მიეპყრო ყური მეფესა: ხან იცინოდის, ხან იამის და ხან გაწყრის და არ გამოიჩინის სიყვარულისა მათისათვის, და დაეტყო ბოლოდ, რომ რუქაზედ ავგულად ქმნილიყო.
თქვა მეფემან არაკი:
ძაღლები და მგელი
ერთი მძორი იდვა ადგილსა ერთსა და შვიდი- რვა ძაღლნი ეხვივნენ, სჭამდნენ მძორსა და იღრინებოდნენ და შუღლობდნენ და კბენდნენ ერთმანერთსა.
ნახეს მგელი მომავალი. მათი შუღლი, ღრენა და კბენა გაუშვეს და ყოველთა ერთად შეუტივეს და მგელი გააძეს. მოიქცნენ და მასვე მძორზე შუღლი დაიწყეს. რამდენჯერ მხეცს ნახევდნენ, მას ერთპირ გაუხდიან და მერმე აგრევე შუღლობდიან.
- ჰა, თქვენც ან დღე იცოდეთ, ან ღამე. ან მტრისა გაიგევით, ან ჩემი რამ იურვეთ და მერმე იუბენით და იკამათეთ. თქვა ვაზირმან: - მაღალო ხელმწიფეო! თვით უძლეველმან თავმან თქვენმან უწყის, მე ვითარი ამხანაგი და მოყვასი ვარ რუქასი, მაგრამ ვიცი, ბედი უკუღმა დაბრუნებია. ვუშლი, ვასწავლი და არ ისმენს. თვარა მე ან ერთთან, ან მეორესთან სანამეტნაო, სამტერ-სამოყვრო რა მაქვს?
თქვა ვაზირმან არაკი:
დიდვაჭარი და ტრედი
იყო ბურსას დიდებული ერთი, დიდვაჭარი, მდიდარი, ღვთისმოყვარე, ბედნიერი. რასაც სახლში იდგა, იმ სახლის კედელში ერთი პალო ერჭვა. მოვიდის ერთი ტრედი და მას პალოზე ბუდე ქმნის და ხუნდები გამოჩიკის.
დღესა ერთსა ნახა ქარავანი დიდი მომავალი და მიაგება კაცი, მოიყვანა და ახლო დააყენა. მას ქარავნის უხუცესი ყრმა კაცი იყო, ინდოეთით წამოსული, დიდვაჭრის შვილი. და მამას ასი აქლემის საპალნე დარიჩინი და მიხაკი გამოეტანებინა და ესრე დაემცნო: ერთს კაცს მიჰყიდე და ერთი რიგი ფასი აიღე, ან ფლური, ან სულ მარჩილი, ან ასლანი.
მან ვაჭარმან ესე ყველა უთხრა. თქვა: მამის ბრძანებას ვერ გარდავხდებიო, და ესოდენი ვის ექმნება ესრეთის რიგის ფასით იყიდოსო?
მან ბურსელმან კაცმან უთხრა: მე ვიყიდიო, რომელი ფასი გინდაო?
მან ინდოელმან ვაჭარმან გამოსცადა და უთხრა: სრულობით ასლანი მინდაო.
ბურსელმან ვაჭარმან უბრძანა მსახურთა. მისის ფასისა სულ ასლანი ვეცხლი შეკრეს.
მერმე ინდომან თქვა: არა ეგ არ მინდა, სრულობით მარჩილი მინდაო.
დაცალეს მისი ტვირთები და მარჩილით აავსეს. მერმე ფლური მოინდომა. ამიტომ სცდიდა, მისი საქონელი უნდოდა შეეგნა, რაერთის მქონეაო. ბურსელს ვაჭარს აბანოს შენება უნდოდა. კირი დაზელილი მზად ჰქონდა და, რა რომ ინდოელი ვაჭარი მოვიდა, მაშინვე ის ასი საპალნე დარიჩინი და მიხაკი დაანაყვინა და მას კირში გაურია. აბანო ააშენა და მაშიგ აბანა, მრავალი აჩუქა და გაისტუმრა.
ინდოელი ვაჭარი წავიდა დიდად გაკვირვებული მისის სიმდიდრისაგან.
გამოხდა ხანი და ტრედმან რიგი გარდაიცვალა. მას პალოზე ტრედმან ბუდე აღარ დადგა და აღარც შემოვიდა სახლსა.
თქვა მან ვაჭარმან: დღეს ვნახე, ჩემი ბედი უკუღმა დაბრუნდაო, ქონებიდამ დავიცლებიო.
ვაჭრობიდამ ხელი აიღო, სალაროები დაბეჭდა, გლახური შეიმოსა, აღარც ცხენზე შეჯდა და წავიდა ქვეითი. იარა მრავალი და დაშვრა მეტად და მიეგდო ერთსა ადგილსა. მოვიდა სოფლის ხვასტაგი და ერთმან ვირმან ზედ ვაჭარზე გარდაილაჯა და დააფსა.
მან დიდვაჭარმან თავი არ მიჰრიდა; თქვა: ვიცი ბედი დაბრუნებული მაქვს და ესეც შევირაცხო, თვარა განა სხვას ადგილს ვერ ჰპოებდა, ჩემთვის არ დაეფსაო. ზე ადგა და წავიდა. მუნამდე იარა, ინდოეთს მივიდა, დაიწყო გლახაკურად სვლა. ბაზარში ვიდოდა და ნახა მისმან ვაჭრის შვილმან, რომელმან დარიჩინი და მიხაკი მიჰყიდა. იცნა და ორი ფლური მისცა საგლახაკო და მონას უთხრა მისსა სადგომს მიიყვანეო.
რა დაღამდა, მივიდა, ჰკითხა: რა დაგმართებია ან რა მოგიხდაო?
მან ყოველივე უამბო. რა მართალი შეიგნა, მივიდა, მამას უამბო. დიდად გაიხარა და დიდის პატივით შეინახა. იმყოფებოდა მუნ. თურე ღმერთმან მისის სასჯელი და ეგოდენი ჭირი შეუწირა და ბედი წაღმავე დაუბრუნდა.
მას სახლში, სადაც იდგა, ერთი პალო იყო. შემოვიდა ტრედი და პალოზე კვერცხი დადო. შეიგნა მან ვაჭარმან მისის უკუღმართის ბედის წაღმართობა და გამოეთხოვა მასპინძელს, მივიდა შინ ეგრევე ვაჭრობა დაიწყო.
- მაღალო ხელმწიფეო! თვით უძლეველმან თავმან თქვენმან უწყის, მე ვითარი ამხანაგი და მოყვასი ვარ რუქასი, მაგრამ ვიცი, ბედი უკუღმა დაბრუნებია. ვუშლი, ვასწავლი და არ ისმენს, თვარა მე ან ერთთან და ან მეორესთან სანამეტნაო, სამტერ-სამოყვრო რა მაქვს?
თქვა მეფემან არაკი:
მეფე და მისი შვილი
იყო ერთი მეფე მოსამართლე, მოწყალე და მდიდარი ურიცხვი. დაბერდა და შვილი ჰყვანდა კარგი. მისი მეფობა მას მისცა და უთხრა:
- შვილო ჩემო! ჩემ მაგიერ შენ იმეფე და, მე ვირემ ცოცხალ ვიყო, ჩემს სალაროს ხელს ნუ მიჰყოფ და, რა მოვკვდე, ჩემი სულისათვის გლახაკს მიეც! უსმინა შვილმან და ესრეთი სამართალი და სიკეთე გამოიჩინა, მამა ყოველთავე დაავიწყა და კარგად დაიწყო მეფობა.
დღისით ცხენს არ შეჰჯდის, ღამით შეჰჯდის, წავიდის და ლამპარი უკან მიიდევნის, წინ არ გაიმძღვანის. უკვირდა ყოველსა კაცსა და ვერვინ აკადრა მოხსენება.
იკითხა ერთსა დღესა მამამან მისმან შვილისა: - ვითარ მეფობსო? მათ ყოველივე მოახსენეს: მეფობისა ქება, ღამე სიარული და ლამპარისა უკან მიყოლა.
მოიყვანა მამამან და უთხრა: - შვილო, შენი დიდი ქება მესმის და ღამით თუ სვლა გიყვარს, ლამპარი წინ წაიმძღვანო, იგი არ უმჯობესია უკან ტარებაო?!
შვილმან მოახსენა: - დღეისამდინ მე ვერა შემოგკადრე, თვარა მისთვის ვქმენი ეს საქმე, სალაროც თქვენსავ სიცოცხლეში წინ წაიმძღვანო და გლახაკს უბოძო, ისი სჯობს, თვარა მას უკან გაცემული უკან მიდევნებული ლამპარი იქმნებაო.
იამა მეფესა და ყოველივე გასცა. დაუმადლა შვილსა და თქვა: - ყოველივე კეთილი სიცოცხლეში ქმნას, სჯობსო, და სიკეთის ქმნას დაეშუროსო.
- სედრაქ ვაზირო! განა მე არ ვუწყი, მაგრამ მაგ რუქას ესრე ჰგონია - ჯერეთ ესრე სჯობსო, მერმე სიკეთეს ვიქმნო. ეს კი არ იცის, სოფელი მოკლეა და მოუსწრობს. ავნაქმნარი და კაის უქმნელი რჩება და მერმე ვეღარას წაიძღვანს ავნაქმნარის მეტსა.
თქვა ვაზირმან არაკი:
ქორი, იხვი და კაკაბი
ერთმან ქორმან ერთი იხვი შეიპყრა და ჭამა ენება. იხვი ეგრევე უვნებელი ცოცხალი ეპყრა, ზევიდამ მონადირისაგან შეშინებულმან ერთმან კაკაბმან ჩამოუარა, ქორი წაეტანა - ამასაც დავიჭერო. იგი იხვიც ჭანგიდამ დაეხსნა და წაუვიდა, ვეღარც კაკაბს მოეწია და ორივ დაეკარგა.
- ახლა თქვენმან რუქამ რომ ავკაცობა გაუშვას და სიკეთეს გამოუდგეს, მას ვეღარ მოეწევა და ისიც დაეკარგება, მას ქორსავით დაემართება და საბრალო შეიქმნება.
თქვა მეფემან არაკი:
იხვი და მყევარი
ერთს მთაში ერთი მომცრო, წვიმის მდგარი გუბე დარჩომილიყო. მივიდა ერთი იხვი, ჩაჯდა და იყოფებოდა. ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შეექცეოდიან. რა მზე გაცხარდა და ზაფხულმან სიცხე მოუმატა, წყალმან კლება შექმნა.
იხვმან უთხრა მყვარს: - მოდი, ადგილი ვიცვალოთო!
მყვარმან უთხრა: - შენ აქა-იქ თრევას ჩვეულხარ, მე სამკვიდროს ვერ დავუტევებო!
იხვი გაფრინდა. სადაც დიდი წყალი იყო, იქ მივიდა. მყვარმან სამკვიდრო არ გაუშვა.
ცოტა ხანს უკან იხვმან თქვა: - წავალ, ჩემს ძმობილს ვნახავ, რასა იქმსო? მოვიდა, ნახა, გუბე გამხმარიყო, მყვარი მომკვდარიყო.
უთხრა: - ძმობილო, მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს ჩემეულად სიარული სჯობნებიაო.
- რადგან რუქა აგრე ავის ქმნაზე დამკვიდრებულა, თქვენ კი ნუ აჰყვებით, კარგი ქმენით და მაგას იმ მყვარსავით დაემართებაო.
თქვა ვაზირმან არაკი:
აქიმი და ორი სნეული
იყო ერთი მეფე სახელოვანი, მოწყალე და ძლიერი. ჰყვა აქიმი ერთი, რომ სენი უკურნებელი ვერ მოურჩებოდა.
ორი დიდებული დასნეულდა მეფისა სასტიკითა სენითა. ერთი ესრეთ შეკრულ იყო მუცელში, ათხუთმეტს დღეში ერთხელ ვერ გავიდის. და ერთი ასრე გახსნილიყო, დღეში ორმოცჯერ იყვანდის. დიდად დაშვრა მათ აქიმობაზე და ვერა რა ჰკურნა. ჰკითხვიდის მეფე მრავალგზის მათს ამბავს.
დღესა ერთსა მოეხვია აქიმი მეფესა მუხლსა და მოახსენა:
- თუცა რისხვა გნებავს ჩემი, მომკალი და ამიკლე, და, თუცა მწყალობ, ეს მითავე, მათს აქიმობას მომა. ერთისათვის ამაზე ვაღამებ დღესა: ცოტად გავიდეს, და ერთისათვის ამაზე ვათევ ღამესა, როდეს მეღირსოს მისი გასვლა! ჩემის სიმდიდრისათვის მეფეს ვევედრები და ცხოვნებისათვის ღმერთსა. ღვთის ხვეწნა ამაზე დავასრულე და რიღათ აწ ერთს ვეღირსო?!
- ჰე მეფეო, შენც შემივედრე, და მათს უბნობას და ამათში გართვას გარდამარჩინე!
თქვა მეფემან არაკი:
მოყვარულნი ცოლ-ქმარნი
იყვნენ ქალაქსა კონსტანტინეპოლისასა ერთი ცოლ-ქმარნი დიდად მოყვარულნი. ქმარი ბაზარში ჯდის სყიდვად რაოდენისა რისამე და თვალაგნა ქალმან ვინმე. იგი მრავალგზის გარს უვლიდის, და ვერ აგრძნა მან კაცმან ტრფიალება აშიკისა მისისა. მერმე ქალმან მან ფიალა ერთი წყლით აღავსო და ფურცელი ჭანდრისა ზედ დაბურა და წინაშე დაუდგა. კაცი იგი გაჰკვირდა და ვერა შეიტყო რა და დასნეულდა.
უთხრა ცოლსა:
ერთმან ქალმან ესრეთ მიქმნა და მას უკან ავად ვარ, მე ვეღარ ვკეთილობ.
ცოლმან უთხრა:
- ქალი იგი შენი ტრფიალი შექმნილა და ამით დასნეულებულხარ. თავს რად მოიკლავ, წადი მას ქალსა თანა!
ქმარმან უთხრა:
- არ ვიცი სად არის.
უთხა ცოლმან: სადაც სახლის წინ ჭანდარი იდგეს და ჭანდრის წინ აუზი იყოს, მუნ მონახე
და პოვებო!
წავიდა ქმარი მისი და ადგილი იგი პოვა. კარი დახშული იყო და არ გააღეს. მოვიდა,
ცოლს უთხრა.
ცოლმან უთხრა: მის კარიდამ შენი მისვლა არ ნებავს, სხვის კარით მიდიო.
წავიდა კაცი იგი, სხვა კარით შევიდა, მას ქალს შეეყარა, ილხინეს და იმუსაიფეს.
მოვიდნენ ბაზრის მცველნი და მათ ქალ-ყმათ კარი დაუჭირეს, მრავალი ქრთამი აძლიეს და თავი ვერ დაიხსნეს. მან კაცმან ერთს კაცს ერთი ფლური მისცა, მის ცოლთან გაგზავნა: ჩვენ ესრეთ მოგვევლინაო!
იგინი ბაზრის მცველთ წაიყვანეს, საპატიმროსა დააბნეს. ენებათ მეორეს დღეს ყადის მბობა და დახოცა მათი.
მან კაცისა ცოლმან ერთი წიგნი დაწერა ყადთან: შენ, სამართლიანო მსაჯულო! შენს დროში ცოლ-ქმარნი ერთმანერთის ყოფისათვის გაიყვანონ და შეიპყრან და დაატყვევონ ვის ჟამად ქმნილაო?
და თვით ზეწარში გაეხვია, და სადაც ქმარი დაბმული და იგი ბოზი დიაცი იყო, მუნ მივიდა. მეპატიმრეს შეევედრა, ვალი მართებს მას კაცსა ჩემიო და მუნ შემიშვიო!
რა შეუშვა, ზეწარი მას ბოზს დიაცს წამოასხა, გამოუტევა და თვით ქმარს მოუჯდა.
რა ყადს მისი წიგნი მიუვიდა, დია იწყინა. გაგზავნა კაცნი და მის წინ პყრობილნიცა და შემპყრობელნიც მოიყვანნა. მათ შემპყრობელთ ფიცეს: ესენი ისიძევდესო და ბოზობაზე შევიპყარითო.
მან ქალმან ესე უთხრა: მამაჩემი ესადაეს კაცია და მას ჰკითხეთ, თუ მე ამ კაცის ცოლი არ ვიყო! თუ ბოზობას მიდებთ სხვას კაცთან მიწყინეთ, თვარა ჩემს ქმართან მე ბოზობას ვერას საქმით ვერ მოვრჩებიო.
- ჰე სედრაქ ვაზირო, მეც დიდად მიმძიმს თქვენი ასრე გარდაკიდება, მაგრამ ასრე ვხედავ: ვერც შენ გარდარჩები ამ საქმეს უფათერაკოდ, ვერც მე და ვერც სხვა ვინმე.
და კმა არს დღესა ამას თქმად მრავალი ესე მეტყველება ჩვენი.