– ხომ ჩამოართმევდნენ მაინც?!
– ჰო და მამული მან "შესწირა" და "დაარიგა", ხოლო შვილი "ჩამოართვეს" - ხა! ხა!
ხა! ბედნიერი ელი მოივლის ქვეყანას... ამ საბურთალოს მტვერს კი ჩვენ გვიტოვებს...
– თინიკო, იცხოვრე, როგორც გსურს, ოღონდ ამ სიტყვებს მაინც ნუ გამაგონებ!
– და მოხუც ქალს უნდოდა ბოღმის გასაქარვებლათ სხვა ოთახში გასულიყო, მაგრამ რადგან მეორე ოთახი აღარ ჰქონდათ, მივიდა კუთხეში მდგომ საკუთარ საწოლ ტახტთან და სასთუმალიდან გამოიღო ოდესღაც სადაფით მოჭედილი, "ცხრაკლიტულიანი"
პატარა ყუთი, და შიგ დაიწყო ფათური დაყვითლებულ წერილებსა, ძველი ჟამნისა, დონდუკოვ-კორსაკოვის ბალზე მიღებულ იაპონურ მარაოსა და ქმრის, მყიდველებისათვის უსარგებლო მენდალ-ჯვრების შორის...
* * * * * * *
თითქმის ამით დამთავრდა თვალიდან ელის უეცარი გაქრობის ამბავი. საერთაშორისო ომის ნაგლეჯებისა და სამოქალაქო ბრძოლის მოვარდნილ კორიანტელში ვერ გაატარა ცხოვრების ნაპტკვენმა ბუმბულმა.
მერსედესი მიჰქროდა.
ელის იზიდავდა, ხიბლავდა, ათრობდა:
მოჭრილი პურის ყვითელ ხალიჩაზე ძნებად დადგმული კონები.
არშიათ შემოვლებული მთების მარმაში, თავისუფლად დაშვებულნი, ვით თეატრის სიმეტრიულ ნაოჭიანი ფარდა.
ხეებისაგან გაცრცვნილ, ამწვანებულ მთების წვერზე ბოხოხად დარგული ქოჩორა ხეივანი.
ველები ფერად ზოლებად დაყოფილნი.
ტელეგრაფის მავთულებზე მწკრივათ, როგორც მოწაფეები - ქანდარაზე, უხმოდ ჩამომჯდარი ფერადი ჩიტები.
და ეს უთვალავი ყოველის მხრით გადმომცქერალნი, ზოგი მტირალნი, ზოგიგასალკლდევებული ნანგრევნი კოშკებისა, ციხეებისა და ეკლესიებისა...
თვალები მოეღალა ქალს.
ქვე-შეგნების მივარდნილ სამზარეულოში მაინც ღვიოდა დამამშვიდებელი ნაზი სევდა, უსიტყვო ფიქრი.
ფიქრების შედეგათ თუ თავში გაირბენდა ნაწყვეტი სიტყვები, ისინი იყვნენ მხოლოდ არსებითი სახელები და ზმნები განმაცვიფრებელ ფორმებით... განმარტებისათვის არ სცალოდა ტვინს. "მამას", "წყაროს ფეხი"... ... "შვილზე"... "მოკლეს"... "გარყვნილიაო"...
"ვინ იფიქრებდა"... "კი... ჰო!" "სულ ერთია"... "საცოდავი"... ელის ყურს მოხვდა გარკვეული სიტყვები:
– ეჰ, წაგვიყვანდეს ერთი!
მიიხედა.
გზაზე გადამდგარიყო რამდენიმე გლეხი (ცელებით ხელში) და შურით უცქერდა მიმქროლავ მანქანას.
ელიმ ავტომობილი შეაჩერებინა და ხელი დაუქნია.
მცელავები გაკვირვებით ერთმანეთს გადახედავდნენ, მორიდებით მიდიოდნენ მაგრამ უკან დახეული ავტომობილიდან რამინო გადმოხტა, კარები მარდათ გააღო და თავაზიანათ მიიპატიჟა.
მუშები ჩაჯდნენ, მაგრამ უხერხულად გრძნობდენ თავს. - საითკენ მიდიხართ? - დაეკითხა ელი.
– აქ იჯარით გვაქვს თივის მოჭრა აღებული და დაგვიგვიანდა... შორიდან მოვდივართ.
– აბა, გაუჩქარეთ, - უბრძანა ელიმ შოფერს. მეტის მეტმა სისწრაფემ ახლათ ჩამჯდარნი შეშმუშნა...
ერთმანეთს დაუწყეს ცქერა.
ოთხი ცელი ელვარებდა ჰაერში, როგორც ელისათვის გამზადებული ჩაფხუტი.
– ასეთი ვაჟკაცები ხართ აქაურები და რამ შეგაშინათ?
– აქ რა ვაჟკაცობა გაგვივა, ქალბატონო, - უპასუხა მოხუცმა, - თორემ აი ეს ბიჭი, მარტო მიდის დათვზე სანადიროდ, ათი კი ჰყავს მოკლული.
ახალგაზრდას, რომელსაც მოხუცმა მიათითა, მხოლოდ წვერ-ულვაში ჰქონდა მოკლე, ქორფა და ყორნის ფრთის ფერი, თორემ თითქმის ისეთივე დანაოჭებული იყო სახე და ისეთივე სევდიანი თვალებით გამოიყურებოდა, როგორც დანარჩენები;
– ნუ გეშინიათ, ისე მიგიყვანთ, რომ ფრჩხილი არ გეტკინებათ. აი, მე ხომ არხეინათ ვზივარ.
– ცოდნა უნდა, ბატონო, ცოდნა, თორემ საშიში ქვეყნად არაფერია...
"ესენი არიან ის საშინელი გლეხები"... - გაიფიქრა ქალმა, "ტყუილია! მამაც ასე ამბობდა, ზრდილობიანი, ნამუსიანი, მშრომელი ხალხიაო".
ელიმ არ იცოდა, რაღა ეთქვა. უნდოდა კი მათთან ბაასი. თვალში მოხვდა გაშლილი ცელები.
– არ მეგონა, თუ აქ მამაკაცებმა თიბვას მოჰკიდეთ ხელი? აქ ხომ მუდამ მხოლოდ ქალები მუშაობდნენ.
– არა, ქალბატონო, ჩვენ წინათაც ვმუშაობდით. თქვენ რომ ბრძანებთ ის გადაღმა მხარეზეა.
ერთმა გლეხმა მობაასეს გვერდი ჰკრა და თვალით ანიშნა:
– რა იყო? - შეეკითხა ელი.
– ჩვენ გავსცილდით უკვე ჩვენს ადგილს.
– რა ვუყოთ მერე?.. გამოისეირნეთ კიდევ.
– არა გვცალიან, ქალბატონო, თორემ როდის მოგვიხდება კიდევ ჩაჯდომა!
– მშვიდობით! გამარჯობა! - ელის ნაღვლიანი თვალები დარჩა მუშებზე.
– გმადლობთ, ღმერთმა გადაგიხადოს!!..
* * * * * * *
კავკავში ჩასვლისთანავე ელი ტელეფონით გამოიძახეს.
შეშინებული მივიდა ქალი მანქანასთან.
– მე ვარ, ელი, რა გნებავთ?
– კარგად იმგზავრეთ, ხომ?
– გმადლობთ, კარგათ, ვინ მელაპარაკება?
– ჰექსლეი... ძლიერ მოხარული ვარ...
– ხომ არაფერი მომხდარა?
– არა, არაფერი... გთხოვთ, რამინო გამოუშვათ. ხვალ საღამოს უკანვე დავაბრუნებ.
– რად გჭირდებათ? უსათუოდ რაიმე მოხდა...
– გარწმუნებთ, სრულიად არაფერი. ხვალ ჩემი მეგობარი ჩამოვა ბათუმიდან, რომელიც კავკავში უნდა წამოვიდეს და არ მინდა ნაქირავებ ეტლში იჯანჯგავოს...
თქვენ კი მანდ ყოველივეს აგისრულებთ პატივცემული დიასახლისი. - კარგი! - ელის მაინც რაღაც ცუდათ უგრძნობდა გული.
– გთხოვ, რამინოს უბრძანოთ ტელეფონთან მოვიდეს.
ამ სიტყვებმა უფრო დააეჭვეს ქალი და ცდილობდა (რცხვენოდა კი სხვათა ლაპარაკის ყურის მიპყრობა) გაეგო, რაზე ლაპარაკობდნენ მოსაუბრენი, მაგრამ რაღაც უცნაური ბგერები მოესმა, კითხვით კი ვერ ჰკითხა მსახურს.
* * * * * * *
– გმადლობ, რომ მომისწარი: ხვალ დილას ექვს საათზე მზად უნდა იქნეს ავტომობილი და სადარბაზო ტანთსაცმელი! - მიმართა ლოგინში მწოლარე ჰექსლეიმ ახლად შემოსულ რამინოს.
– არ იქნება საჭირო. - ჩვეულებრივის სიდინჯით და გარდუვალის დაბეჯითებით უპასუხა რამინომ.
– რატომ?
– დუელი არ შესდგება...
– შენ საიდან იცი, რომ დუელი მაქვს?
– ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ხდება რაიმე დუელის მსგავსი.
– კარგი და დუელი რატომ არ შესდგება?
– ბატონი გორდელიანი არ არის ისეთი კაცი, რომ დუელი ისურვოს.
– აკი გამომიწვია...
– ეს იყო პირველი წუთი აღშფოთებისა... ძველი ჩვეულება ყოფილ მისი წრის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მაგრამ ასწონ-დასწონის, განსჯის, გაარჩევს და დარწმუნდება, რომ უადგილოა აქ დუელი...
"მგონი, მართალს ამბობს რამინო", - გაიფიქრა ჰექსლეიმ, - "მოფილოსოფოსე" ნევრასტენიკი აჯობებს ყოფილ კავალერისტს".
– შეიძლება, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.
რამინომ ჩვეულებისამებრ მდაბლათ, დინჯად თავი დაუკრა და გავიდა.
მცირე ხნის შემდეგ რამინო შემოვიდა და მოახსენა:
– შალვა გორდელიანი.
ეს კი მოულოდნელი იყო; ეს კი ყველაფერს აღემატებოდა.
ჰექსლეი ჭოჭმანობდა, მაგრამ საჩქაროთ ჩაცმა დაიწყო და რამინოს უპასუხა:
– მობრძანდეს.
მისაღებ ოთახში ჰექსლეის დახვდა ფერმკრთალი, სუსტი, მოქანცული შალვა;
მეტათ გაფართოებული, ამღვრეული და მწუხარე თვალები; უდარდელათ ჩაცმული
ტანთსაცმელი ლაზათს არ იყო მოკლებული; ხელოვნურათ დაუწყობელი თმა-წვერულვაში ბუნებრივათ შნოიანად დალაგებოდა.
შალვა ძლივს ადგა.
ჰექსლეი ელოდა.
– მე მოვედი გითხრათ, რომ დუელი არ არის საჭირო!..
– თქვენ ბრძანდებით ინიციატორი.
– ვიცი... ფორმალური მხარე იქნება ასრულებული... თქვენ არავინ გაგამტყუნებთ...
ჩემი სეკუნდანტები განაცხადებენ, რომ გამოწვევა მე თვით მიმაქვს უკან... მე მოვედი მხოლოდ მეთხოვნა... როგორ შეიძლება ასეთ შემთხვევაში თხოვნა ან სიტყვის ჩამორთმევა?!
მხოლოდ ეხლა მივხვდი, რომ სისულელეა!..
შალვა ადგილზე გადაქან-გადმოქანდა, მაგრამ ფეხების შორი-შორ გადგმამ და ნებისყოფამ შეამაგრა.
– დარწმუნდით, რასაც კი მთხოვთ და შემიძლია... - გულწრფელათ მიუგო ჰექსლეიმ.
– თუ შეგიძლიათ... უეჭველია, მოუვლით ელის.. ცოდვაა, კარგია.,.. მაგრამ ამ წინადადებით აქ ჩემი მოსვლა არ არის საჭირო, უადგილოა... უკაცრავათ! - შალვა კარებისაკენ წავიდა.
ჰექსლეი გაჰყვა.
– ჩემის მხრივ, ნება მიბოძეთ გაგახსენოთ, რომ თქვენ მოვალეობა გაწევთ შვილისა და თავის თავის წინაშე...
– ვიცი,მე ვალდებულებით ვარ დატვირთული, როგორც ვირი მისთვის უსარგებლო მარილით... - მწარე ღიმილმა ყბა-ტუჩი დამანჭა.
შალვა ჩქარის ნაბიჯით მიდიოდა, თუმცა ტერფები ეწეპებოდა ქუჩას და გზას გადიოდა მიხვევ-მოხვევით კლაკნით ისე, როგორც შოთას ძველი სიტყვები ("მაგრამ დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი") იკლაკნებოდა მის ტვინში.
* * * * * * *
ალვის ხის ხეივანში, ჩუმ ტბასა და თერგის დუდუნის შუა, იქ სადაც ძეწნას მოწყენილი ტოტები ფართო ჩრდილს ჰფენდა, ელი უსმენდა საკუთარი სევდის ხმას და კითხულობდა საყვარელ შელლის.
ფარშავანგის ვნებიანი წივილი აკრთობდა.
ბამბის ქულასავით თეთრი ფინია ფხიზელ, სუსტ და აბეზარ დარაჯათ უდგა.
რამინო თითქოს ელის გულში უზისო;
პირველი ასრულებდა, რასაც მეორე მოისურვებდა;
რამინომ გამოსძებნა თაგვისოდენა ფინია და მანვე ნიანგის ტყავში ჩაასმევინა სასურველი წიგნები.
* * * * * * *
ელიმ და ჰექსლეიმ კავკავშივე გადასწყვიტეს ზამთარი მიუნხენში გაეტარებინათ, სადაც სოფლური სიმშვიდე შეერთებულია მსოფლიო ქალაქის კულტურასთან და სადაც ხელოვნების საიდუმლოებანი მრავალ გასართობს უმზადებენ და საუცხოვო ჩარჩოთ ევლინებიან ქალ-ვაჟს.
პირდაპირ არ მიუშურებიათ საზამთრო ბინისათვის: ჰექსლეიმ გზა მოგზაურობათ აქცია:
ელიმ პირველად ნახა რუსეთის თვალუწვდენელი ველები. იგემა ვოლგის მშვიდ ზვირთებზე ხომალდით ტორტმანი.
დაათვალიერა ლევ ტოლსტოის "Ясная поляна" და "მეფე ზარა", "მეფე ზარბაზანი". სკანდინავიის სალ კლდეებს, ფიჭვნარსა და ჩქერებს გადაჰხედეს და ბერლინპარიზში ფეხი მოიკიდეს მცირე ხნით.
არეულ შთაბეჭდილებებში უნდა გაქნილიყო ფიქრი წარსულზე და ჰექსლეიმ მიზანს მიაღწია. ელის აჩრდილათ აღარ დაჰყვებოდა თბილისის გეგმა, მამის უცნაურობა, ბავშვის ალერსი...
იყო პროპელლერის ხმაურობა, გვიდო რენის (ბეატრისა ჩენჩის) სურათის სილუეტები, ახალი ოპერის ჰანგები, ყავახანის მოცეკვავეთა გიჟურ რხევასთან გადაბმული, და საილუსტრაციო ჟურნალების ხროვა და...
და ჰექსლეის უსაზღვრო, ნაზი პატივისცემა.
მყუდრო მიუნხენის გაზეთებს სალაპარაკო მასალა მისცა სამი უცხო სტუმრის ჰაეროპლანით მოულოდნელმა ჩამოფრენამ.
გაზეთები სწერდნენ:
"... ქალბატონმა განაცხადა, ჰაეროპლანით მხოლოდ სასწრაფო და თანაც დიდი საქმისთვის თუ შეიძლება მოგზაურობა, თორემ სასიამოვნო, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, არა იყო რაო: მუდმივი რყევა, ჰაერის ორმოებში ჩავარდნა და ყოველივეს მხოლოდ ზერელედ ცქერა მოსაწყენიაო. არაჩვეულებრივი მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე წუთით არის საყურადღებო, მერმე კი მოსაბეზრებელიაო"...
"... სტუმრებს სასტუმრო მეტად მოეწონათ. ბ. ჰექსლეიმ წინა დარბაზი დაიჭირა, ბატონი ბრომლეი მესამე სართულის ოთხი ოთახით დაკმაყოფილდა... ეს ახირებული მილიარდელი ოთახებში მაინც არ სცხოვრობს და, თუ დრო იხელთა, სახლის ჭერზე ადის, სადაც გამაკი გააბმევინა და იძინებს არხეინათო... ქალბატონი ელი - რუსეთის ცნობილი გვარიშვილის ქალი მეორე სართულის უკანა ნაწილში მოთავსდა, რომელიც სასტუმროს ადმინისტრაციამ აღმოსავლეთურ გემოვნებაზე მორთო..."
კარრიკატურისტ-იუმორისტმა ზრდილობასაც გადააჭარბა: თუმც პირდაპირ ბრომლეი არ იყო დასახელებული, მაგრამ ადვილი გასაგები იყო, ვის შეეხებოდა აქ შემოკლებით მოყვანილი დასურათებული შარჟი:
მილიარდერი "დავნაძლევდეთ"
"... ვინ იცნობს მილიარდერს, ყოველ შებრუნებულ სიტყვაზე დავნაძლევდეთო, რომ იქადება.
იგი იყო, კლემანსოს რომ მიაძახა: - "დავნაძლევდეთ, თუ საფრანგეთი გაიმარჯვებსო!"...
კლემანსოს, მგონი, ისე არაფერი გახარებია თავის ცხოვრებაში, როგორც მილიარდერისაგან წაგებული შამპანიურ ბოთლის მიღება...
ეს ჩვენი გმირი იყო, ვენელ როტშილდს რომ დაენიძლდავა, ფრანკის ფასი მეტათ დაეცემაო: და როცა წინასწარმეტყველება გამართლდა, სწორედ მან მისწერა როტშილდს, თქვენგან 500 ფრანკი მერგებაო. როტშილდის კონტორამ ვერ გაიგო ტელეგრამა, და თუმცა მოთხოვნილი 500 ფრანკი გადაუგზავნა, პატრონს შეეკითხა: ასე მცირე თანხა რაგვარათ დაგვედვა ვალათო.
... ეხლა ვეღარ ვიცანით მილიარდერი, თუმცა იგი რამდენჯერმე გვინახავს წინათ.
წლებს დაღი ვერ დაუმჩნევია, მაგრამ ცნობილი ორი მეჭეჭი აღარ აუშნოებს ცხვირს, და ძველი ჭრილობის დაღი შუბლზე თითქმის გამქრალა - პარიზის კოსმეტიკურ ინსტიტუტს გაუმარჯვნია...
მაგრამ ნახაზი უფრო ნაზად გამოსახავს ცვლილებას.
"დავენაძლეოთ" გუშინ - მოჩონდრილი პიჯაკი, უფორმო ქუდი და წაღები; ხელში ჯოხათ უჭირავს მოკაუჭებული კეტი. ცხვირზე ვეებერთელა მეჭეჭები და ყბის ქვეშ თხელი, გაჩხერილი, მოწითალო ღეროები, ვითომ წვერებიაო; ზედა ტუჩს ჰფარავს უსწორმასწორო, ჩამოწოლილი ულვაში და პირში გაჩხერილი აქვს საბათმანე მოკლე ყალიონი, რომელიც ედება ჟილეტიდან ბუჩქათ ამოვარდნილ ყელსახვავს.
ეს საძაგლობა დაჰყურებს ფეხებთან ლაღათ მიწოლილ ღორს.
სურათს მიწერილი აქვს:
"ახ, სატრფოვ ჩემო, ჩემო იმედო!"
"დავენაძლეოთ" დღეს - კოხტათ გაპარსული სუფთა სახე; შაპოკლაკი ოდნავ გვერდზე მოგდებული. გახამებულ საყელოდან გვირიშტიან საგულეს ჩამოჰყვება ქინძისთავ-ჩარჭობილი კოპწია ყელსახვევი; მორგებულ შავ ვიზიტკას მიჰყვება ზოლებიანი შემოკეცილი შალვარი, ბადე-მაქმანი წინდები და ყვითელ ლაიკის კოხტა ქოშები. მარცხენა ფეხზე დაყრდნობილია;
მარჯვენა კი ჯვარედინად გადაუდვია მარცხენაზე, და მხოლოდ ფეხის წვერით ეხება მიწას. მარცხენა ხელში უჭირავს აბოლებული სიგარა, მარჯვენა ხელის თითებში მარდათ ატრიალებს სტეგს; დაშორებით მოსჩანს მიმავალი ქალის ზურგის სილუეტი.
ქვეშ მიწერილია:
"ვერ მივწვდით, ცეცხლი მედება".
ბრომლეის ჟურნალ-გაზეთებში ჩაციება თავს აბეზრებდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
ჰექსლეის გულის სიღრმეში რაღაც ეამა.
ელის გაეცინა (ქალის სილუეტის მნიშვნელობა არ უნდოდათ გაეგო, მთლიანად ვერ გაიგო), მაგრამ თავი დაიჭირა... მოაგონდა კიდეც, რომ ბრომლეისთანაა, დისკრესიონ სანაძლეო ბევრი ჰქონდა წაგებულიცა და მოგებულიც, რომ თვითონ ქართველურის რიდით თუმცა არაფერსა სთხოვდა, მაგრამ ბრომლეის ამერიკული სისწრაფით მოჰქონდა ბოღჩა, ხელსაქნარის ხელსაწყო, ყვავილები ვაზაში, რომელიც უეჭველია, ვინმე დიდებულის სასახლიდან იყო გამოტანილი, ქინძისთავი და ყველაფერი ეს უბრალო, შესახედავათ უმნიშვნელო, იაფფასიანი, მაგრამ მცოდნესათვის ერთადერთი, იშვიათი ფასდაუდებელი.
"... ჰექსლეის განზრახული აქვს, მიუნხენში კინო-ქარხანა გახსნას"...
ერთხელ ელიმ გაზეთში ამოიკითხა:
"... ახალგაზრდა მომღერალ ქალს აღტაცებით შეხვდა კნეინა ე. გორდელიანისა...
მირთმეული ძვირფასი თაიგული კნეინამ გაუგზავნა მომღერალს; ეს გულწრფელი, უშვალო პატივისცემა მით უფრო დასაფასებელია, რომ დიდი ქალბატონი ღრმა მცოდნეა ხელოვნებისა და განსაკუთრებით კი მუსიკისა..."
– ეს მე ვარ მუსიკის დიდი მცოდნე? - ღიმილით დაეკითხა ელი იქვე მდგომ ჰექსლეის.
– რატომაც არა, ქალბატონო!.. ტეხნიკური ცოდნა შეიძლება არ გაქვთ, მაგიერათ თქვენ სწორედ სჯით და მკვეთრათ გამოსთქვამთ აზრს.
– ესეც თქვენი დაფასება...
– არა, წარმოიდგინეთ, ეს აზრი მე გავიგონე აქ საკმაოდ ცნობილ მუსიკალურ კრიტიკოსიდან, ბ-ნ ჰახერტიდან.
- მართლა?..
ჰექსლეიმ თავი დახარა.
- ... და თქვენ შეგეძლოთ, ამით საკმაოთ გესარგებლნათ.
- როგორ? ვიმღერო მარგარიტა თუ ვითამაშო ოფელია?... - ღიმილით შეეკითხა ელი.
- არა, მაგას არ გირჩევთ... მხოლოდ კინოში, ან ცეკვით თქვენ ფურორს.
- და თქვენ გსურთ?..
- არა, არა, ღმერთმა დამიფაროს, თქვენ დაგინახოთ საჯარიმო წარმოდგენაზე.
რამპის იქეთ მდგომი... მე მხოლოდ ვთქვი, რომ ასეთი გარემოება, შექმნილი ყურადღება, საკმაო გარანტიაა გამარჯვებისათვის... მაგრამ თვით გამარჯვება ჩემი დამარცხება იქნებოდა... არა, არა - ღიმილნარევი შიშით ლაპარაკობდა ჰექსლეი.
* * * * * * *
როცა ჰექსლეი საქმეებით გაერთობოდა და ბრომლეი ვეღარ ბედავდა კიდევ მეტ ხანს დარჩენილიყო, ელის სახე სრულიად იცვლებოდა: მოთენთილი, მიილულებოდა დიდ სავარძელში, თითქოს დამფრთხალ ხოხობივით ვისმე ემალებაო; წუთითაც აღარ ეფარებოდა ქუთუთო უპეებში ღრმად ჩავარდნილ თვალებს, მაშინ გარბოდა იგი მუზეუმებში და იქ საათობით იჯდა კაულბახის ბედნიერ ქალების პორტრეტების, ბიოკლინის "ავტოპორტრეტის", "ანახორეტის" ან "მიცვალებულთა კუნძულის" წინ.