ბრომლეიმ თქვა: „მე არ ვითხოვ, რომ თქვენ დაწეროთ რაიმე ახალი და ორიგინალური. სრულიად საკმარისად ჩავთვლი, თუ ამ უჩვეულო და განსხვავებული სიტუაციის შესაბამისად, შექმნით ერთ ნაწარმოებს, თუნდაც ისეთივე ერთმანეთში გადაბმულს, როგორც შემთხვევით იყო გადაბმული ამ მშვენიერი ქალის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი:
შავი ზღვის პირას მდებარე ჩვენთვის უცნობი ქვეყანა; თავადი ქალი; ქმარი, რომელიც იყო ცუდი და ქმარი, რომელიც იყო მშიშარა; უკიდურესი სიღარიბე; ქმარ-შვილის სიყვარული და... პარიზი: ფუფუნება; კეკლუცი ქალის მდგომარეობა... მაგრამ სული კი მაღალი. სხვადასხვა კომპოზიტორის ნაწარმოებებში თქვენ იპოვით მასალას... უკაცრავად, მე უკვე ჩავერიე თქვენს საქმეში.“
მდივანმა პატრონის განმარტება ჩაიწერა და გვერდით მიაწერა „გ“, რაც ნიშნავდა „გენიოსია ბრომლეი“.
„სიმდიდრე ადამიანს გამბედაობას აძლევს, გამბედაობა კი ზოგჯერ უხეშია“ – ასე შეაფასა გულში კომპოზიტორმა ბრომლეის მოსაზრებები, ხმამაღლა კი უპასუხა:
„ასე შეიძლება... მოხერხდება.“
„დასწავლას როდისღა მოვასწრებთ?“ – ჩაერია ლოტბარი.
„ნაწილ-ნაწილად, რასაც აარჩევთ, ის ასწავლეთ... ნოტების შეძენა, გადაწერა და სხვა – არაფერი დაზოგოთ... კანტორა აგინაზღაურებთ... რეპეტიციები ავტომობილში ჩაატარეთ.“
თინომ შენიშნა, რომ ამ პანაშვიდზე მას ახალი საზაფხულო ქუდი და კურტკის ზომის ჩანთა ეკეთა.
* * * * * * *
ბრომლეი 7 საათზე ჩვეულებრივად შეუდგა საქმეს.
მდივანი წარუდგა:
„დღეისათვის?“
„ყველაფერი მზად არის.“
„ავტომობილები, თვითმფრინავები, სადილი, კატაფალკა ისეა, როგორც გადავწყვიტეთ?“
„დიახ!“
„ხალხის გამასპინძლება ქართული წესით.“
„ათი ათასი ადამიანისთვის მარსის მოედანზე... თუ დაგვჭირდა, 15 ათასისთვის გვაქვს მარაგი.“
„ქანდაკება?“
„როცა ბაღს ავტომობილებიდან გადმოვიტანთ და ეზოში გავაშენებთ, ქანდაკებაც მოგვისწრებს... ყველაფერი გათვლილია.“
„ახლა რა არის გაკეთებული?“
„აი, მიირთვით ფოტოგრაფია.“
„კეთილი... მორიგი საქმეები?“
„ლონდონიდან გვთხოვენ, პურის მთელი მარაგი გადავცეთ.“
„მოგება?“
„4 პროცენტი.“
„მთელი მოგება?“
„დაახლოებით 100 000.“
„ზუსტი რიცხვი?“
მდივანმა ქაღალდები გადაფურცლა და მოახსენა:
„98 694.“
„რას ამბობს ჩვენი წარმომადგენელი?“
„ეს უდიდესი ფასიაო, ახლა დაიკლებსო, რადგან არგენტინიდან პური დაიძრაო.“
„თანახმა ვარ. შემდეგი?“
„ხომალდები იყიდება ორჯერ მეტ ფასად, ვიდრე სავარაუდოდ დავავალეთ აგენტს.“
„რატომ მოხდა ასე?“
„ფასი ერთი თვის წინ იყო მიცემული, მაშინ აგენტმა თავისი პასუხისმგებლობით და თქვენი თანხმობით გაყიდვა შეაჩერა.“
„ვიცი, ვიცი... მე გკითხეთ, ასეთი შეცდომა რატომ მოგივიდათ-მეთქი.“
„ჩვენს აგენტს წინასწარ სცოდნია, რომ ექსპორტიორები ტრანსპორტის მონოპოლიას იგდებენ ხელში, რათა საჭირო დროს თავისი წრიდან გამოერიცხათ არასასურველი პირები... და სწორედ მაშინ, როცა კომპანია „ამერინდოს“ უნდოდა გემების დაქირავება, მოულოდნელად გაიგო, რომ გემები დაკავებულია. კომპანიამ ჩვენ მოგვმართა.“
„გადასცემთ ჩემს თანხმობას და ჩემ მიერ დანიშნულ ფასზე ზედმეტი თანხიდან 10 პროცენტი მიეცეს ჩვენს აგენტს გამჭრიახობისთვის. მისწერეთ აგრეთვე, რომ კომპანია „ამერინდოს“ გაუწიოს ყოველგვარი დახმარება და მისცენ შეღავათი, რამდენადაც ჩვენთვის საზიანო არ იქნება... შემდეგი?“
„ჩვენი აქციები ეცემა.“
„ეს უეჭველად ჩემი აქაური,“ – ბრომლეიმ ვერ იპოვა შესაფერისი სიტყვა. – „შემთხვევის გამო...“
„დიახ, უეჭველია და ჩვენ შეგვიძლია დიდად ვისარგებლოთ... ერთი-ორი საგანგაშო ტელეგრამა აქედან და ჩვენ შევძლებთ ნახევარ ფასად შევისყიდოთ.“
„არა!“ – გააწყვეტინა ბრომლეიმ სიტყვა მდივანს. – „ამ შემთხვევაში მოგება არ მსურს. პირიქით, ახლავე გადაეცით რადიოთი საქმის ნამდვილი მდგომარეობა და დაამშვიდეთ აქციონერები, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა შეუფერხებელი წარმატებით მიდის... შემდეგი?“
„დანარჩენი წვრილმანებია, რომელთა შესახებ აღარ შეგაწუხებთ... აი, თამასუქების დასაფარავად განკარგულება ბანკს და სხვა.“
და მდივანმა გადასცა განკარგულებები, რომლებიც საუბრის დროს გასცა პატრონმა და რომლებსაც მდივანი სასწრაფოდ იწერდა ბლოკნოტზე.
ბრომლეიმ ორიოდე ასო მოაწერა და გავიდა თავის პატარა კაბინეტში.
მდივანმა გაოცებით გააყოლა თვალი:
„მოგებაზე უარს ამბობს... გასაოცარია.“
ბრომლეი მიუჯდა მაგიდას, თავი ხელებში ჩარგო და ორიოდე წუთი თითქოს ისვენებდა.
„მიცვალებულის პატივისმცემლები ყველანი შეიკრიბნენ...“
„აბა, მსახურს უბრძანეთ, ჩამაცვას, რაც ასეთ დროს შეეფერება... დაუძახეთ მდივანს.“
გადაცემის დროს ბრომლეი მდივანს ეუბნებოდა:
„შეადგინეთ მთელი ხარჯთაღრიცხვა ღამის 11 საათამდე.“
„ძნელია: თეატრები, კინოები და სასადილოები ვერ მოგვცემენ ცნობებს...“ – „ივარაუდეთ იმდენი, რომ დასამატებელი აღარაფერი დარჩეს... ზედმეტი კი გადაეცით აქაურ ღარიბთა თავშესაფარს... ერთი სიტყვით, მთელ ანგარიშს მე ხელი უნდა მოვაწერო ღამის 11 საათზე, 12 საათზე გადავიფრენთ თვითმფრინავით ქრისტიანიაში და ხვალ დილას აღარაფერმა უნდა მომაგონოს უკანასკნელი დღეების მიუნხენი.“
* * * * * * *
„გასაოცარი ხალხია ეს რუსები,“ – ჩაიფჩიფებდა ბებერი.
„ესენი ხომ რუსები არ არიან, ბაბუა!“
„სულ ერთია... ჰო, ჩემს ბავშვობაში აქ ვიღაც იაკუბოვიჩი იყო... ერთ დღეს მთელ მიუნხენს გამოუცხადა, ვისაც რამდენი ლუდი გინდათ, ჩემს ხარჯზე, სვითო...“
„აბა თქვენც დალიეთ არა, ბაბუ?!“
„იცოცხლე! მთელი ქალაქი ძმებივით დაბანცალებდა... მერე, აი ახლა, ოცი წელი იქნება მას შემდეგ, მე ვხვდებოდი ერთ ახალგაზრდა სტუდენტს, დიდი მდიდარი არ უნდა ყოფილიყო, შეისყიდდა, რაც პარკში ბუშტები ჰქონდათ, დაურიგებდა ბავშვებს... ბავშვების სიხარულზე ისიც მომღიმარი დარბოდა მათთან... ამბობდნენ, ზოგჯერ მთელ თავის ფულს ამ ბუშტებში აძლევსო...“
„მართალია, მართალი! ერთხელ ჩემს პატარა დასაც ერგო ბუშტი... ჰა, ჰა, ჰა...“
* * * * * * *
სამ ერთმანეთზე გადაბმულ სატვირთო ავტომობილზე გაეშენებინათ მთაგორიანი ბაღი, ბალახით, პატარა გზებით, კოშკის ნანგრევითა და ვარდ-ბუჩქნარით... შუაში ესვენა ყვავილების გრეხილებისგან დაწნული კუბო.
მას მიჰყვებოდა მოფარდაგებულ ავტომობილზე მჯდომი სიმებიანი ორკესტრი.
და შემდეგ მიცვალებულის პატივისმცემელთა უთვალავი ავტომობილები, რომელთა შორის აქა-იქ ჩადგმული იყო უზარმაზარი მოძრავი თაიგულები.
წინ გზაზე ჰაერიდან ცვიოდა ფერად-ფერადი ვარდები, რომელშიც მტვრად არეული იყო ატმისა და მიმოზას ყვავილების ნაზი ფოთლები.
ამ წვიმას ქმნიდნენ თითქოს უხმოდ მოსრიალე თვითმფრინავები, რომლებიც მორიდებით ეშვებოდნენ ძირს და ისევ აღემართებოდნენ მაღლა.
პროცესია კრემატორიუმის გაღებულ ჭიშკარს მიადგა.
შეჩერდა ორკესტრიც.
ავტომობილები მგზავრებს სასწრაფოდ ჩამოსვამდნენ და გზაზე ორ რიგად დგებოდნენ.
კუბო ნელა გადავიდა განსაკუთრებულად მოწყობილი ლიანდაგიდან ბაქანზე... კუბომ გადაისრიალა ბაქანი, დაიწყო კრემატორიუმის შენობაში შესვლა... გაიარა დიდი დარბაზი... ნელ-ნელა მიიმალა ფარდებს იქით.
საზოგადოებამ დარბაზი დატოვა.
ავტომობილებზე გამართული ბაღი ეზოს შუაგულში გადაეტანათ, ბაღის შუაში – კუბოს მაგივრად, ახლა აღმართული იყო ზღვის სრუტის მოხაზულ ნაპირთან, სადაფის გამოქვაბულიდან ამომავალი ქალი – ელის ქანდაკება.
* * * * * * * * * * * * *
მხოლოდ აქ დამთავრდა ოთხ ნაწილად შედგენილი სამგლოვიარო მარში, რომელშიც იყო სამხრეთის მზე, თბილისის სევდა, ავტომობილის საყვირი, პროპელერის ხმაური, პარიზის ყავახანის ცეკვა, ჩინეთის აბრეშუმის დანელებული შრიალი, ბრომლეის უსაზღვრო პატივისცემა, თინოს შურიანი ღიმილი, გველის სრიალი ქალის უზადო ტანზე, საიდუმლო შელოცვა და ყველა ამას გარს ეხვეოდა სულთამობრძავი შალვას ხრიალი, რამინოს მშვიდი ცქერა და საქართველოს მივარდნილ სოფელში გამზრდელი მამიდის უხმო, მოხუცებული ქვითინი, ტირილი და ზოგჯერ მოთქმა.
კრემატორიუმის გამგემ მოქანდაკეს გადასცა ოქროს მედალიონში მოთავსებული ელის დამწვარი ნეშთი. ხელოვანმა იგი ჩამალა ქანდაკების გვერდში დატოვებულ ღრუში, სახურავი დააფარა და თავი მოუგდო.
ელის ხომ უფრო შეეფერებოდა, რომ მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლოს მიმოეფანტათ!