prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

შელოცვა რადიოთი — ნაწილი 4

ნიკო ლორთქიფანიძე · პროზა

– რა ვქნა, ქალბატონო, გარწმუნებთ, ჯერ-ჯერობით ჩემთვის შეუძლებელია რუსეთში წასვლა, და არც თქვენ გირჩევთ, რომც მოხერხდეს...

– ყოველ საშუალებას ვიხმარ, რომ გამოვაწყო თქვენი გამგზავრება, ოღონდ ცოტათი გამხიარულდით, - დაუმატა ბრომლეიმ, რომელსაც სრულიად არ შეეძლო მწუხარების ცქერა.

ელიმ სახეს თითქოს ხელით გადააფარა ღიმილი.

– და მერე რა გნებავთ?

– ბ. ჰექსლეის არ მიაქვს რამინოს დათმობისათვის დაპირებული თანხა, - გაუხარდა ბრომლეის, რომ ელი ჩვეულებრივ მუსაიფში ჩაება.

– როგორ გამოვართვა, როცა რამინო წავიდა, ბ-ნ ბრომლეის მისი სამსახურით არ უსარგებლნია...

– თქვენ ხომ დაუთმეთ თქვენი უფლება და რამინო როგორ მოურიგდებოდა ბ-ნ ბრომლეის, ეს მათი საქმე იყო...

– აი აი მეც ამას ვამბობ... კარგია, ეხლა გავათავოთ...

ჰექსლეიმ გამოწვდილი ჩეკი პორტმანში უკმაყოფილოდ ჩაიდვა.

ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, რაც მეტად აწუხებდა ბრომლეის.

"ის იტანჯება, ჩვენ მოსვენებას არ ვაძლევთ", - ფიქრობდა ორივე ვაჟი.

ელი არაფერზე არ ფიქრობდა, მხოლოდ გარინდულს ესერებოდა გული.

– რამინოს წასვლამ ყველა ცუდ გუნებაზე დაგვაყენა... ვიღა ეშმაკია ეს რამინო.

გვიამბეთ მაინც,. - მიმართა ბრომლეიმ ჰექსლეის.

ჰექსლეიმ ბუხარში ფიჩხები შეჰყარა. - ეტყობოდა მომავალი მოთხრობის ჩარჩოებს ხაზავდა და სავარძელზე გადაჯდა.

ჰექსლეის ამ მოძრაობას ელიმ ისეთნაირად შეხედა, რომ ჰექსლეი წამოდგა და სავარძელზე დაჯდა; ბრომლეიმაც გრძლად გაშლილი ფეხები გაისწორა.

– უკაცრავად, მე მინდოდა შემექმნა ინგლისში ჩვენი კლუბების ილლლუზია, სადაც ცალკე ოთახში, ბუხართან ლასლასათ ასე ვჯდებოდით და გრძელ ამბებს მოუთხრობდით ერთმანეთს.

– იქ მანდილოსნები არ გისმენდენ, უეჭველია... მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, გვიამბეთ ოღონდ.

– მაპატიეთ, მე ძლიერ ადრე შევირთე ცოლი, რაც ეგრე იშვიათია ინგლისში. პირველ თვეებშივე შევამჩნიე, რომ ჩემი მცირე შემოსავალი ვერ დააკმაყოფილებდა ოჯახის მოთხოვნილებას და გადავწყვიტე სადმე დამეკმაყოფილებინა, ნახევრად მეცნიერული, ნახევრად ახალდგაზრდული ცნობისმოყვარეობის სურვილები - მე თექვსმეტი წლიდან უკვე შევუდექი აღმოსავლეთის შესწავლას და აი ინდოეთს მივმართე, სადაც წინათ მსახურობდა მამა და სადაც მრავალი ნაცნობები შერჩენოდა ჩვენს ოჯახს.

ჩემი ძმაც დროებით იქ იყო. პირველ ჩასვლისთანავე საქმე კარგად წავიდა. მე უკვე იმედი მქონდა უკან დაბრუნებისა - მდიდარმა ბუნებამ და გამოუცდელმა და მეტად პატიოსანმა ხალხმა საშუალება მომცა მალე მიმეღწია მიზნისათვის. მართალი გითხრათ, მე სიყვარულითა და მადლობით სავსე ვიყავი ინდოეთისადმი - და ბევრი რამ თეთრკანიანთა განწყობილებისა ინდოელთადმი სრულიად უსაფუძვლოდ, უაზროდ და უსამართლოდ მეჩვენებოდა.

უმთავრესი საზიზღარი ის იყო, რომ თეთრი, ინდოელის მიმართ მუდამ მართალი უნდა დარჩენილიყო; ყოველ ევროპიელს უეჭველად მხარი უნდა დაეჭირა თავის, ასე ვთქვათ, "თანამოკანისათვის".

– ბოდიშს ვიხდი, ბატონო ჰექსლეი, - ამერიკელს გრძლად დალაგებული მუსაიფი ვეღარ აეტანა, - მაგრამ ჩვენ, მგონი, თეატრში ვაპირებთ წასვლას.

– ... ეხლავე... შევამოკლებ... და აი ერთხელ, როცა ვიწრო ქუჩაში შევუხვიე, ვხედავ ვიღაც წაიქცა... რევოლვერი გავარდა... ინგლისელი ოფიცერი აპირებს წაქცეულს ხელმეორედ ესროლოს; რევოლვერზე ჯოხი დავკარ, რევოლვერი ხელში გაუვარდა,ინდოელი წამოხტა და აუჩქარებელის ნაბიჯით გაუდგა გზას.

ოფიცერი მომიბრუნდა და მითხრა:

– თქვენ ამინაზღაურებთ შეურაცხყოფას...

რა დამრჩენოდა მეთქვა, გარდა იმისა, რომ მზათა ვარ.

განვაგრძე გზა.

უეცრად წინ გადამეღობა ინდოელი, რომელმაც მძიმედ თავი დამიკრა.

მე უკმაყოფილოდ გავხედე, და იგი ისეთივე მძიმე თავის დახრით გამშორდა.

მთელი კოლონია, განსაკუთრებით ინგლისელებისა, აყაყანდა.

მე გამოველი მოღალატე.

ჩემი მეტოქე ოფიცერი, ვიღაც ბარონეტის მემკვიდრე, მეტად მდიდარი და მეტად უმწეო, ჩემს თანაგრძნობასაც იწვევდა.

იგი სრულიად არ იყო მაბეზარი, მაგრამ ახლა იძულებული გახდა, როგორმე დაეღწია თავი საერთო ზიზღისა და დამცირებისაგან.

დუელი მეორე დღეს უნდა მომხდარიყო. პირობები მეტად სასტიკი დადვეს - "უკანასკნელ სისხლის წვეთამდე". საგონებელში ჩავვარდი. მეტოქის მოკვლა არ იყო ძნელი.

მაღალი, გრძელხელებიანი, სუსტი და მოუხეშავი, როგორიც არიან ალკოჰოლით დაავადებული სხეულები... მაგრამ მის სიკვდილს უეჭველია მოჰყვებოდა ინგლისის საზოგადოების მხრით ჩემი მუდმივი დევნა... და მე ხომ არც ბაირონი ვარ და არც შელლი...

გადავწყვიტე, თავი გადამედვა და როგორმე უსიკვდილოდ გამოვსულიყავი ამ ბრძოლიდან.

გეგმა დავაწყვე და ხასიათის მთელი ენერგია შემოვიკრიფე.

მე ვცდილობდი, მოწინააღმდეგე ისე დამეღალა, რომ ხელი ათრთოლებოდა და, როცა ხმალს გავაგდებინებდი, დამბაჩის დამიზნება მარცხენა ხელით ვერ მოეხერხებინა.

ამ გადაწყვეტილებამ ორი მძიმე ჭრილობა მიმაღებინა. მაინც ვიბრძოდით მთელი ორი საათი. მოთმინება დაკარგული სეკუნდანტები გვაქეზებდენ.

როცა ვიფიქრე, დრო დადგა-თქო, ქვევიდან აქნევით მკლავში მძიმედ დავჭერი სეკუნდანტებმა აღარ კი შეგვაჩერეს, რომ ბოლო დადგომოდა ჩვენს ფარიკაობას, მაგრამ სისხლმა იფეთქა და ხმალიდანაც კი წვეთა იწყო.

ექიმმა განაცხადა, ხმლით ბრძოლა აღარ შეიძლებაო.

დამბაჩები მოგვცეს...

დაღლილმა მეტოქემ მარცხენა ხელით ვერ ამომიღო ნიშანში... ისევ მე დავჭერი.

დუელი გადაიდო მეტოქის გამომთელებამდის... მანამდის კი აკრძალული მაქვს ინგლისში ჩასვლა.

საცოდავი დღემდე ცოცხალია... ვერ მოიკეთა... დასახიჩრებული ეხლაც ნახევრად ლოგინად წევს და...

მე ხომ დავხეტიალობ.

– დიდი მსხვერპლი შეგიწირავთ... დააფასა და გადაგიხადათ მაინც რამინომ? - ვერ მოითმინა ბრობლეიმ.

– ეხლავე... დუელის მეორე დღეს, როცა მე ოთახში მარტო ვიწევი, და მხოლოდ მოწყალების და მიჯდა სასთუმალთან, უეცრად კარებს დააკაკუნეს.

– მობრძანდით.

შემოვიდა ინდოელი. ღრმად დახარა თავი. ძლივს ვიცანი...

– რა გნებავთ? - უკმეხად შევეკითხე.

ისევ ღრმად თავი დახარა, ხელი გაიქნია, ნიშნად იმისა, რომ არაფერი არ სურს, მომიახლოვდა, თვალებში ჩამაცქერდა, თითქოს გამშინჯა, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და თავდახრილი უკან-უკან სიარულით მიიმალა კარებში.

მოწყალების დამ მხრები აიჩეჩა და მრისხანე თვალები გააყოლა.

– მეტი არაფერი? - ისევ წამოიძახა ბრობლეიმ.

– მოვრჩი, - განაგრძო ჰექსლეიმ, - მაგრამ ქალაქში არ დამედგომებოდა; მეტად თვალსაჩინო ბრალმდებლად წინ მიმიძღოდა სიკვდილს გადარჩენილი, მაგრამ ინდოელის გულისათვის მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ოფიცერი, რომელსაც, რა თქმა უნდა, მრავალი ყავდა ქომაგი ამხანაგთა და განსაკუთრებით მანდილოსანთა წრეში, რომლის ერთ-ერთ წევრს შეეძლო გაბედნიერებულიყო მისი შეძლებითაც და საგვარეულო გვირგვინითაც...

გადავსახლდი შორს... სადაც ევროპიელი იშვიათად მიდის... საქმე იქაც გაკეთდებოდა.

...და როცა ჯერ კიდევ მოწყობილიც არ ვიყავი ახალ ბინაზე, ფანჯარაში დავინახე პატარა ხურჯინით ხელში რამინო... მას მერე არ დამშორებია...

– ეს ძლიერ ცოტაა!..

– რამინო მუდამ მხარში მიდგა, და თუ რამე მაქვს ეხლა, მისი გამჭრიახობის, საქმის და ქვეყნის ცოდნისა და დაუზარებლობის შედეგია.

– ამასვე იზამდა ყოველი პატიოსანი ნოქარი.

– თქვენ გნებავთ რამინოს მხრივ გმირული თავდადება... ინებეთ, ერთხელ, ჰიმალაის მთებში, ნადირის დევნით დაღლილები, ძლივს ამოვფორთხდით ნაპრალიდან. მე ფეხზე ვიდექი და ზურგიდან ჩანთას ვიხსნიდი, რამინო იჯდა და გახდილ წაღიდან სილას ირეკდა. სრულიად მოულოდნელად ჩემ წინ აღიმართა ვეებერთელა დათვი.

იარაღის ხმარების დროც აღარ იყო; რამინო ისე ხერხიანად წამოდგა, რომ ჩემსა და დათვის შუა გაჩნდა, გაშლილ თათებში ხელი სტაცა და ასე წუთით გაქვავდენ. უეჭველია დათვი ჩაბღუჯნიდა რამინოს, რომ იგი უეცრად არ დახრილიყო და თავის დათვის ყბის ქვეშ არ ამოეკრა. წონასწორობა დაეკარგათ ორივეს, გადატრიალდა ორივე... მცირე დაქანების შემდეგ იწყებოდა, თვალუწვდენელი წკვარამი... ორივე მურგვივით ერთმანეთში გადახვეული იქითკენ გაექანენ... და აი დავინახე, რომ რამინო ნიკაპით ხრამის პირათ ჰკიდია... დათვი კი არა სჩანს... ხრამში გადავარდნის დროს რამინოს ხელი, უეჭველია,

შემთხვევით ჩაეტანებია რაღაც ფესვისთვის და ამით გადარჩენილიყო. მაგრამ ქვედა ტანი ვეღარ ამოეტანა ზევით, ისე დამტვრეულ-დაბეგვილი ჰქონდა სხეული... მინდა ამომეზიდა, მაგრამ მომაძახა:

– ა, ა, ნუ დამანძრევთ... კუნძი სუსტია... ბღაუჭში სრულიად ამოვარდება. გადახლართეთ იღლიის ქვეშ გულ-მკერდზე ბაწარი და მოადევით ზევით ხეს და ისე ამწიეთ...

ოღონდ ჩქარა, თორემ ხელი მღალატობს...

ასეთის საშუალებით, გაჭირვებით, ცოტა ზევით ავათრიე... გვერდი გატეხილი აღმოჩნდა, ყური თითქმის მოგლეჯილი, გულზე და მუხლებზე ტყავი ჰქონდა გადამძვრალი, ფრჩხილები ამომძვრალი და არა თუ კრინტი, კვნესა არ აღმოხდენია, გონება არ დაკარგვია, არამედ ხმაც არ შესცვლია, მოსაზრება არ შესუსტებია...

– ბედნიერია, ვინც ასე კაჟივით არის გაჩენილი, - ჩაილაპარაკა ელიმ.

– და წარმოიდგინეთ, მთელი ავადმყოფობის დროს თვითონ იძლეოდა განკარგულებას, თვითონ შეაკვრევინა ჭრილობები, თვითონ გააკეთებინა რაღაც ბალახების წვენი და იარებზე დააფენინა რაღაც ფოთლები... ჩვენს ექიმებზე უარი სთქვა... დიდ ხანს იწვა, მაგრამ ისე ადგა, რომ ჭრილობის არც ერთი ნიშანი, არც ერთი ხაზი არ დარჩენია.

– ამას მეც დავამოწმებ. სხეული თითქოს ხელუხლებელი ჰქონდეს, მე იგი უკაცრავად ქალბატონო, სრულიად ტიტველი ვნახე. - დაადასტურა ბრომლეიმ.

– დიახ, ეს ვაჟკაცობაა! - დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ დასძინა ბრომლეიმ...

მუსაიფი არ ებმოდა.

– მე უფრო ყურადღებით მოგისმენდით, თქვენ რომ გეამბნათ იმ ახალგაზრდა ფრანგ დიპლომატზე, რომელიც მისმა ბიძამ, დიდმა მოხელემ, გააგზავნა ინდოეთში განსაკუთრებულ საიდუმლო მინდობილობით, - ვეღარ დააკავა ენა ბრომლეიმ, - ინგლისურმა გვარმა ხელი შეუწყო დაახლოვებოდა ინგლისელ მოხელეთაც...

სხვათა შორის ის დაუმეგობრდა საიდუმლო საქმეთა ინგლისელ წარმომადგენელს, რომლის ხელში თავი მოეყარა ისეთს ცნობებსა და საბუთებს, ისეთს პირებთან გაება საიდუმლო კავშირი, რომ მისი თავიდან მოშორებას უეჭველად მოითხოვდა საფრანგეთის საქმის ვითარება.

მაგრამ ახალგაზრდა ფრანგმა შეიძლება გამოუცდელობისა და შეიძლება თავისი რაინდული ხასიათის გადამკიდემ, არ იკადრა ნამალევათ, სხვისი ხელით, ინგლისელის მოკვლა და ისარგებლა ქუჩაში მომხდარ რაღაც ჩოჩქოლით და იქვე ევროპიულ წესების დარღვევით, მართალია, თანაბრად შეიარაღებული მტერი,

რამდენჯერმე სასიკვდილოდ დასჭრა.

– თქვენ საიდან გაიგეთ ეს ამბავი?

– ყოველი ადამიანის შესახებ, რომელთანაც მე სავაჭრო ურთიერთობას ვიწყებ, ხშირად ჩემდა დაუკითხავადაც კი, ჩემი მდივანი ჰკრებს ცნობებს.

– მაშ ჩემზედაც გექნებათ ცნობა, ბატონო ბრომლეი, - ჩაერია ლაპარაკში ელი.

– მე მოგახსენეთ "სავაჭრო ურთიერთობა". ესთეტიურ მხარეს მდივანი ვერ შეეხება...

ბრომლეის თავის პასუხი მოეწონა.

– განაგრძეთ, განაგრძეთ დაწყებული ამბავი.

– შეტაკებას დიდი შედეგი მოჰყვა: ინგლის-საფრანგეთის შორის უსიამო მიწერმოწერა დაიწყო; მსხვერპლად დაეცა, გარდა ახალგაზრდა დიპლომატისა, მისი ბიძაც...

ოჯახი გაუბედურდა... მაღალმა საზოგადოებამ ცუდათ შეხედა არა ჯენტლმენურ საქციელს. ახალგაზრდა გარიყული დარჩა, და იგი შეუდგა ცდას, როგორმე დიდი სიმდიდრის შეძენითა და ან რაიმე პოლიტიკური აქტით ერთბაშად გამოესყიდა შეცდომა, აღედგინა ოჯახი და თავისი სახელი...

– აი თურმე რისთვის მაჩქარებდით, - ძალდატანებით გაიღიმა ჰექსლეიმ, - თქვენ ხომ რამინოზე მეკითხებოდით და არ მეგონა, თუ გაინტერესებდათ ვიღაც ფრანგი ახალგაზრდა დიპლომატის სწორი ბიოგრაფია, – ჰექსლეიმ ხაზი გაუსვა სიტყვას "სწორი".

ელისთვისაც ნათელი გახდა, რომ ბრომლეიმ ბ-ნ ჰექსლეის ცხოვრების აღწერაში შეიტანა შესწორებანი და ამ ორის დაქიშპებამ უსიამოთ იმოქმედა.

ბრომლეი მიუხვდა ქალს.

– ყოველ შემთხვევაში, მე უსურვებდი ახალგაზრდა ფრანგს კეთილშობილ მიზანს მიაღწიოს. მალე - ბრომლეი ეხლა ეჩვეოდა სალონურ მუსაიფს და ეს აშკარა ლაპარაკი ძლიერ მალულ გადაკრულ თქმად ეჩვენებოდა, და ასეთი ხერხი მეტად ახარებდა.

– წავიდეთ, თუ მივდივართ... - ვეღარ მოითმინა უხერხულობა ელიმ.

– ურიის ქალზე? - იკითხა შემკრთალმა ჰექსლეიმ.

– სიამოვნებით! - დაეთანხმა ელი.

– სადაც გნებავთ, ოღონდ სამწუხარო არ იყოს... - დაუმატა ბრომლეიმ.

– უკანასკნელ სცენას ნუღარ მოუცდით, რადგან ასეთი ნერვებიანი გახდით, ბატონო ბრომლეი, - ღიმილით შენიშნა ელიმ.

– ასეთის ღიმილით თუ დამაჯილდოვებთ, მოვრჩები...

ელიმ არაფერი უპასუხა და სამივე გაემართა კარებისკენ, რომ თეატრში წასასვლელად მომზადებულიყვნენ.

* * * * * * *

ყავახანა "საიდუმლო ბუ".

წინა ოთახი.

მოსასხამს იხდიან.

სარკესთან ემბლემათ დადგმულ ვეებერთელა ბუს ტიკინის თვალებში ელიმ დაინახა, რომ ზანგის ქალი ხელით კოცნას უგზავნიდა ჰექსლეის; უკანასკნელსაც რაღაცუნდა ენიშნებინოს, მაგრამ ჰექსლეის მხოლოდ ზურგი მოსჩანდა და თანაც იგი სწრაფად შემოუბრუნდა ელის და მიაწოდა მოსასხამი გახდის დროს ჩამორთმეული რედიკული.

"ასე დამემართება მეც! ასე უნდა მოვიქცე მეც!"...

ამ ზარმა დაჰფარა ელის მთელი გონება და სხეული.

– ქალბატონი გორდელიანისა მოდის...

პატარა სუფრაზე მჯდომმა ორმა მობაასემ შორიდან დაუწყეს მორიდებული ჭვრეტა, როცა მათ ჩამოუარა ელიმ, ერთი მათგანი ადგა - მას მეორეც აჰყვა და თავმდაბლად დაუკრეს თავი.

– წარმოიდგინე, კონრად, მე თავს არ ვიდებდი ამ ქალის სურათის დახატვას, - მეტად ბევრია მასში შინაგანი დიდებულება, რაც არ მეხერხება, ან საიდან უნდა შეეძინა ჩემს ყალამს ასეთი უნარი, - ოც წლამდე ერთი ლაღათ გაზრდილი ადამიანი არ მინახავს...

– მე კი სიამოვნებით ვსინჯავდი, მაგრამ ქალბატონს გადაჭრილი უარი განუცხადებია, - მილიარდერ "დავენიძლაოსთვის"?

– დიახ, მისთვის... ნანახ სურათებიდან ყველაზე უფრო მოსწონებია ლენბახის "დედა და ბავშვი", კაულბახის "მადელაინა", რიდლის "საკუნტალა" და ბიოკლინის "მელანქოლია",. და უთქვამს, რომ შეიძლებოდეს, ერთ-ერთ ამ მხატვართაგანს სიამოვნებით

დავახატვინებდი თავსო.

– ასეთი შერევა სტილისა ვერ ამტკიცებს ქალბატონის ესთეტიურ განათლებას.

– მაგიერათ იგი მოწმობს, რომ ოთხივე სურათშია ამ ქალის თვისებები... აი დაუკვირდით, ამ ღრმა თვალებში ოცნებაც არის, გამბედაობაც და შიშიც: მიმოხრას და სახეს ეტყობა, რომ თავის სიდიადეში დარწმუნებულია, და თან ერთგვარი განცვიფრებაც ატყვია ზოგიერთ ხაზს...

– და ამით თქვენი თეორიაც მართლდება, რომ ხელოვნებაში საშუალო მცოდნეს, ხელოვნების მოტრფიალეს, მხოლოდ ის მოსწონს, რაშიაც მისი ნაწილი მაინც არის გამოსახული...

– ხელები, ხელები, - მხატვარმა სათვალეები გაისწორა, ისინი სწორედ კაულბახს უნდა დაეხატა! გამაცანით ერთი...

– სიამოვნებით, ოღონდ აქ არ შეიძლება.

– რა თქმა უნდა, აქ არა...

* * * * * * *

ელი იღებს მიწოდებულ ხოხობს ჩქიფით, კირტნის და თავში გაუელვებს "ამას მოუხდება მძაღე ან კვაწარახი! "

– კაბარე გათავდა? - ეკითხება ბრომლეი შორი-ახლო მდგომ მეტრ დ’ოტელს.

– არა, ბატონო ბრომლეი, ეხლა იქნება ყველაზე უფრო ეგზოტიკური ნუმერი, - ძლივს ასწრებს უპასუხოს მეტრ დ’ოტელი;

რომ ფარდა გაიშლება;

კონფერანსიე და

ინდოელი ბენ-საიდ;

ჭრელი ხალათი;

თეთრი დოლბანდი;

და თითქოს შეღებილი ყორნის ფერი შავი ულვაშები

სალამი წელში იკეცება.

ბენ-საიდმა სახელოდან გამოიღო მანამდე სრულიად უჩინარი დიდი კალათი.

კონფერანსიე:

– ჩვენს კაბარეს თავისი მობრძანებით პატივი დასდო ცნობილმა მეცნიერმა - ბუნების მეტყველმა - პროფესორმა ოტო კირნერმა. ვთხოვოთ, მე ვთხოვ დირექციის სახელით, ნუ დაიზარებს და დაგვიმოწმოს, რომ ამ კალათაში მყოფი ორივე გველი შხამიანია და რომ მათ კბილები არა აქვთ დამძრალი...

ბენ-საიდი კიდევ გაიკეცა შუაზე.

– ვთხოვთ! ვთხოვთ!

და მთელი კაბარეს ათასი თვალი სწრაფად შეიკრიბა და მიეკრთო სუფრას, სადაც ისხდენ ორი ახალგაზრდა ქალი და სამი კაცი.

ერთი ვაჟთაგანი ოდნავ უარზე იყო, მაგრამ ადგა და სცენაზე ავიდა.

ინდოელმა კალათს თავი ახსნა და ორი გრძელი, ჭრელი გველი ჩამოეკიდა ორ მის ხელს.

პროფესორმა გასინჯა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ნიკო ლორთქიფანიძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.