უთხრა პასუხად რუქამ არაკი:
მელი და მწევარნი
ორნი მწევარნი ნადირობას დადიოდენ. ერთს მინდორში ნახეს, მელს თაგვი შეუპყრია, ხან გაუშვებს და ხან დაიჭერს, ხან ჰაერში შეაგდებს - ათამაშებს. მიეპარნენ და მელი შეიპყრეს.
უთხრა მელმან მწევრებს: ჩემი დღე ხომ მოვიდა. ღმერთმან ჩემი თავი თქვენ მოგცათ. სადღა წაგივალ? ამ მინდორს ხედავთ? ამდენი შემიხვეწიეთ, თქვენც იცით, როგორ ჩემი გვარი თაგვის მტერია. გამიშვით, ერთი თაგვი დავიჭირო, ვითამაშო და მერე, რაც გინდა, მიყავითო!
დატყუვდენ. მწევრებმა გაუშვეს მელი. მელმან თაგვი დაიჭირა, ათამაშა. შეაგდო და დაიჭირა. ხან აქეთ ათამაშა, ხან იქით. თურე ახლოს სორო ჰქონდა და შიგ შევარდა.
მოუსხდენ მწევრები და უთხრეს: მელო! გამოდი ერთი თაგვი კიდევ ათამაშე, ის ხომ დიდად გიყვარსო და მერე შედიო!
მელმან უთხრა: შარშან რაც ვითამაშე, ისიც მიმძიმს, არა თუ ახლა გამოვიდე და ვითამაშოო!
- შარშან რაც გეუბენ და ან შენი ვისმინე, ისიც დიდად მიმძიმს, თუ დამეხსნებოდე, არცა რას ახლა გეუბნები.
თქვა ლეონ არაკი:
ვირად ცნობილი ყადი
ერთი გლახაკი კაცი იყო, ერთი მჭლე ვირი ჰყვანდა. გაიპარა ვირი, წავიდა მთაში გასასუქებლად. გასუქებული მუნვე პატრონთან მოვიდა.
იამა პატრონს დიდად და ცოლს უთხრა: საფქვავი აჰკიდე, წადი წისქვილში, დაფქვიო.
ცოლმან უთხრა: თუ ჩვენს ვირს ამდენი ჭკუა ჰქონდა, მთაში მჭლე წავიდა, გასუქდა და მოვიდა, მაგას როგორ ვერა იქმს, უკაცოდ დაფქვას და მოიტანოსო?
დაუჯერა ცოლს, ვირს ჯოხი დაჰკრა და გააძო. წავიდა ვირი. ვინცაღა კაცმან წაიყვანა, ვინ იცის!
გამოხდა ერთი კვირა. ვირი აღარ მოვიდა. წავიდა ვირის პატრონი, მივიდა, მეწისქვილეს ჰკითხა: ვირი გამოვგზავნე შენთანა საფქვავითა და რა იქმნაო? მან ჰკითხა: ვინ გამოატანეო?
ვირის პატრონმან უთხრა: ჩემი ვირი ასე ჭკვიანი იყო, კაცი არ უნდოდაო.
იგი მეწისქვილე ხრიკიანი რამ იყო, მის კაცის სიბრიყვე შეიგნა. მის ზემოდ ერთი ქოსა მეწისქვილე იყო, დია ეშმაკი, მასთან მიასწავლა: აქ ჯერი არ ერგო და მასთან გავგზავნეო. იცოდა, რომ ის ისეთს უცხოს ტყუვილს ეტყოდა. მივიდა მას ქოსა მეწისქვილესთან, ყველა უთხრა.
მან ეგრე უთხრა: აქ მოვიდა, დაფქვა, მე ისრე ჭკვიანი ვირი არ მინახავს! ერთი შავი ჯოროსანი, ოქროთ აკაზმული კაცი მოვიდოდა, მისი ჯორი ფქვილით იყიდა. შენი ვირი ზედ შეჯდა, ზანგას ჩავიდა. მუნებური ყადი მომკვდარიყო და ყადად შენი ვირი დასვეს, იქ მონახეო!
მან კაცმან დაუჯერა. ზანგას წავიდა. ნახა, ყადი შავს ჯორსა ზის, ოქროთ აკაზმულსა. მის კაცის სიტყვა ენიშნა, შავი ჯორი იყო.
უთხრა ყადს: მე ვერ მიცნობო?
ყადი რას იცნობდა, პასუხი არ მისცა.
მერმე უთხრა: ჩემი ვირი ხარ, რად აგრე მალე გაამპარტავნებულხარო?
რა ეს ისმინა, მრავალი სცეს, თავი გაუტეხეს და გააძევეს.
რა ყადი ტარუღასთან მივიდა, მოვიდა იგი კაციც და იჩივლა: ეგე ჩემი ვირია, საფქვავი მაგ ჯორში მიუცია, გამომეპარა და აქ ყადად დამჯდარა.
ყადმან თქვა: რას ამბობ? ვერავინ მიცნობთ? მამა-პაპანი ჩემნი აქ დაბერებულან, რად არ გააძებთ მაგ კაცსაო.
მან კაცმან ასრე თქვა: მოსამართლენო! ეგ ყადი ნახეთ, ჩემს ვირს შიგნით ბარკლებზე, ორგნითვე დაღი აზის. თუ ეს ნიშანი ჰქონდეს, ჩემი ვირია, მომეცით და თუ არა და, ვსტყუიო.
ყადს თურე ქარი სჭირდა და ორსავ ბარკალზე შიგნით დუგუნები დაესხა. რა ნიფხავი ჩაჰხადეს, ნიშანი ნახეს. გამტყუნდა ყადი, სამართლით მისი ვირი შეიქმნა! მისცეს მას კაცსა.
მერე ყადი შეეხვეწა: შენც იცი, რასაც რეგვენობით არ მედავები. ჩემთან შენ ხელი არა გაქვს, მაგრა ამ ჯორს თავისის აკაზმულობით მოგცემ, შენს ვირს ხომ ესე სჯობს და ნუღარ მარცხვნიო.
მისცა ქრთამად ჯორი ოქროს აკაზმულობით. და მან კაცმან კიდევ დავა დაუწყო: ეს ჯორი ჩემის ფქვილით გიყიდია, შენ ჩემი ვირი ხარო.
დაღონდა, რას გადავეკიდე მე ამ კაცსაო. სხვა ღონე ვეღარა ქმნა რა და ასი ფლურიც თავის თავში მისცა.
შეჯდა ჯორსა ოქროთ აკაზმულსა და წამოვიდა კაცი იგი.
- რუქავ, ეს ხომ ყოველმან კაცმან იცის, შენც მას უგუნურსავით, რასაც ცუდად არ ედები, ჩვენში საქიშპარი საქმე არა გაქვს რა, და ჩვენც ქრთამს მოგცემთ და მოგვეშორე, გეხვეწებით!
თქვა რუქამ არაკი:
ვირი, კაჭკაჭი და მგელი
ერთი კაცი იყო. ერთი დაღლეტილი ვირი ჰყავდა. წაიყვანა და საძოვარზე დააბა. თვითონ მიღმა დაჯდა და ყურება დაუწყო.
მოვიდა კაჭკაჭი, ზურგზე შეაჯდა, დამპალს ხორცს გლეჯა დაუწყო.
ვირი დაბმული იყო, ვერ აეშვა და ტლინკვა დაიწყო. რამდენჯერ ვირი ტლინკს შეყრიდა, მისი პატრონი კაცი სიცილით ბნდებოდა.
ტყიდამ ერთი მგელი უყურებდა და თქვა: - მე თუ მას ვირთან მნახავენ, ამ სოფლის კაცი და ძაღლი სრულობით მე გამომეკიდებიან, და აგერ ვირი კაჭკაჭმან ლამის შეჭამოს, და პატრონი ხარობსო!
- მისი არ იყოს, რა მე ხმას ამოვიღებ, ყველანი პირს შეკვრენ და მე გამომეკიდებიან, თვარა უმისოდ თვით გაერთებულან და რას ხრიკს ლამიან, ჩანს.
თქვა ჯუმბერ არაკი:
ორნი ამხანაგნი და დათვი
ორნი ამხანაგნი წავიდნენ ნადირობად. ნახეს, ერთი მაწოვარი დათვი მოვიდოდა. იარეს და მისი სორო პოვეს. თქვეს: სოროში მას დათვს ბელები ეყოლება, იგინი გამოვასხათო!
ერთი შიგ შევიდა და მეორე გარედ დადგა. ნახა: დათვი დაბრუნებულიყო და მოვიდა. იგი მეორე ამხანაგი შეშინდა და ხეზე გავიდა. დათვმან სოროში შესვლა მოინდომა. მან ამხანაგმან თქვა: თუცა დათვი სოროში შევა, მას ჩემს ამხანაგს ხომ მოკლავსო.
დათვმან რომ წელს წინათი სოროში შეყო, ჩამოვიდა ხიდამ მეორე ამხანაგი, დათვს კუდი მაგრა დაუჭირა, სოროს პირს ორნივ ფერხნი მიაჭირნა. დათვმან ყვირილი შექმნა და მიწას ბრდღვნა დაუწყო, სორო სულ მტვრით აავსო.
მან შიგნითმან ამხანაგმან უყივლა: - ნუ ამტვერებ, მტვერმან დამარჩოო!
გარეთმან უთხრა: თუ კუდი ხელთ არ მეჭიროს, შენს მტვრის მოდენას მაშინ ნახავო!
- მეც თუ ამათი კუდი ხელთ არ მეჭიროს და შენზე მოვუშვებდე, შენს ყოფას ესენი მოგანახვებენ.
უთხრა პასუხად რუქამ არაკი:
ყაზან-შაჰ და მისი ცოლი
იყო ყაზან-შაჰ ერთი დიდი დიდებული და ხათუნად ჰყვა ქალი ერთი შვენიერი. ეყოლა ვაჟიშვილი და, რა მოიზარდა, მამა-დედანი ათამაშებდენ.
ცოლს მარტვილი სთხოვა და, რა მიაძლია, ხათუნს ფათერაკი მოუხდა და ქარი დასძვრა.
იწყინა დიდად ყაზან-შამ და ცოლიც გააგდო და შვილიც თან გაატანა მარტო უკაცოდ. და მან სხვა ხათუნი დაისვა.
წავიდა ხათუნი, სამკაული დამალა, ძონძი შეიმოსა და ერთს მეწისქვილეს შეეწყო.
ერთი მისი ტოლი ყრმა მას მეწისქვილეს ჰყვანდა და ორნივ ერთად იზრდებოდენ და თამაშობდენ. მეწისქვილის ძე მცირეს წისქვილს აშენებდის, ღარსა და ბორბალს აკეთებდის, ვითა მამა-პაპათა წესია.
ხათუნის ძე ტახტს კრევდის, ზედ დაჯდის და ეტყოდის: მე დამიჩოქე და შემომჩივლეო!
ყრმობითგანვე ესრე იყვნენ. რა ათჩვიდმეტისა წლისა შეიქმნა, მას წისქვილთან კაი ადგილი ხევნარი იყო, ყაზან-შას სპასალარი თემის ასაწერად იარებოდა, მუნ მოვიდა და დადგა. ნახა ყრმა იგი და მოეწონა. იკითხა: ვისიაო. და მოახსენეს: ერთი საბრალო დიაცის შვილიაო.
სპასალარმან დიაციცა და მისი ძეც, ორნივ თან წაიტანა. მან ყრმამან ასრე შეაყვარა თავი, მის ძეს იგი ერჩია და დიდს პატივს უყოფდა.
დღესა ერთსა ჰკითხა შვილმან დედასა: ვინა ვარ, ან ვისი ძეო?
დედამ უთხრა: შაჰის ძე ხარო და ასე მომიხდაო. მისთვის მეც გამომაძო და შენცაო.
შვილმან უთხრა: თუ სხვა არა შეგიცოდებია რა, მაგისი ადვილი არისო.
დედამ შეჰფიცა: არაო.
გამოუღო დედას სამკაული, ოქროზე გაყიდა. დასხა ოქრომჭედლები და სულ ოქროს ხორბალი დააქნევინა. წავიდა ბაზარში. ყასაბსა, მეწვრილმანესა და მეპურესა სუყველას ხორბალი დაუწინდა:
სამს დღეს უკან ფასს მოგიტანთო, სასმელ-საჭმელი იყიდა და სპასალარს გაუმასპინძლდა.
რა დრო გარდავიდა, ხორბალი აღარ დაიხსნა. მოვიდნენ ვაჭარნი და ხორბალი მოუტანეს. ფასი სთხოვეს.
მან შორს დაუჭირა: მე ფასი ვინ მომცა? ჩვენს თემს მაგას ვსთესავთ, მოვიმკით და მაგას გავყიდით; მე სხვა არა მაქვს რაო.
წავიდნენ ვაჭარნი და ყაზან-შას შესჩივლეს. უხმეს მას ყრმასა. ჰკითხეს. მან იგივე თქვა.
ყაზან-შამ ყოველი ხორბალი მოაღებინა, წინ დაიგროვა, ჰკითხა მას ყრმასა: აქაც მოვა ამისთანა ხორბალიო?
მან მოახსენა: ყოველგან მოვაო. მაშინვე ბაღი დააბარვინა და უნდა, რომ დათესონ.
მოახსენა: აგრე არ უნდა. ასეთი კაცი იშოეთ, რომ ქარი არა სძროდეს, თვარა არ მოვაო.
შეიქმნა მოკითხულობა: ვის არა სძრომია ქარიო?
ვერავინ პოვეს. მოახსენა: თქვენ ხომ არ იკადრებდითო?
მან უბრძანა: მე წეღანაცა დამემართაო.
მერმე მოახსენა: რა სირცხვილია, შინ მოიკითხეთ და ხათუნმან თავი დაიმდაბლოს და დათესოს.
შევიდა ყაზან-შაჰ. ვერც მუნ პოვა. მოვიდა, უთხრა: რა ვქმნა, არ იშოებაო!
მერმე ყრმამან უთხრა: მაშ, დანაშაული რა იყო, ან დედა რად გამიგდე და ან მე, თუ სხვა კი არ იპოვებოდაო?
რა შეიგნა მისი შვილობა, ყელს მოეხვია და დედა მისი აგრევ ხათუნად დაისვა და შვილი შვილად.
- აწ მეც, თუ მაგის მეტი შეცოდება არა მაქვს, რომ კარგსიტყვა ვარ და პასუხს მოგცემ, მაგაზე რად მომისევ მაგ კაცთა და გამალახვინებ? მითხარ: უთქმელი და უსიტყვო კაცი ვინ არის?
თქვა ვაზირმან არაკი:
მეფის ანდერძი
იყო მეფე ერთი და, რა მოიწია დღე სიკვდილისა მისისა, მოუწოდა ძესა თვისსა და უთხრა: - სხვას ანდერძს არას გეტყვი, ოღონდ ეს ათავო:ქოსა კაცი შენს საბრძანებელში ნუ გინდაო!
მოკვდა მეფე და გამეფდა ძე მისი. ასრე სძულდა ქოსა კაცი, მის სახსენებელს ვერავინ ახსენებდა.
დღესა ერთსა ერთმან ქოსამან ყვავილი მიუძღვნა. იწყინა, მიუშვა ხელარგისანი კაცი, ეგოდენი ჰკრეს, შებნა. შეეცოდა მეფესა და თქვა: - ნუ მოკლავთ, ბრალია, ერთს სახლში შეიყვანეთ, ეგება არ მოკვდეს და გააძეთო!
მზარეულთუხუცესმა წაიყვანა. ქოსა ეშმაკობით იქმოდა და მორჩა. ასეთი საჭმლის კეთება დაიწყო. მეფე მის მეტს აღარას სჭამდა.
შეუყვარდა მზარეულთუხუცესს და აპატივა. დაიწყო ამხანაგებში ჭადრაკის მღერა და ასეთი არავინ გამოჩნდა, მისთვის ეჯობნა.
ესმა ვაზირსა, დია უყვარდა ჭადრაკის მღერა და კარგადაც იცოდა. მიიყვანა ვაზირმან. მღერა დაუწყო, მასცა აჯობა.
მის ქოსის ქებამ მეფემდის მიაწია. მიაყვანინა მეფემან ვაზირსა და მას ჭადრაკი ამღერა. აჯობა ვაზირსა და დიდად შეუვიდა მეფესა.
გამოხდა ხანი. მას ვაზირსა ვაზირობა წაართვა და ქოსას მისცა. ასეთი ყმა შეიქმნა ქოსა, მის გარდავლილს არას იქმოდეს მეფე.
მოუხდა მტერი. ვეღარ გაუმაგრდა. რაც ეზიდებოდა ორს ცხენს, თვალ-მარგალიტი აჰკიდა, ერთზე თვით შეჯდა, ერთზე ქოსა ვაზირი შესვა და გარდაიხვეწნენ.
მივიდნენ სხვას სამეფოსა. ვაზირმან ურჩივა: - შენ ყმა კაცი ხარ და მე ხანდაზმული ვარ. აქ რომ შენ პატრონობა სთქვა და მე - ყმობა, არამც სირცხვილი იყოსო და პატივი არ დაგვდვანო. თუ დამიჯერებ, შენ ჩემი ყმობა თქვი და მე შენს პატრონობას ვიტყვიო.
მეფემ უთხრა: - ეგეც აგრე იყოს: რასაც კაცს მამის ანდერძი არ დაუსწავლია, უარემსიც დაემართებაო!
- ვიცი, შენც მას ქოსასავით ხომ ქოსა ხარ და კეთილსიტყვა და ენიანი; ასეთსაც იტყვი, კაცი დააჯერო. მას ქოსასავითაც გინდა ჰქმნა, თუ დრო დაიეც.
თქვა რუქამ არაკი:
ბროწეულიას წვენი
ერთი მებაღე იყო მოსავი ღვთისა და მართალი კაცი. ვინც მასთან მივიდის, ხილი მიართვის. ერთი ბროწეული გამოუწურის. რაგინდ დიდი ჯამი ყოფილიყო, ერთის ბროწეულის წვენით აივსის და მას ასმევდის.
დღესა ერთსა მეფე ეწვია სხვის ტანისამოსითა. მებაღემ ვერ იცნა და ხილი მიართვა და ბროწეული გამოუწურა. გაუკვირდა მეფესა ერთის ბროწეულისაგან ეგოდენი წვენი და თქვა: თუ ერთს ბროწეულს ამდენი წვენი აქვს, მე რატომ ჩემნი მოხელენი ცოტას მომიღებენო? მათ მოვკითხაო!
ხვალის დღეს კიდევ მოვიდა მეფე და ბროწეული გამოაწურვინა. მცირედი წვენი გამოვიდა. ჰკითხა მებაღეს: გუშინ მრავალი წვენი ჰქონდა, ახლა რა დამართებიაო?
მებაღემ უთხრა: ძმაო, ჩვენი მეფე აქამომდე გულხსნილი და უხვი კაცი იყო და მით დიდი გამოსავალი ჰქონდა, ახლა თურე გულში ზრუნვა რამ შესვლია და მით მოაკლდაო.
მეფემან სცნა მისი გულის ზრახვა და წავიდა.
- თურე ჩემს მოწყალეს მეფესაც თქვენის გესლოვნის ენისაგან ჩემზე გული გარყვნია და მით მეუბნებით მაგ რიგად, თვარა ვერა მეტყოდითო.
თქვა ლეონ არაკი:
ყასაბი და მყიდველი
ერთი კაცი მივიდა ყასაბთან, უთხრა: ძმაო, ფასი მზა არა მაქვს, ერთი ცხვრის ფეშხო მომეც და ხვალ ფასსა მოგცემო.
ყასაბმან უთხრა: შენ არ გეკადრება სისხლიანი ხორცი გეპყრას და მიხვიდოდე; სადგომს მიდი, ერთის მონის ხელით შენის თმის ბეწვი გამომიგზავნე, ვინიშნებ და გამოგიგზავნიო.
წავიდა კაცი იგი და ერთის მონის ხელით თმის ბეწვი გამოუგზავნა. მოუტანა მან კაცმან და უთხრა: მან კაცმან გამოგიგზავნა ნიშნად ბეწვი და ხორცი გთხოვაო.
ყასაბმან უთხრა: ვაჟო! თვით აქ იყო, წვერიცა და ულვაშიც ზედ ესხა, არამც თუ თმის ბალანი, და ერთი გამოსაცოხნიც არ ვაჭამე, ახლა ერთის ბალნით ბევრი რად გავუგზავნოო?
- შენც ისე როტავ. მეფის შვილი და ვაზირი რომ შენთვის კარგნი იყვნენ, მაშინ როდის იყო მეფე შენზე გულტკბილად, რომ ახლა ესენი გემდურვიან, მეფე შენზე გულგაურყვნელად იყოსო?
უთხრა პასუხად რუქამ არაკი:
ქაჯთა შემპყრობელი
იყო სოფელსა ერთსა ხევი კლდიანი და ხრამი, ღრმა ჩასასვლელი მთანი მოსდგმიდენ. მუნ ხიდი იდვა და მის თემის კაცნი მასზე დადიოდენ.
დაიმკვიდრეს ქაჯთა და მასზე მიმავალს კაცს ზოგს ლოდს ესროდენ, ზოგს ეფეთებოდენ და შეშლიდენ.
შეწუხდა თემი და მეფე მის ადგილისა. ვერა უწამლეს რა. მოახსენა ერთმან კაცმან: მე თუ მიბრძანო, გმსახუროო!
დაუმადლა მეფემან და წავიდა კაცი იგი. ორი ორძალი წაიღო, ორი ხირაული, ერთი ქიშა ღვინო, ერთი ქიშა საძილო წამალი, ორი ფიალა და ერთი ღორის ჯაგრის თოკი.
მივიდა მას ხიდზე. ერთი ხირაული მიღმართ გაფინა, ერთი ორძალი და ერთი ფიალა და საძილო წამალი მასზე დადგა. მოღმართ სხვა ხირაული გაფინა, თოკი ქვეშ დაიდვა და ზედ დაჯდა. ღვინო მოიდგა, ორძალს კვრა დაუწყო და ზედ ემღეროდა. ღვინოს სმიდა და მარტოობის ლექსსა იტყოდა.
ნახეს ქაჯთა ეს საქმე. ორნი იყვნენ, მივიდნენ, მას ხირაულზე დასხდნენ. მათაც სმა დაუწყეს და ორძალს კვრა. მოეკიდა საძილო წამალი და ორთავ დაეძინათ. ადგა კაცი იგი, ორნივ ქაჯნი ხირაულში გაახვია, მაგრა ღორის საბლით შეკრა და მეფესთან მიიყვანა.
მათ ქაჯთაც გაეღვიძათ. ჰკითხა მეფემან: თქვენა ხართ ქაჯნი?
მოახსენეს: ჩვენ არა ვართ, ეს თქვენი კაცი ყოფილა ქაჯიცა და ეშმაკიცაო.
- მის მსგავსად, თქვენ ხართ ყოვლის ავის მქმნელი და თქვენ აავებთ მეფის გულსა, თვარა ჩემი უზომოდ მოწყალე ბრძანდებოდა.
თქვა ჯუმბერ არაკი:
მავალი გლახაკი
ერთი გლახაკი კაცი გამდიდრებულიყო და მისის შვილისათვის ერთის მდიდრის ქალი ითხოვა. მან მდიდარმან თქვა: უარი უთხრა, დამემტერება, და მივსცე არ იქმნება; ამასაც ვეცადო, მიზეზით მოვრჩეო. უთხრა: თუცა ეგ შენი შვილი ერთს წელს სიგლახაკეს იწყებს და კარდაკარ მავალი და მათხოვარი შეიქმნება, მივსცემო.
რა მისმან ძემან მოისმინა, იწყო წლამდის მავლობა და თხოვა. რა წელიწადი გასრულდა, კიდევ სთხოვა. მერმე უთხრა: თუცა ახლა მავლობას და თხოვნას მოიკვეთს, მივსცემ, თვარა მავალს როგორ მივსცეო?
რა მას მავალს ესმა, შორს დაიჭირა: ერთს წელიწადს ძლივ ვისწავლეო, როგორღა მოვიკვეთოო?
იმან მავლობა არ გაუშვა და მან ქალი აღარა მისცა.
- აწ შენცა მაგ ჩხუბიანსა და ავს ენას ნაჩვევი ხარ და არას მიზეზით არ მოიშლი, რადგან წლის ჩვეულება ძნელი მოსაკვეთია. შენ ხომ შენი დღენი მაგ საქმეში დაგიღამებია.
უთხრა პასუხად რუქამ არაკი:
სანთლით საძებარი მოურავი
იყო ერთი მოურავი. დია კარგი კაცი იყო, მაგრამ მისი სახელო კაცნი გაუმტერდნენ, შეასმინეს მეფესა. მას წაართვა მოურაობა და სხვას მისცა. ახალი იგი მოურავი ავი კაცი იყო და ბევრი ძალა უყო. დაღონდნენ იგი კაცნი და თქვეს: - ეს ხომ არ ძალგვიც, მეფეს კიდევ სხვა მოურავი გამოვთხოვოთ, და აწ რა ვქმნათ? შეიყარნენ კაცით დედაკაცამდის, და ათსავე თითზე სანთლები დაინთეს და ფოლორცში სვლა დაიწყეს.
იკითხა მეფემან: რას ეტარებიანო?
მათ მოახსენეს: მაშინ რომ მოურავი გავაძეთ, მას ვეძებთო და ვერ გვიპოვნიაო.
- მე ხომ თქვენ კიდეც გამათავეთ და ვიცი, თქვენის ნებისას დამმართებთ, მაგრამ თუ სანთლით არ მომნახოთ, შეიტყობთ!