მოახსენა ძემან:
- მიწა ეს არის: რა გინდ დიდებული და ძლიერი მეფე იყო. სცან ესე: მიწა ხარ და მიწად მიიქცევი. ღვთის სათნო გიჯობს კაცთა სათნოსა. და ქვა ეს არის: რაც სალარო გაქვს, თუ არ იხმარებ, ქვა და ოქრო სწორია კაცთათვის.
თქვა ჯუმბერ არაკი:
ძუნწი და ოქრო
ერთმა კაცმან დიდძალი ოქრო მიწასა დაფლა. დღე ყოველ მივიდის და ადგილი იგი ნახის. შეამცნივა რთმან სხვა კაცმან და თქვა: - მივიდე, ადგილი იგი მოვთხარო რომელსა კაცი იგი ხშირად ნახავს, და ვნახო რა უცანო? მივიდა და ღამე მოთხარა ოქრო იგი, წაღო, მის წილ ლოდი დამარხა.
მოუნდა კაცსა მას ნახვა ოქროსაი. მოთხარა, ნახა: ოქროსა ნაცვლად ლოდი იდვა. დაიწყო ტირილი და ვაება. მივიდა კაცი იგი მომპარავი, ჰკითხა: რას სტირიო?
მან უთხრა: ოქრო დავფალ, დახარჯვა არ მენება, იგი მოუპარავთ და მის წილ ლოდი დაუფლავთო.
უთხრა მან კაცმან: ვაი შენ! რად სტირ? მაგ მიწაში თუნდა ოქრო იდვას, თუნდა ქვაო, თუცა არ დახარჯევდიო!
- მეფეო, სალაროცა ეგრეა. რაც უნდა იდვვას, თუცა არ იხმარება კეთილად, ანუ არ დახარჯაო!
მამამან უბრძანა:
- მაშა, შენ რომ იტყვი, სრულობით არ ვარგა ქონების შენახვა?
ჯუმბერ მოახსენა:
- არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია.
თქვა ჯუმბერ არაკი:
დიდვაჭარი და მისი ძე
იყო დიდვაჭარი და ჰყვა შვილი ერთი. რა კვდებოდა, შვილს მართებული ასწავლა. სამასი ლიტრა ტყვია ერთს მონას მიაბარა და ამცნო შენახვა და შვილისა არა თქმა, ვირემ არ დაეჭიროსო.
მოკვდა კაცი იგი და შვილი მისი მემთვრალე იყო და ღვინის მსმელთა თანა ილხენდა. ყოველი მამის მონაგები სრულებით გარდააგო, რომე ცოლის სამკაულიც გაჰყიდა და დარჩა გლახაკი.
რა მისთა მსახურთ ნახეს, აღარა ჰქონდა რა, მისი სიყვარული გაცვითეს. მოაგონდა ტყვია და ჰკითხა მას მონას: რა უყავ, მამამან ჩემმან სამასი ლიტრა ტყვია რომ მოგაბარაო? იგი მომიტანეო!
წავიდა კაცი იგი და ტირილით მოვიდა. ეგრე უთხრა: მიწაშიგან დავფალ და თაგვს შეუჭამიაო!
მან ყრმამან არ დაუჯერა და მათ ღვინის მსმელთ უმოწმეს: მართალი იქნებაო.
დია დაგლახაკდა და მოუნდა მას თავის ამხანაგებთან სმა და არარა აქვნდა მისულიყო და მიეტანა. წავიდა, ცოლსა ლეჩაქი მოჰხადა, გაყიდა. ერთი პური და ცოტა ყველი იყიდა, წაიღო და წავიდა.
მისნი ამხანაგნი წალკოტში ისხდნენ და სმიდენ. რა კართან მივიდა, შარდი მოუნდა. პური და ყველი დადვა, და თვით მიდგა. მივიდა ერთი ძაღლი. პური და ყველი შეუჭამა.
შევიდა ყრმა იგი ამხანაგთა თანა. მათ მისი დიდი ხარჯი და მასპინძლობა დავიწყებოდათ, აღარც მაგიერი უყვეს და დატუქსეს: უძღვნოდ რად მოხველო!
შერცხვა და ეგრე უთხრა: ყველი და პური მომქონდა და ძაღლმან შემიჭამაო.
მონა იგი მისი მათ თანა სმიდა, გასცინა და ეგრე უთხრა: ტყუის, ძაღლი როგორ შეუჭამდაო.
აეტირა კაცსა მას და ეგრე უთხრა: ღმერთიმც გრისხავს! თუ სამასი ლიტრა ტყვია ერთმან თაგვმან შეჭამა, ერთ პურსა და ცოტას ყველს დიდი ქოფაკი როგორ ვერ მოერეოდა, რომ შეეჭამაო! და ნამტირალევი გამოვიდა.
ადგა იგი მონა, მოეწია უკან და უთხრა:
- ვერა სცან ჭკუა შენიო! ეგოდენი ქონება რად გარდააგე? ვინ არის მადლიერი? ახლა ჩემი ისმინე და ნუღარ მემთვრალეობ. თავი იცან. მე იგი ტყვია ისევ მაქვს. ეს დღე ვიცოდი და, თუ უწინა მომეცა, მასცა დაჰკარგევდი. აჰა, ახლა შენი ქონება ღმერთმან მოგახმაროს!
მერე კარგად იხმარა, ისევ დიდებული ვაჭარი შეიქმნა, რა აღებ-მიცემა შეიტყო.
- საქონელი ბევრი სჯობს, თუ კაცი კარგა იხმარებს, თვარა გლახაკი ავს მდიდარს სჯობს. ძველად თქმულა: ერთმან გლახაკმან თქვა: მეფეთა ვჯობვარო ამად, რომ მე რაც მაქვს, მეყოფის და კიდეც ვჯერვარო; და მათ ხმელეთი იშოვონ, არ იმყოფინებენ და არც გაძღებიანო!
ჰკითხა მეფემან:
- რადგან სიბრძნის სწავლას სჩემობ, რა უფრო საამოა კაცის და რა საწყენი და დასამძიმებელი?
მოახსენა ჯუმბერ არაკი:
მეფე და სამი მისი ძე
ერთი მეფე იყო დიდებული და სამი ძე ესვა. თქვა მეფემან:
- გამოვსცადო შვილნი ჩემნი, რომელსა აქვს სამეფო ჭკუა?
ჰკითხა სამთავე: რა უფრო კეკლუცია, რა უფრო მსუქანია და რა უფრო მალიაო?
უხუცესმან ძემან მოახსენა:
- ცოლი ჩემი კეკლუც არს, ცხენი ჩემი მსუქან და ქორი ჩემი მალ. მათი მჯობი არსად იპოვების.
მამამან უთხრა: მეფობამან ვერ გიხილოს შენაო!
საშუალმან თქვა ფერობა მამისა და მოახსენა: დედოფლის ულამაზესი, მეფის ცხენის უმსუქნესი და მეფის შევარდნის უმალესი არა იქნებისო.
მასცა უბრძანა მეფემან: სამეფო წილი არა გხვდესო!
ჰკითხა უმცროსსა, და თქვა:
გაზაფხულის უკეკლუცესი, შემოდგომისაგან უფრო უმსუქნესი და თვალთაგან უფრო უმალესი არა რა იქმნების პირსა ყოვლისა ქვეყანისასაო.
მოეწონა მამასა და სამეფოდ იგი შეინახა.
- ვიცი გამომცდი და, მე რომ კიდეც არ ვარგვიყო, ვინ გივის შვილი სხვა, ანუ ძმა იგი იყოს მკვიდრიო.
რქვა მეფემან:
- კეთილსა იტყვი სიტყვასა და მაშინც ხამს პოვნა მისიო.
მოახსენა ჯუმბერ:
- ცოდვის უამესი ცოტა ხანს არა არის რა, და ბოლოს სამსალა არის და საწყენი, პირველ უხაროდეს და ბოლოს ინანდეს. მადლისაგან და კარგის საქმისაგან უფრო ძნელად შესამართავი არა არის რა და რა ხელთა აიღოს, ადვილად ქმნას, პირველ ზარობდეს და ბოლოს უხაროდეს, დიდად სიამე შეექმნას. ავსა და ცუდსა საქმესა ბოლო მოკლე და საწყენი აქვს და კარგსა და სამადლოსა - დაულევნელი საუკუნომდის.
თქვა ჯუმბერ არაკი:
ორნი ძმანი
ორნი ძმანი იყვნენ. უხუცესს ცოლ-შვილი ჰყვა და მრწემი უცოლო იყო. გაიყარნენ ძმობასაგან და ერთად ვეღარ დადგნენ. ყოველივე განიყვეს, რაც ჰქონდათ. რა პური გაიყვეს, ერთის ორმო კალოს აქეთ იყო და მეორისა - იქით.
უხუცესი მოიპარევდის თავის ორმოდამა პურსა და ძმისაში ჩაყრიდის და იტყოდის: მე ღმერთმა ცოლი და შვილი მიბოძა, მომგებელნი მჰყვანან. მას ძმას არარა ჰყავს. ესე მისი იყოს და მან ჭამოს.
და იგი უმრწემესი ძმა მოიპარევდის თავისის ორმოდან უხუცესისასში ჩაჰყრიდის: მე მარტო ვარ და ჩემი სარჩო, სადაც მივალ, ადვილად არის. იგი ძმა წვრილშვილა არის და მას უფროსი უნდება და მისი იყოს.
ეგრე დაჰყვენ ყოველნი დღენი და ღმერთმან ორთავ განუმრავლა ყოველნი დღენი და არა მოჰკლდა საზრდო მათ.
მადლისა და კეთილის საქმე ღვთისაგან გამრავლდებისო.
უბრძანა მეფემან: მალვით არა მოეპარათ და ორმოში არა ჩაეყარათ, ცხადად მიეცათ, ვინ დაუშლიდაო?
გაეცინა ჯუმბერსა და ეგრე მოახსენა:
- კაცის გული ვიწროა და განაყოფი განაყოფის ქიშპი იქმნება და ცხადად სიკეთეს არ უზამს. მერე სამადლო საქმე მალვით სჯობს და ღმერთიც უფროსად შეუწირავს: კაცმან შენზე სამსახური ქნას, იკვეხდეს და ზვაობდეს - გეწყინება!
თქვა ჯუმბერ არაკი:
ორმოში ჩაგდებული მეფე
ორნი მეფენი შეიბნენ. ერთმან მეფემან მეორესა სძლო, შეიპყრა და ორმოში ჩააგდო.
გამოხდა ხანი. მოვიდა ერთი მეცნიერი კაცი და ენება აღმოყვანება და გაპარება მისი. ჩასძახა ორმოსა შინა და უთხრა: - კარგად არა ვიქმნ, რომ გაგაპაროო?
მან მეფემან მადლი უბოძა.
თოკით ამოზიდა და ამოიყვანა.
კიდევ უთხრა: კარგად არა ვქმენ, რომ ამოგიყვანეო?
მეფემან კიდევ მადლი უბოძანა.
მესამედ კიდევ უთხრა: კარგადა ვქმენო? ეწყინა მეფესა და დაიძახა: ვინა ხართ, ამ კაცმან გამაპარაო!
მოვიდნენ მცველნი, შეიპყრეს ორივენი. ჰკითხეს მეფესა: რად გაამჟღავნე და რად არა გაიპარეო?
მან თქვა: ვირემ ამომიყვანდა, საყვედურით ამავსო, თუ შინ მიმეწიან, კიდეც დამარჩობდა, აქა ყოფნა ვარჩივეო.
- აწე კარგი საქმე ასე უნდა ქნას, ან ღმერთმა დაუმადლოს და ან კაცმან მოუწონოს.
უბრძანა მეფემან:
- მომწონან ეგრე ენი სიკეთე. რად იცი ესოდენი მარტვილმანო?
მოახსენა ჯუმბერ:
ყოველივე ღვთისაგან არ და მას გარდა სამის საქმით მჭირიან. პირველად: კარგის ნეგი ვარ. მეორედ: ხელოვანის მებაღის შეწრთვილი. მესამედ: ფრთხილის შემნახავის ბარებული.
უბრძანა მეფემან:
- ეგენი ვინ არიან?
შვილმან მოახსენა:
- ნერგი - თქვენა, რომელმან მევით. მებაღე - სედრაქ ვეზირი, რომელმან ამღზარდეა, და შემნახავი - ლეონ, რომელი მასწავლის.
წარმოდგა რუქა და უთხრა ჯუმბერს:
- ორი ეგე მართალი სთქვი და მესამე იმტყუვნე.
ჰკითხა ჯუმბერ:
- რომელი?
უთხრა რუქამ:
- ნერგი და მებაღე - მართალია და კარგი: მბარებელი ავი და ტყუვილი.
უთხრა ჯუმბერ:
- თუცა მე სამში ერთი ტყუვილი ვთქვი, შენ სამში ორი მართალი გჭირს: მამაცობაში - დიაცურობა და დიაცობაში - ვერც მართლა დიაცურობა.
უთხრა რუქამ:
- ლეონს უწვრთნია ეგე შენთვის.
თქვა ჯუმბერ არაკი:
აქლემი და ვირი
ერთი აქლემი და ერთი ვირი, დიაღ დაღლეტილნი, დაძმობილდნენ და თავის პატრონს გაეპარნენ. წავიდნენ აგარათა ადგილთა. დიდად გასუქდეს მთათა მას ზედა. დაავიწყდათ სიმჭლე და ზურგის სიმპლე მათი.
ვირმან უთხრა აქლემსა: - ძმაო, სიმღერა მინდა ვსთქვაო.
აქლემმან დაუშალა: - ნუ ძმაო! აღარ გახსოვს, რას ჭირი ვიყავითო? არამც ახლოს კაცნი იყვნენს, ხმა ესმათ, ქაგვიყვანონ და უარესი გვიყვონო.
არ დაიჯერა ვირმა და დაიყროყინა. მეტად მაღალი სიმღერა მოუვიდა. თურე ახლოს მოგზაურნი იდგნენ. აქლემები და კარაულები დასცვივნოდენ. ესმათ მათ ხმა ესე. გაეხარდად დიდად და თქვეს:
- მივიდეთ, ვნახოთ, ანუ შენობა იქმნება, ანუ ქარავანი, ეგების ულაყი გვიმიზდონ.
მივიდნენ, ნახეს ერთი აქლემი და ერთი ვირი, მსუქნები და უპატრონონი იყვნენ. წაიყვანეს და ორსავ მძიმედ აჰკიდეს.
რა გზა გაგრძელდა, ვირი დამძიმდა და დადგა. კაცთა მათ აიღეს ვირი და მისი ტვირთი, ორივ მას აქლემს დაადვეს.
წაიღეს, ერთი ვიწრო გზა დახვდათ, დიდი კლდე გადასავარდენი იყო. აქლემმან უთხრა ვირსა: - ძმაო, მინდა დავროკდეთ და სამაია და ცეკო ვქნაო.
ვირმა უთხრა: - რას ალაგის სამაია და ცეკო არისო?
აქლემმან უთხრა: - იმისთანა სიმღერას ამისთანა ადგილის სამაია და ცეკო უნდაო.
ჯავრით აემართა აქლემი, ვირი კლდეს გარდააგდო და დაჩეხა.
- მის მსგავსად, მაგ შენს სიტყვას ამისთანა პასუხი უნდა, თვარა ყველამ იცის, ჩემი ცოდნა სრულ ლეონის ნასწავლები მაქვს.
თქვა რუქამ:
- ვაიმე! ლეონ მარტო იყო და რას ლამოდა, აწე მეფის ძეც მიუყენებია და მის ნებად გაუზრდია, რაღა მექმნებაო?!
თქვა რუქამ არაკი:
მეფე და სიკვდილი
ერთი მეფე იყო, ფიცევდა: მე სიკვდილი ეგრე ვერ მომკლავს, მეც ის არ მოვკლაო! მოიმზადა აბჯარი და ხრმალ- დარაკა. მზა უდგა სიკვდილსა.
რა დღე მოუვიდა, დასნეულდა, საჭურველი ახლოს დაიწყო. რა შეწუხდა, ხელი ხრმალს მიჰყო, ვეღარ ამოიღო. აგინა სიკვდილსა და უთხრა: ეგ რა მამაცობა არისო? კაცს პირველ ღონეს წაართმევ და მერმე მოჰკლავო. თუ გულოვანი ხარ, პირისპირ შემებიო!
- მის მსგავსად, თვით ის იყო და აწ პატრონის ჩემის შვილი წაგიგვრია და ვითღა ვეუბნათო?
თქვა ჯუმბერ არაკი:
ღვინის ძალა
სულთან სალიმ ჰკითხა ვაზირსა მისსა: ვინცავინ კაცნი ღვინოს რად სმენ, რომე ყოველი ავი სიმთვრალეს მოაქვსო?
ვაზირმან მოახსენა: ღვინოს ავისაგან კარგიც უმრავლესი შეუძლიან. ღვინო ბრმას თვალს აღუხილებს, საპყარს ავლენს და გლახაკს განამდიდრებსო.
მოასხმევინა სამნივე ხეიბარნი ფადიშაჰმან და პირისპირ დასხნა და ასვეს ღვინო. რა დაითრო, თქვა ბრმამან: ღმერთო, ადიდე ხელმწიფე, რა კარგსა და წითელს ღვინოს გვასმევსო!
საპყარმან უწყინა და უთხრა: ვისთან უბნობ? ხელმწიფის მზემან, ესრეთს წიხლს ჩაგაზელ, გვერდი მოგტეხოო!
გლახაკმან უთხრა უპოვარმან: მოჰკალ და სისხლს მე გარდვიხდიო!
ვაზირმან მოახსენა:
- აჰა, ბედნიერო ხელმწიფეო, ღვინოს ესე ყოველი შეუძლია. ან მან რით ნახა, ან იგი რით გალახევდა, ან ეს სისხლს რით მისცემდა?
- ჰე, შენ, რუქავ! შენც ხომ მათსაებრ ხეიბარი ხარ და ღვინოც, ვეჭვობ, გესვას, თვარა ეგრეგვარსა რა გამბობინებს?
თქვა რუქამ არაკი:
უნებლიე მკითხავი
ერთი საბრალო კაცი იყო, ერთი ანჩხლი რძალი ჰყვა. აგინებდა რძალი იგი და ეტყოდა: წადი იქურდე, იშოვნე და მომიტანეო!
ეხვეწებოდა იგი კაცი და დიაცი არ მოეშვა.
დღესა ერთსა ნამტირალევი, რძლისაგან ნაცემი, ვლიდა. ნახა შვიდი აქლემი, აბრეშუმით დატვირთული. უპტრონონი იყვნეს, წაასხა და ერთს ტყეში დამალა და მოვიდა მუნვე.
მის აქლემების მაძებარი კაცი შემოეყარა, ჰკითხა:
- შვიდი აქლემი დავკარგე, და თუცა რამ მისი გამიგო, ერთსა რაც ეკიდოს, მოგცე!
მან კაცმან ეგრე უთხრა: მე არ მინახავნ, მაგრამ ასეთი მეცნიერი ვარ, რომე ჩემისთანა მოგვი არ იქნებაო.
თურე ერთი ცუდი წიგნი ეპოვნა და უბეთა შიგან ეპყრა, გამოიღო და ჩახედა, ეგრე უთხრა: შევიგენ და სხვის გზით წარუძღვა და ეტყოდა: აჰა, კაცთა მიჰყვანანო.
ზოგჯერ რა უთხრა და ზოგჯერ რა. რა მას ადგილს მიახლოვდა, უთხრა:
- მათ კაცთა ალღო აგვიღეს და აქლემნი დაუტევეს და თვით გაიქცნენ: ჩემმან სამისნომ ეს მამცნო.
მიიყვანა, აქლემები აჩვენა და ერთი ტვირთი აბრეშუმი მისცეს. მოიტანა შინ. რძალმან დია დაუმადლა და ეგრე უთხრა: კეთილი მაზლი ხარ, ეგრე ჰყოფდეო!
მას ჟამსა თურე მეფეს ერთი უსასყიდლო თვალი დაჰკარგოდა და იყო დიდი გამოძიება და ძებნა-კითხვა. მივიდა მასთანა იგი მეაქლემე და მოახსენა:
- ძოღან თქვენი აქლემები დავკარგე და ერთი მისანია, მან მიპოვნა.
გაგზავნეს კაცი და მსწრაფლად მოიყვანეს. დიდსა სეფესა შიგან მრავალი მისანი სხდა და ბოლოს კერძ იგი უწიგნო ახალი მისანიც დასვეს. ერთსა მონასა ოქროს კროჭითა რაღაც დაქონდა და იტყოდა: რომელიც ამას გამოიცნობს, ამასა შიგან რა ძეს, იგი პოვებს თვალსა მასო?
შეიქმნა თქმულობა: ზოგმან თვალი თქვა, ზოგმან მარგალიტი, ზოგმან სხვა რამე. რა მას ახალს მისანთან მივიდა, მან საწყალმან არა იცოდა რა, ამოიოხრა და თქვა: ვაი, ჩემო რძალო, რა უბრალოდ მომკალიო.
მან გულის მართლით თქვა და მეფეს გაეცინა: იგავით თქვაო!
შიგ თურე მკალი იჯდა და ზმად ჩამოართვეს კაცსა მას.
გაიყვანეს და სამეფო სამოსელი შეჰმოსეს, მეფის საწოლს დააწვინეს და მეფისავე ცხედარი დაუგეს და გარს სეფეწულნი მოუყენნეს, ესრეთ დიდი პატივი დასდვეს. იგი მისანი ამას სცდილობდა, თუცა სეფეწულთ დაეძინოსთ და მე გავიპაროო.
თურე იგი თვალი ერთს სეფეწულთაგანსა მოეპარა და, რა სხვათ დაეძინათ, იგი მომპარავი ფერხს მოეხვია: მე მოვიპარე და ნუ გამამხელთო!
მას კაცს დია იამა და აგრე უთხრა:
მე დილასავე ვცან, მარა ჭაბუკობა შენი შემბრალდა და არა ვთქვიო. აწ წადი, მეფის საბატესა შიგან ერთსა ღერღეტსა ჩაანთქი და მხარი მოსტეხე, და შენ შენდა განისვენეო!
რა გათენდა, ახალი მისანი მხიარულად ასპარეზსა შიგან დადგა. გამოვიდა მეფე და ჯარი. ჰკითხეს თვალისა. გამოიღო წიგნი, ნახა და თქვა: რაც მეფის ღერღეტნი იყვნეს, მოასხითო!
რა მოასხეს, ნახა, იგი ნიშანი არ იყო, თურე მუნვე გაეშვათ. უთხრა მათ მომყვანთა კაცთა: ერთი მხარმოტეხილი აკლიაო.
გაუკვირდათ ყოველთა და იტყოდენ მისთვის ქებასა .
მოიყვანეს იგიცა. უთხრა: გაუპეთ უპე, მაგას ჩაუნთქავსო.
გაუპეს და თვალი გამოუღეს.
იამა მეფესა და მრავალი საბოძვარი მიანიჭა და ერთი თავისი სახედარი ცხენი, ოქროთ აკაზმული, მისცა.
ეს კაცი თავის გაზრდაში ცხენს არა მჯდარიყო და იგი ცხენი ჩვეული იყო, რა მოედნის აქათ გამოვიდის, მეფე იქითვე თურე გაარბევდის. რა შეჯდა და გამოვიდა ამ თავსა, გაბრუნდა ცხენი იგი და გაჭენდა. მან კაცმან თავი ვეღარ დაუჭირა, შეშინდა და შექმნა ძახილი: მიშველეთ, მიშველეთო!
რა საჯინიბოსთან მივიდა, საჯინიბო დაიქცა და მეფის ცხენები სრულიად დახოცა, და ეს ცხენიც დადგა.
მერე მან ახალმან მისანმან თქვა: მოედანს იქით რა გაველ, ეს საქმე ვცან და ვიძახდი მიშველებასა და არავინ მიეშველენითო.
იგი ცხენი მეფესავე მიართვა და მეფემან სხვა ურიცხვი საქონელი უბოძა. რა შინ მივიდა, აიყარა და გარდაიხვეწა. იცოდა ბოლოს მისი სიმტყუვნე სააჯმნოდ შეიქმნებოდა და მით მორჩა.
- აწე, ძეო მეფისაო, შენი ლეონ აწვე გაიპაროს, იგი უჯობს, თვარა მაგის სიცრუვესა სცნობთ და არ უჯობს.
თქვა ჯუმბერ არაკი:
ცრუ და უმეცარი
იყვნენ ორნი ძმანი. ერთი მეფეს ახლდა და ერთი შინ იჭირვოდა. მეფეს რომელი ახლდა, ცრუ იყო და მრავალს აძლევდა. შინ რომელი იყო, უცოდინარი იყო და ძმას ეტყოდის:
- მე შენის ტყუვილის თქმით დარჩომას არა ვჯერვარ; თუცა შენ გაძლევს მეფე, განა მე ტყუვილს ვერ მოვიგონებ - მეფესთან ვთქვა და მეც მომცეს წყალობა?
ცრუ ძმა ეტყოდა: მე რასაც ვიტყვი, იამება და შენ ბევრს გიზიდავ და არას განაღვლებ და არა გყვედრი, შენდა იყავო!