ამგვარი რამე შევუმრავლე, გავიტკბევით და, რა შევრიგდით, ვნახე, ერთი დიდი ძღარბი, მართ ღორისაგან უფრო დიდი, შემოვიდა. ციხე თურე შემოეთხარა, ქვეშ მიწა სოროდ შემოეხვრიტა, მკვდრის ხორცს შემოსჩვეოდა საჭმელად.
რა იგი ვნახე, გავიხარე და მას ქალს ვუთხარ: აწ ღმერთმან დაგვიხსნა ჯოჯოხეთისაგან-მეთქი.
მუნ მრავალი აბრეშუმის თოკი ეყარა, მოვძებნე სოროს პირი და მასზე მახე მოვუდგი. შევიპყარ ძღარბი, უკანას ორსავ ფეხზე თოკი მოვაბი და მივუშვი. შევიდა სოროსა. თოკს გამოვზიდე. ძღარბმან მიწას თითებით ბრდღვნა დაუწყო. ამგვარად ბევრჯერ ვქმენ. ასე გამოთხარა, რომ ჩვენ გავეტეოდით. დავუწყე მიწას ყრა და სორო გავსწმინდე. რაც ორთავ თვალ-მარგალიტი და ოქრო გვეზიდებოდა, ავიკიდეთ და გამოვძვერით.
გამოვედით. დღისით დამალულნი ვიყავით და ღამით ვიარებოდით. ერთი კვირა ეგრე ვიარეთ. მერმე ორი ცხენი ვიყიდეთ. შევსხედით და სისტანის ქვეყანას მივედით.
ვნახე ერთი კაცი, დიდად უსახოდ დიდი, წინ დამხვდა, მკითხა: ვინ ხარ, სად მიხვალო?
მე შიშით ხმა ვერ გავეც. მან შემატყო შეშინება და ეგრე მითხრა: ნუ გეშინიან, არას გავნებ. ამ ქალს თუ მომცემ, შვილურად შევიტკბობ, თვარა ქალსაც წაგგვრი და ბევრსაც გავნებო.
მე ჩემს თავს ვუთხარ: თუ მშვიდობით გარდარჩები, სხვაც დაუსართე -მეთქი. მივეც იგი ქალი. დია იამა, გამეწყო, უბეს ჩამისვა და წამიტანა.
მისი სიდიდე ამისგან კიდე რაღა გითხრა?
რა მთას ავედით, ორნი დიდნი კაცნი შუღლობდენ. ჩემსა უფრო იყვნენ, თვარა მისოდენი არ იყვნენ. ამაზე შეცილებულიყვნენ. ერთს კაცს ზურგს ერთი რუმბი ღვინო ჰკიდებოდა და აღმართში დამძიმებოდა, მეორე მოსწეოდა და ეთქვა: თუ გემძიმება, მე ამკიდე, მთამდის ავიტან და მუნ ერთი ხლაპი მაქნევინეო.
მას ღვინის პატრონს ეთქვა: თუ მთამდის ამიტან, ხლაპსაცა და ხლუპსაც გაქნევინებო.
რა წვერზე ასულიყო, რუმბისათვის პირი დაედვა და ღვინო ერთ ყლაპად შეესვა.
ღვინის პატრონი ეშუღლებოდა: სულ რატომ შემისვიო.
და იგი კაცი სხვასა სთხოვდა: დამპირდი, ხლაპი შევსვი და ხლუპად აღარ მერგოო.
ამ ცილობაზე მან კაცმან აღარც ერთი აუბნა. ორივ შეიპყრა. ერთი ერთს მოგვში ჩაისვა, მეორე - მეორეში.
მივიდა შინ. ცოლი მოეგება, დიდობაზე კეკელა ქალი იყო. უთხრა: მოგვი გამხადეო!
გაჰხადა ერთი - კაცი ჯდა, მეორე გაჰხადა, - მეორე ჯდა. მე უბით გამომიყვანა. მოიწონა თავი და ცოლს დააქადნა: ჩემისთანა კაცი გინახავსო?! და იგი ქალი რომ წამგვარა, იგიცა უბეს უჯდა, გამოიყვანა და ცოლს მისცა. თურე ცოლი იგი მოტაცებით მოეყვანა და მისი სამშობლო არ ენახა.
მან ქალმან უთხრა: მამაჩემს ვერ ედარებიო.
იწყინა მან კაცმან და ეგრევ უბეში ჩამისვა და წავიდა სიმამრის ნახვად.
მისი სიმამრის სიდიდე ამის მეტი რაღა გითხრა: ყანასა რწყევდა და მისი სარწყავი რუ რომ მიაქვნდა, ამ მისმან სიძემ შიგ გასვლა მოინდომა. ცხენით კაცამდინ წყალმან აიტაცა და წაგვიღო. რა სიმამრმან ნახა წყალს ცხენი და კაცი მიაქვს, ამოჰკრა ბარი და ცხენკაცით აიღო და მშრალზე დასვა.
ჰკითხა: ვინ ხარო?
მან მისი ამბავი უამბო.
მან კაცმან უთხრა: ვაგლახთა! - ჩემი სიძე ყოფილხარ, კინაღამ მოგკალო!
გააშრო, დასვა.
წუთი გამოხდა. ცოლი მოუვიდა, სადილი მოუტანა. სადილი ვჭამეთ, მეც მაპატივებდენ. მათის ქვეყნის თაგვის ოდენი თუ ვიყავ!
მერმე სიდედრი შინ წავიდა და სიძე აწვია. წაიყვანა. იგი დიაცი უცხენოდ მოვიდოდა. მათი სანუზლე გოდორი ზურგს ეკიდა. სიძე ცხენს მიაჭენებდა და ვერ მიეწია. სიდედრმან მოიხედა, სიძე დავარდნილი ნახა, დადგა, აიყვანა ცხენით, გოდორში ჩაისვა, აიკიდა და წაგვასხა.
მივიდა შინ. კარგად დახვდა. რა დაღამდა, ერთი ცალთვალი კაცი მოვიდა, თურე მის დიაცის აშიყი იყო; ბანიდამ სვლა დაიწყო, დიაცი სიძის სირცხვილით არ გავიდა. მას კაცსა გულმან არ მოუჭირვა, ჩამოვიდა. მისი სიძე აითვალწუნა და დიაცს კოცნა დაუწყო. სიძემ იწყინა, მას სახლს სვეტნი გამოუყარნა თავს დასაქცევლად და თვით კარი გაიარა. დიაცმან ორივ ფეხი ძელებს სვეტად მისცა, ვირემ კაცი მის ალერსს აღასრულებდა. მერმე მან კაცმან სვეტნი შეუდგნა, სახლი აღარ დაიქცა და გამოგვიდგა.
ჩვენ ვიარეთ. ნახა ერთი კაცი ცერცვსა სთესვიდა. საფარცხავი ფეხზე ება და თან ფარცხვიდა. კალთას ცერცვი ეყარა. თითოს მჭელს პირში შეიყრიდის და იტყოდის: ეს ჰოო! თითოს მჭელსა დასთესდის და იტყოდის: ან ჰო, ან არაო. მჭელი - პეშვი
იგი კაცი მას შეევედრა: ერთი ცალთვალი კაცი მომდევს და მიშველეო!
მან კაცმან ცხენიანად აგვიყვანა და ცერცვიან კალთაში ჩაგვისხა. პირში რომ ცერცვი ჩაიბნივა, ცხენ-კაციანად თან ჩაგვატანა. ერთი ქვევითი კბილი მოტეხილი ჰქონდა, იმაში ცხენი უკუაყენა და მორჩა.
მოვიდა, მან ცალთვალმან კაცმან ჰკითხა, მან უთხრა: აქათ არ გამოუვლიაო.
გაბრუნდა, წავიდა. მან კაცმან კალთა ინახა, აღარ ვიყავით. სინანული შექმნა, ჩანთქმა ეგონა. შიგნიდამ გამოეძრახა კაცი იგი: აქა ვარ და ცოცხალ ვარო!
გამოგვიყვანა და ქვეყანაზე დაგვსხა.
მერმე შეევედრა კაცი იგი: ეს კბილი რას მოუტეხიაო?
მან კაცმან თავისი ამბავი უამბო და უთხრა: ჩვენ თორმეტნი ამხანაგნი შევიყარენით, ყველა ჩემსა უახოვნე იყო.
წავედით სამეკობროდ. აგვიდგა ქარი და ბუქი. მინდორი დიდი იყო და სახვეწარი აღარსად გვაქვნდა. ვნახეთ, ერთი ხმელი კაცის თავი ეგდო. ესრეთ დიდი იყო, რომ ჩვენ თორმეტნივ შიგ დავეტიენით. რა მცირე განვისვენეთ, თურე ერთის მწყემსისათვის მგელს თიკანი მოეტაცნა და მას მოსდევდა. ხან ჯოხი ესროლა, ხან ქვა. რა ჩვენთან მოვიდა, ესრეთ დიდი კაცი იყო, აიღო იგი თავი, ჩვენ თორმეტნი შიგ ვისხედით, შეგვსტყორცა მგელსა და მგელი, რაღა კითხვა უნდა, იქავ დანაყა. თერთმეტი ჩემი ამხანაგი მოკვდა და მე ეს კბილი მაშინ მომტყდაო.
მასცა გაუკვირდა მათი სიდიდე და ძალი, თვარა მე რომ გამკვირვებოდა, რა უცხო იყო?
წამოვიდა ცოლთანა, მოვიდა, უთხრა: ყველას მართალს მეუბნებოდიო.
მე ერთი ჯორი მომცა, სამოსელი შემმოსა, ნუზლი მომცა, ინდოეთამდინ მიმიყვანა: არავინ რა გაწყინოსო და, დაბრუნდა.
ინდოელი ჯამბაზები
მოველ ინდოეთს და მრავალი უცხო რამე ვნახე: ანუ ხე, ანუ ხილი, ანუ პირუტყვი, ანუ ფრინველი, მაგრამ მისის მოხსენებისათვის სიტყვა გაგრძელდების და მეფეს თავი შეეწყინება.
მრავალი უცხო მოთამაშე მოვიდა ხელმწიფესთანა და სამის კაცის თამაშობა დიდად მეუცხოვა და გამიკვირდა.
ერთი კაცი მოვიდა და დადგა. ორმოცი მისი შეგირდი მოიყვანა. ერთი ავიდა. მას ოსტატსა ერთი ფეხი მარჯვენას მხარზე დაადგა, მეორე - მარცხენაზედა. დადგა მასზედა სხვა, აგრევე მას ზედ სხვა. ორმოცნივ ერთმანერთზე შედგნენ. არც ერთი არ ჩამოვარდა, არც გადრკა და არც ქვევითმან კაცმან მათი სიმძიმე შეიმჩნივა და აგრეთვე ხან სვლა იწყო კაცმან მან, ხან დაჯდის, ხან აღდგის. ბოლოს გაირბინა, შეხლტა და კაცნი გარდმოყარნა. არცერთი ზურგზე არ დაეცა, ყოველნივე ფერხზე დადგნენ.
მოვიდა მეორე მოთამაშე. ხენი ფიცრულად დაეთალნეს და მის მფრინველის მსგავსად მხარნი და ფრთენი გაეწყვნეს. შეიხსნა იგი და იწყო ფრენა. ხან მთაზე გავიდის, ხან მინდვრად ჰაერში ფრინევდის, რომ ყოველს კაცს მფრინველი ეგონა. მისი ფრენა არწივს არ ძალუცს.
მოვიდა მესამე მოთამაშე და ერთი კანაფის გორგალი მოიტანა. ერთი წვერი ხელთ დაიჭირა და გორგალი ჰაერში შეაგდო. წავიდა. გორგალი გაიშალა და ჰაერში ავიდა. რა სრულობით გაიშალა და ჰაერში აღარ გამოჩნდა, მან მოთამაშემ კანაფს დასწია, ვერ ჩამოიღო, კიდევ დაზივა. არ იქმნა. თქვა: გავალ ამ თოკზე, ჰაერში რამ დააბაო?!
გავიდა თოკზე, იარა, ავიდა ჰაერში. მოთამაშე დაიფარა, აღარ გამოჩნდა. რა ცოტა ხანი გამოხდა, ერთი კივილი და კიჟინა შეიქმნა, თოფის სროლა და გრიალი, კაცი გაჩემდებოდა. ჰაერიდამ ზოგან კაცის თავი ჩამოვარდა და ზოგან მოკვეთილი ხელი და ფერხი და ზოგან გაკვეთილი კაცი. ვნახეთ, ეს ჩვენი მოთამაშეც შუა გაკვეთილი ჩამოვარდა.
ეწყინა მეფესა და ყველას დაგვიმძიმდა.
მოვიდა მის მოთამაშის ცოლი და ორი შვილით ცეცხლში შევიდა და დაიწვნენ. ნაცარი გაანიავეს, ვითა ინდოთა წესია.
რა მცირედი ხანი გამოხდა, მოთამაშე ჰაერიდამ გამოჩნდა, თოკზე ჩამოეხვია. უთხრეს ეს საქმე: ცოლისა და შვილის დაწვა. მან თქვა:
- მე არცარა ომი მინახავს, არცარა ყიჟინა მსმენია. მეფემან სამძიმარი უთხრა და სამეფო სამოსელი შეჰმოსა, სიასამურისა ტყავი წამოასხა. მივიდა, ხელმწიფეს თაყვანია სცა. ერთი კალთა გაიბერტყა, ცოლი ცოცხალი დააგდო; მეორე გაიბერტყა, შვილები დაყარა. გაუკვირდა ყოველსა კაცსა: ამისებრი მოთამაშე არავის უნახავსო.
მრავალი უბოძა და გაისტუმრა.
თურიჯანელი მეტილისმენი
წამოველ მუნით და მოველ ერთსა ქვეყანასა. მუნ მრავალი ტილისმა და გრძნება იციან. ასეთი ჭკუათმყოფელი კაცი არ მივა, მათი რამ გაიგოს.
ძველთაგან ვისმე ერთი კლდე გამოუხვრეტია შინ დიდს მთაშია და შიგნით კამარებით ერთის დღის სავალი შეუკრავს. და ერთი დიდი რკინის კარი შეუბამს და ასეთი ტილისმა დაუცს: წელიწადში ერთხელ გაეღება, ექვსსა ჟამსა ღია არის და აგრევ დაიხშვის. მას შიგან ტყავის ქარტების წიგნები შეუკრავს და ზედ არაბულად ტილისმანი და გრძნებანი დაუწერია.
მას შიგან ვისაც მისი სწავლა უნდა, ერთის წლის ნუზლს და მის სანთელს მზას იქმნს და მას კარზე დადგება. რა გაიღება, შევა. წლამდის შიგ უნდა იყოს, მონახოს, რაც ძნელი ტილისმა უნდა, ჰპოებს და გარდასწერს. რაც გრძნობა უნდა, მუნ შეიგინებს და რა წელიწადზე კარი გაეღება, გამოვა, და, რაც უნდა, იქმს.
აწ მე მუნ ვიყავ და ამბავი მოვიდა და მე კი თვალით არ მინახავს.
გრძნეული აქიმი
ერთს აქიმს ერთი შეგირდი გაეწრთვნა. თურე ის აქიმიც მას საგრძნეულოში ყოფილიყო და მერმე იგი შეგირდიც შესულიყო და მას უფრო უცხოები ესწავლა. ორნივ ინდონი იყვნენ.
შეგირდი მეფის ქალაქში მივიდა. ერთი ჭაბუკი ნახა, დიდად მოეწონა, კარგი და ახოვანი კაცი იყო, მაგრამ დია გაყვითლებულიყო, დამჭლობილიყო, წყალჯავარი მოჰშლოდა და ვარდი ზაფრანად შეჰქმნოდა.
ჰკითხა აქიმის შეგირდმან: რა გჭირს, ძმაო, რა სენის უფალი ხარო? მე მოგარჩენო.
მან კაცმან უთხრა: შენ არა და, ქვეყნის აქიმნი შეიყარნენ, მე ვერას მარგებენ; დამთმე, წადიო!
მან აქიმის შეგირდმან ფიცი უთხრა: ესეთი არა გეჭირება რა, მე არ გიწამლოო. უთხრა მან კაცმან: შენ ამას რას მიწამლებო? დღესა ერთსა მეფის ასული აბანოდ მივიდოდა და სარკმლით დავინახე და მას ვეტრფიალე. მას ჩემი გული გაჰყვა და მან გამხადა. შენ რით მიშველი? შოვნა არ ძალგიც, და თხოვნა და ქორწილი, და მე უმისოდ არ მოვრჩებიო.
აქიმმან უთხრა: შენ მეფიცე, ხვევნა-კოცნის კიდე არა დააკლო-რა, და მე მალე გიწამლებო.
ეფიცა კაცი იგი და აქიმმან რაღაც ულოცა. ერთი ასეთი გრძნება ჰქმნა, რა დაღამდა, ქალი ზეწარში გახვეული შემოვიდა, მან კაცმან გვერდს დაისვა, ეხვია, უალერსა და, რა რიჟრაჟი შეიქმნა, ქალი აგრევ წავიდა. რა შინ მივიდა ქალი, ცნობას მოვიდა, შექმნა ტირილი, კივილი, მეფე-დედოფალი შემოვიდნენ, კითხვა დაუწყეს: რა დაგემთხვიაო? მან ყოველი უამბო. შექმნეს დიდი მოწყენა.
ჰკითხა მეფემან ვაზირთა და მათ მოახსენეს: არა, მეფეო, ეგე კაცი ამა თემისა არ არის, სხვაგნით მოვინმევიდა. აწე ამას ღამესაც წაიყვანენ ასულსა შენსა, და ამცენ, რათა ხელი მელნით გაისვაროს და, რა მივიდეს, კართა ხელი ჰკრას, ზედ ხელი გამოისახვის. ხვალ მოვნახოთ. სადაც ხელი ჯდეს მელნიანი კართა, იგი იქმნება და შევიპყრათ, და რაც გენებოს, ჰქმენო.
ჰყვეს ეგრე და მას ღამეს წავიდა ქალი და კარი მელნით შეუსვარა. დილა გათენდა. მან აქიმმან უთხრა მას ჭაბუკსა: შვილო, თუცა ჩვენი ესე საქმე ცნეს, ავია, და გარე გადი და ჩვენს მიდამოს ნიშანი არა იყოს რაო!
გამოვიდა კაცი იგი, კართა ხელი ნახა. შევიდა და აქიმს უთხრა. აქიმმან ერთი რაღაც შეულოცა. მას ქალაქის სახლის კარზედა ხელი ყველგან გამოისახა.
ვაზირმან მრავალი ხელარგნოსანი კაცი შეყარა ხელის საძებრად. წამოვიდა, ნახა თავისავე კარზე ხელი გამოსახული. გაუკვირდა და შეშინდა. მოვიდა მეფის კარზე, ნახა ხელი აგრევე და, რაც კარი გაიარა, ყველგან ხელი გამოსახული იყო. მოვიდა მეფესთან და მოახსენა: თქვენს ასულს ამაღამ ქალაქი სულ დაუვლიაო.
შექმნეს რჩევა და თქვეს: ამას ღამესა ხელმანდილსა შიგან ფეტვი ჩაიყაროს, ძირი გაუხვრიტოს და მუნამდის ბნევით წაიღოს და ხვალ მივყვეთ და ვპოვებთო.
ჰყვეს ეგრე.
მეორეს დღეს გამოვიდა კაცი იგი, ნახა და აქიმს უთხრა:
- ფეტვი მოუფანტავთ ჩვენს კარზე.
ჰქმნა გრძნება. მოვიდა მრავალი ჭივჭავი და სრულობით აკენკეს.
რა ვაზირთ ვეღარცარა მით შეიგნეს, ქალი ვაჟად მოკაზმეს. ოცი კაცი თან გაატანეს და ფოლორცთა სლვა დააწყებინეს და უთხრეს: სადაცა იგი კაცი ჰნახო, ხომ იცნობ და უთხარ კაცთა ამათ და შეიპყრანო.
დაიწყეს სლვა და ნახეს ჭაბუკი იგი ბაზართა ჯდა.
აქიმი მუნ არ იყო. შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს.
მეფემან ბრძანა:
- ეგე ძელსა დამოჰკიდეთ და ყოველი კაცი გამოვიდეს, ვინც ხმასა ჩემსა ერჩის. თოფი და ისარი დაუშინონ და ზედ ძელზე დაწყვიტონ!
გამოვიდა ყოველი კაცი და აქიმიც მათთანა. რა აქიმმან მისი შვილი ძელზე დაკიდებული ნახა, ჰქმნა გრძნება და ვინც თოფი შესტყორცა და ან ისარი, უკუიქცის და მსროლელსავე ეცის და მოკვდის. ამოსწყდა მრავალი ჯარი.
მოახსენა ვაზირმან მეფესა:
- ამ კაცსა ჩვენ ვერას დავაკლებთ, სხვაფრივ ვიურვოთ, მცირეს ხანს საპყრობილეში დავაბათ და მერე, რომელიც სჯობდეს, ვყოთ.
ბრძანა მეფემან კაცისა მის ჩამოშვება და პატიმრად შენახვა. მივიდა აქიმი. მესაპყრობილეს ერთი ფლური მისცა და უთხრა: ეგ კაცი ჩემი მოვალეა და კარი გამიღე, შევიდე, ვნახო, ვახში არ დამეკარგოს, და მერმე გამოვალო.
შეუშვა აქიმი და გარეგან კარი დაკლიტა და საქმარზედ წავიდა.
რა მოვიდა და კარი გააღო, ნახა საპატიმრო სახლი წალკოტი შექმნილა. თურე აქიმს გრძნება უქმნია. მრავალი კარგი ხილი დგას, უცხო ყვავილნი ყვავიან, სურნელება ფშვის, აუზნი წყლით სავსენი არიან და ორნი კაცნი მაღლა ოქროს ტახტზე მსხდომარენი არიან. ეგრევ კარი დახშა. მივიდა, ვაზირს უთხრა:
ვაზირმან მეფეს მოახსენა: მათგან დასაჯერიაო, წავიდეთ, ვნახოთო!
მივიდნენ მეფე და ვაზირი, შევიდენ, ნახეს. ქების უმეტესი იყო. ყოველივე ნახეს.
აუზის პირს ერთი ატამი იდგა. მეფემ მოკრიფა და დაჯდა, ჭამა ენება. ვირემ მეფე ერთს ატამს გაფცქვნიდა, ვაზირმან პირზე წყალი შეისხა, დიაცად შეიცვალა, ვითომ კაცისა ვისმე ცოლი იყო და მოვიდა მისი ქმარი, აგინა და წაიყვანა.
დიაცი დაორსულდა, ვაჟი ეყოლა, მან ყრმამან ფეხი აიდგა. დიაცს ისევ ვაზირის ბუნება ჰქონდა. წამოვიდა საპატიმროსა, ვაჟი თან მოჰყვა, ეგრევე კაცად შეიცვალა. მეფეს ჯერ ატამი არ გაეფცქვნა.
ჰკითხა ვაზირმან: ეგ ატამი წლეულია თუ შარშანდელიო?
მეფემან უთხრა: რას ამბობო? ახლა არ შემოვედითო?
ვაზირი სიტყვას შეეცილა, თავისი დიაცობა და ყრმის შობა უამბო. გაკვირდენ და თქვეს: რადგან ვერას თავს გაუვედით, ესე ვქმნათო. მეფის ასული მას კაცს შევრთოთ და ვაზირისა აქიმსაო!
ქორწილი უყვეს და ლხინობდეს.
გამოხდა ხანი. ვაზირს თავისი აუგი არ დავიწყებოდა. თავისი ქალი ცოლად მისცა და ამცნო; რა აქიმი შენთან დაწვეს და წყალი გაათბოს საბანებლად, ვირე იბანდეს, მაცნობეო!
რა წყალი გაათბო აქიმმან, ცოლმან დაუქცია და მამას აცნობა. მოვიდენ. აქიმმან გრძნება ვეღარ ქმნა და შეიპყრეს. მივიდა მეფესთან ვაზირი და ორისავ დახოცა არჩივეს.
მეფემ ქალს ჰკითხა, მან არა ჰყო: რადგან ერთს ავს კაცს მიმეცი, მე აღარ ვიკადრებ ამის გამოცვლასო.
ქალმან იგი არ მოაკვლევინა, და აქიმისა ზოგმან თქვა: მოკლესო და ზოგმან თქვა: არ მოუკლავთო. უდიდეს გრძნებას ამბობდენ. და მე ამათ სიკვდილი უფრო მეჯერება. ის გრძნებაები კაცისაგან არ იქმნება, და, რა კაცის სახელი გაითქმის, ბევრს მოუმატებენ, თვარა მოკლეს. მაგრა ვინც მოუკლაობას ამბობს ამას იტყვის: აღარ მოკლეს, გამოაძესო. და მოკვლა ტყუვილი იყო და გამოძება მართალი.
რა ეს გრძნებაები შეიტყო ამ აქიმის ოსტატმან, გაწყრა იმ შეგირდზე და მოსაკლავად წავიდა, რომ უარესსა საქმეს იქმსო.
რა მივიდა, უამბეს: შენი ოსტატი მოვიდა და სიკვდილს გიპირობსო.