prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

სიბრძნე სიცრუისა — ნაწილი 15

სულხან-საბა ორბელიანი · პროზა

თქვა ჯუმბერ არაკი: გრძნეული ცოლის პატრონი

იყო ისპაანს ერთი საბრალო კაცი. და ჰყვა ცოლი ერთი, ფლიდი და გრძნეული, რომე იმისთანა არ იქმნებოდა. ქმარსა სხვა რიგად ახედებდა. მუდამისად ყურანს იკითხვიდა, დღეში ხუთს ლოცვას არ აკლებდა, ნასვამის წყლით ხელს არ დაიბანდა, სულიერობას ჩემულობდა.

თქვა მან კაცმან: რადგან ცოლი ასეთი მლოცავი მივის, მეცა ქაბას წავალ და ორნივ დაუცადებლად სამოთხეში შევალთო.

ერთს დღეს ქარავანი გადგა ბაღდადისაკენ და კაცი თან გაჰყვა. ქალაქს გარეთ ქარავანი ახლოს დადგა და მან კაცმან ესრე თქვა: რადგან ესრეთ ახლოს დგანან, ამას ღამეს შინ მივალ და დილას ადრიან ამათ მოვუსწრობო.

მის ცოლს ქმარი მისი წასული ეგონა. თავისი სატრფიალო კაცი ეწვივა და ლხინად დაჯდა. ღვინოს სმიდენ. კაცი იგი ღამე კარს მიადგა. ნახა დაფის ცემა, როკვა და სიმღერა იყო. მან კაცმან უჩუმრადვე გაიარა და ასრე წავიდა, მათ ვერა გრძნეს რა მისი მოსვლა და წასვლა, და ქარავანსავე მიეწია და წაჰყვა.

წავიდნენ ბაღდადად. და მუნ მერწყულად დადგა. დღივ და ღამივ წყალსა ზიდევდა, და მით ფულს შოობდა და იზრდებოდა. ბაღდადის ქალაქში ასეთი ქურდობა შეიქმნა, სახლი დაუთხრელი არ დარჩა. აოხრდა ქალაქი იგი. შეიქმნა ჩივილი.

იწყინა ხალიფამ და შეიპყრა ბაზრის მცველნი და უბრძანა: თუცა მპარავნი არ მიპოვნოთ, ვფიცავ თავსა ჩემსა, მუცლებს დაგიპობ ყოველთაო!

წავიდნენ კაცნი იგი და ესე ღონე მოიპოვეს: იგი ისპაანელი კაცი შეიპყრეს.

კაცმან ჰკითხა: რად შემიპყართ, რა შეგცოდეთო?

მათ უთხრეს: ამ ქალაქის განძი სრულობით მოიპარეს და შენ უნდა მოგკლათ, მპარავი შენ ხარო.

მან კაცმან ვედრება დაუწყო: ერთა კვირა მაცალეთ, თუცა ქურდი ვერ ვიპოვნო, მაშინ მომკალითო.

მათ თავდები სთხოვეს. მას ვინ უთავდებებდა? ღმერთი მისცა თავდებად და წავიდა. ორი-სამი დღე იარა. ნახა მათი სჯულის თავი, რომელსაც სადრს ეძახიან, მოვიდოდა, წინარე ორნი კაცნი მოვიდოდენ, ცოცხით გზას მოჰგვიდენ.

იკითხა მან კაცმან: ვინ არის კაცი ესე, ანუ გზას რისათვის მოჰგვიანო?

უთხრეს: ამ ქვეყნის რჯულის თავია, ესეთი ღირსი და წმიდა არის, რომ ამისის ლოცვით დგას ეს თემი და წვიმაც და მოსავალიც ამისის ლოცვით მოვაო.

თქვა მერწყულმან კაცმან: აჰა ამ ქალაქის მომთხრელი ქურდი ეს არისო. მის სადრის ჯარში აერია.

მივიდა, სადრმან ხალიფა ნახა, გამობრუნდა, სადგომს მოვიდა.

ის კაცი უცნაურად შინ შეჰყვა, ერთს სამალავს ადგილს დაიმალა.

რა დაღამდა, კაცნი დაითხოვეს და მის სახლის საფენი წამოკეცეს, კარი ახადეს. თურე მის ქვეშ სახლი აკლდამად იყო, და მის ქალაქის ქონება მუნ იდვა. მუნით ათორმეტნი ქურდნი კაცი აღმოიყვანნეს, ღვინო ოქროს სურებითა მოიტანეს და სმად დასხდნენ.

უბრძანა სადრმან: ძმანო, ახლა რას მოინადირებთო? მათ მოახსენეს: სამის სალაროს მეტი აღარ არის და მათაც წამოვიღებთო: ერთი ხალიფასია, ერთი ვაზირისა და ერთი ნაზირისა. ამაღამ ნაზირს ვეწვევითო. მათ ქურდთა მათი საქმე იურვეს.

კაცი იგი გამოიპარა. მათ ბაზრის მცველებს ყოველივე უთხრა. მათ არ დაუჯერეს და მან კაცმან უთხრა: აჰა მე მომყევით და თვალით გაჩვენებთო!

რა სადრი გამოვიდა და ხალიფა ნახა, დაბრუნდა და მოვიდა. ორნი კაცნი თან შეჰყვნენ, მასვე სამალავში დაიმალნენ და სანათურით უმზირეს. მას ღამესაც ნახეს. ვაზირის სალარო გატეხეს.

წავიდნენ, ხალიფას აფიცეს მოუკლაობისათვის და, რა ფიცი გამოართვეს, მოახსენეს. ეწყინა ხალიფას.

მოახსენეს: ხელმწიფევ, თუცა თავს დაიმდაბლებთ და სამოსელს შეიცვლით, თვით თქვენს ბედნიერს თვალს ვაჩვენებთო.

ხალიფამ სხვა შეიმოსა და გაჰყვა მათ. მასვე ადგილს დაიმალნენ. რაც მოეხსენებინათ, ყველა მართალი იყო.

მას ღამეს ხალიფას სალარო ინადირეს. წამოვიდა ხალიფა თავის სახლსა. მეორეს დღეს სადრი მობრძანდა.

ხალიფამ უთხრა სადრს: რომ დღე ყოველ ჩემს სანახავად გაირჯები, მეც რატომ არ მაწვევ ხოლმეო?

სადრმან დაიმადლა და ხალიფა აწვია. მოვიდა, სადილი მოართვეს. ხალიფამ ღვინო ითხოვა. სადრმან შორს დაიჭირა: ჩემს სახლში ღვინო რამ გახსენებინაო?

მერმე ხალიფამ ქურდობისა უთხრა: ამისთანა მპარაობა შეიქმნა, რა უნდა ვქმნაო?

სადრმან მოახსენა: შენის უღონობით არისო.

ხალიფამ საფენი წამოაკეცინა, კარი იპოვეს და კაცნი გამოასხნეს. შერცხვა სადრსა. გამოათრივეს და, რაც ეკადრებოდა, უყვეს.

მერმე ჰკითხეს მას ისპაანელს კაცს: რით იპოვე, როგორ შეამცნივეო?

მან თავისი ცოლის ამბავი უამბო და მით გამოვიცანო, რომე ესეც მასავით ფლიდი იყო და მით ვპოვეო.

- შენც მის კაცის ცოლსავით ფლიდი ხარ და მეფეს შენს სიკეთეს აჩვენებ. აწეც არ იყოს, შენს საქმეს ბოლოდ სცნობენ.

უთხრა პასუხად რუქამ არაკი:

მეცნიერი აქიმი

ერთი კარგი აქიმი იყო. სნეულთან რა მივიდის, სნეულის პატრონი ჭიქით მის შარდს მიუტანდის და, რა ნახის, სენი სცნის, წამალი მისცის და განკურნის.

ერთი სნეულის ამბავი მიუვიდა. ჭიქა გაგზავნა, შარდი ითხოვა. მუნ სნეულის სანახავად ორნი მისნი ამხანაგნი იყვნენ. მათ სნეულის შარდში ორთავ თავიანთი შარდიც აურიეს, მას ჭიქაში ჩაასხეს და გაუგზავნეს.

ნახა აქიმმან, გაიცინა და თქვა: მე გაუკიცხავარ, მაგრამ იგი სნეული ორ კვირაში აღდგება. ამ ერთის მთელის კაცის ცოლი ორსულად არის, ყრმასა შობს, და მეორე მთელი კაცი სამს დღეში დასნეულდება და სწორამდის მოკვდებაო.

მოუვიდათ ეს ამბავი და ყველა ეგრე იქმნა.

- თქვენც მათსავით ერთს მინაში აფსამთ. მე უგუნური ნუ გგონივართ, ვერა შევიგნა რა. რაც თქვენ ქმნათ, თემმან სცნას.

თქვა ვაზირმან არაკი:

ანჩხლი ცოლის პატრონი

ერთი კაცი იყო საბრალო და მართალი. ერთი ანჩხლი ცოლი ჰყვა. ეს კაცი, რა პურს აიღებდის ჭამად, მდინარის პირს დაჯდის, ზოგი თვით სჭამის და ზოგი მდინარეში ჩაყარის.

გამოხდა ხანი. მდინარიდამ ერთი კაცი გამოვიდა და უთხრა: ესოდენი ხანია, რომ შენი საზრდოთი მზრდი. აწ პირში ენას გამოგავლებ და ყოვლის სულიერის ენას ისწავლიო. ამას შემოგზღავ და თუცა ეტყვი ვისმე, მაშინვე მოკვდები უცილოდო.

გამოავლო ენა და ისევ მდინარეში ჩავიდა და წავიდა. მოვიდა კაცი იგი, სოფლის პირს დაწვა. საბძელზე ყვავი შემოჯდა. მისი ბახალა თან მოჰყვა.

ბახალამ დედას უთხრა: კაცი იგი მკვდარია და წავალ თვალებს ამოვჭამო.

დედამ უთხრა: ნუ შვილო, ადამის ტომი ხრიკიანია, არ შეგიპყრასო!

ბახალამ უთხრა: მივალ, ფეხზე ნისკარტს დავჰკრავ, თუ გაიძრა, გავფრინდები, თუ არა და გულზე დავკრავ, თუ კიდევ არ გაიღვიძა, მკვდარი იქმნება და თვალებს დავთხრიო.

კაცს ყველა ესმოდა. ჩავიდა ბახალა, ფეხზე ნისკარტი დაჰკრა, არ გაიჩუჩუნა, რა გულზე დააჯდა, მისწვდა და შეიპყრა.

ბახალამ დედას დაუძახა: მიშველეო!

დედამ უთხრა: რა ვქმნა, გიშალე და არ დაიშალე. ახლა მაგ კაცმა თუ ჩემი ენა იცოდეს, მალე მოგარჩენ, მაგრა რა გიშველო?

მან კაცმან დაუძახა ყვავსა: რა გინდა, შენი ენა ვიციო!

ყვავს იამა და წაუძღვა. ერთს კაცს მრავალი განძი დაეფლა, აჩვენა და ბარტყი მოარჩინა. წამოვიდა კაცი იგი, შინ მოვიდა.

ერთს დღეს საცაღა ლოცვა მოუნდა. ცოლმან დაუჟინა წაყვანა. რა აღარ დაიშალა, ერთი კვიციანი მაკე ცხენი შეუკაზმა. დიაციც ორსულად იყო. შეჯდა, ერთი მარტვილი უკან შემოისვა, საგზალი გარდაიკიდა და წავიდა.

რა პირშეღმართ შეუდგეს, კვიცი დავარდა და დედას დაუძახა: მომიცადეო!

დედამ დაუძახა: მე ერთი მუცელში მიძს და სამი თავისის ნუზლით ზურგსა მკიდია. თუ მე ვიარები, შენ რა დაგემართა, რატომ დავარდიო?

მან კაცმან რა მოისმინა, დიდად გაიცინა.

ცოლმან უთხრა: რაზედ იცინი, მითხარო?

მან უთხრა: ვერ გეტყვიო.

ცოლი არ მოეშვა.

ქმარმან შეჰფიცა: თუ ვთქვი, მოვკვდებიო.

არ იქმნა, ცოლმან დია შეაჭირვა.

ქმარმან უთხრა: არ დამეხსენ, წავიდეთ, ვილოცოთ, შინ მოდი, ჩემი აღაპისა და სუდარის საქმე გამირიგე და გეტყვიო.

დიაცს იამა, სწრაფით მივიდა, ილოცა, გამობრუნდა, აღაპი და სუდარა დაუმზადა და თქმას დაუჟინდა.

მას კაცს ერთი ციბა ჰყვანდა. ტირილით კარში გამოვიდა. კარზე მამალი დაჰხვდა. ჰკითხა ციბას: რა გატირებსო?

მან ყოველი უთხრა: პატრონს დიაცი მიკლავს და ის მატირებსო.

მამალმან უთხრა: შედი შენი პატრონი გამომგვარეო!

ვირემდის კაცი გამოვიდოდა, სოფლის დედლები სულ შემოიგროვა და მამალი შუა დაუდგა.

კაცს ჰკითხა: რატომ იკლავ თავსაო?

მან უთხრა: ცოლი არ მეშვება და რა ვქმნაო?

მამალმან მას ქათმებს რაღაც უთხრა და შემოურბინა. ყველანი გაინაბნენ. მერმე კაცს უთხრა: მე სამოცი ცოლი მყავს, ვინძლო უჩემოდ ერთმან საკენკი აიღოსო, და შენ ერთის ცოლის ხელით ჰკვდებიო.

კაცმან ჰკითხა: მაშ რა ვქმნაო?

მამალმან უთხრა: ერთი შინდის ჯოხი მოსჭერ, რა გითხრას თქვიო, მისდეგ, ეგოდენი ჰკარ, რომ მიამკვდარო და აღარ გკითხავსო.

დაუჯერა მამალსა. რა ცოლმან თქმა უთხრა, მუნამდის სცა, ვირემდის სულობას მიდგებოდა, და მორჩა კაცი იგი სიკვდილსა.

- მის მსგავსად, ვირემდის შენთვისაც შინდის ჯოხს არ მოსჭრიან, შენს მანკიერს ენას ვერავინ დაადუმებს.

უთხრა პასუხად რუქამ არაკი:

თხა და მგელი

ერთი თხა და ერთი მელი დაძმობილდნენ და საზიაროდ ყანა დათესეს. რა მოსავალი მოუვიდათ, დია კარგი ყანა იყო. მომკეს, გალეწეს და გაანიავეს. ხვავი ცალკერძ დააგროვეს და ბზე – ცალკერძ. მელმან უთხრა თხასა: - ხვავი - მე და ბზე - შენაო.

თხამან უთხრა: - არა, სამართალი ასეა, ორივ შუა გავიყოთო. მელმან უთხრა: - მაშ მე წავალ, ბიძაჩემს მოვიყვან და მან განგვიყოსო. ვირემდის მელი ბიძას მოიყვანდა, თხა ავიდა, ცხვრიდამ ორი დიდი ქოფაკი მოიყვანა და ბზეში დამალა.

მოვიდა მელი, ერთი ასეთი მგელი მოიყვანა, თხას თვალთ დაუბნელდა. უთხრა მგელმან თხასა: - ჩემს დისწულს რატომ აჩივლებო? თხამ უთხრა: - მაშ რადგან მოწმად მოყოლილხარ, მეც მამა- ბიძანი აქ მისაფლავიან, მათ საფლავზე შედეგ, დაისულე და მართალი მოწამე იქმნებიო.

მგელმან თხის შეჭმის ნდომით ვეღარა გაიგო რა. ბზეზე რომ შედგა, წამოუცვივდნენ ძაღლები. მელი და მისი მოწამე ისე გახადეს, შარშანდელიც დაავიწყეს, არამცთუ წლეული ეშოვნათ.

- თქვენ რომ ორნი-სამნი გაბიძამამიდებულხართ, თუ ერთი მისთანა მომხმარო მეც მყვანდეს, შინდის ჯოხებს - არა და უზნისასაც გაგითლი, მაგრამ მარტოკამ რა ვქმნაო.

თქვა ლეონ არაკი:

მუშა კაცი და ბედი

იყო ერთი უცხო მუშა კაცი სოფელსა ერთსა და ქონებისა მისისა რიცხვი არ იცოდა.

დღესა ერთსა დილაზე დაიძახა: კაცი ვინც მოვა ჩემთანა, რომ ჩემს ბედთან გავგზავნო და ჩემი ამბავი მიუტანოს, ასს ფლურს მივსცემო.

არავინ გამოჩნდა. შუადღისას დაიძახა კაცი და ოცი ფლური უქადა. არავინ იპოვა. საღამოს ჟამს ერთი ფლური უქადა. ერთი გლახაკი კაცი გამოჩნდა და უთხრა: მე წავალო.

კაცმან მან არა რა იცოდა, არც ვაჭრობა, არც მუშაობა; ორძალი კარგა იცოდა და უკრევდის ხოლმე და იმღერდის.

გაგზავნა მან კაცმან კაცი მეორძლე და ასწავლა: ამა და ამ ალაგს მრავალნი კარავნი დგანან და მუნ კაცნი ურიცხვნი და ერთი დიდი კარავია. მუნ მყოფი კაცი მე მგავს და ესრე მუშაობს, ოფლი ჩარცხის. მას ჩემ მაგიერ უთხარ: ღმერთმან მადლი მოგანიჭოს, ნუღარ იჭირვი, მე სამყოფი მაქვს, აწ შენც მოისვენე, და მეც მომასვენე-თქო. ერთი ფლური მისცა და წავიდა.

მივიდა, ადგილი იგი პოვა. კაცი იგი ნახა და დაბარებული უამბო. იამა კაცსა მას და მადლი უთხრა. მას ღამეს გაასვენა.

მეორეს დღეს მან კაცმან მისი ბედი იკითხა: რომელიაო?

უთხრეს მას: ასკილის ძირს მეორძლე კაცი რომ ზის, იგიაო.

მივიდა, მოემშვიდობა, ჰკითხა: ჩემი ბედი შენ ხარო?

მან უთხრა: მე ვარო.

უთხრა: დილაზე ასი ფლური რომ მიქადეს, რად არ მაცნობეო?

ბედმან უთხრა: მაშინ ორძალი გამიტყდა და ვაწებებდიო.

კაცმან უთხრა: ოცი ფლური რომ მიქადეს, მაშინ რას იქმოდიო!

ბედმან უთხრა: ახალ ალყას ვაბამდიო.

კაცმან უთხრა: საღამოს ერთს ფლურზე რაღას იქმოდიო!

ბედმან უთხრა: მაშინ გავმართე და გაშოვნინეო.

მან კაცმან ორძალი სთხოვა: მომეც, მეც დავუკრაო. გამოუღო, დაჰკრა თავში და დაალეწა.

ბედმან უთხრა: რას მირისხდები, რაც მე ვიცოდი, შენც გასწავლე და მეტი რა მექნაო. შეუძლებელს ღმერთიც არ მოუდებს კაცთაო.

- აწ შენს უამხანაგობას ჩვენ რას გვაბრალებ? ჩვენს ბედს სიმარტოვე სძულს და მოყვასნი უყვარან. და შენი ბედი შენისთანაა და რაც მას სჭირს, შენც იმას გაძლევს.

უთხრა პასუხად რუქამ არაკი:

მეფე და მებაღე

იყო მეფე ერთი და აქვნდა წალკოტი, ვითა ჰშვენოდა.

მოვიდა მებაღე და მოახსენა მეფესა:

- ვარდსა შიგან ბულბულს ბუდე დაუცს.

მეფემ უბრძანა:

- არა შერჩეს ბულბულსა მაგისი ქმნა!

გამოხდა ხანი. მოვიდა მებაღე და მოახსენა მეფესა:

- ბულბულმან ბარტყნი დაჩიკნა; მოვიდა გველი, ბულბულიც შეჭამა და ბარტყებიცა.

უბრძანა მეფემა:

- არცა გველს შერჩეს მაგისი ქმნა!

კიდევ მოვიდა მებაღე და მოახსენა:

- შამბსა ვთიბდი და გველი შემომაკვდა, მანგლით დავჭერ.

უბრძანა მეფემან:

- არც შენ შეგრჩეს!

მეფემ დაითხოვნა კაცნი და ჯალაბეურ წალკოტში ლხინი მოინება.

მებაღე ერთს ხეზე გავიდა და დაიმალა, სცნეს ხადუმთა, პოვეს და მეფეს მოგვარეს. მეფემ სიკვდილი ბრძანა.

მებაღემ მოახსენა: ვითა ჩვენ არ შეგვრჩა ბრძანებისაებრ შენისა, აღარც შენ შეგრჩეს სიკვდილი ჩემიო!

გაეცინა მეფესა და აღარ მოკლა.

- ღვთით, იმედი მაქვს, არც თქვენ შეგრჩესთ ჩემი წახდენა, თვარა ჩემს საქმეს მე ვხედავ, რაც მაცან თავსაო.

თქვა ჯუმბერ არაკი:

განშორებული და მარტვილი

იყო ერთი წმიდა კაცი, განშორებული. მოინება სოფლად გამოსვლა. გამოვიდა, მოვიდა ქალაქსა ერთსა. შევიდა კაცისა დიდებულისასა. დია კარგა დაჰხვდა. ვითა ჰმართებდა, გაასვენა. დიდებულს ერთი რვის წლის მარტვილი ჰყვანდა, უხაროდა. გამოხდა ჟამი. კარზე ტირილი შემოესმათ, მკვდარი მიაქვნდათ.

უთხრა მამამან: - გადი შვილო, მკვდარი მიაქვთ; ნახე, წარწყმდა თუ ცხონდა? გავიდა მარტვილი. მოვიდა და მოახსენა სიხარულით: - ცხონდაო! მეორეზე სხვა მკვდარი გამოატარეს. გაგზავნა კიდევ. მარტვილი მერმე მწუხარებით შემოვიდა: - ეს კი წარწყმდაო! თქვა მან განშორებულმან: - მე ორმოცი წელიწადია უდაბნოში ვარ და ანგელოზი საზრდოს მიზიდავს; მე ვერა ვსცნობ, ვინ ცხონდა და ანუ ვინ წარწყმდა, ამ მარტვილმან ვით სცნაო?

უთხრა მარტვილმან: - წმიდასა ამით ვსცნობ: ვინცა ვინ უკან ერი მისდევს, მას ყური დავუგდე. წეღან ამას ამბობდნენ: კარგი და ღირსი იყოო, უწყინარი და ღვთის მაამებელიო, და ვიცი, ცხონებულია, საქმით შეიტყობა. ახლა ამას ყველანი უჩიოდნენ: ავი, უწყალო და უსამართლო, მტყუანი იყო, ღვთისა არ ეშინოდა და კაცისა არ რცხვენოდაო. ამით ვიცი, კაცი მისი საქმით იცნობებაო.

ახლა შენცა გეტყობა, შენის ავსიტყვით და საქმით მრავალის ავის მოქმედი ხარ და ჩვენც შეგვიტყვია.

უთხრა პასუხად რუქამ არაკი:

კატის გაზრდილი ლომი

ერთი კატა დაიარებოდა. ნახა, ერთი ძუ ლომი მომკვდარა და ერთი ლეკვი დარჩომია. წაიყვანა და ზრდა დაუწყო. რა გაიზარდა და დიდი შეიქმნა, დაიწყო ნადირობა და ნადირის ჭამა. დღესა ერთსა ნადირი ვეღარ იშოვნა, თავისი გამზრდელი კატა შესაჭმელად მოინდომა.

კატამ რა შეიტყო, გაექცა და ხეზე გავიდა. ლომი ძირს წამოუწვა, უთხრა: - ჩემო დედის უსაყვარლესო და ჩემო დამარჩენელო გამზრდელო, ყოველი შენი ზნეობა რომ მასწავლე, ეგ ხეზე გასვლა რად არ მასწავლეო? კატამ უპასუხა: - ეს ჩემთვის შევინახე, რა ასრე გამიჭირდებოდა, მომხმარებოდაო.

- მე ჩემი ცოდნა, თუ რამე ვიცოდი, შენ გასწავლე და მე ჩემთვის აღარა შევინახე რა. აწ არ ვიცი, ხელთა გყევარ და ბევრს ავსაც მიზამ.

თქვა ვაზირმან არაკი:

მოტირალი და მოცინარი

ორნი კაცნი იყვნენ ქალაქსა ერთსა. ერთი წამდაუწუმ სულ ტიროდა და ერთი სრულობით იცინოდა, რომე მოწყენილს ვერავინ ნახავდა.

ჰკითხეს მოტირალს კაცსა: - ავზე და კარგზე, საცინალზე და სატირალზე სულ რატომ სტირიო?

მან ეგრე თქვა: - რა ვქნა, ეს სოფელი მოკლეა, ყოველნი კაცნი ამ საწუთროს საქმეს შვრებიან, საუკუნო სასჯელი დაუვიწყებიათ, და მით ვტირი, ყოველნი ჯოჯოხეთს იშენებენო.

მერმე მას მოცინარეს კაცს ჰკითხეს: - შენ რა გაცინებსო?

მან ესრე თქვა: - ეს სოფელი მოკლეა, ყოველნი კაცნი ავს შვრებიან, კარგს არ იქმონენ. ყოველს კაცს ვუქადაგე, ვურჩიე, ვერა დავაჯერებინე რა და აწ სიცილს ძალი მივეც. მეც რომ ზრუნვით თავი მოვიკლა, რას მარგია და მათი რა სარგებელია?

- მის მსგავსად, შენთვის ვიურვე, ვიწუხე, ვინაღვლე, გასწავლე, ჩემი ვერა მოგასმინე რა. ახლა მეც სიცილს ძალი მივეც.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — სულხან-საბა ორბელიანი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.