რას მიკეთებდით, რა გინდოდათ ჩემგან? რითი ვგავდით ერთმანეთს? თქვენ მდიდრები და ძლიერები თამაშობდით, ჩვენ კი ვტიროდით და სახეს ცრემლებით ვიბანდით.
რუსთაველი
ეს არის ჩემი სისხლი, რომელიც თქვენთვის და მრავალი ადამიანისთვის დაიღვარა, ცოდვების მისატევებლად და სიცოცხლის სატანჯველად.
შალვა გორდელიანმა ცოლად შეირთო იოჰანეს ვახერერის ქალიშვილი, მატილდა.
ქართველის გატაცებისა და გერმანელის თაყვანისცემის შედეგად, მეთერთმეტე თვეზე ქალიშვილი დაიბადა.
სახელად ელი დაარქვეს.
(მისი ნათლობის სახელი – ძველებური ელპიდა – საბუთებში დარჩა და დიდედას ლოცვანში ჩაწერილი, არავის უხსენებია).
იმ წელს ქართულ სილამაზეს სხვა არაფერი შემატებია. თბილისი ისევ ძველებურად სევდიანი და მომხიბვლელი იყო; მყინვარი ისევ ახალგაზრდა დარაჯივით იდგა, თეთრი საბურველით თავშემოსილი; ფაფარ-აწეული შავი ზღვა ციხისძირს მარგალიტივით შხეფებს აყრიდა; ვარდ-მაისი არ შორდებოდა ქუთაისს. ზურმუხტისფერ ცას კი ალაზნის ველი ხალიჩასავით ეფინებოდა. დიდი ხნის წინ იყო დაწერილი „მერანი“, „აჩრდილი“ და „ელგუჯა“; ხალხი სიტყვა-სიტყვით კითხულობდა, ეალერსებოდა, ხელისხელ აგოგმანებდა შოთას შემოქმედებას და ამით თვრებოდა. დაიბადა ელი; სხვა არაფერი შემატებია იმ წელს ქართულ მშვენიერებას.
მატილდას, გერმანელ ქალს, რომელიც თბილისში მუსიკის მასწავლებლად იყო მოწვეული, თავისი მიდრეკილებებითა და ნაცნობებით ოჯახში ხელოვნების კულტი და მისი საფუძვლიანი ცოდნა შემოჰქონდა.
შალვა, დიდი მხედრის შვილი და თვითონაც მხედარი, საკუთარი და მამის ძველი მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით, ქმნიდა მხედრულ სულს, რომელიც საერთო განვითარების გამო შენელებული იყო.
უკანა ოთახებში კი კავკასიონის მთებიდან ჩამოყვანილი ძიძა-გამზრდელი ზღაპრებისა და თქმულებების ფერად ხალიჩას ქსოვდა.
ინსტიტუტმა ფრანგული ენა დაუმატა მის განათლებას.
თანატოლებმა – ცეკვა და მოხდენილი მოძრაობა.
გასათხოვარი ელი პირველად გამოჩნდა ომში დაჭრილთა სასარგებლოდ გამართულ მეჯლისზე.
სხვათა შორის, იქ იყო უზარმაზარი ქონების პატრონი, მოხდენილი, ზრდილობიანი, განათლებული, ყველასგან მოწონებული, გრაფი ვლადიმერ ანდრეის ძე ბორენკოვი.
ის ფრონტიდან საიდუმლო საქმეებისთვის იყო გამოგზავნილი, თავში ხმლით დაჭრილი და წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოებული.
რაღაც განსაკუთრებულად უკრავდა როიალზე, უბადლოდ ცეკვავდა. ნათესავების, ნაცნობებისა და მეგობრების აღტაცებამ მამაც ჩაითრია და გათამამებული ელი ამ უცხოს გაჰყვა.
ჯვრისწერა მოხდა.
მცირე საუზმის შემდეგ, რომელიც სადილად გადაიქცა, შეზარხოშებულმა საზოგადოებამ ეტლებით, ავტომობილებით, კარეტებით და ზოგმა ტრამვაით თბილისის სადგურს მიაშურა და ჟივილ-ხივილით, ღიღინით დაიკავეს სალონ-ვაგონი.
უმრავლესობა აქ დაშორდა.
ვაგონში სუფრა იყო გაშლილი.
დანარჩენები მეორე სადგურზე გამოეთხოვნენ.
სუფრას მაინც უსხდნენ მეფე-დედოფალი (ახალდაქორწინებულები) და გრაფის ათასეულის ოთხიოდე ოფიცერი.
სუფრა გაუტკბათ – ვერ შორდებოდნენ.
ჭიქა – ჭიქაზე.
ელის არ მოსწონდა ეს გაუთავებელი სმა, მაგრამ თავაზიანად იჯდა.
– ქალბატონი დაიღალა. – დაისვენოს. – შენიშნა ერთმა.
– აბა, აბა, აუცილებლად დაისვენოს: ჩვენ ისეთი ბარბაროსები ვართ, რომ ერთი-ორი ჭიქა კიდევ გვწყურია.
– ჩემო კარგო, თუ დასვენება გინდა, დაისვენე, ნუ მოგვერიდები, – და ქმარმა ხელზე აკოცა.
– მართლა დავიღალე, მაპატიეთ, – ელი გავიდა.
მთელი ეს ამბავი არ მოსწონდა.
დაწვა.
მსახური გაუშვა.
მცირე ხნის თვლემის შემდეგ ათასგვარი შთაბეჭდილების სიმძიმემ (მთელი ბოლო კვირის, დღის – მზადებამ და ღამის – მომავალზე ფიქრმა) დააძინა:
ახალგაზრდა ოფიცრები სვამდნენ და სვამდნენ: ვაგონებში შემოდიოდა ნაცნობებისა და უცნობების ახალ-ახალი ჯგუფი და ულოცავდა.
ქმარს ცოლი მოაგონდა.
შევიდა მასთან და როცა საბნით ოდნავ დაფარული ქალი დაინახა, აღტაცებით შეჩერდა – ისე უნაკლო იყო ქალის სხეული.
დაუბრუნდა ამხანაგებს.
ჩუმად დალია სავსე ჭიქა.
– გამოგაგდეს, ვალოდია?
– ისეთი მშვენიერებაა, რომ...
– მინახავს უკეთესიც!..
– ტყუი, აი წამოდით, ყველას... ყველას გაჩვენებთ, რა ღვთაებაა...
– მოიცადე... სირცხვილია!.. – ოდნავ შენიშნა ერთმა.
– ეს ჩემი საქმეა... ოღონდ ფეხაკრეფით, – ენის ბორძიკით უპასუხა ქმარმა.
შევიდნენ.
ქმარი ლოგინის თავს მიადგა; სხვები მოშორებით დადგნენ; დანარჩენები მორიდებით, კარებიდან უყურებდნენ.
ქმარმა სრულიად გადახადა საბანი.
– ეს მესმის!
– ამას მეც შევირთავდი!
– რა ფეხებია!..
ქალს გამოეღვიძა.
– რა ამბავია, რა მოხდა? – გაცოფებული წამოხტა და საბნით ტანი დაიფარა.
მაყურებლები მიიმალნენ.
– არაფერი... ამხანაგებს გაჩვენე შენი თავი.
– რა საძაგლობაა!.. გამშორდი! – ელიმ ინსტინქტურად მოსასხამს დასტაცა ხელი.
მოიხურა და კარებისკენ გაიქცა.
მოულოდნელად მატარებელმა უჩვეულოდ იკივლა და გაჩერდა.
ელი გასასვლელს ეძებდა.
იპოვა.
ქუდის გარეშე, ფეხშიშველა ჩამოხტა ვაგონიდან, ველისკენ გაიქცა, მაგრამ ლიანდაგის იქით მოაჯირშემოვლებული ხრამი დახვდა და ჩაჯდა.
ვაგონის დერეფანში სხვა სული ტრიალებდა.
მატარებელს შემოხვეოდა მზეზე დამწვარი, გაშავებული, გამტვერიანებული, მშიერი, მთვრალი, ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცების პირველი ბრბო.
– ჩვენც წაგვიყვანეთ! – უფრო მშვიდად მოითხოვდა ერთი.
– წაგვიყვანენ მაშ! თორემ გადმოვყაროთ ეს მუქთახორები!..
ხერხითა და დაპირებით მატარებელი გააპარეს.
ჯარისკაცების ყურადღება კი უნებლიედ მიიპყრო დაცარიელებულ სივრცეზე მჯდომმა ქალმა.
– ეს გოგონა მაინც დაგვრჩა...
– თუ გაგვიძლო! – ხარხარებდა მეორე.
ელის წინ გროვდებოდა მზეზე დამწვარი, გაშავებული, გამტვერიანებული, მშიერი, მთვრალი ბრბო;
ერთმანეთს აჩერებდნენ, ყველას კი თავში უნდოდა მოქცეოდა.
და ვერცერთი ვერ ბედავდა პირველი ხელის შეხებას.
– გადავვარდები ხრამში, თუ კიდევ წამოიწევთ! – ძლივს წამოიძახა დასუსტებულმა ქალმა.
– ე, რა სისულელეს ამბობ! გვიწუნებ თუ?! შენს ოფიცრებს ჩვენ ვჯობივართ, ღმერთმანი.
– ე, რას მისჩერებიხართ მაგ ქალს – გაიხედეთ! კიდევ მატარებელი მოდის, ახლა მაინც აღარ გაუშვათ... ჩვენ თვითონ შევიდეთ, თორემ მოგვატყუებენ...
– ქართველის ხმაა! – გაუელვა თავში გონებადაკარგულ ელის.
და... გაიგონა ფუჩუნი:
– ნუ გეშინია, გამომყევი სწრაფად.
ახლოს აღარავინ ჩანდა, შორს კი ცეცხლმოკიდებულ საწყობებსა და იქვე გაჩერებულ მატარებელს შორის ჩუმად, თითქოს დარცხვენილები არიანო, მიმორბოდნენ ჯარისკაცები.
ელი და უცნობი ხიდის ქვეშ ტალახში მიდიოდნენ.
– სად მივდივართ?
– აქვეა სადგური, საბარგო მატარებელში ჩაგსვამ, ხმა არ ამოიღო და როგორმე თბილისს მიგიყვან, ოღონდ ფრთხილად და ნუ გეშინია.
დამტვრეულ რკინებს შორის, რაღაც ტომრებზე დიდი ხნის რყევის შემდეგ, თვალღია ძილისა და ცხადი სიზმრების შემდეგ, უცნობმა ელი ვაგონიდან გადმოიყვანა და დახეული ფოსტალი გაუწოდა:
– ჩაიცვით... იერონიმე შვინდაძე, ნუ დამივიწყებთ...
– ამ გადარჩენისთვის – არასდროს!..
პირველ შეხვედრილ ეტლში ჩაჯდა და მამის სახლში გამოჩნდა.
– რა დაგემართა, შვილო? მაგრამ კითხვაც აღარ ღირს... ის, ის, არამზადა.
ორ სიტყვით აუხსნა.
და მერე ოთახში ჩაიკეტა.
მთელი ღამე და შემდეგი დღე ფიქრობდა, თვლემდა, კიდევ ფიქრობდა.
და როცა გამოვიდა, ისეთი მშვიდი, მხიარული სახე ჰქონდა, რომ მამას გაუხარდა შვილის სევდის გადალახვა და ეწყინა უბედურების ადვილად გადატანა, სირცხვილის არაფრად ჩაგდება.
– შვილო, აქ ბოდიშის მოსახდელად იყო ზაალი, დახმარება ვერაფერი გაუწიაო, იქ ყოფილა მატარებელში, მაგრამ...
– მამა, ამ ამბავზე მეტს თავის დღეში ნუღარ ვილაპარაკებთ... – შეაწყვეტინა ელიმ სიტყვა. – ეს იყო რაღაც სულელური ფარსი, რომელშიც არც მე ვარ დამნაშავე და არც შენ... გთხოვთ, ჩვეულებრივ პასუხსაც ნუ მოსთხოვ, თუ ვინმემ დაგიწყოს ლაპარაკი, რა მიზნითაც არ უნდა იყოს, დასაწყისშივე მოსპე... გუშინწინდელი დღე-ღამე არ ყოფილა!.. ახლა კი წავიდეთ თეატრში.
– უხერხულია...
– ძალიანაც მოხერხებულია... წავიდეთ, თორემ მარტო წავალ.
საღამოზე იყვნენ.
26 მაისმა დააქორწინა ელი და სახალხო გვარდიის ასეულის უფროსი იერონიმე შვინდაძე.
მამა გახარებული იყო.
გორდელიანის ძველი გვარი მაინც არ დაიკარგება... შვილიშვილს გიორგის დაარქმევს და ის იქნება გიორგი იერონიმეს ძე გორდელიანი. მხოლოდ „შვინდაძე“ დაემატება, ამისთვისაც მადლობა უფალს!.. ყოველ შემთხვევაში, სჯობს მისი შვილიშვილი იწოდებოდეს „გიორგი გორდელიანი-შვინდაძე“, ვიდრე „ბორენკოვი“. ვინ ოხერია ეს ბორენკოვი, საიდან მოთრეული!.. და თან რა ზნის, რა ჩვეულების!..
– რა ვქნა, მამა, არ მომწონს იერონიმე.
– სახელი არც მე მომწონს, შვილო, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენია მაინც.
– არა, მამა... ვერ მოუვლის ოჯახს, მე ამაზე გეუბნები.
– ყმაწვილია, გამოიცდება.
– სულელია, მამა და რა ეშველება?
– რა დაიჟინე, ქალო, რამ გაასულელა!
– წარმოიდგინე, მუდამ მიმტკიცებს, რომ მისთვის მე და ყოველი სხვა ქალი ერთია.
– შენც უთხარი, შენ და ყოველი ვაჟი ჩემთვის ერთია-თქო და გაქვითდებით.
– შენ ხუმრობ, მამა, ჩემი წინათგრძნობა ცუდი ნიშანია...
– გარწმუნებ, თუ შეგნიშნა, რომ სხვა ვაჟისკენ ერთი კეკლუცად გაიხედე, ბრაზით გაგიჟდება.
– ეჰ, მამა, მამა, განა მარტო ეს მაწუხებს?! არა, ვერ მოვთავსდებით, ვერ მოაწყობს ცხოვრებას...
– შვილო, ცხოვრებამ ერთხელვე შეგაშინა და ამიტომ ვერ დამშვიდებულხარ...
ღმერთია მოწყალე, დრო ყველაფერს გამოასწორებს.
* * * * * * *
მილიციამ სამსახურში მყოფი სარდალი სცემა;
სახალხო გვარდიელებმა თამასუქზე მომჩივან-მოპასუხე გაასამართლეს და ცოლ-ქმარი განაქორწინეს...
სადღაც დაიკარგა შაქრის მთელი საწყობი, ვერც გაიგეს, სად წავიდა.
ვიღაც ასისთავი ზღვაში მილიონობით ბონს ყრიდა თევზებს, – თქვენც ჭამეთ ჩემი ფულიო.
ძაღლებს მოკლული ადამიანების ცხედარი მიუგდეს.
და აღშფოთებული პუბლიცისტი ყვიროდა, ძაღლებს მაინც ნუ გაუფუჭებთ ზნესო...
ტყვე ოსებს მთავრობის წარმომადგენელი „ინტერნაციონალურ პროლეტარიატზე“ ესაუბრებოდა.
ელი გვრიტის ღუღუნივით ეუბნებოდა ქმარს:
– გული ცუდს მეუბნება, კარგად არ დამთავრდება. მიხედე ოჯახს, დღე-დღეზე შვილი გვეყოლება, მოვლა დასჭირდება, შენ კი... რაც ხდება, სულს ვერ ეგუება... უშველეთ რამე...
* * * * * * *
იერონიმე მიიმალა.
გამოჩნდა.
* * * * * * *
მამა-შვილი ისევ ობლად დარჩნენ.
ელის ბავშვი ეყოლა.
გაუჭირდათ.
გაჰყიდეს, დააგირავეს უსაჭიროესიც კი...
ელის მხოლოდ მედალიონი დარჩა გულზე...
* * * * * * *
მძიმედ დატვირთულ ურემში შებმული, ცალ თვალზე ბრმა ცხენი სასოწარკვეთილი უყურებდა ქუჩიდან ქვაფენილზე გადმოსრიალებულ და ჭიშკარზე მიმდგარ ავტომობილს;
გაბოროტებული შოფერი ამაოდ აყვირებდა საყვირს:
მეკარე არ ჩნდებოდა.
გამვლელები შეიჯგუფნენ.
აქ იყო მწერალი, ღია ჩასაწერ-წიგნაკით, რომელიც ახალ სტილსა და ახალ შინაარსს ეძებდა – ის.
უნებურად გაჩერებულებს თავს აბეზრებდნენ შიშველი ბავშვები, „ძია, კაპიკი მომეციო“-ს ძახილით და თან ჯიბეებისკენ აცეცებდნენ თვალს...
აქ გაჩერდნენ მაღალი, გამხდარი ინგლისელი და ახალგაზრდა ქალი.
ქალი მიმზიდველად იყო ჩაცმული.
წითლად შეღებილ ტუჩებსა და ღრმად ამოჭრილ ქოშებს შორის თვალს იზიდავდა შავი ხავერდის მცირე ნაჭერში მეტად ამოღებული დეკოლტე და გამჭვირვალე ხორცისფერი წინდები.
ორივე ღიმილიან საუბარში იყო ჩართული.
ქალი ალბათ შეზარხოშებული იყო ვაჟის ვნებიანი გამომეტყველებით.
კეკლუცობდა, სწრაფად ლაპარაკობდა და პატარა სარკეში იხედებოდა;
ვაჟი ქალის მადიან ამოხედვაზე თეთრ, გრძელ, დასაკბენად გამზადებულ კბილებს აჩენდა.
– ა, ელი, სად დაგვეკარგე? – მიუბრუნდა ქალი მეზობლად გაჩერებულ ქალს.
– დავრბივარ, – ოდნავ ნაღვლიანი ღიმილით უპასუხა მოსულმა და შეუმჩნევლად დაათვალიერა ქალ-ვაჟი.
„ახალი საქმრო“, – გაუელვა თავში.
გზა გაიხსნა და გამვლელები დაიძრნენ.
– შემოდი, ნუ დაგვივიწყებ! – მიაძახა ქალმა.
– თუ მოვახერხე...
ინგლისელს სახეზე ყოფილი ღიმილი გაეყინა:
უცნობი ქალის ხმამ მიიზიდა, თვალმა მოხიბლა, თმამ გააკვირვა.
– ვინ არის ეს თქვენი ნაცნობი?
– მოგეწონათ?
– არა!.. ამიტაცა... მაგრამ ვინ არის?
– ჩემს მეტოქეებს მე გზას არ ვუკეთებ, – ეშმაკური ცქერით უპასუხა ქალმა.
ინგლისელმა განზე გაიხედა და ქუჩის მეორე მხარეს გადამავალი იგივე ქალი დაინახა... მისი მოძრაობები მოეწონა.
– წამოდით, რაღა! – ვითომ გაუბრაზდა ქალი.
– გამაცანით!
– დოღი გავმართოთ ახლა ამ ქუჩებზე?
– მაშ დამპირდით, რომ გამაცნობთ...
– ხომ გითხარით, მეტოქეებს ხელს არ ვუწყობ-მეთქი... და თანაც გმირებს არ აცნობენ, თვითონ ეცნობიან, – იხუმრა ქალმა.
– მართალია! – თუმცა დაუდასტურა თანამგზავრმა, მაგრამ გულში წყენამ გაჰკრა.
რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ინგლისელმა მოიბოდიშა, დაიხარა, ქალს ხელზე აკოცა და სწრაფი, გრძელი ნაბიჯებით მოსახვევში შეუხვია.
ქალს უნდოდა დაეზვერა უეცრად ჩამოშორებული თანამგზავრი, მაგრამ შერცხვა და გზა განაგრძო, გულში კი ფიქრობდა... „ნუთუ მას გაეკიდა?.. მერე რა?.. ხომ ვერ გაეცნობა“?..
როცა ინგლისელი, ჯონ ჰექსლეი, იმავე მოსახვევში შევიდა, სადაც ქალი მიიმალა, ჯიბიდან ამოიღო დურბინდი და ქალს ძლივს მოჰკრა თვალი.
დაწევა არ გასჭირვებია.
– ბოდიშს ვიხდი, ქალბატონო, – გადაჭარბებული ზრდილობით მიმართა ვაჟმა, – მე მჭირდება ფრანგულის კარგად მცოდნე, გასამრჯელოზე მოვრიგდებით... შეიძლება თქვენი იმედი მქონდეს?
ქალმა მცირე გაოცების შემდეგ სიხარულით უპასუხა:
– დიდი სიამოვნებით... ეს აუცილებლად თინოს უნდა უმადლოდეთ, რომ გირჩიათ.
– დაგამახსოვრდით, რომ ქალბატონთან ერთად შეგხვდით?
– როგორ არა!.. ჩვენში უცხოელები ისე იშვიათია, და თან თქვენ ისე მაღალი ხართ...
– მეტი არაფერი?! ცუდი კომპლიმენტია...
ქალმა უხერხულობა იგრძნო, მაგრამ გამოსწორება ვერ მოახერხა.
– ეს არაფერია, ქალბატონო, მაგრამ სად შეიძლება მოგელაპარაკოთ?
ქალი სრულიად დაიბნა.
– მე მოვალ თქვენთან... სამუშაო გამომიგზავნეთ... მე აი, აქვე ვდგავარ, მეორე შესახვევი # 14.
– ნება მიბოძეთ, თქვენთან შემოვიდე, მე ბევრი მექნება საქმე და ერთხელვე რომ მოგელაპარაკოთ.
„სად? სად შევიყვანო ახლა?“ - ფიქრობდა ელი. - „დალაგებული კი დავტოვე, მაგრამ ვინ იცის, მამა რას აკეთებს.“
სტუმარი მიდიოდა და ელიც უნებურად მიჰყვებოდა.
„სახლში არ შემოხვიდეთ-მეთქი, ხომ ვერ ვეტყვი... თანაც, რა სისულელეა, სხვები ხომ შემოდიან.“
ოთახი ძალიან უხერხული იყო.
სტუმრის ყურადღება კედელზე შეჩერდა:
– ეს თქვენი სურათია, ხომ?
– დიახ! აღარ ვგავარ, არა?
– ძალიან შეცვლილხართ... რამდენი წლის წინ არის გადაღებული?
– მეხუთე წელია... ინსტიტუტის დამთავრების დროს გადამაღებინა დედამ.
„ჩონჩხითაც კი ვიცნობ სილამაზეს,“ - ვაჟკაცური სიამაყითა და სიამოვნებით უთხრა თავის თავს ჰექსლეიმ.
* * * * * * *
თინოს დაასლოკინა.
– „ვინც გამიხსენებს, მას ია, ვინც გამიხსენებს, მას ვარდი, შვიდი წლის ციებ-ცხელება კი შენს ცუდად გამხსენებელს!“ - მშვიდად მიმართა ბებიდამ.
– ჰა, ჰა! - გაიცინა თინომ.
– იცინე, იცინე, ასე შევულოცავდით და უდარდელად ვცხოვრობდით.
– შელოცვაზე მეტად, ბები, ერთი მანეთი გამომადგება... პუდრი გამითავდა.
– მოგცემ, შვილო, იყიდე ის წყეული, მაგრამ ხვალ რას შეჭამ?
კავალრები ისე როგორ დაკარგავენ სინდისს, რომ საკონდიტროში მაინც არ დამპატიჟონ, და სადილი ლორიგან-კოტის ჭირის სანაცვლოდ იყოს... მაგრამ შენ რას იზამ?
– მე არაფერია, შვილო, ოღონდ შენ არ დაჩაგრულიყავი... კავალრების იმედით სიარული კი არ მომწონს, რა ვქნა, შვილო, არ მომწონს... ღმერთმა კარგი ქნას!
* * * * * * *
– უი ქა! (ახლა ფრანგული აღარ დასჭირდა) შეხედე, შეხედე, ბები, ჩვენს ელის!
რამხელა ავტომობილში გაჭიმულა და მიქრის. - წამოიძახა ფანჯარაზე მიყრდნობილმა თინომ.
– საწყალი, - უპასუხა მოხუცებულმა თავშლიანმა ქალმა, - ისიც საეჭვო გზას დაადგა.
– საწყალი მაგის მამაა, „მოფილოსოფოსე კავალერისტი“ - ხა! ხა! ხა! თორემ ელის რა უჭირს... ეტყობა მიქრის კავკავისკენ... აქამდე თუ მივიდოდა, ეს კი არ მეგონა.
ჰექსლეი! ჰექსლეი!
– ხასობა (საყვარლობა) სანატრელი გახდა?! - ჩაიკვნესა თავშლიანმა.
– ჭკვიანი კაცის ხასობა არ სჯობს სულელის შვილობას?
– შენ გსურს თქვა „მდიდრის“ და არა ჭკვიანის, თორემ ჭკუით ჩვენი შალიკო არავის ჩამოუვარდებოდა.
– ისემც ღმერთი უშველის! მთელი ქონება რომ „შესწირა“, „დაარიგა“, აბა როგორ ეგონა?