prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

სიბრძნე სიცრუისა — ნაწილი 14

სულხან-საბა ორბელიანი · პროზა

მოწამე არა ჰყვანდა. წაართვა მან ბრმამან ფლურები. დაღონდა ის საბრალო კაცი, თან გაჰყვა: ამ ჩემ ფლურებს რას უზამსო?

შევიდა ეს გლახა თავის სახლში, ერთი ქილა ამოიღო, სულ ფლური ედვა, ისიც ზედ დააყარა და უთხრა: ჩემო ხუთასო ფლურო, ეს ცხრაც შემოგმატეო!

სამჯერ შეაგდო ქილა და დაიჭირა. მეოთხედ რა შეაგდო, მან კაცმან ჰაერში ხელი მოჰკრა და დაუმალა. ეძება ბევრი, მაგრამ სადღა ჰპოვებდა? გამოვიდა და დაიწყო ტირილი.

მოვიდა სხვა უსინათლო გლახაკი და უთხრა: რა გატირებსო? უამბო მის ამბავი: ასე, ხუთასი ფლური დავკარგეო!

მან მეორე ბრმამ უთხრა: აგრე უნდა ფლურის შენახვაო! ამ ჩემს მრუდს ჯოხში შვიდასი ფლური ძეს, სადაც დავაგდებ, ვინც აიღებს, მევე მომიტანსო!

უწინდელმა ბრმამ სთხოვა: მაჩვენეო!

რო მიაძლია, ეს საბრალო კაცი იქივ იდგა, მან გამოართვა. რა დაგვიანდა, თხოვა დაუწყო.

მან უთხრა: არ მოგიციაო. ამაში შუღლი გამოერიათ ორთავ ბრმათა.

ამ ჩხუბზე ერთი სხვა უსინათლო ბრმა მოვიდა, ჰკითხა: რა გაშუღლებსთო?

მან მისი ქილისა უთხრა და მან მისი ჯოხის ამბავი.

მან მესამემ ბრმამ უთხრა: ვაი თქვენს ჭკუასა, რა კარგა შეგინახავსთ ფლურებიო! ამ ჩემს ძველს ჩოხაში ათასი ფლური ძეს, სადაც გავაგდებ, მევე მომცემენო.

საბრალო იგი კაცი მუნვე დგა. ესმოდა, წავიდა, თაფლი იყიდა და ჩოხაზე შესცხო. ფუტკარი დაეხვია. ბრმამ ჩოხა გაიხადა. ისიც მან საბრალო კაცმან წაიღო. შექმნეს ამ სამთავ ბრმათ ყვირილი და ტირილი. ეს საქმე სამეფოდ გახდა.

მეფემ კაცი დააძახა: ვინც ჰქმენით, მოდით, მე მიამბეთ, თვარა სულ ამოგწყვეტთო!

იგი საბრალო კაცი შეშინდა. მივიდა და ყველაყა მოახსენა: ესრე კარგი ვუყავ და სიკეთის პასუხი ეს მიყოო.

მას საბრალო კაცს მეფემ ესრე უბრძანა: რადგან კარგისათვის კარგი არავის უქმნია, ას-ასი ფლური შენს სამლოცველოდ მიეც და სხვა შენი იყოსო.

უთხრა ლეონ:

ეგ კარგისათვის ავი პასუხი არ არის. მას საბრალოს კაცსა ღვთის აღთქმა გარდაუხდია, ბრმა დაჰხარბებია, სამთავ უსამართლოებით ნაშოვნი ჰქონიათ და ღმერთს სულ იმ საბრალოსთვის მიუცია.

თქვა ლეონ არაკი:

მაგისტროსი კეისრისა

იყო მაგისტროსი ერთი, დია კარგი და სახელოვანი ჭაბუკი, ყმა კეისრისა. და გაგზავნა კეისარმან მოციქულად საფრანგეთს. დია ქველის მოქმედი კაცი იყო, უფროსად ფარულად იქმოდის.

წავიდა. რა გზა განვლო, ნახა, ერთს ადგილს ერთი შიშველი მკვდარი კაცი გდია. წავლო პაშტა ადგილი, მოსამსახურეთ უთხრა: თქვენ წადით, მე ნუ მელითო!

რა ისინი გაიცალა, დაბრუნდა, ტანს გაიხადა, ორი პერანგი ეცვა, ერთი მას მკვდარს წახურა. ჩაიცვა აგრევ და მსახურთ მოეწია.

მივიდა ქალაქსა ერთსა. ნახა, ფოლორცში მწვირე დგას და შიგ საპყარი გლახა ეგდო. არცავინ ამომყვანი პყვანდა და არცავინ მიმცემი რისამე. თვით მაგისტროსი ჩამოხდა სახედრით და ამოიყვანა საპყარი, ხმელზე დასვა და ერთი ფლურიც მისცა.

წავიდა საფრანგეთს, ჩაჯდა ნავში, ზღვა აუღელდა, ნავი დაემსხვრა და მაგისტროსი უფსკრულში დაინთქა.

მოუხდა კაცი ერთი, მოჰკრა ხელი და ხმელზე გამოიყვანა და უთხრა მაგისტროსს: მე ის გლახა ვარ, შენ რომ წუმპით ამომიყვანე; მე მის მაგიერ ეს მიქნიაო!

წავიდა საფრანგეთს, ყოველი კეისრის ბრძანებული გაასრულა, მობრუნდა, მოვიდა კონსტანტინეპოლედ. მოედანზე ცხენი გამოაჭენა, წაექცა, წვივი სრულებით დაილეწა. გამოვარდა მეფე და სრული ჯარი. აიყვანეს მაგისტროსი, შეიყვანეს, დააწვინეს, მკურნალნი დააყენეს. ვერა უწამლეს რა.

მაგისტროსს ერთი გულითადი მონა ჰყვა, სულ საწოლს უწვის, იგი შეუყენა დასტაქართა: ჩემთვის რას იტყვიანო? დასტაქარნი გავიდენ, მონა გაჰყვა, დასტაქართ თქვეს: ხვალ მოვიდეთ, თუ მუხლში მოგვაჭრევინოს, უწამლოთ, და კიდეც მორჩება, თვარა მოკვდება და ხელს ნუ მივყოფთო!

მივიდა მონა და ყველა უამბო.

რა მაგისტროს მოისმინა, ასე თქვა: მე ცალფეხს სიცოცხლეს, მოვკვდე, დია მიჯობსო!

მრავალი იტირა და მიეძინა. და მონა იგი ფერხთით უწვა.

შუაღამისას შემოვიდა კაცი ერთის სარკმლიდგან, თეთრი პერანგი ემოსა, დაჯდა. მაგისტროს მოიკითხა და ფერხის ამბავი ჰკითსა. მერმე უთხრა: მაჩვენე ფერხი, რა რიგად გაქვსო?

გაუხსნა და უბეთა ერთი მოთხე ედვა, ამოიღო. მას შიგან წამალი რამ იდვა, ამოიღო, თითი დააწო და ფერხი დაუზილა. უთხრა: გაიძარო! არ მოეხსნა და გააძვრევინა. ფერხი კარგა გაიძრა.

მეორედ კიდევ წასცხო წამალი და უთხრა: ადეგ, მამეყრდენო! მაგისტროს კიდევ უარი თქვა და არ მოეხსნა, აღადგინა და მიიყრდნა.

დააწვინა და მესამეც წასცხო და უთხრა: აღდეგ, წარვლე, მორჩიო!

წარვლო, მთელი კაცი შეიქმნა. უთხრა: მე იგი მკვდარი ვარ, შენ რომ გზაზე მნახე და პერანგი წამხურეო. მე მის სიკეთის პასუხი ეს მიქნიაო!

- აწ, ძმაო რუქავ, დიდმან იცის და მცირემან კარგისათვის კარგი პასუხი. გლახაკმან და ვაჭარმან, მკვდარმან და საპყარმან ესე ქმნა და შენ რად იტყვი კარგისათვის ავსა და მაგიერის უქმნელობასა?

თქვა რუქამ არაკი:

მეფე ანაკოფიისა

მეფე იყო ანაკოფიისა. მრავალი ერი მონებდა და ყოველი კაცი უყვარდა. ერთგულისას ამას იტყოდის: რა გინდ ბევრი ვაწყინო, ისევ ერთგული ბუნება აქვს და არ დამთმობსო და ორგულს ეგოდენს წყალობას ვუზამ, გავიერთგულოო.

გამოხდა ხანი. ორგული არ გაუერთგულდა და ერთგულიც გაუორგულდა. მტერნი აუჩნდნენ. მეფე სამკვიდროზე ვეღარ დადგა და სხვას თემს ივლტოდა. თან ორივ გარდაჰყვა: ერთგულიცა და ორგულიცა.

რა დიდად გასჭირდა ხანთ სიგრძისაგან, თუ რამ ორგულს უბრძანის სამსასური, აყვედრის: რა მეწყალობება? სახლი გაუშვი, მამული და შენ გახლავარ. აწ კიდევ აქა-იქ ტანტალს არ მაჯერებო!

რა ერთგულს უბრძანის, უთქმელად ჰყვის.

გამოხდა ხანი და უფრორე გაუძნელდა საქმე.

რა აღარას ხსნა იყო, მოახსენა ერთგულმან: გარდმოვარდნილხარ და საგანძური დაგლევია, აღარა გეშოვება რა. მე გამყიდე და ჩემის ფასით სხვანი დაარჩინე!

შეწუხდა მეფე და არა ქმნა ენება. მაგრა ღონე აღარ იყო. გაყიდა ერთგული და მისი ფასი იხმარა. მან ერთგულმან, რა თავი გაიყიდა და გაჰშორდა, გამოიპარა და პატრონთან მოვიდა. რამდენჯერ გაუჭირდის, თავი გაიყიდის და გამოიპარის და პატრონთან მოვიდის.

ჟამთა ვითარებით, მეფე იგი მუნვე მამულსა თვისსა მოვიდა და გამეფდა. მას ერთგულის ნამსახურს აღარა პატივი მისცა და მისი მამულიც მიუღო, და ორგულს ბევრი შეჰმატა, რომ ეს მხნე და გამძრავი კაციაო, და შენ უღონო და გულდედალი კაცი ხარო!

- ამით სცან, რომ კარგისათვის კარგი არავის უქმნიაო.

უთხრა ლეონ რუქას:

- რამცაღა გითხარ, ესრეთ შმაგხარ, მეფეს პირისპირ ეტყვი: კარგისათვის კარგი არ ძალგიც და ავისათვის ავიო. მე შენ დღეის წაღმა აღარას გეუბნები, თავმან მეფისამან!

მან სიტყვის მდინარემან, ამბავტკბილმან, ენამრავალმან ვაზირმა სედრაქ დაუწყო წვრთნა რუქასა და ეტყოდა:

- რუქავ, მე რა ამაღლებულისა და ღრუბელთა უმაღლესისა ხელმწიფისა საფარველს ქვეშე შემოვსულვარ და შენ შემისწავლიხარ, ძმასა და შვილსა ორსავ მირჩევნიხარ და არცა შენგან უკეთესი მეგობარი მყოლია. ამას გეტყვი და გასწავლი: რა კაცი კაცს გაუმტერდება, სიქიშპე ვეღარას დაანახვებს, თვარა შენგან მართებული არ არის. რასაც კაცისათვის ავი და ბოროტის მთქმელი იყო, ყოველს კაცსა სიყვარულს უნდა აჩვენებდე, თვარა, რა გაუმტერდე და ვეღარ შეიძლო, დაძაბუნდები.

თათვალი

არის ინდოეთს მფრინველი ერთი, რომელსა თათვალს უხმობენ, მიმინოს უფროა და მფრინველს ნადირობს, თუცა მოუხდა. რასაც დღეს მფრინველი ვერ ინადირა, მივა და გუშინდელს ნაჭამს ძვალს მონახავს, დაჯდება და თითო-თითო ძვალს აიღებს ნისკარტითა და უკანით შეიყოფს. თუ სრულიად დაეტია, მერმე ჩანთქამს. იცის რომე მოვიდნობო და განსავალითაცა გავაო. და თუცა არ დაეტია, აგრევე დასდებს, რომ ვერ მოვიდნობო, და არცა ხელჰყოფს ჭამად.

- თუცა მფრინველს ეგოდენი გონი აქვს, წინასწარ გამოიკითხავს საქმესა, შენ ხომ კაცი ხარ და მეფის წინ აღზრდილი, რად იქმ უგვანსა, რად არ დაადუმებ ცუდის საუბრისაგან ენასა.

კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის.

ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია.

ამხანაგი ლხინი ფრიადია, სიხარულთა გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია.

ამხანაგი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია.

ამხანაგი მტერთათვის მაზიანებელია, მოყვარეთათვის საიმედოვნეა, უცხოს თანა გამოსაჩენია და მეცნიერსა თანა მოსამსახურეა.

ამხანაგი მარტოსათვის ხმის გამცემია, ჯართათვის მარგებელია და ცოტას კაცთა შემაქცეველია.

ამხანაგი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია.

ამხანაგის უკეთესსა შენ რას იშოვნი? რად გძულან, რად ეშუღვლი, რად ეკამათები? მე მრავალი კარგი კაცი მინახავს, მამაშვილობასა და ძმობას გაჰყროდეს და ამხანაგს შესწყობოდეს.

ამხანაგში თუ არ სიყვარული, საქიშპარი არა არის რა.

უთხრა რუქამ არაკი:

სალამანდრა

ინდოეთს არის სულიერი ერთი, რომელსა სალამანდრას ეძახიან. სადაც სააგურე ენთება, ან აბანოს სახმილი, ან საკირე, მას ცეცხლში იქმნება და მუნ იპოვების. რა ცეცხლი მოაკლდება, მაშინვე მოკვდება მეტის სიგრილისაგან. ცეცხლის სიცხე არჩენს.

მუნებური მეფე მის ტყავს შეიმოსს სიგრილისათვის. მას ეგეთი აგებულება აქვს, რომე ცეცხლი თუ მოაკლდა, მოკვდება და სხვას სულიერს, თუ ცეცხლი მიეხლო, დასწვავს.

რა რიგადაც სხვადასხვა რიგი აგებულობის პატრონი მფრინველია, აგრევ სხვადასხვა რიგისა კაცია.

შენ მაგ ბუნების პატრონი ხარ, რომე ყოველი კაცი გიყვარს და მე ყოველნი მძულან. მე კი არავინ მძულს, მაგრამ მე ყველას ამაზე ვძულვარ, მეფის ერთგული ვარ. მე ამის მეტი არავინ ვიცი და არცავის ვეფერები, ვირემ მეფე ცოცხალია, არცავინ მინდა. თქვენ ყველაყანი სხვასა დაეკვრით და სხვას პირს ჰკრავთ, თვარა მე ვისზე რა დანაშაული მაქვს, რაც ცუდად არ ამიმტერდით.

თქვა რუქამ არაკი:

სამნი ამხანაგნი

იყვნენ სამნი ამხანაგნი. ერთი დია კარგი და ბატონის ერთგული და ყოვლის კაცის შეუცოდარი, მართალი და მართლის მთქმელი იყო და ორნი მტყუარნი და ორგულნი.

იგი ორნი ამხანაგნი ორგულებაზე აწვევდენ მას ერთსა, და იგი ერთი ეტყოდა: ნუ, ძმანო, არა სჯობს. პატრონისა ორგული ღმერთსაც სძულს და კაცსაცა, და ნუ ბოროტებთო!

იგინი გაუმტერდენ და პატრონთან შესმენას ეცადენ. არ შეიბეზღა და ღამე ბაგირი წაუჭირეს და დააშთვეს.

- თქვენც აგრე მიპირობთ, განა ვერა ვხედავ? ამხანაგს რომ მიქებ, ამხანაგი ესეთი მინდა, ჩემის ნებისა და ჩემთვის კარგის მოქმედი, კეთილისმყოფელი, უზიანო, მეფესთან კადნიერად სიკეთის მოქენე, არა მაოხარი, ქიშპი, მტერი და წახდენის მცდელი. ღმერთმან ეგეთი ამხანაგი თქვენ მოგცეს, თქვენ მე ამხანაგები მყავხართ, ან როგორსაც ამხანაგობას მიპირობთ!

თქვა ვაზირმან არაკი:

გლახაკი და ქილა ერბო

ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა ზედა და ერთი ქილა ერბო ჰპოვა. აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდვა. დაიწყო გზა-გზა სვლა და გულთა ამას უბნობდა: - აწ გამდიდრება მოინდომა ღმერთმან ჩემი. ჩავალ ქალაქად და ერბოს ნახევარ მარჩილად გავყიდი; მით თორმეტს ქათმის სამამლე წიწილებს ვიყიდი, მოვიყვან, დავზრდი, დავყვერავ, დავასუქებ და თითოს თითო აბაზად დავყიდი. მერმე მით საეშვე გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ, დავაკერატებ და ორ-ორ მარჩილად დავყიდი. მერმე მით სახარე ხბორებს ვიყიდი, დავზრდი, მოვხნავ, მოცხნავ, მოვთესავ და აშენებული შევიქმნები.

და ამ გულისთქმაში შეშა აუდვა და ქალაქს გასასყიდლად წამოიღო. ერთი ხიდი დახვდა. თქვა მან კაცმან: - აქ ხარი არ გაიარს, ხმა გავცეო. შესძახა: - ჰარიო! დაუქნია ჯოხი. ერბოს ქოთანი ხიდზე დაჰკრა, ქოთანი გატეხა, ერბო დაიქცა. მისის გულისთქმით გამდიდრება წუთზე წაუხდა.

- შენც შენის გონებით ბევრს რასმე ზრახავ და გამდიდრდები, მაგრამ ასეთი რამ გაგიზრახავს, რომე ღვთის ძალით შენს თავსაც მოჰშლი, არამცთუ განზრახული გაათაო.

უთხრა რუქამ პასუხად არაკი:

ორი დავრიში და შაჰი

ორი დავრიში მოვიდა ისპაანს. ერთი სადგომს დადგა და ერთი ისპაანის შაჰთან მივიდა.

ჰკითხა შაჰმან: მრავალი თემი მოგივლია, რა უფრო უცხო გინახავსო?

მან დავრიშმან მოახსენა:

- მრავალი უცხო მინახავს, მაგრამ ძოღან ღამ აქ საკვირველი რამ უცხო ვნახე, არას ადგილს არ მინახავსო. რა შუაღამე შეიქმნა, მოვიდა ერთი ასეთი მფრინველი: ერთი ფუნდუკი მისის კაცებითა, აქლემებითა, ადგილითა, სახლებითა, გალავანითა, სრულობით აიტაცა და წაიღო.

გაწყრა შაჰი და გააძო: ასეთი ტყუვილი რა სათქმელია, ფუნდუკი და მისი გარეშემო მფრინველმან აიტაცა და წაიღოო!

მოვიდა გაწბილებული დავრიში და ამხანაგს ყოველი უთხრა. აგინა ამხანაგმან და ეგრე უთხრა: საშოვარს მოველოდი და შენ მაგისთანა ტყუვილით გამოძებული მოხვალო! ფუნდუკის აღება რამ გათქმევინაო? ან აქლემის ატაცებას იტყოდი, ან ცხენისასაო.

მერმე მან დავრიშმან თქვა: წავიდე ამ ჩემს ამხანაგს ტყუვილი გაუმართლოო. მივიდა. შაჰმან დავრიში ნახა, ჰკითხა: მრავალი თემი გინახავს და რა უფრო უცხო გინახავაო?

მან დავრიშმან მოახსენა: ბევრი რამ უცხო მინახავს და გუშინ წინ რომ აქ უცხო ვნახე, მისთანა არა მინახავს რაო. რა მამლის ყივილი შეიქმნა, ჰაერითგან ხან აქლემის თავი ჩამოვარდა, ხან ფერხი, ხან ცხენის ნაწყვეტი, ხან აგურის ნატეხი, ხან ალიზის ნალეწი. გათენებამდის ძილი არ მომსვლიაო.

შაჰს გაუკვირდა და თქვა: თურე იგი გუშინდელი დავრიში მართალს უბნობდა, და ცუდად გავაძეო.

მრავალი მისცა და ის ტყუილიც დაუჯერა.

- თქვენც სამთავ პირი შეგიკრავსთ და რომელიც ტყუვილს იტყვით, მეორეს ასეთს სიტყვას მოახსენებთ, რომ მეფეს დააჯერებთ და მე კი წამახდენთ.

თქვა ლეონ არაკი:

გლეხი და სამი გველი

ერთი კაცი ყანას მკიდა. ნახა, ორი გველი თამაშობდა. ერთმან გველმან მეორე დააწვინა, გარეშემო თვით წრე შემოავლო და წავიდა.

მივიდა ერთი სხვა გველი. დაინახა, წრეს შიგნით ერთი გველი წევს, წრე აღარ შეშალა, შეიკუნჩხა, შეხლტა, წრეში ჩახლტა, გველი მოკლა და ისევ გადახლტა და წავიდა.

მოვიდა მეორე იგი გველი. ნახა, თავისი ტოლი მოკლულია. მას კაცსა ცხენისათვის ალერდი დაეთიბა, ხორომად შეეკრა. მას შიგ შეძვრა და დაიმალა. მან კაცმან რა მუშაობა გაათავა, თივა აიკიდა, შინ წაიღო. მას ღამე გველი გამოძვრა და სულ ჯამჭურჭელი დაუშხამა და თივაშივე დაიმალა.

მეორეს დღეს მან კაცმან მათ გველთ ამბავი ცოლს უამბო. რა გველმან მის კაცის უბრალობა შეიგნა, გამოძვრა და, რაც ჭურჭელი გესლით დაეშხამა, სულ ჩამოყარა და დაამტვრია და კარი გაიარა.

შეიგნეს მათ ცოლ-ქმართა, რომ გველი თან მოჰყოლოდა და ახლა უბრალობისათვის ჭურჭლის დაშხამაც აცნობა და წავიდა.

- ძმაო რუქავ! დია კაი კაცი ხარ და ამას იქმოდე: უბრალოსას, თუ გველი ცდილობს, არა აწყინოს რა, შენ ხომ ადამის ტომი ხარ. ჩვენ შენთან შეცოდება არა გვიცს რა, და ნურც ეგრე გესლით გვშხამავ, თვარა უბრალოს ღმერთი არ მოიძულებს და არც შენის გულისას უზამს.

თქვა რუქამ არაკი:

სამნი ძმანი

სამნი ძმანი იყვნენ. ორნი ბოროტნი და ხარბნი და ერთი მართალი და ღვთისმოსავი. გაიყარნენ. ავნი ძმანი ერთგან დადგნენ და კარგი ძმა ცალკერძ გააძეს.

წავიდა კარგი ძმა, ნახა ერთს ალაგს ერთი დიდი ქილა ფლური. ერთპირობით ვერ ზიდა. წამოვიდა შინ. მას ღამესა ცოლს უთხრა: ამა და ამ ალაგს ქილით ფლური ვნახე და ხვალ წავალ, სახედარს წავიყვან და მოვიტანო.

თურე ძმანი ერდოდამ უმზერდენ, დახარბდენ. მასვე ღამეს წავიდენ, ხვალ ჩვენმან ძმამ არ დაგვასწრასო. მივიდენ, ლამპარი აანთეს, ნახეს, ქილა სრულობით გველითა და ღრიანკლით სავსე ეჩვენათ.

მათ ძმათა ესრე თქვეს: ჩვენმან ძმამ გვიღალატა. ეს უნდოდა ჩვენთვის ესმენინა, მოვსრულვიყავით, დაგვენახა და ეკბინათ, თვარა რა ჩვენს მზერაში თქვა იგი ამბავიო.

პირს მაგრა მოჰკრეს ორთავ ძმათ, აიკიდეს, ესრეთ თქვეს: მას ჩვენს ძმას ჩვენი სიკვდილი უნდოდა, და ჩვენ ცოლ-შვილით დავხოცოთო.

წაიღეს ქილა და ბანიდამ ჩაუგდეს. თქვეს: ქილა შეიმუსვრის, გველი და ღრიანკალი სახლს მოიცავს და ყველაყას დახოცსო.

მეორეს დღეს გაეღვიძა მას მართალს ძმას, ნახა, გუშინდელი ფლურები სახლში უყრია. მათ ძმათ მისი წახდენა მოინდომეს, მაგრამ ღმერთმან ფლურები შინ გაურჯელად მიუტანა.

- თქვენც ჩემსა ამ რიგად რასმე სცდილობთ, მაგრამ ღმერთი თქვენის ნებისას არ მიზამს, იცოდეთ!

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — სულხან-საბა ორბელიანი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.