prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

შელოცვა რადიოთი — ნაწილი 1

ნიკო ლორთქიფანიძე · პროზა

რას მაქნევდით, რა გინდოდათ,

ერთმანეთსა რითა ვგვანდით?

თქვენ მორჭმულნი თამაშობდით,

ჩვენ მტირალნი ღაწვსა ვბანდით.

რუსთველი

ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის

და მრავალთათვის დანთხეული,

მისატევებლად ცოდვათა

და გასაწამებლად სიცოხლისა.

შალვა გორდელიანმა შეირთო იოჰანეს ვახერერის ასული, მატილდა.

მეთერთმეტე თვეზე ქართველის გატაცებისა და გერმანელის თაყვანისცემის ნაყოფად დაიბადა ქალი.

სახელად ელი დაარქვეს.

(ნათლობის სახელი - ძველებური ელპიდა - საბუთებში დარჩა და დიდედას ლოცვანში მიწერილი ჩაკვდა).

იმ წელს სხვა არაფერი შემატებია ქართულ შვენებას. ისევ ძველებურად სევდიანი სილამაზით წარმტაცი იყო თფილისი; თეთრი საბურავით თავწაკრული ისევ ახალგაზრდა დარაჯად იდგა მყინვარი; ფაფარ-აყრილი შავი ზღვა შხეფს მარგალიტათ აყრიდა ციხისძირს; ვარდ-მაისი არ შორდებოდა ქუთაისს. და ზურმუხტ ცას ფიანდაზათ ქვე ეშლებოდა ალაზნის ველი. დიდი ხნის დაწერილი იყო "მერანი", "აჩრდილი" და "ელგუჯა"; სიტყვა-სიტყვად სწეწდა, ეალერსებოდა, ხელისხელ აგოგმანებდა შოთას და მით თვრებოდა ერი. დაიბადა ელი; სხვა არაფერი შემატებია იმ წელს ქართულ მშვენიერებას.

მატილდას, თფილისში მუსიკის მასწავლებლათ გამოწერილ გერმანელის ქალს, თავისი მიდრეკილებით და ნაცნობებით ოჯახში შემოჰქონდა ხელოვნების კულტი და მისი ბეჯითი ცოდნა.

შალვა, დიდი მხედრის შვილი, და თვითონაც მხედარი, საკუთარი და მამის ძველი მეგობრებისა და ნათესავების მეოხებით ჰქმნიდა საერთო განვითარებით შენელებულ მხედრულ სულს.

და უკანა ოთახებში კავკასიონის მთებიდან ჩამოყვანილი ძიძა-გამდელი ჰქსოვდა ზღაპართა და თქმულებათა ფერად ხალიჩას.

ინსტიტუტმა დაუმატა ფრანგული.

ტოლ-ამხანაგებმა - ცეკვა და მიმოხრა.

და გასათხოვარი ელი პირველად გამოჩნდა ომში დაჭრილთა სასარგებლოდ გამართულ ბალზე.

სხვათა შორის იქ იყო ულევი ქონების პატრონი, მოხდენილი, ზრდილი, განათლებული, ყველასგან მოწონებული, გრაფი ვლადიმერ ანდრეის ძე ბორენკოვი.

ფრონტიდან საიდუმლო საქმეებისათვის გამოგზავნილი, დაჭრილი თავში ხრმლით, და წმინდა გიორგით დაჯილდოვებული.

რაღაც თავისებურათ უკრავდა როიალს, ცეკვავდა უებროთ, ნათესავ-ნაცნობ-მეგობრების აღტაცებამ მამაც ჩაითრია და გათამამებული ელი გაჰყვა ამ უცხოს.

ჯვრის წერა.

სადილათ გადაქცეულ მცირე საუზმის შემდეგ, შეზარხოშებულმა საზოგადოებამ ეტლებით, ავტომობილებით, კარეტებით და ზოგმა ტრამვაით იერიში მიიტანა თბილისის სადგურზე და ჟივილ-ხივილით, ღიღინით აიღეს სალონ-რონოდა.

უმრავლესობა აქ დაშორდა.

რონოდაში გაშლილი იყო სუფრა.

დანარჩენი მეორე სადგურზე გამოეთხოვა.

სუფრას მაინც უსხდნენ მეფე-დედოფალი და გრაფის ათასეულის ოთხიოდე ოფიცერი.

სუფრა გაუტკბათ - ვერ შორდებოდნენ.

ჭიქა - ჭიქაზე.

არ მოსწონდა ელის ეს გაუთავებელი სმა, მაგრამ თავაზით იჯდა.

– ქალბატონი დაიღალა. - მოისვენოს. - შენიშნა ერთმა.

- აბა , აბა, მოისვენოს უსათუოდ: ჩვენ ისეთი ბარბაროსები ვართ, რომ ერთი-ორი ჭიქა კიდევ გვწყურია.

– ჩემო კარგო, თუ მოსვენება გსურს, მოისვენე, ნუ მოგვერიდები, - და ქმარმა ხელზე აკოცა.

– მართლა დავიღალე, მაპატიეთ, - ელი გავიდა.

არ მოსწონდა მთელი ეს ამბავი.

მიწვა,

მსახური გაისტუმრა.

მცირე თვლემის შემდეგ ათასგვარი შთაბეჭდილების სიმძიმემ (მთელი უკანასკნელი კვირე, დღე - მზადებამ და ღამე - მომავალზე ფიქრმა) მიაძინა:

ახალგაზრდა ოფიცრები სვამდნენ და სვამდნენ: რონოდებიდან შემოდიოდა ახალახალი ჯგუფი ნაცნობებისა და უცნობებისა და ულოცავდა.

ქმარს მოაგონდა ცოლი.

შევიდა მასთან და რომ დაინახა საბნით ოდნავ დაფარული ქალი, აღტაცებით შეჩერდა - ისე უზადო იყო ქალის სხეული.

დაუბრუნდა ამხანაგებს.

უხმოთ დალია სავსე ჭიქა.

– გამოგაგდეს, ვალოდია?

– ისეთი მშვენიერებაა, რომ...

– მინახავს უკეთესიც!..

– სტყუი, აი წამოდით, ყველას... ყველას გაჩვენებთ, თუ რა ღვთაებაა...

– მოიცა... სირცხვილია!. - ოდნავ შენიშნა ერთმა.

– ეს ჩემი საქმეა... ოღონდ ფეხ-აკრეფით, - ენის ბორძიკით უპასუხა ქმარმა.

შევიდნენ.

ქმარი ლოგინის თავს მიადგა; სხვები დაშორებით დადგენ; დანარჩენი მორიდებით,

კარებიდან უცქერდა.

ქმარმა სრულიად გადახადა საბანი.

– ეს მესმის!

– ამას მეც შევირთავი!

– რა ფეხებია!..

ქალს გამოეღვიძა.

– რა ამბავია, რა მოხდა? - გაცოფებული წამოხტა და საბნით ტანი დაიფარა.

მაყურებელნი მიიმალნენ.

– არაფერი... ამხანაგებს უჩვენე შენი თავი.

– რა საძაგლობაა!.. გამშორდი!. - ელიმ ინსტინქტიურათ მოსასხამს დასტაცა ხელი

მოიხურა და კარებისკენ გაექანა.

მოულოდნელად მატარებელმა უჩვეულო კივილი მორთო და შეჩერდა.

ელი გასავალს ეძებდა.

იპოვა.

უქუდოთ, ფეხშიშველა ჩამოხტა რონოდიდან, ველისკენ გაექანა, მაგრამ ლიანდაგის იქით მოაჯირ-შემოვლებული ხრამი დახვდა და ჩაჯდა.

რონოდის დერეფანში სხვა სული ტრიალებდა.

მატარებელს შემოხვეოდა მზეზე დამწვარი, გაშავებული, გამტვერიანებული, მშიერი, მთვრალი, ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცთა პირველი ბრბო.

– ჩვენც წაგვიყვანეთ! - უფრო მშვიდათ მოითხოვდა ერთი.

– წაგვიყვანებენ მაშ! თორემ გადმოვყაროთ ეს მუქთახორები!..

ხერხით, დაპირებით მატარებელი გააპარეს,

და ჯარისკაცთა ყურადღება უნებლიეთ მიიპყრო დაცარიელებულ სივრცეზე მჯდომმა ქალმა.

– ეს გოგონა მაინც დაგვრჩა...

– თუ გაგვიძლო! - ხარხარებდა მეორე.

ელის წინ გროვდებოდა მზეზე დამწვარი, გაშავებული, გამტვერიანებული, მშიერი, მთვრალი, ბრბო;

ერთმანეთს აჩერებდნენ, ყველას კი თავში უნდოდა მოქცეოდა.

და ვერცერთი ვერ ბედავდა პირველი ხელის შეხებას.

– გადავვარდები ხრამში, თუ კიდევ წამოიწევთ! - ძლივს წამოიძახა დასუსტებულმა ქალმა.

– ე, რა სისულელეს ამბობ! გვიწუნებ თუ?! შენს ოფიცრებს ჩვენ ვჯობივართ, ღმერთმანი.

– ე, რას მისჩერებიხართ მაგ ქალს - გაიხედეთ! კიდევ მატარებელი მოდის, ახლა მაინც აღარ გაუშვათ... ჩვენ თვითონ შევიდეთ, თორემ მოგვატყუებენ...

– ქართველის ხმაა! - გაუელვა თავში გონებადაკარგულ ელის.

და... გაიგონა ფუჩუნი:

– ნუ გეშინია, გამომყევ ფეხ-მარდათ.

ახლოს აღარავინ სჩანდა, შორს კი ცეცხლმოკიდებულ საწყობებსა და იქვე შეჩერებულ მატარებელს შუა უხმოთ, თითქოს დარცხვენილი არიანო, მიმორბოდნენ ჯარისკაცები.

ელი და უცნობი მიდიოდნენ ხიდის ქვეშ ტლაპოში.

– სად მივდივართ?

– აქვეა სადგური, საბარგო მატარებელში ჩაგსვამ, ხმა არ დასძრა და როგორმე თბილისს მიგიყვან, ოღონდ ფრთხილად და ნუ გეშინია.

დამტვრეულ რკინებს შუა, რაღაც ტომრებზე დიდი ხნის ჯანჯღალის შემდეგ, თვალღია ძილისა და ცხადი სიზმრების შემდეგ, უცნობმა ელი რონოდიდან გადმოიყვანა და დახეული ფოსტალი გაუწოდა:

– ჩაიცვით... იერონიმე შვინდაძე, ნუ დამივიწყებთ...

– ამ გადარჩენისთვის - არას დროს!..

პირველ შეხვედრილ ეტლში ჩაჯდა და მამის სახლში გაჩნდა.

– რა დაგემართა, შვილო? მაგრამ საკითხავიც აღარ ხარ... ის, ის, არამზადა.

ორი სიტყვით აუხსნა.

და მერე ჩაიკეტა ოთახში.

მთელი ღამე და შემდეგი დღე ფიქრობდა, თვლემდა, კიდევ ფიქრობდა.

და რომ გამოვიდა, ისეთი მშვიდი, მხიარული სახე ჰქონდა, რომ მამას იამა შვილის სევდის გადაყრა და ეწყინა უბედურების ადვილათ გადატანა, სირცხვილის არაფრათ ჩაგდება.

– შვილო, აქ ბოდიშით იყო ზაალი, დახმარება ვერაფერი გაუწიეო, იქ ყოფილა მატარებელში, მაგრამ...

– მამა, ამ ამბავზე მეტს თავის დღეში ნუღარ ვილაპარაკებთ... - შეაწყვეტინა ელიმ სიტყვა. - ეს იყო, რაღაც სულელური ფარსია, რომელშიაც არც მე ვარ დამნაშავე და არც შენ... გთხოვთ, ჩვეულებრივ პასუხსაც ნუ მოსთხოვ, თუ ვინმემ დაგიწყოს ლაპარაკი, რა მიზნითაც არ იყოს, დასაწყისშივე მოსპე... გუწინწინდელი დღე-ღამე არ ყოფილა!.. ეხლა კი წავიდეთ თეატრში.

– უხერხულია...

– ძლიერაც მოხერხებულია... წავიდეთ, თორემ მარტო წავალ.

იყვენ საღამოზე.

26 მაისმა შეაუღლა ელი და სახალხო გვარდიის ასეულის უფროსი იერონიმე შვინდაძე.

მამა გახარებული იყო.

არ დაიკარგება მაინც გორდელიანის ძველი გვარი... შვილიშვილს დაარქმევს გიორგის და იქნება იგი გიორგი იერონიმეს ძე გორდელიანი. მოემატება მხოლოდ "შვინდაძე", ამისთვისაც მადლი უფალს!.. სჯობს ყოველ შემთხვევაში, მისი შვილიშვილი იწოდებოდეს "გიორგი გორდელიანი-შვინდაძე", ვიდრე "ბორენკოვი". ვინ ოხერია ეს ბორენკოვი, საიდან მოთრეული!.. და თან რა ზნის, რა ჩვეულების!..

– რა ვქნა, მამა, არ მომწონს იერონიმე.

– სახელი არც მე მომწონს, შვილო, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენია მაინც.

– არა, მამა... ვერ მოუვლის ოჯახს, მე ამაზე გეუბნები.

– ყმაწვილია, გამოიცდება.

– სულელია, მამა და რა ეშველება?

– რა დაიჯინე, ქალო, რამ გაასულელა!

– წარმოიდგინე, მუდამ მიმტკიცებს, რომ მისთვის მე და ყოველი სხვა ქალი ერთია.

– შენც უთხარი, შენ და ყოველი ვაჟი ჩემთვის ერთია-თქო და გაქვითდებით.

– შენ ხუმრობ, მამა, ჩემი წინათგრძნობა ცუდი ნიშანია...

– გარწმუნებ, თუ შეგნიშნა, რომ სხვა ვაჟისკენ ერთი კეკლუცათ გაიხედე, ბრაზით გადირევა.

– ეხ, მამა, მამა, განა მარტო ეს მაწუხებს?! არა, ვერ მოვთავსდებით, ვერ მოაწყობს ცხოვრებას...

– შვილო, ცხოვრებამ ერთხელვე შეგაშინა, და ამიტომ ვერ დამშვიდებულხარ...

ღმერთია მოწყალე, დრო გამოაწყობს ყოველივეს.

* * * * * * *

მილიციამ გალახა სამსახურში მყოფი სარდალი;

სახალხო გვარდიელებმა გაასამართლეს თამასუქზე მომჩივან-მოპასუხე და განაქორწილეს ცოლ-ქმარი...

სადღაცა დაიკარგა შაქრის მთელი საწყობი, ვერც გაიგეს, სად წავიდა.

ვიღაც ასისთავი თევზებს ზღვაში უყრიდა მილიონობით ბონებს, - თქვენც სჭამეთ ჩემი ფულიო.

ძაღლებს მიუგდეს მოკლული ადამიანების ცხედარი.

და აღშფოთებული პუბლიცისტი ყვიროდა, ძაღლებს მაინც ნუ გაუფუჭებთ ზნესო...

ტყვე ოსებს მთავრობის წარმომადგენელი ებაასებოდა "ინტერნაციონალურ პროლეტარიატზე".

ელი გვრიტის ღუღუნივით ეუბნებოდა ქმარს:

– გული ცუდს მეუბნება, კარგათ არ გათავდება. მოხედე ოჯახს, დღე-დღეზე შვილი გვეყოლება, მოვლა დასჭირდება, შენ კი... რაც ხდება, სულს ვერ ეგუება... უშველეთ რამე...

* * * * * * *

იერონიმე მიიმალა.

გამოჩნდა.

* * * * * * *

დარჩა მამა-შვილი ისევ ობლად.

ელის ბავშვი ეყოლა.

გაუჭირდათ.

გაჰყიდეს, დააგირავეს უსაჭიროესიც...

ელის მხოლოდ მედალიონი დარჩა გულზე...

* * * * * * *

მძიმეთ დატვირთულ ურემში გაბმული, ცალ-თვალზე ბრმა ცხენი სასოწარკვეთილებით უცქეროდა ქუჩიდან ქვაფენილზე გადმოსრიალებულს და ჭიშკარზე მიმდგარ ავტომობილს;

გაბოროტებული შოფერი ამაოდ აყვირებდა ბუკს:

მეკარე არ ჩნდებოდა.

გამვლელნი შეიჯგუფენ.

აქ იყო მწერალი, ჩასაწერ-წიგნაკ გახსნილი ახალ სტილსა და ახალ შინაარსს რომ ეძებს - ის.

უნებურათ შეჩერებულთ თავს აბეზრებდნენ ტიტლიკანა ბავშვები, "ძია, კაპეიკი მომეციო"-ს ძახილით და თან ჯიბეებისკენ აცეცებდენ თვალს...

აქ შეჩერდენ მაღალი ძვალ-ტყავა ინგლისელი და ახალგაზრდა ქალი.

ქალი მიმზიდველად იყო ჩაცმული.

წითლად შეღებილ ტუჩებსა და ღრმად ამოჭრილ ქოშებს შორის თვალს იზიდავდა შავი ხავერდის მცირე ნაჭერში მეტად ამოღებული გულის კარი და გამჭვირვალე ხორცის ფერი წინდები.

ორივე გართული იყო ღიმილიან ბაასში.

ქალი შეზარხოშებული უნდა ყოფილიყოს ვაჟის ვნებიანი გამომეტყველებით.

კეკლუცობდა, სხაპა-სხუპით ლაპარაკობდა და რადიკულის პაწია სარკეში იხედებოდა;

ვაჟი ქალის მადიან ამოხედვაზე აჩენდა თეთრ, გრძელ, საკბენათ გამზადებულ კბილებს.

– ა, ელი, სად დაგვეკარგე? - მიუბრუნდა ქალი მეზობლად გაჩერებულ ქალს.

დავრბივარ, - ოდნავ ნაღვლიანის ღიმილით უპასუხა მოსულმა და შეუმჩნევლად დაათვალიერა ქალ-ვაჟი.

"ახალი საქმრო", - გაუელვა თავში.

გზა გაიხსნა და გამვლელნი დაიძრენ.

– შემოდი, ნუ დაგვივიწყებ! - მიაძახა ქალმა.

– თუ მოვახერხე...

ინგლისელს სახეზე ყოფილი ღიმილი გაუყინდა:

უცნობი ქალის ხმაზე მიიზიდა, თვალმა მოხიბლა, თმამ გააკვირვა.

– ვინ არის ეს თქვენი ნაცნობი? -

– მოგეწონათ?

– არა!.. ამიტაცა... მაგრამ ვინ არის?

– ჩემს მეტოქეებს მე გზას არ უკეთებ, - ეშმაკურის ცქერით უპასუხა ქალმა.

ინგლისელმა განზე გაიხედა და დაინახა ქუჩის მეორე მხარეზე გადამავალი იგივე ქალი... მიხრა-მოხვრამ დაატყვევა.

– წამოდით, რაღა! - ვითომ გაუჯავრდა ქალი.

– გამაცანით!

– დოღი გავმართოთ ეხლა ამ ქუჩებზე?

– მაშ დამპირდით, რომ გამაცნობთ...

– აკი გითხარით, მეტოქეებს ხელს არ უწყობ-მეთქი... და თანაც გმირებს არ აცნობენ, თითონ ეცნობიან, - იოხუნჯა ქალმა.

– მართალია! - თუმცა დაუდასტურა თანამგზავრმა, მაგრამ გულში წყენამ გაჰკრა.

რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ინგლისელმა მოიბოდიშა, მოიხარა ქალს ხელზე აკოცა და სწრაფის, გრძელის ნაბიჯებით შეუხვია მოსახვევში.

ქალს უნდოდა დაეზვერა უეცრათ ჩამოშორებული თანამგზავრი, მაგრამ შერცხვა და გზა განაგრძო და გულში კი ჰფიქრობდა... "ნუთუ მას გაეკიდა?.. მერე რა?.. ხომ ვერ გაეცნობა"?..

როცა ინგლისელი, ჯონ ჰექსლეი იმავე მოსახვევში შევიდა, სადაც ქალი მიიმალა, ჯიბიდან ამოიღო დურბინდი და თვალი ძლივს მოჰკრა ქალს.

დაწევა არ გაძნელებია.

– ბოდიშს ვიხდი, ქალბატონო, - გადაჭარბებულის ზრდილობით მიმართა ვაჟმა, - მე მჭირდება ფრანგულის კარგათ მცოდნე, გასამრჯელოზე მოვრიგდებით... შეიძლება თქვენი იმედი ვიქონიო?

ქალმა მცირე გაოცების შემდეგ სიხარულით უპასუხა:

– დიდის სიამოვნებით... ეს უსათუოდ თინოს უნდა უმადლოდე, რომ გირჩიათ.

– დაგამახსოვრდით, რომ ქალბატონთან ერთად შეგხვდით?..

– როგორ არა!.. ჩვენში უცხოელები ისე იშვიათია, და თან თქვენ ისე მაღალი ხართ...

– მეტი არაფერი?! ცუდი კომპლიმენტია...

ქალმა უხერხულობა იგრძნო, მაგრამ გამოკეთება ვერ მოახერხა.

– ეს არაფერია, ქალბატონო, მაგრამ სად შეიძლება მოგელაპარაკოთ?

ქალი სრულიად დაიბნა.

– მე მოვალ თქვენთან... სამუშაო გამომიგზავნეთ... მე აი, აქვე ვდგავარ, მეორე შესახვევი # 14.

– ნება მიბოძეთ, თქვენთან შემოვიდე, მე ბევრი მექნება საქმე და ერთხელვე რომ მოგელაპარაკოთ.

"სად? სად შევიყვანო ახლა"? - ფიქრობდა ელი,- "მილაგებული კი დავტოვე მაგრამ ვინ იცის, მამა რას შვრება".

სტუმარი კი მიდიოდა და მასპინძელიც მიჰყვებოდა უნებურად.

"სახლში არ შემოხვიდეთ, ხომ ვერ ვეტყვი... თანაც, რა სისულელეა, სხვები ხომ შემოდიან"...

ოთახი იყო მეტათ უხერხული.

კედელზე შეჩერდა სტუმრის ყურადღება:

– ეს თქვენი სურათია ხომ?

– დიახ! აღარ ვგავარ, განა?..

– გამოცვლილხართ საგრძნობლად... რამდენი წლის წინათ არის გადაღებული?

– მეხუთე წელია... ინსტიტუტის დამთავრების დროს გადამაღებინა დედამ.

"ჩონჩხითაც კი ვიცნობ მშვენიერებას", - ვაჟურის სიამაყით და სიამოვნებით უთხრა თავის თავს ჰექსლეიმ.

* * * * * * *

თინოს დაასლოკინა.

– "ია მომგონებელსაო,

ვარდი გამხსენებელსაო,

შვიდის წლის ციებ-ცხელება

შენს ავად მხსენებელსაო!"

დინჯათ მიმართა ბებიდამ.

– ჰა, ჰა! - გაიცინა თინომ.

– იცინე, იცინე, ასე შეულოცავდით და ვცხოვრობდით არხეინათ...

– შელოცვაზე უფრო მეტათ, ბები, ერთი მანეთი მარგებს... პუდრი შემომაკლდა.

– მოგცემ, შვილო, იყიდე ის წყეული, მაგრამ ხვალ რაღას სჭამ?

კავალრები ისე როგორ დაჰკარგავენ სინიდისს, რომ კონდიტერში მაინც არ მიმიპატიჟონ, და სადილი ლორიგან-კოტის ჭირის სანაცვლოდ იყოს... მაგრამ შენ რაღას იზამ?

– მე არაფერია, შვილო, ოღონდ შენ არ დამეჩაგრო... კავალრების იმედით სიარული კი არ მომწონს, რა ვქნა, შვილო, არ მომწონს... ღმერთმა კარგი ქმნას!..

* * * * * * *

– უი ქა! (ეხლა ფრანგული აღარ დასჭირებია) შეხე, შეხე, ბები, ჩვენს ელის!..

რამოდენა ავტომობილში გამოჭიმულა და მიექანება. - წამოიძახა ფანჯარაზე მიყრდნობილმა თინომ...

– საწყალი, - უპასუხა მოხუცებულმა თავსაფრიანმა ქალმა, - მაგიც საეჭვო გზას დადგომია.

– საწყალი მაგის მამაა, "მოფილოსოფოსე კავალერისტი"- ხა! ხა! ხა! თორემ ელის რა უჭირს... ეტყობა მიექანება კავკავისაკენ... აქამდე თუ მივიდოდა, ეს კი არ მეგონა...

ჰექსლეი! ჰექსლეი!

– ხასობაც სანატრელი გახდა?! - ჩაიკვნესა თავსაფრიანმა.

– ჭკვიანი კაცის ხასობა არ სჯობის სულელის შვილობას?

– შენა გსურს სთქვა "მდიდრის" და არა ჭკვიანის, თორემ ჭკუით ჩვენი შალიკო არავის ჩამოუვარდებოდა...

– ისემც ღმერთი უშველის! მთელი ქონება რომ "შესწირა", "დაარიგა", აბა როგორ ეგონა?

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ნიკო ლორთქიფანიძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.