წარვიდა მტირალი, მივიდა ზღვის პირსა, ნახა ნავი მომავალი, ათნი ვაჭარნი მსხდომნი. მათაც აუწყა საქმენი მისნი და მათ თითომან თითო ძვირფასი თვალი მისცეს და განუტევეს. ხუთი თვალი ბარკალთა დაიკრა ძონძსა და ხუთი პირსა ჩაიდვა.
სვლასა შინა მეკობრენი შეხვდენ, სამნი, გაეუბნეს და მან ხმა არ გასცა. პირთა აყაფი ედვა. მეკობრეთა უტყვი ეგონათ.
ერთმან თქვა: გავძარცოთო.
მეორემ თქვა: რა წაუღოთო?
მესამემ თქვა: არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავსა ხდიდნენ და ვერ გახადესო.
ამ სიტყვასა ზედა მას კაცსა გაეცინა და ორი თვალი პირით გამოაგდო. ყია შეუპყრეს და სამი იგი თვალიცა ამოუღეს და ხუთი იგი ვერ პოვეს, რომელი ძონძთა გამოეკრა.
წავიდნენ მეკობრენი ქალაქად, განსყიდვა ენებათ თვალთა მათ. დახვდენ მეფისა ვაჭარნი, ცნეს მათი მპარაობა. თვალნი წაუხვნეს სამეფოდ და კაცნი სიკვდილსა შეაბეს. აწ ესეცა მივიდა მას ქალაქსა, თვალნი გამოიღო განსყიდვად. პოვეს ესეცა მათვე კაცთა, თვალნი წაუხვნეს, მოსაკლავად წარიყვანეს. ძოღან რომელთა ვაჭართა მოეცათ, იგინი მუნ დახვდეს. შეეხვეწა ვაჭართა მათ:
- რომელნი თვალნი თქვენ მომეცით ათნი, ხუთნი მეკობრეთა წამიხვნეს და ხუთნი ამათ, აწ მოკვლაცა ჩემი უნებთ.
მათ ვაჭართა ფიცი უთხრეს მათგან მიცემულობისათვის, აღარა მოაკვლევინეს და მეფესა ყოველივე აუწყეს.
ბრძანა მეფემან: რადგან ეგოდენი ჭირი უნახავს, აწ ჩემთა სალაროთა უხუცესად დავადგენ, უმრავლესსა შეიკრებსო.
მიაბარეს სალარო.
დღესა ერთსა კლიტე გაელმდა, ორი ფული არ გაიმეტა, რათა მჭედელსა გაეკეთა. თითონ ქვა აიღო, კედელზედან მიადვა, ქვა დაჰკრა, თურმე კედელი ცალპირი აგური იყო, გარდაიქცა და მეფის ჯალაბთა სახლი გამოჩნდა. მოვიდნენ საჭურისნი და მოახსენეს მეფესა, შეიპყრეს კაცი იგი და ორნივე თვალნი აღმოხადეს.
- ესე არაკი მისთვის მოგახსენე, თუ ღმერთი კაცს არ მისცემს, თვისისა ცდითა არა ღონე არ დაიდების და ცუდი შრომა შერჩების, ღმერთსა უნდა სთხოვოს კაცმან.
უბრძანა მეფემან ვაზირს: ყოველსა კეთილად იტყვი ბრძნისა გონებისა თქვენისა მსგავსსა, შენ და რუქასა საუბარი არ დაგელევათ. აწე უბრძანე სპათა ამხედრება და მეცა აღვჯდე ტაიჭსა. მივიდეთ ადგილსა კეთილსა და ამოსა, ვინადიროთ, და მსგეფსი ერთი მუნ დავყოთ!
- ოდეს სცნეს ჭაბუკთა ნადირობად გასვლა მეფისა, ეგოდენი ჯარი შეიყარა, მიწასა ემძიმებოდა. და მოხუცებულნი ყრმათაებრ ხლდებოდენ: გვემცაღირსაო სიახლესა მეფისასა სლვა. და ყრმანი ხანდაზმულებრ იქცეოდნენ: თუცა მეფისა ბრძანება გვეწიოსო. ესრეთ შეფრფინვა იყო.
დაყვეს რვანი დღენი. ნადირი ურიცხვი მოსწყვიდეს. შემოიქცა და მოვიდა ადგილსა ერთსა. კვიპაროზი იდგა შვენიერი, ძირს წყარონი დინდეს და კორდნი ყვავილითა შემკულნი. მნახავსა სევდანი გაექცეოდეს.
ხის ჩრდილსა ჭაბუკი მძინარე იყო, თან აკაზმული ცხენი ება. მოუწოდეს ჭაბუკსა მას. მოვიდა და ნახა მეფემან. ფუცა: მსგავსი მის ეტრატისა სახისა არისო! ყოველს კაცსა უკვირდა სიკეთე მისი.
წარმოდგა ყრმა იგი, მეფე დალოცა, დიდი ქება შეასხა, ხელს აკოცა. მეფემან აღსვა ცხენსა და წაიტანა თანა. ჰკითხა სადაურობა, ვინაობა და სადა მიმავალობა.
მან მოახსენა:
- მე არა ვიცი სადაური ვარ, მეფობისა წინაშე რა ვიკადრო? ეს ვიცი: მე ლეონ მქვიან, მამაჩემი დედის ჩემისა ჩემზედ ორსულობასა მომკვდარა და დედაჩემი ჩემსა შობასა და მე აქა-იქ სვლითა გავზრდილვარ.
რქვა რუქამ ლეონს:
- თავმან მეფისამან, დიდად ბედუკეთური თურე ხარ!
შემოხედა ლეონ და სცნა საჭურისობა მისი, უთხრა:
- მართალსა იტყვი. თუცა ბედკეთილი ვყოფილვიყავ, დღეს შენ არა გნახევდიო. ეჰა, შენი ბედსვიანობა ღირს? თუცა მამაკაცი ხარ, წვერი და ულვაში სადა არს? თუცა დიაცი ხარ, სადა არს თმანი ნათხზენი? თუცა ჭაბუკი ხარ, სადა არს ძლიერება მაჯათა? და თუცა ქალი ხარ, შვენიერთა ძუძუთა შემიხვიე: თუცა კაცი ხარ, არა გაქვს სიმხნე ასოთა, თუცა დედათაგანი ხარ, არა ძალ-გიც შობა შვილისა.
ავბედო! შენი წესია, თვით არა ძალგიც და თუცა დიაცი დაინებო, სხვათა მიაყოლებ. შავბედო! მამაცისა საქმე არა გაც და ღმერთმან ნურც როსკიპი დიაცი გადაროს! სადაცა სიტყვა საჭურისისა გავიდეს, მუნცა ცოლი არა იყოს ცოლი ქმრისა თვისისა.
თქვა ლეონ არაკი:
საჭურისი და მონა
იყო დიდებული ქალაქსა ალაბისასა და ყვა საჭურისი ერთი. დიდად გულითადი იყო. და ერთი სხვა მონა იყო მის კაცისა, სახითა და ზროთ მსგავსი მის საჭურისისა. დიდად მოყვარენი იყვნენ ორთავე. შეკრეს პირი. საჭურისი შეადგა ცოლსა თავის პატრონისასა და ეტყოდა:
- მე ვიცი, უფალსა ჩემსა ნებავს განტევება შენი და შერთვა სხვისა!
თავს ეწიე ცნობასუსტი დიაცი აცთუნა და გამოუცვალა სიყვარული სიძულვილად. უთხრა ქალმან მან:
- რადგან ჩემი ეგრე კეთილის მდომე ხარ, თუცა ქმარი მიტევებს, მითხარ, რა მიჯობს, რა ვყო?
- რქვა საჭურისმან:
- მე ესეთი წამალი მოგცე, ფერხთა შესცხო, წამსავე მოკვდეს, და ესე მოყვასი ჩემი, შვენიერი და კეთილი კაცი, და იგი შეირთე და იყოს ნებისა შენისა!
სცთა ქალი იგი, მოკლა ქმარი თვისი და იგი კაცი მის წილ შეირთო და ყოველი მონაგები მისი მას მისცა.
- ესე არაკი ამისთვის მოგახსენე, ყოველი მსგავსი შენი უარესსა იქმს ამისთვის, რომე არა ეშინის ღვთისა და არცა სცხვენის კაცთა.
უთხრა ვაზირმან ლეონს:
- დია მიხარის სიტყვატკბილობა შენი და მომწონს ზრდილობანი და ქცევანი შენნი. აწ მოვედ, მეფესა ემსახურე და იყო თავი ვაზირთა და უხუცესი ჩემი, და მეფემან ძმურად პატივ გცეს.
რქვა ლეონ სედრაქ ვაზირსა.
- ვითა მამა საყვარელსა შვილსა მასწავლი, ეგრეცა ვყო. და შენ მისმინე სიტყვა ესე!
თქვა ლეონ არაკი:
ინდოთ მეფე და ვაზირნი
მამისა მამა ჩემი, მასმია, ინდოთ მეფისა ხუთთა ვაზირთა უხუცესი ყოფილა. იგი უხუცვსი ვაზირი მეფესა დიდად უყვარდა, თავსაცა თვისსა ერჩივნა. იგი ოთხნი აუმტერდენ, თქვეს:
- რამცა ვუყოთ მას, რომე მეფე მისსა სიტყვასა ზედა დგას და მორჩილი რჩევისა მისისა არს და ჩვენ არარა გვეკითხვის?
შეკრეს პირი. მოვიდა განთიად ერთი მეფესთანა და მოახსენა: წუხელის მეზმანა მე დიდი მეფე, ინდოთა მპყრობელი, მამათქვენი, მიბრძანა მოხსენება თქვენი. დიდი ვაზირი იხმო: - ცოტა საქმე მიც, დავასრულო და მალე გარემცავაქცევო.
მოვიდა მეორე და მოახსენა მანცა იგივე ზმანება და უცხოსა და შვენიერსა ადგილსა ნახვა მამისა მისისა, დათხოვა ვაზირისა და ეგრეთეე გამოშვება.
მესამემან და მეოთხემან იგივე ზმანება თქვეს, ვითა დაედვათ პირი. გაუკვირდა მეფესა და სიქიშპე მათი ვერ აგრძნა. თქვა: „თუცა ერთსა ეთქვა, ტყუვილიმცა იყო. აწ ყოველთა ერთი ჩვენება უნახავთ, მართალ არს უცილოდ“.
უხმო ბერი ვაზირი და ყოველივე უთხრა. შეიგნა ვაზირმან, ყოველივე ამხანაგთა ხრიკი იყო, მაგრამ რას იტყოდა? თქმა უარესი იყო. ესე მოახსენა:
- მეფობასა თქვენსა ამას ვევედრები, ჩემსა დასაწვავად სხვათა ხარი, ანუ მუშა არ დაშვრეს. ბედნიერს მეფესა ცოდვილი არ შევეყარო. ორმოცი დღე მაცადე, შეშა და ნივთები მოვამზადო, ფასი ჩემი მივსცე და სიხარულით დიდს მეფესთან წავიდე!
აცადეს ორმოცი დღე. გაანდო ოთხს გულითადს მონათა. მოასხნეს ორნი მთხრელნი მიწისანი. ვაზირის სახლიდამ გარეთ ასპარეზამდინ გახვრიტეს ქალაქი. და ასპარეზში ხვრელი რომ გაიღეს, ზედ შეშა დადგეს მრავალი, მსგავსი ბორცვისა. ბანი ზეჩასაძრომელი უქმნეს.
რა გასრულდა ორმოცი დღე, მოვიდა ვაზირი მეფესთან, მოახსენა:
- მობრძანდეს მეფე, იხილოს დაწვა მონისა თვისისა, რომელი მამასა შენსა თანა მივა!
გავიდა მეფე და ყოველი ერი ჭვრეტად მისა. აღვიდა ვაზირი ზედა შეშასა. შემოაყარეს ნაძენძი, დაასხეს ნავთი და აღუდვეს ცეცხლი.
რა კვამლი ამაღლდა, ვაზირი ხვრელსა ჩაძვრა, ნახვრეტი გაიარა ქვეშე ქალაქისა და მივიდა სახლსა თვისსა. შეშა იგი დაიწვა. ნაცარი დაანიავეს და ვეღარც ძვალი პოვეს. ხვრელი ნაცარმან ამოავსო.
ვაზირმან ოცი დღე შინ დაყო მალვით და მერმე შეიმოსა თეთრი სამოსელი, არგანი ხელში აიღო და განთიად მეფისა კარსა მივიდა. აცნობეს მეფესა მოსლვა მის ვაზირისა. ზე აიჭრა მეფე, გარ გამოვიდა. ყელს მოეჭდო, აკოცებდა და მუნით მოსლვასა გონებდა.
კითხა ამბავი მამისა მისისა, მისვლა და მოსლვა მისი. ვაზირმან სამოთხის ამბავი მოახსენა და მრავალი ტყუვილი შემოშჭევრა, მართლ მართალსა ამჯობინა და მერმე ეს მოახსენა:
- რაც ჩემთან ესაქმებოდა, ყველა აღვასრულე. აწ ეს ოთხნი ვაზირნი იხმო და მაგათაც უფრო მალე გაახლებს, ცოტა საქმე აქვს.
სიზმარს დაუჯერეს, ცხადად მოსულს ვინ არ დაუჯერებდა? მოასხეს ვაზირნი. უბრძანა წასვლა მეფემან. იგი ხრიკი მათ კი არ იცოდეს. ჩაყარეს ცეცხლში და დაიწვნენ. თავიანთ ნაქმარი მათვე გარდახდა.
- ესე არაკი მისთვის მოგახსენე, მამაო სედრაქ, ყოველი კაცი ხარბია, უკანის არამც გამიმტერდენ და მიხრიკონ რამე. იამა მეფესა ესრეთ სიტყვატკბილობა მისი და უხაროდა. უბრძანა: - თუცა დამემორჩილო და წამომყვე, მეფობისა ჩემისა კიდე, რომელიცა მთხოვო, მოგცეო!
თქვა რუქამ არაკი:
ჯოჯოხეთში დაუტევნელი
კაცი ვინმე იყო ყოვლისა ბოროტისა მოქმედი და დიდად მლოცავი. რა ბოროტისაგან მოიცალის, დაიწყის ლოცვა და ტირილი.
მოვიდა ანგელოზი და უთხრა კაცსა მას: ავნაქმართა შენთათვის სამოთხე არ მოგცა უფალმან და, რადგან ესრეთ მლოცავი ხარ, სამოთხისა კიდე, რაცა ითხოვო, მოგცესო.
მან კაცმან ესრე უთხრა:
- თუცა სამოთხე არ მომეცემის და სხვას სათხოვარს აღმისრულებს, ესრეთ დიდი შემქნას, ჩემგან მეტი ჯოჯოხეთში ვერვინ დაეტიოს!
ეს ვეღარ უყო ღმერთმან და ისრევ სამოთხე მისცა მას კაცსა.
ეგე ესეთის გრძნებისა მოქმედია, ესრეთს რასმეს გვითხრობს, მისი ქმნა არ ეგებოდეს და მეფობავე შენი მიიღოს.
გაიცინა ლეონ და თქვა არაკი:
ბერი და ყრმა
ერთი ბერი უკბილო კაცი და ერთი ცოტა ყრმა ერთად სხდეს და საჭმელსა სჭამდეს. ორთავე ტირილი იწყეს.
ჰკითხეს ბერსა: რად სტირიო?
თქვა ბერმან: მე კბილი არა მაქვს და ცოხნა არ ძალმიც. ამ ყრმამან სულ შეჭამა და მე მშიერი დავრჩიო.
ყრმას ჰკითხეს: შენ რაღას სტირიო!
მან ეგრე თქვა: მე ვირემ გამოვცოხნიდე, ეს მთლივ შენთქამს, და მე მშიერი დავრჩიო.
მათი რომელი უმართლე იყო ყველაყამ იცოდენ, მაგრამ ერთმანერთს აბრალებდენ.
- აწ მის მსგავსად ჩვენც ყველანი გვხედვენ, ვინ ავი ვართ და ვინ კარგი, და მეფეცა სცნობს ღვთითა.
უბრძანა მეფემან:
- რასათვის ძნიად გიჩნს ყოფა ჩემთანა?
მოახსენა ლეონ:
- მეფისა თანა მყოფი კაცი და ზამთარ დიდ ცეცხლთან მჯდომი სწორია. თუ ახლოს ზის, სიცხე დასწვავს და თუცა შორს წავა, ყინვა დაჰზრავს. მეფისა თანა მყოფსა კაცსა ხუთნი ძნელნი საქმენი უნდა სჭირდეს:
ერთი: რომე ორის თვალისაგან ერთი ასეთი მხედველი უნდა იყოს, რომე ასის თვალისაგან უმეტესს ხედვიდეს და მეორის თვალით ბრმისაგან უბრმესი იყოს.
მეორე: აგრევ ცალი ყური ასმინოს და ერთი დაიყრუვოს.
მესამე: გული ფუნდუკისაგან უდიდესი ჰქონდეს, რაც ყურიდამ შევიდეს, დაიგროვოს და შეინახოს.
მეოთხე: რომელიც არ ვარგიყოს, გაგონილი არა თქვას და რომელიც კარგი და ჭკუათ საფერი იყოს, იგი გამოიღოს და თქვას. მეხუთე: ასეთი ენა ჰქონდეს, თაფლი და სამსალა ორივ სდიოდეს.
თქვა ლეონ არაკი:
უტკბესი და უმწარესი
ერთმან მეფემან უბრძანა თვისსა ვაზირსა: წადი, ასეთი საჭმელი მომიტანეო, რომე ხმელზე მის უტკბესი არა იყოსო და არცა ზღვათა შინა იპოვებოდესო!
წავიდა ვაზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეწვა, აჭამა და მოეწონა.
უბრძანა კიდევ: წადი, ასეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მისი უმწარესი არ იპოვებოდესო!
წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა.
უბრძანა მეფემან: მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და, ენა მომიტანეო?!
მოახსენა ვაზირმან: თავმან შენმან, არცარა ენის უტკბესი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასაო.
- აწ მეფეო, ხელმწიფეთა წინა მდგომი კაცი სანთელია: თავსა თვისსა დასწვავს და სხვათ გაუნათლებს; მეფისა საყვარელსა კაცსა სხვანი სძულობენ და ხრიკითა მასცა შეაძულებენ.
თქვა ლეონ არაკი:
დუკა და აზნაური
კაცი ვინმე იყო აზნაური ქვეყანასა ბეჩისასა. ჰყვა ვაჟიშვილი ერთი, შემკული ყოვლითა სიკეთითა და დიდად შვენიერი იყო. უთხრა მამასა თვისსა:
- მნებავს მსახურ-ყოფა დუკასი, წარმიყვანე და შემავედრე!
უთხრა მამამან:
- ორსა მცნებასა გასწავლი, მეფუცე დაიმარხო და ნებასა აღგისრულებ!
ჰფიცა ძემან მისმან:
- ყოველი მცნება შენი ვყო.
ამცნო:
- პატრონისა შენისა სახლსა შინა ნუ ისიძავ და მეორე, თუცა რეკა გესმას, ტაძრად მივედ, დიდიცა საშური საქმე გედვას, ვირე ლოცვისა დასრულებადმდე ნუ წახვალ!
და იმცნო ესე. წარიყვანა და მიართვა დუკასა, პატრონსა ბეჩისასა. ესრე კეთილ-მსახურ ექმნა და შეაყვარა თავი, ძეთა თვისთა იგი ერჩივა და ყოველი საქმე მისი ხელთა მისთა მისცა. შეგზავნა შინა საქმესა რასმე ზედა. თვალაგნა ცოლმან მისმან და ევედრა მასთანა დაწოლას. მან არა ჰყო პატრონისა ორგულება და მამის მცნების გატეხა.
სხვა იყო შვილი აზნაურთა იგიცა, ორნივე ამხანაგად მსახურებდენ. იგი მეორე შეიხვია და მას ყრმასა ერისხებოდა. მეორედ შევიდა საქმესა რასამე ზედა, ნახა ორნივე იგინი ერთად. გამოვიდა და არა თქვა რა.
შევიდა დუკა ცოლთანა. დიდად გარისხებული დახვდა. უთხრა:
- თუცა კაცი იყო, მონა შენი მე არა ხელსა მყოფდა.
შეასმინა ყრმა იგი, რომელმან ნება მისი არა ჰყო. გამოვიდა დუკა გარისხებული. დილასა უბრძანა მეხრმლესა:
- დღეს პირველად რომელი გამოვგზავნო შენთანა და გითხრას: რა ჰქენი ბრძანებულიო? მას თავი მოკვეთე და მეორედ რომელი მოვიდეს, მას მიეც თავი მისი და გამომიგზავნე!
უბრძანა ყრმასა მას უბრალოსა:
- წადი, კაცსა მას უთხარ რა უყო ბრძანებული?
წავიდა ყრმა იგი და მიმავალსა ესმა რეკა, მოაგონდა მცნება მამისა, მიექცა, ლოცვის დასრულებადმდე დაეყოვნა. მერმე გაგზავნა ყრმა იგი შემცოდე. მივიდა პირველად იგი, უთხრა კაცსა მას: რა უყავ ბრძანებულიო? შეიპყრა და თავი მოჰკვეთა და დადვა მუნ. დასრულებასა ლოცვისასა წარვიდა ესეცა. მივიდა კაცსა მასთანა. მოსცა მან კაცმან თავი იგი და მოართვა დუკასა.
რა ნახა დუკამ, დიდად გაკვირდა და უთხრა: აქამომდე სად დაიყოვნეო?
მოახსენა მან ყრმამან მამას ვით ემცნო და ანუ ვით ფიცი მიეცა და ტაძრად დაყოვნება. მერმედ აფიცა დუკამან და ყოველივე ნახული ათქმევინა. რა უბრალობა შეიტყო, სწორ თავისა ჰყო.
- მეფეო, პატრონსა თუცა მონა უყვარს, ადრე არ უნდა შეიბეზღოს. მეფისა კართა მდგომნი კაცნი მრავალს ოცნებას იქმონენ და ხერხსა და ხრიკსა ცდილობენ, რათა შეაძაგონ იგი.
უბრძანა მეფემან:
- რა გინდ ბევრი იუბნა, ღმერთს თავი შენი ჩემთვის მოუცია. აჰა ნიშანი შენი, რომელი შენვე მომეც ძილსა შინა!
ნახა სახე თვისი, თაყვანი სცა მეფესა და დამორჩილდა, წამოყვა, წამოვიდნენ. მოვიდენ ქალაქსა მეფისასა, დაიდვეს ნადიმი, განისვენეს.
ოდეს გათენდა და შავთა უფსკრულთა ფარდაგი ცეცხლისა ალისა მსგავსისა მზის შუქითა დაიხივა, მისნი ელვარე მოციქულნი ხმელეთსა გამოუგზავნნა, წავიდა მეფესთან ლეონ.
მეფემან მოიყვანა ძე თვისი საყვარელი ჯუმბერ, მოსცა ხელთა და უთხრა: ეგე ორნივე ღვთისათვის და ეგ შენდა შემოგივედრებიაო!
მოახსენა ლეონ:
- დღეს ვნახე ნიშანი წახდენისა ჩემისა. მე მონა ვარ შენი და დაგემონო. ძისა შენისა გაწვრთნა არ ძალმიც. მე ვითაც ველოდი მტერთაგან ჩემსა წახდენასა და შესმენასა წინაშე მეფობისა თქვენისა, აწ ამით უდიდე შემცოდე ვიპოვები.
თქვა ლეონ არაკი:
მეფე და მხატვარი
მეფე ლავდიკიისა იყო ბრმა ცალის თვალითა. ჰყვა მხატვარი ხელოვანი და მიზეზსა ეძებდა მის მხატვრისასა.უბრძანა: -მინდა მსგავსი ჩემი სახე დამიხატო! თქვა გულსა შინა მხატვარმან: აჰა, მოვიდა დღე აღსასრულისა ჩემისაო, თუ ბრმა დავხატო, მომკლავს, - ვით მკადრეო, - და თუცა ორთვალი, - მომკლავს, - ოდეს არს მსგავსი ჩემიო?
მოიპოვა ესე ღონე: დახატა ირემი და მეფესა ხელთ თოფი მისცა, ბრმა თვალი დაუხუჭა და მიართვა მეფესა. ამ საქმეს მიზეზი ვერა ჰპოვა, და მორჩა მხატვარი იგი.
- აწ ვხედავ, მიზეზი ჩემი ეს არის, აწვე მომკლა, ვინ გიშლის, ანუ ვინ დაგგმობს?
უბრძანა მეფემან: არა ნდობითა ჩემითა არის, ბედისაგან მოცემული ხარო.