შემომიდგა სნეულება. ცოლი, ასული და რვანი ძენი მორჩილნი დამიხოცნა და იგი ურჩი და წყეული ძე დამრჩა. შვილი იყო, არ მოიკვლოდა ჩემგან. სალარო ჩემი მისცა სხვათა, მოიმხრო და გამომაძო. მუნ ვეღარ დავდეგ. მოველ აქა. აწ თუ უნაღვლო ვიყო, შენ გასინჯე!
თქვა მეათემან ავპირად :
- თუ მეფე ხარ, რასათვის დაგიტევებია მეფობა და ცუდად რბი? თუცა სირცხვილი იცი, რად არ იმყოფინებ ესოდენსა აუგსა და აუგიანსა სიტყვასა? რა სამეფო სასმენელნი არიან?! წარვედ, მე არას გეტყვი ამბავსა ჩემსა, ვირემ ცოცხალ ვარ და ვერცა ვინ მათქმევინოს. გიჯობს, სამეფო შენი განაგო!
ერთმან უთხრა: მეფობას იჩემებ და რად დაგიტევებია სამეფოო?
მეფემ უთხრა: უნაღვლოს კაცს ვეძებო.
მეორემან უთხრა:
- თუცა მეფე ხარ, რად ესრეთ უმეცარ ხარ, უნაღვლო კაცი დედისაგან არ იშობების!
მეფემ უბრძანა:
- ვაზირმან ჩემმან ბევრი მითხრა და არ ვუსმინე.
მესამემან უთხრა:
- თუცა ყმანი ჭკუათ მყოფნი გვყვანან, იგინი ამეფე და შენ მათ დაემონე!
მეოთხემან უთხრა:
- მით გივლია კეთილსა და სამეფოსა საქმესა ზედა, ვაზირთა არა უსმენდი!
მეხუთემან უთხრა:
- რადგან ეგრე უბადოს საქმესა მავალ იყავ, მამამან შენმან რად შიკრიკად არ დაგადგინა?
მეექვსემან უთხრა:
- გლახაკი თუცა იყო, სლვასა და ცუდსა ტარებასა იკადრებ.
მეშვიდემან თქვა:
- თუცა მეფე იყო, კაციმცა გაეგზავნა პოვნად და თვითმცა დამყარებით ყოფილიყო.
მერვემან თქვა:
- რას აბრალებთ, ანუ რას შეაწუხებთ? უსაქმოდ ყოფილა და წამოსულა. არაკად თქმულა: ცუდად ჯდომას ცუდად შრომა უმჯობეაო.
მეცხრემან თქვა:
- ამისთანა მასპინძელიმც თქვენ დაგიხვდებათ, როგორც თქვენ ამას დახვდით! მეფე გეწვიათ და თქვენ გაკიცხეთ.
მეათემან თქვა: თრევასაც ვემართლებოდით და კიცხვასა აჯერებთო?
წამოვიდა მეფე მუნით და მოვიდა სამეფოსა თვისსა. ვაზირსა თვისსა დიდი პატივი მიჰმადლა და ყოველივე ყოფილი უთხრა.
მოახსენა ლეონ მეფესა:
- მეფეო, უნაღვლო ხომ არავინ არის! შენ რამდენჯერ ნაღველი მოგერიოს, კაცი არ გაიკითხო, ვით იქმნების, ანუ მერმე რას იტყვის.
მეფეთაგან სამნი უყვარან ღმერთსა: სიმშვიდე, სიმდაბლე და სულგრძელობა.
მეფეთაგან სამს დაიმადლებს უფალი: სამართალსა უქრთამოსა, მოწყალებასა და დიდსა სიყვარულსა ყოველთასა.
მეფეთაგან სამს ინატრიან ქვეყანანი: ზავთსა მართებულსა, სიმართლესა უზაკველსა და სიუხვესა მოუკლებელსა. ზავთი - სიტყვით შეშინება; უზაკველი - უეშმაკო, უბოროტო
მეფეთაგან სამს იქენებენ დიდებულნი: სიტკბოსა წესიერსა, ნადიმსა ამოსა და ჭირში - ჭირსა და ლხინში - ლხინსა. იქენებენ - მოითხოვენ
მეფეთაგან სამს ნდომობენ მხედარნი: ცხენსა მალსა, საჭურველსა მაგარსა და დანახვასა ნამსახურისასა.
მეფეთაგან სამს იღვწიან გლახაკნი: კარსა ღიასა, თხოვისა ბოძებასა და სიხარულით წარვლენასა.
მეფეთაგან სამს ითხოვენ მონანი: სავსესა ტაბლასა, ჯამაგირთა მოუკლებლობასა და მალე შეუბეზღებლობასა.
მეფეთაგან სამს ინდომებენ ვაზირნი: ყურის მიპყრობასა, სიტყვის გაგონებასა და რჩევის დაჯერებასა.
მეფეთაგან სამს ინებებენ მოჩივარნი: საჩივრის სმენასა, აუჩქარებლობასა და დაუფერებლობასა.
მეფეთაგან სამს ინატრებენ ვაჭარნი: თვალთა და ლალთა ცნობასა, ღირებულის მიცემასა და უფასურად ვაჭრობასა.
მეფეთაგან სამს ევედრებიან მოგზაურნი: მეკობრეთაგან მორჩენასა, ზვერის წესად აღებასა, ფუნდუკთა უშუღართა დგომასა.
მეფეთაგან სამს იხვეწებიან შესმენილნი: მობეზღრისა წაყენებასა, ურისხველად ბრძანებასა და მართლებასა თავისასა.
მეფეთაგან სამს ითხოვენ პატიმარნი: შეცოდებისა შენდობასა, რისხვის წყალობად შეცვლასა და ხილვასა პირისა მისისასა.
ესე არს წესი მეფეთა, ესე არს საბოძვარი თემთა, ესე არს გოდოლი სპათა, ესე არს ზღუდე ქალაქთა! რომელმან ჰყოს, იგი და ქვეყანა მისი დაემყაროს. რქვა რუქამ საჭურისმან ლეონს:
- თუცა ეგოდენი კეთილი იცოდი და სამეფონი ქცევანი, გვემასა და შიმშილსა ეგ უმჯობე არ იყო, ჯუმბერისათვის გესწავებინა?
თქვა ლეონ არაკი:
ქოსა და ყადი
ერთი ქოსა იყო ერთსა სოფელსა შინა დიაღ გლახაკი და ერთი უსხი ჰყვა მსუქანი. უთხრა ცოლსა: უსხსა ამას გავყიდი, ეგების შენთვის და ჩემთვის სამოსელი ვიყიდოო.
წაიყვანა უსხი ქალაქად. სხვა ქოსა შემოეყარა, ევაჭრა და სამი მარჩილი აძლივა. ამან ოთხად დაუფასა. ვერ შერიგდენ.
წავიდა იგი მოქალაქე ქოსა, ბაზრები დაირბინა, ყოველსა ყასაბს უთხრა: ერთს ქოსას უსხი ჭამებული მოჰყავს გასასყიდად და ყველამ უთხარით: თხა არის და თხის ფასად ვიყიდითო.
მივიდა, ყადიც გაანდო და ტყავი ყადს უქადა.
რა ეს ზროხის პატრონი ქოსა მომავალი ნახეს, ყოველმან ყასაბმან ნახევარი მარჩილი აძლივეს: ეგ თხა მომყიდეო!
იწყინა ქოსამ და უთხრა: აქლემის ოდენს უსხსა თხის ფასად ვაჭრობთო?
მათ თქვეს: თხა არისო.
შეცილებაზე წავიდენ ყადთან კითხვად. ყადმაც თხობა ბრძანა. მასცა საქალამნე რგებოდა და ქოსას ვინღა რას აუბნებდა?
ნახევარი მარჩილი მისცეს და ქოსას უსხი წაართვეს, დაკლეს. გულმტკივნეულმან ქოსამ თქვა: არაკად თქმულა: თხის პატრონს აღარც თხის კუდიო? მაგისი კუდი აგრემც მომეცითო!
კუდი გამოართვა და წავიდა.
გამოხდა ცოტა ხანი, ყადს ცოლი მოუკვდა. ესმა ქოსას. გამოართვა ცოლს ლეჩაქი და ტანთ საცვამი, დედობრივ მოეკაზმა და ზროხის კუდი შიგნით შემოირტყა და მოვიდა ყადის კარზე.
გამოვიდა ყადი, დიაცი ნახა, მოჩივარი ეგონა, მან ეგრე მოახსენა: მე მოჩივარი არა ვარ, ქვრივი და უპატრონო დავრჩი, და ვინც შემინახავს, ვემსახურებიო.
ყადს დიდად იამა, დედაკაცი აღარ ჰყვანდა. შეიყვანა, მონათ უთხრა: ამაღამ წადით, თავთავისად მოისვენეთო!
მასთან დაწოლა ენება.
დიაცმან რა თავი დაიხელთა, ყადს აგრე უთხრა: თუცა სრულად არ გაშიშვლდები, ჩემთან ვერ დაგაწვენ, ეგრე ჩვეულ ვარო.
მოტყუვდა ყადი, გაშიშვლდა. მან ზროხის კუდი მოიხსნა, უთხრა ყადს: ეს რის კუდი არისო?
ყადმან უთხრა: ზროხისა არისო.
ქოსამ უთხრა: მაშ, თხად რად გამასყიდვინეო?
დასცა ქვე ტიტველი ყადი, ეგოდენი სცა კუდითა, მკვდარსა დაამსგავსა. მსახურნი შორს იყვნენ და მეშველი დაუძვირდა.
ქოსამ კარი გამოიარა და წავიდა.
მსახურთ იდროეს, გათენდა და მოვიდნენ. ყადი არ გამოვიდა. შევიდენ, ნახეს, ყადი გასივებული იდვა, დიაცი აღარ ახლდა. ყადი ძლივ სულობას მოაბრუნეს, ყოველი ყოფილი შეიტყეს.
რა მოკეთდა, აბანოში შესვლა მოინება და ზეთებით სამკურნალოდ ნაცემთა დაზელა.
შეიტყო ქოსამ, მეაბანოვესთან მივიდა და უთხრა: დიაღ, ხელმარჯვე დალაქი ვარ და აქ მიმსახურეო.
იამა მეაბანოვეს და ეგრე უთხრა: თურე ბედნიერი ხარ, დღეს ყადიც აქ მობრძანდებაო.
არდაგს შიგნით ზროხის კუდი შემოირტყა, მუნ დადგა.
ყადი მივიდა, დია კარგად სამსახური დაუწყო. იამა ყადსა და დაზელა უბრძანა. დალაქმან ქოსამ მსახურთ ეგრე უთხრა: რა ზელას დავუწყებ, ტანმტკივანია, კვნესას და ზახილს იწყებს და ნურავინ შემოხვალთ. თუ უნებს რამე, მე გამოვალ და გეტყვიო. თუ უნებს რამე - თუ რამე ენდომება
მონანი გაიტყუა, წაკეტა კარი და ქოსამ კუდი გამოიძრო, ყადს ჰკითხა: რისა არისო?
ეხვეწებოდა ყადი და ეფიცებოდა მრავლის მიცემასა, მაგრამ ქოსა არ მოეშვა: ამდენი სცა, სიკვდილზე მიაყენა.
გამოვიდა, მონათ უთხრა: სძინავს, ნუ შეხვალთ, ძილი არ გაუკრთოთ! მე კიდევ წამლის მოსატანად მივალო.
ჩაიცვა ტანსა და წავიდა ქოსა. რა მონანი შევიდნენ, ნახეს ყადი ავად დანაყილი და გასივებული დაზელის ნაცვლად. აიღეს, ხირაულით შინ წაიღეს და მუნ დააწვინეს. რა სულობას მოვიდა თქვა: მე ამ ქოსას აქ ვეღარ დავუდგები, ფათერაკს კიდევ გამაბამსო, აქლემები იქირავეთ, ქაბას წავალო.
რა აქლემების თხოვნა დაიწყეს, ქოსამ მეაქლემეს ფასი მისცა სამის დღისა და აქლემები ყადის კარს ჩაატარა. იკითხეს აქლემები და მან უთხრა: ვინც იმიზდებს, კაცს ვეძებო.
იამათ, ყადს მოახსენეს, იმიზდეს. ყადი კუბოში ჩასვეს, აქლემს აჰკიდეს. ყადი ჩაჯდა და წავიდა. რაც ქონება ჰქონდა, იგიც ყველა თან წაიღო.
მეაქლემე ქოსა გზა-გზა კარგს ზღაპარს ეტყოდა და ყადს იამებოდა. მონათუბრძანა ყადმან: წინ წადით, სოფლად სადგომი, ქერი, ბზე და ნუზლი მოამზადეთ და მე და მეაქლემე ნელიად წამოვალთო!
რა იგინი გაშორდენ, ქოსა ზღაპრად მას მოჰყვა, რაც მას და ყადს გარდახდომოდათ. ყადმან უთხრა: ეგ ბევრჯერ მასმია, სხვა მიამბეო
ქოსამ თქვა: მე ეს მწვავს გულსა, ამას ვიტყვიო, სხვა რას ჰქვიანო.
ჩამოაგდო აქლემიდან, ამდენი სცა ზროხის კუდით, რომ სული ამოხადა.
გამობრუნდა, აქლემები პატრონს მოუსხა და ქონება თავისთვის წაიღო.
ცოლმან ჰკითხა: ვინ მოგცაო?
და ქოსამ უთხრა: ჩემი უსხის ფასიაო.
ცოლმან უთხრა: ვეჭობ, შენის უსხის ფასი კი აგიღია ათას წილადო.
- ვიცი, მეფეო, ეგ შენი რუქა იმის მსგავსს მიპირებს და ბარემ აწვე მომარჩინე და გარდამხვეწეო.
ბრძანა მეფემან არაკი:
ძალა ერთობისა
მეფე ვინმე იყო დიდებული. ოცდაათი ვაჟი ჰყვა. რა მოიწია დრო სიკვდილისა მისისა, მოუწოდა ძეთა თვისთა, მოაღებინა ოცდაათი ისარი, შეკრა მაგრა ერთად და მოზიდა, რათა გატეხოს და ვერ გატეხა. მერმე თითო-თითო მოზიდა და ყოველივე დალეწა. უთხრა შვილთა თვისთა:
- თუცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედა სდგეხართ, მტერი ეგრე ვერ გაგტეხსთ, ვითა მე წეღან შეკრული ისარი ვერ გავტეხე; თუ გაიყრებით, ესრეთ თითო-თითოდ დაგლეწოსთ მტერმან. თავიცა მოსთხაროთ და მოყვარეცა.
- აწე, თქვენი საქმე მას ჰგავს. თქვენი სიტყვა თუცა ერთი იყოს, დაემყაროს მეფობა ჩემი. და რადგან მტერნი ხართ, ჩემს საქმეს წაუხდენელს არ გაუშვებთ.
ვაზირთ წესია, რამდენიც იყვნენ, პირი ერთი ჰქონდესთ. ერთის ჭკუა და რჩევა უამხანაგოდ სწორედ არ წავა, არ იქმნების, რაგინდ ბრძენი იყოს, ერთიც არის საქმე არ დაიცდინოს და ერთის საქმის დაცდენითა ბევრი წახდება. ამისთვის ორისა და სამის კაცის რჩევა სჯობს.
ვაზირნი ერთმანერთის მოყვარულნი ხამს.
ვაზირობა სიქიშპითა და კაცის მტერობით არ კარგა იქმნება.
თუ ვაზირი ბატონის ერთგულია, მტერი უნდა დაიმოყვროს, თავისი აუგიც აპატიოს, გული გაიერთონ და დაემტკიცოს მეფობა პატრონისა მათისა.
ვაზირი ხვაშიადის შემნახავი ხამს. თუცა ერთმანერთში შუღლი მოხდა, ხვაშიადი გამჟღავნდების და მათგან ერთმანერთის მტერობით გაიცემა, სიტყვას და ბრალობას დაუწყებენ: მან თქვა, არა მას უთქვამსო.
ვაზირი, პატრონისა და ქვეყნის სამჯობინაროს მდომი უნდა იყოს. რა მეფე ერთს წყალობას უზამს, მეორე მისი ქიშპი გაორგულდების.
ვაზირი ღვთის მავედრებელი და ჭკუის და სიბრძნის მჩხრეკელი ხამს და, რა კაცმა თავისი მტერი დაინახოს, გული აუდუღდეს და ჭკუა და მცნება დაეფანტოს.
ვაზირთ სიტყვა უნდა შეამოწმონ და, რომელი ამჯობინონ, იგი დაასკვნან. მტერნი ხომ არას ღონით სიტყვას არ შეამოწმებენ და, თუ შეამოწმებენ, კიდეც დამოყვრდებიან!
ვაზირთა მეფისა და ქვეყანისა დაყენებაც შეუძლიათ და წახდენაცა.
ლეონ მოახსენა:
- მართალს მიბრძანებს მეფობა თქვენი, მაგრამ მე მაგ ყვერულმან დამანანა შენი ხლება.
თქვა ლეონ არაკი:
ნალბანდი მგელი
ერთი მგელი მოუხდა ვირსა, შეჭმას ლამობდა. ვირმა უთხრა: ვიცი, შემჭამ, ეს ანდერძი ამისრულე: ქაჩაჩში ლურსმის ნატეხი დამრჩა და იგი ამოიღეო!
მგელმან პირი მიჰყო, უნდა ამოეღო. ვირმა წიხლი ჰკრა, კბილები ჩაამტვრია მგელსა. ვირი ვეღარ შეჭამა.
მგელმან თქვა: მამაჩემი ხარაზი იყო, მე ნალბანდობას რა მრჯიდაო?
თქვა რუქამ არაკი:
ქურდის მემკვიდრე
თავრიზის ქვეყანას იყო ერთი ქურდი. რომ სხვა ვეღარა დაეხელებინა რა, მკვდარს მოსთხრიდის, სუდარს გახდიდის, შეხედავდის და გაყიდდის.
შეწუხდა თემი იგი კაცისა მისგან, ნატრობდის სიკვდილსა მისსა.
მოკვდა კაცი იგი და დარჩა შვილი, ერთი ვაჟი. ესრეთი ქურდობა დაიწყო, რომ არ ეგებოდა: მკვდარი მოსთხარის, სუდარი გახადის და მკვდარი ანძაზე ჩამოაცვის.
მის ქვეყანასა კაცთა მამასა მისსა ლოცვა დაუწყეს: იგი სუდარს გახდიდის, გაყიდდის, მკვდარს ანძაზე მაინც არ ააგებდაო!
- თავმან მეფისამან ენისამან, მას კაცთავის შენ მამაენს დაგვალოცინებ და კიდევაც ჯობხარ სიავითა.
თქვა ლეონ არაკი:
მაოხრებელი მკვდარი
კლარჯეთის თემსა, იყო ერთი გზირი, ანჩხლი და მტერი სოფლისა მის.შეაწუხა იგი სოფელი და სრულიად ააოხრა. მოიგონის მიზეზი, უთხრის თათართა და მრავალი ვერცხლი წაართმევინის.
მოვიდა დღე გზირის სიკვდილისა. მოიხმო სოფლის კაცნი და ეგრე უთხრა: - მე თქვენთვის ბევრი შემიცოდებია და, რათგან ცოცხალს ვერა მაწყინეთ რა, გაფიცებთ ღმერთსა, რა მოვკვდე, თოკი ყელს მომაბით, გამათრიეთ და ხეზედ ჩამომკიდეთ!
რა მოკვდა, სცთნენ კაცნი იგი და, რაც უთხრა, ყველა ჰყვეს. ნახა ვინმე თათარმა გზირი ხეზედ კიდებული, წავიდა ყადს უთხრა: - ჩვენი გზირი დაურჩვიათო.
გამოუსივეს კაცი სოფელსა მას. ათასი მარჩილი წაართვეს. დაუწყეს გინება გზირსა: ცოცხალმან მოგვთხარა და მკვდარმან აგვაოხრაო!
- მასავით შენ ცოცხალიც წახდენას მიპირობ და მკვდარი ვარეს მიზამ. ვიცი, ვერ გარდაგირჩებიო.
რუქამ უთხრა:
- ლეონ, მე შენ სიკვდილს და გაგდებას არა ვდევ. მე მეფისა ჩემისა უმჯობესისა პოვნა მინდა და, შენ თუ ამასთან იყოფვი, დიდი დასაკლისია.
თქვა რუქამ არაკი:
სადაფი და კირჩხიბი
ზღვასა შინა რა სადაფი ვალს, პირაშკმული არის. ოდეს კირჩხიბს ნახავს, პირს შეიკრავს. კირჩხიბი რა ახლოს მივა, პირთან ფერხს მიადგამს. რა პირს ცოტასაც არის გააღებს, ფერხს შეუყოფს, ნელ-ნელა შევა შიგ, რაც სიცოცხლე ძევს, შესჭამს.
- შენც ისე გნებავს, ჯერეთ სადაფის პირი ღია ვერ გიპოვნია, მით ეგრე სიტყვარბილობ.
თქვა ლეონ არაკი:
მეხილე და მწყემსი
ბაღდადის ქალაქსა წესი იყო, რა მეხილესთან კაცი მივიდის და ორი ფული მისცის, რაც ენების, ეგოდენი ხურმა შეჭამის. ერთი გარეთმყოფი მწყემსი მივიდა, განწესებული მისცა, დაჯდა და ნახევარ მარჩილისა ხურმა შესჭამა.
მეხილემ უთხრა: ძმაო, ბევრს ნუ სჭამ, გულს დაგწვავსო.
მწყემსმან უთხრა: შენ ნუ იურვი, ვისცა გული დაეწვის, მე ვიციო!
- აწ ჩემი აქ ყოფნა ვისიც ან ზიანია, ან სარგებელი, ან საწყენი და ან სასიამოვნო, მე კარგად ვიციო.
უბრძანა მეფემან ლეონს:
- ვიცი სიტყვაგრძელი და ლაპარაკტკბილი ხართ და შეექცევით სიამესა. ესოდენი ხანია, ძე ჩემი, არ ვიცი, ვითარის სწავლის პატრონია, მაჩვენეო!
მოახსენა ლეონ:
- მეფეო, კაცი უბოძე, მოიყვანე და მისგან კითხვით სცანო!
გაგზავნა ხელარგნოსანი, აწვია ძე თვისი ჯუმბერ და არა მოვიდა მით.
გაგზავნა დარბაზთუხუცესი და არა მოვიდა მით.
გაგზავნა მესტუმრეთუხუცესი და არც მით მოვიდა.
გაგზავნა ვაზირი და არც მით მოვიდა.
მერმე მოლარე გაგზავნა, დაჯდა სპილოსა ზედა და მოვიდა. ჩამოხდა სპილოდამ, სარტყელი შემოიხსნა, სპილოსა ზედა დააგდო და ცალის ხელით მიწა აიღო და ცალის ხელით ქვა და მამას მოართვა, თაყვანი სცა და ხელს აკოცა.
უბრძანა მეფემან შვილსა:
- სიცოცხლეო გულისა ჩემისაო და ნათელო თვალთა ჩემთაო, ხელარგნოსანი გაახელ, რად არ მოხველ?
ჯუმბერ მოახსენა:
- შეცოდება არა მქონდა.
რქვა მეფემან:
- დარბაზთუხუცესი გამოგიგზავნე, რად არ მოხველ?
ჯუმბერ მოახსენა:
- არა მონათაგანი ვიყავ, ჩემზე ხელი არა უცს.
რქვა მეფემან:
- მესტუმრეთუხუცესს რად არ მოჰყევ? ჩემი უდიდესი თავადი არის.
ჯუმბერ მოახსენა:
- მასპინძელი ვინღა იყო, თუცა მე მესტუმრეს შევდგომოდი?
რქვა მეფემან:
- ჩემს ვაზირს რად აღარ მოჰყევ?
ჯუმბერ მოახსენა:
- ნუთუ მეფობასა ვსცდილობდე?! ღმერთმან ნუ ჰყოს! ვაზირი მეფესთან ხამს.
რქვა მეფემან:
- მოლარეს რაღად მოჰყევ, უგვანსა მოხელესა და ცუდსა ჭაბუკსა?
ჯუმბერ მოახსენა:
- სხვათა თანა ეგე უგვანია და არც მიივლინება, თვარამ ჩემთან მოლარის მოგზავნა ხამს: მე ვარ შენი საუნჯე, შენი განძი, შენი ლარი.
მოეწონა მეფესა სიტყვა ესე.
ჰკითხა ვაზირმან ჯუმბერს:
- რად შესჯეგ სპილოსა ზედა და მოხვედ მით?
ჯუმბერ უთხრა:
- დიდებისათვის, რომე მეფეთა გვარი და დიდი კაცი დიდსა რასამე ზედა უნდა ჯდეს.
უთხრა ვაზირმან:
- სარტყელი რად შემოიხსენ და სპილოსა ზედა მიაგდე?
ჯუმბერ თქვა:
- რაჟამს მეფე, ანუ დიდი ვინმე საჯდომით თვისით სიჩქარით აღდგეს, ესრეთ ხამს, თვისი ძლიერება თვისსავე საჯდომსა დაუტევოს და თვითან თავი იცნას, რომე იგი საჯდომი არს დადი ჰუბუტი, თვარამ უმისოდ ყოველივე გარე შემოეძარცვება. არაკად თქმულა: ლოდი მაშინ მძიმეა, რა ადგილას იდვას, და რა ადგილით დაიძვრის, გასუბუქდესო.
რქვა მამამან:
- ქვა და მიწა რად მიძღვენ?