შეგირდი შეშინდა, ტრედად იქცა და გაფრინდა; ოსტატი შავარდნად იქცა და გამოუდგა. რა მოწევნას ლამობდა, ჩინეთის მეფე ნადირობდა, გვირგვინად იქცა შეგირდი და თავს დაერქვა. შეექმნათ სიხარული, რომე ზეცით გვირგვინი მოვიდაო. ოსტატი მეჭიანურედ შეიცვალა და მივიდა.
მეფე სმად ჯდა, უცხო ხმები ჰკრა და ტკბილად იმღერა.
ჰკითხეს: სადაური ხარო?
მან უთხრა: საიდამაც გვირგვინი მოვიდა, მეც მუნებური ვარო.
ეს უფრო გაიხარეს. მეფეს აფიცა მეჭიანურემ: რადგან ორივ ერთის ადგილიდამ მოვსულვართ, მაგ გვირგვინის თავს მაკოცნინეო!
მეფემ რა კოცნა ბრძანა, გვირგვინი ბროწეულად იქცა და ჩამოვარდა. დაეცა, გასქდა და გაიბნია.
ოსტატი მამლად იქცა და მარცვალს კენკა დაუწყო.
გაშტერდენ ყოველნი კაცნი.
იმ ბროწეულის ქერქიდამ კაცი გამოძვრა და მეფეს მუხლს მოეხვია: მიშველე რამე, ჩემი ოსტატია და მკლავსო!
შეიქმნა კითხულობა. მამალიც კაცად შეიცვალა. მეფემ ყველა შეიტყო. მას აქიმს აღთქმა დაადებინეს, რომ კვლა გრძნება აღარა ქმნაო, მაგრამ მე სიკვდილი უფრო მემართლება, რომ ამგვარი გრძნება არ იქნებაო.
რა ლეონ გრძნეულთ ამბავი დაასრულა, სხვის ამბის თქმა აღარ დააცალა რუქამ და მოახსენა მეფესა: - დღეს აქამომდე ავად მიქმნია ქიშპობა ლეონისა, რადგან ესრეთ მცოდინარეა და ამდენის კარგის საქმის სწავლულია და ამდენის თემის მნახავი, ეს შესანახავია და ნურც მოიშორებთ. რაცა თქვა, ქმნაც ძალუცს. აქ გამოაჩინა ლეონ თავისი გრძნების ხელოვნება.
გლახაკი და ფლური
თქვა ჯუმბერ არაკი:
ერთი კაცი დია გლახაკი იყო. დღე ყოველ ღმერთს გამდიდრებას ევედრებოდა. გამოხდა ხანი, და მას კაცს მუცლის ტკივილი და ყვანა დაემართა. რა კარში გავიდის, ტკივილი დაუწყის. აზომ შეწუხდა, მიწას გლეჯა დაუწყო. რა მიწა მოგლიჯა, ერთი ქილა ფლური ჰპოვა.
მან კაცმან ღმერთს მადლი მისცა და თქვა: დიდად მოწყალ ბრძანდები, მაგრამ ვირემ კაცსა სისხლს არ დაანთხევინებ, არას მისცემო!
- ეს არაკი ამისთვის მოგახსენე, რომ ლეონ ვირემდის სამჯერ-ოთხჯერ სიკვდილად არ წააყენე, არ მოეხმარე და აწ წყალობა უყავ!
ლეონ უთხრა ჯუმბერს:
- ძეო მეფისაო, ყრმა ხარ და მოხმარებას ჰგონებ, თვარა აწ დამკლა სრულიად. მტერი რა კაცსა მტერობით ვერას დააკლებს, დაემოყვრების და მით გაუსრულებს მტერობას.
თქვა ლეონ არაკი:
ორნი მომტერენი
იყვნენ ორნი მომტერენი. არ იქმნა, ვერა დააკლო რა მან კაცმან მის მტერსა.
გამოხდა ხანი. დამოყვრდენ, დიდად გაიწყვნენ. წავიდენ გზასა და ოთხნი ამხანაგნი სხვა გაიტანნეს.
მივიდნენ ერთი კაცის სახლში და დადგნენ. ეს სტუმრები გამოღმართ დაწვნენ და სახლის პატრონი მისის ცოლით გაღმართ დაწვა. რა ცეცხლი დანელდა, აიპარა ეს კაცი და მას დიაცთან განსვენება მოინდომა. დიაცმან დაიძახა, ქმარი წამოაყენა. კაცი იგი გაიპარა და მუნვე თავის ლოგინში დაწვა.
ადგა სახლის პატრონი, მივიდა, ეს სტუმრები დაჩხრიკა. გულში ყველას ხელი ჩაუყო. ბნელა იყო, სხვით ვერათი იცნა, და შემცოდეს გული უძგერდა. ზედ ქუდი ნიშნად დაადვა, ცეცხლს დავანთებ და ამ კაცს ვსცნობო.
იგი კაცი ვირემ ცეცხლს დაანთებდა, მან კაცმან ქუდი თავისაგან აიღო და მას ძველთაგან მტერს და ახალს მოყვარეს დაადვა. მას გულით ეძინა, ვერა შეიგნა რა.
ცეცხლი აანთო, ნახა ამ საბრალო უბრალო კაცს ქუდი აძევს. მან მისი უბრალობა რა იცოდა, შემცოდე იგი ეგონა. დაჰკრა თავში ცული და მოკლა უბრალო დაუნაშავებელი კაცი.
ყოველი მტერი ასრე უზამს, თვარა რით მომეხმარა, გრძნების ქმნა და ეშმაკობა შემომითქვა.
თქვა კიდევ ლეონ არაკი:
უსაქმო კაცი
იყო ერთი მოცლილი, უსაქმო კაცი. არას ნივთისაგან საქმარი არა იცოდა რა. შემოუვიდა გულშიგან და იწყო მიწის თხრა და ნიავება. სამს-ოთხს თვეს მის მეტი არცარა საქმე ჰქონდა და არცარას ისაქმებდა. მოუვიდა კაცი მოურავისა, სამკალად აწვიეს და არ წავიდა: სამუშაო შინ მიცსო, გარ რად ვიმუშაოო.
მოუვიდა მეზობლის კაცი, მამა მოჰკდომოდა, და აწვიეს: მოდი მიტირეო და აღაპიც მიჭამეო! არც მუნ წავიდა.
მოუვიდა სხვა მექორწილის მაწვევარი და ეგრე უთხრა: ძლივ ერთს საქმეს შევმართე, ვირემ გავასრულებდე და ამისაგან მოვიცლიდე, არც სეფაზე წავალ და არც სატირლად მცალიან და არც ლხინს ვნახაო. რა დავათავებო, მას უკან ყველას ვიქმო.
- მის მსგავსად, ვიდრემდის ჩემის საქმისაგან ეგ არ მოიცლის, მაგას არცარა ქორწილისა, არცარა ვაებისა, არც მეფისა და არც ერისა არა უნდა რა, და მასუკან სხვას რასმე მოიგონებს, თვარა ჩემის მეტი საწუხარი და სალხინო მაგას არა აქვს რა.
თქვა რუქამ:
- არა ახალია ეს საქმე. ძველთაგან თქმულა: არას კაცს კარგის მოქმედისათვის კარგი არ უქმნია და მის მაგიერ ავი მიუგია. თვარა ლეონ რას მემტერება? ერთი დაკარგული კაცი არავის შეეწყნარებინა და მოვიდა, მეფეს გავაწყევ და დიდი წყალობა მიანიჭა.
აწ მე რას მიპირებს?
თქვა რუქამ არაკი:
კაცი და გველი
ერთი კაცი მოვიდოდა გზადედა. ნახა, ერთს ძეძვს ცეცხლი შემოჰზნებია და ზედ გველი გასულა. წასასვლელი გზა არა აქვს, ღონობს და წივის. ნახა მან კაცმან, შეეწყალა და თქვა: - ამ გველს მოვარჩენ, მადლია ჩემთვისაო. მივიდა, შუბის წვერი მიუშვირა. გველი ზედ შემოეხვია, მხარზე შეახტა და ყელზე შემოეღვლარჭნა. მაგრა მოუჭირა. ჰკითხა მან კაცმან: - რა გაწყინე, რატომ მიზამ? სიკვდილს მოგარჩინეო! გველმა უთხრა:
- კარგისათვის კარგი არავის უქმნია და მეც ასრე გიყავო. კაცი შეეხვეწა: - ამდენი მაცადე, იგი ჭანდარი რომ დგას, მუნამდის მივიდეთ და მას ვჰკითხოთ. თუ ჩემის ცოდვით ხემაც ხმა ამოიღოს და დაგიშალოს, გამიშვი, თუ არა და, რაც გინდა, მიყავიო. ცოტა მოუფონა გველმან და მივიდნენ ჭანდართან. ჰკითხა მან კაცმან: - ეს გველი სიკვდილს მოვარჩინე, აწ ესე მიზამსო.
მან ჭანდარმან ეგრე უთხრა: - ამ ცხელს მინდორში მარტო ერთი ხე ვდგავარ; მგზავრი, თუ არა ჩემს ჩრდილში, ვერ განისვენებს. მოვლენ, მოიგრილებენ, დავაჩრდილებ, შემდეგ შტოებს დამამტვრევენ, ზოგს დასწვენ, ზოგს კოლოფებად აკეთებენ:რა კარგი ხეაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, გველოო! მოუჭირა ყელსა გველმან. კიდევ შეეხვეწა კაცი გველსა: - ცოტა მოუშვიო, აგერ ხარი სძოვს, მას ვჰკითხოთო!
წავიდნენ, ხარს ჰკითხეს. ხარმან უთხრა: - მოვხნავ, დავფარცხავ, გავლევ და ზაფხულ-ზამთარ სულ კაცთათვის ვმუშაობ, დამაწვენენ და დამკლავენ:რაოდა სტუმარი მომივიდაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, გველოო! მოუჭირა კიდევ ყელსა.
შეეხვეწა კაცი: - ცოტა კიდევ მაცადე, აგერ მელია არის და მასაც ვჰკითხოთო! მივიდნენ, მელს ჰკითხეს. კაცმან თავისი საჩივარი და გველმან ხისა და ხარის მოწმობა მოახსენა.
მელმან უთხრა თავის ხერხიანის სიტყვითა გველს: - ლომ- ნადირთ- ხელმწიფისაგან დასმული მდივანბეგი ვარო. ყელზე შემოჰხვევიხარ და ისე მესამართლები, როგორ იქმნებაო? შემოეშვი და შენც დამიჩოქე და ამ კაცმანცაო! რა გველი შემოეშვა და დაბლა ჩამოვიდა, დაჰკრა მელმან ტოტი თავში. გველი მოკლა და თქვა: - გველის სამართალი ეს არისო!
მერმე მან კაცმან ის მელა აღარ დაინდო და შუბის ცემა მოინდომა კარგი რამ ბეწვი აქვსო. შეუტყო მელმან. გაექცა და თავსა აბრალა: დავაშავე მოვარჩინეო!
- აწ შენც, ლეონ, მას გველსავით გამოგიყვანე, მარჩობ და რა ვქნა! ლეონის სიტყვა ჰხამს.
თქვა ლეონ არაკი:
კეთილი გველი
ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა. ნახა ორი გველი- ერთი შავი და ერთი წითელი - იბრძვის, და შავი ერეოდა. და თქვა მან კაცმან: - ამ წითელს ეჭირვება მოხმარება და მოვეხმარებიო. მივიდა, შავს გველს ჯოხი დაჰკრა და მოკლა.
მოვიდა წითელი გველი, თავი ადგილზედ დაუკრა და კალთას კბილით მოეკიდა და გაზიდა. გაჰყვა ეს კაცი. ერთი კლდის ქვაბში მიიყვანა. ეგზომი განძი აჩვენა, მეფეს არა ჰქონდა იმდენი. და გამდიდრდა კაცი იგი. -
რუქავ! როგორიც კაცი შენა ხარ, ის გველიც, შენი ნათქვამი, შენისთანა ყოფილა, თვარა კარგისათვის ავს ვინ უზამს კაცსაო.
თქვა რუქამ არაკი:
გლახა და მდიდარი
ერთი გლახა კაცი თავის სახლი იჯდა და ინატრა: - ღმერთო, ხუთასი მარჩილი მომეცო და,თუ ან ერთი აკლია, არ ვინდომებო. ერთი მდიდარი კაცი თურე ბანზე იარებოდა, მან გაიგონა და თქვა: - მივიტანო და გამოვცადო კაცი ესე, თუ რასა იქმსო? წავიდა, ხუთასი მარჩილი დათვალა და ათი დააკლო. დაბეჭდა და ბანიდან ჩაუგდო.
დათვალა კაცმან მან და ათი აკლდა. თქვა: - ღმერთო, შენმც კურთხეულ ხარო!ერთი მარჩილიც გებოძა,იმისაც დავიმადლებდი, არამც თუ ეს დაგამწყრალოო. ჩამოვიდა იგი მდიდარი კაცი და უთხრა: - ჩემია, გამოგცადე. მომეც, წავიღოო! მან შორს დაუჭირა: - შენთვის არ მითხოვნია, ღმერთსა ვსთხოვე და მომცაო. შეივილნენ და ყადთან საჩივლელად წავიდნენ. მან გლახამან უთხრა: - მე არა მაცვია რა და შენ კარგად მორთულხარ. ეგ შენი ტყავკაბა მათხოვე და წავალო.
მან კაცმან ამდენს სიკეთეზე ისიც დაამატა, ათხოვა. ჩაიცვა და წავიდნენ ყადთან და იჩივლეს. მერმე მან გლახაკმან თქვა: - ეგ ასეთი ასეთი მაცილობელი კაცი, თუ ამ ტყავკაბასაც არ შემომეცილება, ნახავთო! მან კაცმან უთხრა: - ახლა არ გათხოვეო? ამაზე ყადი გაწყრა, მრავალი ჯოხი ჰკრეს, მდიდარი კაცი გააძეს.
ასრე კარგი პასუხი უყო, კიდე გაძარცვა და ათრევინა. - კარგისათვის კარგი არავის უქმნია, ნუ ამბობ!
თქვა ლეონ არაკი:
მოხერხებული არაბი
ბაღდადის ხალიფა დია კარგი მეჯინიბე იყო და კაის ცხენს ძვირფასად იყიდდა. დავარდა ამისი ხმა. ერთმან არაბმან ერთი ცხენი მოიყვანა, ორი ათას მარჩილად დააფასა. ხალიფამ მაშინვე მოუტანინა. მან არაბმან უთხრა: - ერთს ძაძაში ჩამიყარეთ, თვარა რით წავიღოო? ჩაუყარეს და მისცეს. მოჰკრა არაბმან ვერცხლს ხელი, გარდაჰკიდა ცხენსა, შეჯდა, გააჭენა ცხენი.
გამოუდგნენ სულ ხალიფას ჯარი კაის ცხენებითა, გზა და კვალი ვეღარ გაიგნეს. მობრუდნენ დაღონებულნი. მესამეს დღეს არაბი მოვიდა, ცხენი მოიყვანა. ჰკითხეს: - რატომ ჰქმენო? მან მოახსენა: - შორს ვიდეგ, საკიდარი არა მყვანდა რა, ვეცხლი მძიმე არის, ვერ ვზიდავდი, წავიღე და ახლა ცხენი მომიყვანიაო.
მერმე უთხრეს: - ვინღა მოგდევდა, ცხენი რადღა მოგყვანდაო? მან გაიცინა და უპირობა უზრახა: - კარგის პასუხად ეგ მექმნა, ღმერთი რას მიზემდაო?
- თუ არაბმან იცის კარგისათვის კარგი, სხვას კაცს ვის არ ეცოდინება. ან ავს ვინ იქმს, თუ არა ღვთის შემცოდე. აწ, ძმაო რუქავ, შენ რად იტყვი კარგისათვის ავსა და მაგიერის უქმნელობასა?
ღმერთს მისთვის წაურთმევია და ამ საბრალოს კაცისათვის მიუცემია.
თქვა რუქამ არაკი:
ჭაბუკი და მეკობრენი
ერთი კაცი, კარგი ჭაბუკი, მოვიდოდა და ხმალიც კარგი ერტყა. ყოველი საჭურველი კარგი ჰქონდა. ცოლი თან მოჰყვანდა, დია, ლამაზი და კარგი ქალი. გაიარა გზა და მიჰხვდა ადგილსა სამეკობროსა. ხუთნი ამხანაგნი იდგნენ და ბევრს კაცს აზიანებდენ. იგი კაი ჭაბუკი უცნაური იყო და უფიქროდ მივიდოდა. ვიდრემდის ხელი არა სტაცეს, ვერა შეიტყო რა.
გაძარცვეს, ხელი შეუკრეს და წაიყვანეს.
ერთს მათგანს ამხანაგს მისი ხრმალი თურე მოეწონა, მალვით უთხრა: ამ შენს საჭურველსა და სხვას ქონებას შენ გაგაყოფინებ. შენი ხრმალი წილად მე მომახვედრე და შენს ცოლს მოგცემ და გაგიშვებო.
მან კაცმან ფიცი მისცა: თუ მე გამაყოფინებ, ჩემს ხრმალს შენ მოგახვედრებო. წაიყვანეს. ერთს სამზირალს ალაგს ციხე იდგა, მუნ დაესადგურათ. ათი კაცი სხვა მხარშეკრული იდვა და ნაძარცვი აუარებელი.
მან განდობილმან ამხანაგმან თქვა: ეს დღევანდელი კაცი სულის კაცსა ჰგავს და მოდი ამას გავაყოფინოთო!
ნება დართეს სხვათაც და ხელი გაუხსნეს.
დაუწყო ყოფა მან კაცმან; ერთ წილად თავისი ცოლი დასვა და ერთ წილად ერთი ფარი და ზედ შიშველი თავისი ხრმალი.
ანაზდად დაავლო ხელი, უწინ, რომელსაც ხრმალი უქადა, სცა მას და მოკლა. ერთი სხვა მოკლა. სამნი გაექცნენ. მუნ ხელდაკრულნი კაცნი დახსნნა, ხრმლები მისცა, გამოუდგნენ და ყველა დახოცეს. მან კაცმან თავისი ცოლი წაიყვანა და თავისი საჭურველი. სხვა მათ კაცთ მისცა: მე ეს მეყოფაო.
- რადგან მან ერთმან ამხანაგმან ამდენი სიკეთე უყო, რომ ენდო, ხელი გაუხსნა, გააყოფინა, ცოლი მისცა, ეს მის სიკვდილ რასღა ემართლებოდა? კარგისათვის კარგი არაოდეს ქმნილა, რასაც შენ არა სტყუი და ახლა არ იგონებო!
ლეონ უთხრა:
- კარგი ჰქმენი, მას კაცსა მათზე ავის ქმნა დაუწუნე. ცოლი წაართვეს, გაძარცვეს, თავი დაიხელთა და ის მოკლა, ავად უქმნიაო. მე მასცა ვუძრახავ, უწინვე რასათვის ასრე ღალფად დარჩა? თუცა უკანის არა ექმნა რა, შენებრი კაცი იქმნებოდა
თქვა ლეონ არაკი:
დიდვაჭარი და მეფუნდუკე
ბოლნისისა მთისა ძირსა, გზის გადასავალსა, ერთი კარგი ფუნდუკი აეშენათ, და მუნ ერთი მეფუნდუკე იდგა. ასეთი კაცი იყო, რომე, რაც მგზავრი გაიარდა, მას ღამეს სამადლოდ ასვის, აჭამის, ცხენის ქერი და ბზე მისცის, ფასი არ აიღის, და მეორეს დღეს გაისტუმრის.
ერთი დიდი ქარავანი მოვიდა და დადგა. კარგა დახვდა. მას ღამეს ასეთი თოვლი მოვიდა, მთა შეიკრა: ვეღარ გარდავიდა და ვეღარც გამობრუნდა. მას ზამთარს მას ფუნდუკში დარჩა. მან მეფუნდუკემ არა რა დაახარჯვინა, სულ კაცთათვის და აქლემთათვის თავისი ხარჯი მისცა. გაიწყვნენ დიდვაჭარი და მეფუნდუკე, და ჰკითხა: შვილი გყავსო?
მეფუნდუკემ უთხრა: არა მყავსო. თურე არ უჩენდა, კეთროვანი იყო და ამ ჩემს სტუმარს არ ეზიზღოსო, და ჩემი ლხინი აღარ იამებაო. მუნამდინ შვილი კარში არ გამოუტევა, ვირე ვაჭარი არ წავიდა.
გაზაფხული მოვიდა, მთა გაიხსნა. ეს დიდვაჭარი წავიდა, დია მადლიერი იყო და ნაცვალს პასუხსაც სცდილობდა.
მერმე მეფუნდუკემ შვილი გამოუშვა.
შემოსწყრა შვილი და უთხრა: მე მაინც გძულვარ და აქეთგან წავალო.
გამოუდგა უკან ქარავანსა და მოეწია.
ჰკითხა დიდვაჭარმან: ვინ ხარო?
მან უთხრა: მეფუნდუკის შვილი ვარ. შენ ამაზე უშვილობა გითხრა, ნახვას მოინდომებს, გონჯია, აღარა იამება რაო. ახლა მეც შემოვსწყერ და წამოველ, წავალ სადმე, ან ვიშველებ და ან დავიკარგებიო.
მან დიდვაჭარმან ფიცი უთხრა: თუ რამ გეშველება, გიშველიო!
წაიყვანა და წავიდა.
მივიდა შინ. აქიმი მოაყვანინა, ვერა ღონე დაუდვა.
ვერა ღონე დაუდვა - ვერაფერი გააწყო, ვერაფერს გახდა
ერთმან აქიმმან უთხრა: ერთს კაცს რომე ერთის მეტი ვაჟი არა ჰყვანდეს, ორის წლისა იყოს, ლამაზი, კარგი. მამამან ნებით მისცეს, დაკლას, და მისი სისხლით შეიბღალოს, მით მორჩებაო! შეიბღალოს - დაისვაროს
დაღონდა. ამას ვინ მისცემდა? თურე მასვე ვაჭარსა ჰყვანდა ამისთანა ვაჟი, მის მეტი არა ჰყვანდა რა.
ასრე თქვა: თუ ეს ჩემი შვილი არ დავკლა, მაშ მამისა ამის ნაკეთარი რით გადავიხადო?
ცოლი სხვაგან გაიტყუა. დაკლა შვილი. სისხლით კეთროვანი შებღალა, და მაშინვე მას კაცს ხესავით ქერქი გასძვრა და მორჩა. მკვდარი შვილი აკვანში ჩააწვინა და ზეწარი წაჰხურა. იქ იმ ვაჭრის ცოლს მუცელმან და ძუძუებმან ტკივილი და წვა დაუწყო, მოიჭრა. ქმარს უთხრა: ძუძუნი მეწვიან, მარტვილს თუ არა სჭირს რაო?
ქმარმან უთხრა: რა სჭირს, კარგად სძინავსო.
მივიდა, დედამ ძუძუ მისცა, მარტვილმან წოვა დაუწყო. ამოიყვანა კარგად მყოფი, დედას სიცილი და ფოფინი დაუწყო. ყელზე ოქროს სალტესავით აჩნდა რამე.
ქმარს დაუძახა: ეს რა არისო?
ქმარმან ღმერთს მადლი შესწირა და ცოლს ყოველი ყოფილი უთხრა.
შენ რომ ამბობ, კარგისათვის კარგი არავის უქმნიაო, აჰა, ნაკეთარიც ნახე! რა გამოიმეტა წამლად და ღმერთმან რა წყალობა უყო? ავს კაცს ყოველი კაცი თავისი მსგავსი ჰგონია, თვარა რა სიტყვაა.
თქვა რუქამ არაკი:
სამნი ბრმანი
იყო ერთი გლახაკი ყრმა. წავიდა სხვაგან სამწიროდ. დაჰყო ერთი წელი. ცხრა ფლური მოიღვაწა. წლის გასრულებაზე წამოვიდა თვისსა თემსა.
რა ქალაქს მოახლოვდა, მდინარე იყო და გაშიშვლდა, დაიბანა და ტანს ჩაიცვა. წამოვიდა, ფლურები თურე მუნვე დარჩა.
მოაგონდა ფლურები და აღარ აქვნდა. ღმერთსა აღთქმა დაუდვა: თუ ჩემი ფლურები ვიპოვნე, ერთი შენს სახელზე გლახაკს მივსცეო.
მივიდა, სადაც ტანი ებანა, მუნვე პოვა.
წამოვიდა ქალაქად. ერთი უსინათლო გლახა პოვა, უთხრა თავისი ამბავი: ასე აღთქმა დამიც და აჰა ფლურიო!
იგი გლახა ორისავ თვალით ბრმა იყო. ასე უთხრა: რადგან ღვთისათვის შეგიწირავს, ცხრავე მომეც, მე რომელიც მნებავს, გამოვარჩევო.
დაენდო კაცი იგი, და ცხრავ მისცა. მან ბრმამ ცხრავ ჯიბეში ჩაიდვა. ამ კაცმან თხოვა დაუწყო.
გლახამ ზახილი შექმნა: მიშველეთ, ეს კაცი რას მიპირობსო?