prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

შელოცვა რადიოთი — ნაწილი 5

ნიკო ლორთქიფანიძე · პროზა

– გააღებინეთ პირი!..

ბენ-საიდმა გველებს პირი დააღებინა.

პროფესორი ავანსცენაზე გადმოდგა და გარკვევით განაცხადა:

– მე ვამოწმებ, რომ გასინჯულია ორი გველი, და კალათაში მეტი არ არის, ნამდვილად ეკუთვნის შხამიან ჯიშს, და მათ კბილდები თავის ადგილზე აქვთ.

სცენაზე დარჩა მხოლოდ ბენ-საიდი, რომელმაც ერთხელ კიდევ თაყვანი სცა მაყურებელთ და საყელოდან ამოიღო კარგა მოდიდო დიპლიპიტო, ხოლო პირიდან დასაკრავი ჯოხები.

მერე მოირთხა სცენის კუთხეში ფეხი და დიპლიპიტოდან რაღაც უცნაური ტაქტი აღმოაცენა... გველებმა თავი ამოყვეს კალათიდან...

და სცენის უკანა ფარდიდან გამოხტა ქალი...

– საკუნტალა!..

– მშვენიერია! - შენიშნეს აქა-იქ.

სრულიად გაცრცვილი დაგრეხილი ოქროს ძაფით შემორტყმული, მჭიდროთ ნაქსოვი, მაგრამ ქაფივით ნაზი დარაიას ამოღიავებული, უსახელო მოკლე პერანგი თითქოს არ სცმოდეს...

შეკრეჭილი, შავი, აბურდული თმა.

აგურისფერი მკვრივი სხეული,

ალეწილი,

მოქნილი,

ვნებიანი თავიდან ფეხებამდე და

უმწიკვლო დახვეწილი შავი თვალები

შემოირბინა ქალმა არე,

დიპლიპიტოს ააყოლა სხეულის რხევა;

შუაში გაჩერდა,

ხელებ აპყრობილი,

და მიაჩერდა

ეხლა უკვე მოშხამული თვალით ზოზინით მოსრიალე გველებს

ერთი წინ მოდიოდა

მეორე მოჰყვებოდა

მიუახლოვდენ.

შეეხო ერთი მარცხენა ფეხის ცერს,

აჰყვა, ღვედივით შემოეკლაკნა კუნთებს, თავი შეჰყო ფეხთა თაღებს შუა.

და გამოჩნდა მარჯვენა გვერდზე, თავი დაადვა მარცხენა მკერდის კუკურს...

მეორე უფრო დინჯად და უფრო ვნებით ეხვეოდა ჯერ მარჯვენა ფეხს, დიდხანს არ შორდებოდა შეხებულ ადგილს, მაგრამ მაინც მიაღწია საწადელს მკერდს.

და დაღლილი დაესვენა უძრავად.

ქალს შეხებაზე მთელს ტანში ჟრუანტელი უვლიდა; ცივი შეხება ცეცხლად ხვდებოდა.

და ანთებული, რომ მთელ ტანს რგებოდა ნეტარება, დაწვდა ქვევით გველების კუდს და ჰაერში გააჩერა ისინი გაშლილ ხელის გულზე.

გველები მთელი სხეულით შემოეხვიენ დასხლეტილ მკლავებს...

ქალი დატრიალდა და ჟინ მორეულმა დაავლო ხელები გველების თავებს, გადაივლო ყელზე და ქვე ჩამოუშვა უცხო უღელის ტაბიკებათ.

ქალმა მეტი ვეღარ გაუძლო, დაიღალა და რომ არაფერი ევნო გველებისთვის, ფრთხილად დაეშვა ნოხზე.

გველებმა ჯვარედინათ ერთხელ კილევ გადაირბინეს ქალის სხეულზე და თვით ქანც-გამოლეულნი, დასასვენებლად კალათაში დაიგრაგნენ.

– საუცხოვოა,

– მშვენიერია,

– დიდებულია,

– ვაშა!!

მაგრამ ვერც ქალი და ვერც გველები, განცდებისაგან მოთენთილნი, ვერ გამოდიოდენ ფარდა ახდილ სცენაზე და მხოლოდ ერთი ბენ-საიდი იკეცებოდა.

ჯონ ჰექსლეი თითქოს არ იყო ამ ქვეყნად: სიგარის ბოლში გახვეული, ცეკვის დაწყებიდან აქამდე არ იძროდა ადგილიდან, და გაფართოებული თვალები თითქოს საუკუნოდ ინახავდნენ ამ სანახაობას.

ჰექსლეი ქალთანი ერთად თითქოს გრძნობდა გველების სიგრილეს, მათ ხვევნას...

და საშინელი და საამო სწყუროდა...

ელის უეცრად მოაგონდა, როგორ გაექცა ახლად ჯვარდაწერილ ქმარს, ტფილისის ახლო, სადღაც სადგურზე, როგორ გადმოხტა რონოდიდან...

მაგრამ მოიკრიფა ნების-ყოფა, გააქნია თავი, თითქოს დაიბერტყა აზროვნება და მოგონება მოიშორა.

– ამ ზანტმა გერმანელებმაც კი გადააჭარბეს, - მიმართა ელიმ თანამსხდომთ, რომ მოგონებები ისე არ მოსწოლოდენ თავს.

ამ სიტყვებმა ჰექსლეის ბინდი გაჰფანტეს.

– როგორ მოგეწონათ? - დაეკითხა ჰექსლეი.

– მომწონს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს მეზობელს ჭამა შეაჩერებინა, - ქართულად უპასუხა ელიმ.

– რა ბოროტი ენა გაქვთ!.. - ფრანგულად უპასუხეს ჰექსლეიმ.

– რა ბრძანა ქალბატონმა?

– უკაცრავად... - ოდნავ შეკრთა ელი.

– არ მოსწონს ცეკვა... - გამოაკეთა უხერხულობა ჰექსლეიმ.

– რას ბრძანებთ, მშვენიერებაა!..

– არა, ქალი ვერ ცეკვავს ისე ეშხით, როგორც შეიძლებოდა, - ჟინიანად განიმეორა ელიმ.

– უკეთესი მოცეკვავე მე არ მინახავს, - ჩაურთო სიტყვა ჰექსლეიმ.

– რა ვუყოთ, ჩემო კარგო, განა ყველაფერი გინახავთ?

– ვინ იცეკვებდა უკეთ?

– ეს არ ვიცი, მაგრამ ქალმა ვერ გამოხატა შიშის ჟრუანტელით ნარევი სიტკბოება.

– დამისახელეთ მაინც...

ეს უკვე ერთგვარ გამოწვევას ჰგავდა.

– აი თუნდაც მე... - მზაკვრულის ღიმილით წამოცდა ელის.

– რაო? თქვენ იცეკვებდით? - ბრომლეი ისეთის სისწრაფით შებრუნდა სავარძელზე, რომ სიგარის ფერფლი კალთაში ჩაუვარდა.

– რომ მიჭირდეს, როგორც იმ საცოდავ ქალს, დიაღაც!

მისტერ ბრომლეი ელის თვალებში ჩაძვრა:

– თუ თქვენ იცეკვებთ, მიბრძანეთ, რაც კი გნებავთ, მიყმეთ, თუ ეს საჭიროა.

– წამიყვანეთ ტფილისში, - თითქოს წამოცდა ელის.

ჰექსლეი:

– აკი მოგახსენეთ, აქედან წასვლა მთელი ჩემი საქმეების დანგრევას გამოიწვევს-თქო.

ბრომლეი ელის:

– რათ არ მიბრძანეთ ამდენ ხანს, ჩემთვის ეს ადვილი მოსაგვარებელი იყო (ჰექსლეის მიმართ) მე ვიცი, თქვენ გეშინიათ... ჰფიქრობთ, რომ აქციები კიდევ უფრო დაეცემა; მე ვყიდულობ ყველას... დღესვე.

– თანახმა ხართ? - ისევ დაეკითხა ბრომლეი ელის.

– კი! ...

ჰექსლეის რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ენა თითქოს შეუჩერა ელის დაბეჯითებულმა სახემ და, შეიძლება, ბრომლეის მეტად ხელსაყრელმა წინადადებამ.

– ... ოღონდ წამიყვანეთ ტფილისში.

"აი აქ თუ დავძლევ მეტოქეს", - გაიფიქრა ბრომლეიმ.

– გაძლევთ სიტყვას.

ბრომლეი მთვრალივით ადგა სათანადო განკარგულების მისაცემათ.

– თუმც ჩემთვის ეს უმწვერვალესი ნეტარება იქნება, მაგრამ მე არ დამაბრალოთ.

– ავადმყოფური ხმით, სახე ალეწილი ეუბნებოდა სუფრაზე გადახრილი ჰექსლეი ელის.

მაგრამ ელის აღარაფერი ესმოდა მოლაპარაკის: სინემატოგრაფიულად თვალწინ მიურბოდა ბორანი მტკვარზე... ფიქრის გორა ... პანსიონის კვიპაროზები... მამა ...

სიონი... ნარიყალის ნანგრევები... ოთახი სადღაც ჩიხში... და სულ ბოლოს.

ტკბილი ძიძა.

– რას შვრებით, გადაირიეთ?! - ჩაილუღლუღა ყავახანაში შემთხვევით მყოფმა ვიღაც ქართველმა.

– სულ ერთია! იქნებ ტფილისი ვნახო მაინც...

ცალკე დარბაზში, ხალიჩა-გადაფარებულ მაგიდებიდან სასწრაფოდ გააკეთეს სცენა.

თითქმის გადაცმაც კი არ დასჭირებია კაბარესთვის გამოწყობილ ელის - გაიშორა ცოტა რამ და მზად იყო.

თაყვანისცემით შემოვიდა ინდოელი.

დადგა კალათი. მიჯდა კუთხეში.

ფანჯარაში გამოჩნდა სილუეტები.

ყავახანის განსაკუთრებულად განებივრებულ სტუმრებთ ფარეშებმა მოახერხეს საიდანმე ეცქირნათ ცალის თვალით მაინც.

შურდათ დანარჩენთ...

ბრომლეი ლონგშესზე მიესვენა ნეტარებაში სათვლემათ.

ჰექსლეი მიაწვა სავარძელს, თითქოს სცენისკენ მას უკვე რაღაც იტაცებსო.

კარებში იდგა გაცრცვილ ტანხე ხალათ მოსხმული ინდოელი ქალი, განცვიფრებული, შურიანი და გატაცებული...

– დავანებოთ, ქალბატონო, ამას თავი, - გულწრფელად და რაღაც ტანჯვით შეევედრა ბრომლეი უკვე სცენაზე მდგომ ელის.

– არა, მე უნდა, - ელიმ გადაყლაპა სიტყვა "დავიმსახურო" და წინადადება ასე დაამთავრა, - ტფილისში წავიდე...

– არ ღირს ასეთ საფრთხედ... მე ისედაც წაგიყვანთ...

– არა! - ღიმილით უპასუხა ელიმ და მოსასხამი გადააგდო, - მან შეხედა, რომ ინდოელმა დიპლიპიტო დასაკრავად მოიმარჯვა.

ელის სხეული არ იყო არც თეთრი სხეული სლაველი ქალის, არც კრამიტი ინდოელის.

უცნაური კანი ქართველი ქალის - თეთრი, მაგრამ მზენაკრავი, ფერმკრთალი, დახვეწილი, მაგრამ არა გათლილი.

ევროპულ ჩარჩოში დენდათ მოკვეთილი, ძველი ქართველი დარდიმანდი - ვინმე გიორგი შერვაშიძე ან შაქრო მაღალაშვილი, - თუ შეამჩნევდა, რომ დასცვენოდა უმანკოების ფიფქი.

ინდოელი უეცრად მივარდა ელის და დაყნოსა ტუჩებთან... ელიმ ღიმილით მოიშორა.

– არ შეიძლება, არ შეიძლება, ქალბატონს შამპანიური უსვამს, ღვინო, კონიაკი - არ შეიძლება!

– არაფერია, პირს დავკუმშავ, ნუ გეშინია! - იღიმება ჟინიანი ელი.

– ნუ ბოდავ, დაუკარი, - შეუბღვირა ჰექსლეიმ.

– არ შეიძლება, ღვინო, შამპანური, სუნი, - ბუტბუტებდა დამტვრეული ინგლისურით ინდოელი.

– რას სულელობ, ყველაფერს იხდის! დაუკარი მაგ ჯანდაბას! - მივარდა მეტრ დ’ოტელი.

დაიწყო.

ბაგე-გაპობილი, კდემადაკარგული, თითქმის ტიტველი ქალი, ინსტინქტიურად ისწორებდა, სწეწდა, აბურბუშებდა აღმართულ ხელებით თმასა და ელოდა ეხლა კიდევ უფრო ზანტად, მწყობრად მოსრიალე გველებს.

და ამ უდროვო დროს ელის ნათლად ეხატებოდა თვალწინ... გაექცა ახლად ჯვარდაწერილ ქმარს, გადმოხტა რონოდიდან ტფილისის ახლო სადგურზე... ეშინოდა, განსაკუთრებით ყველაზე წარმოსადეგ, მტვერში გამურულ, შორიდან მოსულ, ალით გაწითლებულ ჯარის-კაცის, დოინჯშემოყრილი, მეტის-მეტი აღელვებისაგან ზანტად რომ უახლოვდებოდა... "ხელს თუ შემახებს. გადავარდები ხრამში". მაგრამ გრძნობდა, რომ ეს შეხება იქნებოდა უმწვავესი და უტკბესი... და შემდეგ... უცნობ კაცს, ქართველს, შემდეგ ქმარს, შვინდაძეს, ხელჩაჭიდებული მიჰყავდა ალით განათებუოლ რონოდებთა შორის, რაღაც ბილიკით მოხერხებულად... ელი უკან-უკან იხედებოდა... და

ის ჯარის-კაცი მხოლოდ ერთი თან მისდევდა... სხვები ჩამოშორდენ... შემოუბრუნდა უცნობი ქართველი, ესროლა, წააქცია. ელის უნდოდა მივარდნილიყო წაქცეულთან და რაღაც მოემოქმედნა... რა? ეშმაკმა იცის... მაგრამ შვინდაძემ ძალით წაათრია, ვერც კი მიხვდა, რისთვის მიიწევდა ელი... ეგონა გადირია, ეგონა შეეცოდა!..

ელის უნდოდა მოგონებანი მოეშორებინა თავიდან, მაგრამ არ ეყო ნებისყოფა...

ვერც გაინძრა, სხვა მიზნითაც იყო შებოჭვილი.

სასოწარკვეთით ჩაიქნია ხელი და ეს ცეკვის შესაფერი გამოდგა - ვნებაში მილევა აღნიშნა...

ქალი ცივი ტანის შეხებამ ნეტარებას მისცა, სრულიად დაათრო. გველები ეხვეოდნენ მეტის აღტაცებით, ეკვროდენ და ეტმასნებოდენ თეთრ, ატლას კანს, რომელსაც ხელიც არ შეხებოდა თითქოს, ისე გამოიცქირებოდა... ნაზსა და რბილს, მხურვალეს, ვნებიანს, გველებისთვის კი მწველს.

ქალის ამაჟრჟოლებელ რხევას, ხელისა და ფეხის თითებამდის მისულ ვნებას, გამომჟღავნებულს ცვარ-ნაკრავ სხეულზე, თვალთა ელვარებაზე, კბილების წითელბაგეთა შორის თეთრ კრთომაზე, შურით შესცქეროდა თვით ინდოელი მოცეკვავე ქალი;

აღტაცებით და გაგიჟებით ჩაშტერებოდა ბენ-საიდი, გველების ჯადოქარი; გაქვავებული, დარეტიანებული, გაფართოებული თვალებით უხმოდ შეჰღაღადებდა სავარძელზე დაბჯენილი ჰექსლეი... ბრომლეი ჩაკეცილი, მოკუჭული ეგდო დივანში სულგანაბული, თითქოს ცქერას ერიდებაო, რაღასიც ეშინოდა და თვალს ვერ აშორებდა.

გველები, ძველებურად მწყობრად შეძვრენ ფეხებში, გამოჩნდენ წვივებში, ისევ დაიკარგენ, და ისევ გადმოყვეს თავი ფერდებზე საკინძურ ჩამოვარდნილ პერანგში...

აიწიენ, გადაიხლართენ და ჯვარედინად ერთმა მარჯვენა მკერდს, მეორემ მარცხენა მკერდს თითქოს სამუდამოდ დაადვეს თავი.

ქალი არ ჩქარობდა, ის უფრო და უფრო ცდილობდა შეესვა სიგრილე ტანთ-შემოჭერილ სხეულებისა და დაელევინებინა ამ მოალერსეთათვის თავისი არსების მზე...

– ჭეშმარიტად ეს არის გველების ღმერთი ქალი! მჯობნის! მჯობნის! - ბუტბუტებდა თავის გაუგებარ ენაზე ინდოელი მოცეკვავე ქალი.

– ამ ქალით დავიპყრობდი რომ გამომვებოდეს, ინდოეთს, ყმად დამიდგებოდა მაგარაჯი. ღვთაებაა, მშვენიერებაა, - ფიქრობდა ბენ-საიდი.

– იგი ჩაიკრა, იგი მიისრისო გულზე, რა არის უმაღლესი! - ასე ფიქრობდენ ინდოელი ბენ-საიდი, ფანჯრებში შემომცქერალნი რესტორანის სტუმრები და, მგონი, თვით კედლები, სცენა და განსაკუთრებით დიპლიპიტო, ახლა სრულიად გახელებული, გადარეული, ყოველ საზომსა და ტემპს გადასული.

ქალი დაიხარა, გველთა კუდები ზე-აიტანა. გველები აქაც შემოეჭვდენ დასხეპილ მკლავებს; ქალმა მოალერსე ხელები შემოავლო გველების თავებს... სიყვარულით გაჟღენთილი, ამღვრეული მინელებული თვალები ქვე დახარა და გაპობილი ბაგენი უნდოდა დაეკონა ჭრელ მიჯნურებისათვის, რომ შემდეგ ყელსაბმურად შემოევლო...

დარეტიანებულ გედათ ტორტმანით დაეშვა ნოხზე.

სურათის დასამთავრებლად ესეც მშვენიერი გამოდგა.

სულ-განაბული იყო ყველა, აღტაცების გამოსათქმელად ელოდენ წუთს, როცა ელი ფეხზე წამოდგებოდა.

გადაისრიალეს ტანზე ურწმუნოებმა და სისინით გაიზლაზნენ კალათებისკენ...

პირველი ჰექსლეი გაექანა. გზაზე ერთ გველს ქუსლი თავში ჩაჰკრა და როცა მივარდნილი ინდოელი ხელის შეშლას უპირებდა, მუშტით მჩვარივით მიაგდო შორეულ კუთხეში.

მეორესკენ გაექანა, მაგრამ მოაგონდა, რომ მისი მოკვლა არაფრად ღირდა და დაიღრიადა დაჭრილივით:

– ექიმი!

წუთით დაცარიელებულ ოთახს მიაშურა ყველამ.

მიხვდენ ინდოელები, კარგი არაფერი მოელოდათ და მიიმალნენ გველებიანათ, კარებში კი მოასწრო ბენ-საიდმა მეტრ დ’ოტელისთვის ჩაუფუჩუნებია:

– აკი ვსთქვი, შამპანიური, ღვინო, სუნი არ შეიძლება-თქო, გვერდზე თითქოს წამოწოლილი ქალი გულაღმა გადმოაბრუნეს, ხელი მოაშორებინეს ლოყას და მაშინ დაინახეს ყურის ძირში შემხმარი ერთადერთი წვეთი სისხლი.

ექიმმა მობანა.

– მობანას სისხლის ამოწუწნა სჯობია, - შენიშნა ვიღაცამ.

ბევრი წაიწია.

– ოღონდ გაფხაჭნული არ გქონდეთ ნუნა, ან ამოხრული კბილი.

შეჩერდენ.

ბრომლეი საქმიანად მივიდა, იარა ამოწუწნა.

ქალმა თვალი გაახილა.

პირის კანი დარბილებულიყო შესახადავადაც კი.

– უშველეთ... მამას! შელოცვა... როსკანმა... გამომიგზავნოს...

– რაო? - იკითხე ბრომლეიმ.

განუმეორეს.

იმავ წამს არიწკინდა ტელეფონები, ტელეგრაფი, რადიო. ვიღაცამ ბრძანა, ვიღაცამ გაგზავნა და...

თბილისში

გაუგებარმა რადიომ

ვიღაც განაცვიფრა;

ვიღაც გაბრაზდა.

მილიცია აფორიაქდა.

ვერ გაიგეს,

ეგონათ რაღაც ხერხი - რაღაც ნიშანი;

ბანკის გამგე გაიწვიეს.

ვიღაც დააკავა მილიციამ

ყოველ შემთხვევისთვის...

იჭვები გაფანტა ინგლისის საკონსულოს თანამომდევნო ტელეგრამამ.

და არიწკინდა ისევ ტელეფონი.

ტელეგრაფი არაკუნდა და სოფლის მახლობელ სადგურიდან ქაფში გავლებული ორი ცხენი მიადგა როსკანას ოდას.

ყმაწვილმა მხედარმა მოხუც დედაკაცს თხილის ჯოხი დაუგდო წინ. ქალი აბუტბუტდა თბილი წყლით სავსე კარდალაზე:

"სახელითა მღვთისათა, მამისა და ძისათა, და წმინდისა სულისათა; ლოცვა ნაკბენისა, გველის ასპიტისა, სანთე, რონთე, კანთე, როქაფთეს, ასმათეს; ამ ლოცვით გველი ასპიტი მოკვდეს და ნაკბენი მისი მორჩეს..."

და თან ჰაერში, წყლის ზევით, რაღაც სამისნო ხაზებს სახავდა ხელით.

ერთი ჭიქა შენალოცი წყალი მოსულს დაალევინა და ორი ჭიქა ბოთლში ჩაუსხა ავადმყოფთან წასაღებათ.

პირველი ცხენოსანი ოთახიდან გავიდა.

მეორე ცხენოსანმა დედაკაცს სთხოვა შელოცვის ჩაწერა.

უარი თავის გაქნევით.

– რამდენიც გინდა მთხოვე.

– 500 მანეთი - დედაბერს ეს თანხა ოცნების საზღვრად მიაჩნდა, მისცა და...

და რადიომ ყველასათვის გაუგებარი სიტყვები გადაიტანა იქ, სადაც დაქირავებული იყო მთელი ლაბორატორია, დარაჯობდენ, თათბირობდენ ლონდონიდან, ბერლინიდან და ვენიდან გამოწერილი მსოფლიოში განთქმული დოსტაქრები და სადღაც კალკუტის უნივერსიტეტის კლინიკიდან მიიღეს ცნობა, რომ ახლად გამოგონილმა შრატმა ვერ გაამართლა იმედები, - იგი შხამის დამძლევი არ აღმოჩნდა, არამედ დაგესვლის მიმდინარეობას მხოლოდ აგრძელებსო.

* * * * * * *

– დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჩემი გაკოტრება არ გენებებათ... პასაჟირები გადასვლას აპირებენ... გთხოვთ, რაც შეიძლება სასწრაფოდ...

ბრომლეიმ წინადადება არ დაამთავრებინა:

– მთელი სასტუმრო ჩემი დაქირავებულია, ვისაც ნებავს, დარჩეს უფასოდ, ვინც გადასვლას მოისურვებს, ჩემის ხარჯით გადაუტანეთ ბარგი... ვინც ვერ გაასწორებს ანგარიშს, მე დამაწერეთ. ეს საუკეთესო რეკლამაა, და დიდი მოგება იქნება თქვენთვის.

სასტუმროს შეფმა ჯერ ვერ გაიგო განკარგულება, ხოლო შემდეგ გახარებულმა თავის კვრით დაიხია კარებისკენ.

– მოითმინეთ, - მიაძახა ბრომლეიმ, - გთხოვთ, მთელ სასტუმროს ზედა კედლიდან ქვაფენილამდე შავი ხავერდი ჩამოაფაროთ... ისე, რომ არსად მოსჩანდეს კედელი, ფანჯრებსა და კარებს ყვავილ-გრეხილებით შეამკობთ; ქვევით მაღაზიებს, თქვენმოურიგდებით, რომ დაკეტონ და სამგლოვიაროდ მოწყობის ნება დაგრთონ...

– ვეცდები.

– კი არ ეცდებით, შეასრულებთ!

* * * * * * *

– მცირე დრო გვაქვს... სამგლოვიარო მარშის დაწერა ყოვლად შეუძლებელია.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ნიკო ლორთქიფანიძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.