი:

- ვაიმე, ჩემი ჟამი უსახელოდ მივლია, მე ცოლს რას ვაქნევდი, ანუ დიდებასა, თუ ასრე ადრე დამშხამდებოდა!

ბევრი ვიზრუნე, მაგრამ ღონის მოშვება არას მარგებდა. მას ქალს სხვა რიგი საუბარი დავუწყე.

ამას ვეტყოდი: ვინც მოკვდა, რა სარგებელია? ჰხედავ, რამდენი მკვდარი ძევს, სულობით წამხდარი? მე და შენ ღმერთს შესაყრელად ვუნდოდით და აწ გულის ნებას ვეწიოთ-მეთქი.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — სულხან-საბა ორბელიანი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.