– მე არ მოვითხოვ, რომ თქვენ დასწეროთ ახალი, ორიგინალური რამ... სრულიად საკმაოდ ჩავთვლი, თუ განსხვავებულის უჩვეულო მდგომარეობის თანახმად თქვენ შეადგენთ ერთ რასმე, თუნდაც ერთმანეთში გადაბმულს, ისე, როგორც შემთხვევით გადაბმული იყო ერთმანეთში ამ მშვენიერი ქალის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი:
შავი ზღვის პირად რაღაც ჩვენთვის უცნობი ქვეყანა; თავადი ქალი; ქმარი აშარი და ქმარი ლაჩარი; უკიდურესი სიღარიბე; ქმარ-შვილის სიყვარული და... პარიზი: ფუფუნება;
კეკლუცი ქალის მდგომარეობა... სული კი მაღალი. სხვადასხვა კომპოზიტორის ნაწარმოებში თქვენ ჰპოვებთ მასალას... უკაცრავად, მე უკვე შევეჩარი თქვენს დარგში...
მდივანმა პატრონის განმარტება ჩაიწერა და შენიშვნით გაუკეთა "გ", - რაც ნიშნავდა - "გენიოსია ბრომლეი".
"სიმდიდრე სითამამეს აძლევს და სითამამე კი ზოგჯერ მიმხდურია" - უფრო მდარეთ დააფასა გულში კომპოზიტორმა ბრომლეის მოსაზრებანი და ხმა-მაღლა კი უპასუხა:
– ასე შეიძლება... მოხერხდება.
– დასწავლა როდისღა მოვასწროთ? - ჩაერია ლოტბარი.
– ნაწილ-ნაწილად, რასაც აარჩევთ, ის დაასწავლეთ... ნოტების შეძენა, გადაწერა და სხვა დაუზოგველად... კანტორა აგინაზღაურებთ... რეპეტიციები ავტომობილზე აწარმოეთ...
შენიშნა თინომ; ამ პანაშვიდზე მას გამოეფინა ახალი საზაფხულო ქუდი და კურტნისოდენა რედიკული.
* * * * * * *
ბრომლეი 7 საათზე ჩვეულებრივ შეუდგა საქმეს.
წარუდგა მდივანი:
– დღეისათვის?
– ყველაფერი მზად გახლავთ...
– ავტომობილები, ჰაეროპლანები, სადილი, კატაფალკა ისეა, როგორც გადავწყვიტეთ?..
– დიახ!
– ხალხის გამასპინძლება ქართულის ჩვეულებით.
– ათი ათასისთვის მარსის მოედანზე... თუ დაგვჭირდა 15 ათასი ნამარაგევია...
– ქანდაკება?
– როცა ბაღს ავტომობილებიდან გადმოვიტანთ და ეზოში გავაშენებთ, ქანდაკებაც მოგვისწრებს... გამოთვლილია.
– ეხლა რა არის გაკეთებული?
– აი, მიირთვით ფოტოგრაფია.
– კეთილი... მორიგი საქმეები?
– ლონდონიდან გვთხოვენ პურის მთელი მარაგი გადავცეთ,
– მოგება?
– 4%;
– მთელი მოგება?
– 100.000 დაახლოებით...
– სწორი რიცხვი?
მდივანმა ქაღალდები გადაფურცლა და მოახსენა:
– 98.694
– რას ამბობს ჩვენი წარმომადგენელი?
– ეს უდიდესი ფასიაო, აწი დაიკლებსო, რადგან არგენტინიდან პური დაიძრაო.
– თანახმა ვარ. შემდეგი?
– ხომალდები იყიდება ორჯერ მეტად, ვიდრე სავარაუდოთ დავავალეთ აგენტს
– რათ მოხდა ეგრე?
– ფასი ერთი თვის წინათ იყო მიცემული, მაშინ აგენტმა თავისი პასუხისმგებლობით და თქვენის თანხმობით გაყიდვა შეაჩერა...
– ვიცი, ვიცი... მე გკითხეთ, ასეთი შეცდომა რატომ მოგივიდათ-მეთქი-
– ჩვენს აგენტს სცოდნია წინათვე, რომ ექსპორტიორები ტრანსპორტის მონოპოლიას იგდებენ ხელში, რათა საჭირო დროს თავის წრიდან გამოერიცხათ არა სასურველი პირები... და სწორედ როცა "ამერინდოს" კომპანიას უნდოდა გემები დაექირავებია, მოულოდნელად გაიგო, რომ გემები დაკავებულია კომპანიამ ჩვენ მოგვმართა...
– გადაეცით ჩემი თანხმობა და ჩემ მიერ დანიშნულს ფასზე ზედმეტი თანხიდან 10% მიეცეს ჩვენ აგენტს გამჭრიახობისთვის. მისწერეთ აგრეთვე, რომ "ამერინდოს"
კომპანიას გაუწიოს ყოველგვარი დახმარება და მისცენ შეღავათი, რამდენადაც ჩვენთვის საზარალო არ იქნება... შემდეგი?
– ჩვენი აქციები ეცემა.
– ეს უსათუოდ ჩემი აქაური, - ბრომლეიმ ვერ მონახა სიტყვა. - შემთხვევის გამო....
– დიახ, უეჭველია და ჩვენ შეგვიძლია დიდათ ვისარგებლოთ... ერთი-ორი ზარდამცემი ტელეგრამა აქედან და ჩვენ შევიძლებთ ნახევარ ფასად შევისყიდოთ...
– არა! - გააწყვეტინა ბრომლეიმ სიტყვა მდივანს, - ამ შემთხვევაში მოგება არ მსურს. პირიქით ახლავე გადაეცით რადიოთი საქმის ნამდვილი ვითარება და დაამშვიდეთ აქციონერები, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა შეუფერეხებელის წარმატებით მიდის... შემდეგი?
– დანარჩენი წვრილმანებია, რომელთა შესახებ აღარ შეგაწუხებთ... აი თამასუქების დასაფარავად განკარგულება ბანკს და სხვა...
და მდივანმა გადასცა განკარგულებები, რომელნიც მუსაიფის დროს გასცა პატრონმა და რომელსაც საჩქაროდ ბლოკნოტზე სწერდა მდივანი.
ბრომლეიმ ორიოდე ასო მოაწერა და გავიდა თავის მცირე კაბინეტში.
მდივანმა განცვიფრებით თვალი გააყოლა:
– "მოგებაზე უარს ამბობს... საკვირველია".
ბრომლეი მიუჯდა მაგიდას, თავი ხელებს დააპყრო და ორიოდე წუთი თითქოს ისვენებდა.
– მიცვალებულის პატივისმცემელნი ყველანი შეიკრიბენ...
– აბა, მსახურს უბრძანეთ, ჩამაცვას, რაც ასეთს დროს შეეფერება... დაუძახეთ მდივანს.
გადაცემის დროს ბრომლეი მდივანს ეუბნებოდა:
– შეადგინეთ მთელი ხარჯთაღრიცხვა ღამის 11 საათამდე.
– ძნელია: თეატრები, კინოები და სასადილოები ვერ მოგვცემენ ცნობებს... - ივარაუდეთ იმდენი, რომ დასამატებელი აღარაფერი დარჩეს... ზედმეტი კი გადაეცით აქაურ ღარიბთა თავშესაფარს... ერთის სიტყვით, მთელ ანგარიშს მე ხელი უნდა მოვაწერო ღამის 11 საათზე, 12 საათზე გადავიფრენთ ჰაეროპლანით ქრისტიანიაში და ხვალ დილას აღარაფერმა უნდა მომაგონოს უკანასკნელი დღეების მიუნხენი...
* * * * * * *
– საკვირველი ხალხია ეს რუსები, - ჩაიფჩიფებდა ბებერი.
– ესენი ხომ რუსები არ არიან, ბაბუა!
– სულ ერთია... ჰო, ჩემს ბავშვობაში აქ ვიღაც იაკუბოვიჩი იყო... ერთ დღეს მთელ მიუნხენს გამოუცხადა, ვისაც რამდენი ლუდი გინდათ, ჩემს ხარჯზე, სვითო...
– აბა თქვენც დალიეთ არა, ბაბუ?!
– იცოცხლე! მთელი ქალაქი ძმადეებივით დაბანცალებდა... მერე, აი ახლა, ოცი წელი იქნება მას მერე, მე ვხვდებოდი ერთ ყმაწვილ სტუდენტს, დიდი მდიდარი არ უნდა ყოფილიყო, შეისყიდდა, რაც პარკში ბუშტები ჰქონდათ, დაურიგებდა ბავშვებს...
ბავშვების სიხარულზე ისიც მომღიმარი დარბოდა მათთან... ამბობდენ, ზოგჯერ მთელ თავის ფულს ამ ბუშტებში აძლევსო...
– მართალია, მართალი! ერთხელ ჩემ პატარა დასაც ერგო ბუშტი... ჰა, ჰა, ჰა...
* * * * * * *
სამს ერთმანეთზე გადაბმულ საბარგო ავტომობილზე გაეშენებიათ მთაგორიანი ბაღჩა, ბალახით, პაწია გზებით, კოშკის ნანგრევითა და ვარდ-ბუჩქნარით...
შუაში ესვენა ყვავილების გრეხილებიდან დაწნული კუბო.
მას მიჰყვებოდა მოფარდაგებულ ავტომობილზე მჯდომი სიმებიანი ორკესტრი.
და შემდეგ მიცვალებულის პატივისმცემელთა უთვალავი ავტომობილები, რომელთა შორის აქა-იქ ჩადგმული იყო ვეებერთელა მოძრავი თაიგულები.
წინ გზაზე ჰაერიდან სცვიოდა ფერად-ფერადი ვარდები, რომელშიაც მტვრად არეოდა ატმისა და მიმოზას ყვავილების ნაზი ფოთლები.
ამ წვიმას ჰქმნიდა თითქოს უხმოდ მოსრიალე ჰაეროპლანები, რომელნიც მორიდებით
ეშვებოდენ ძირს და ისევ აღემართბოდენ მაღლა.
პროცესია კრემატორიუმის გაღებულ ჭიშკარს მიადგა.
შეჩერდა ორკესტრიც.
ავტომობილები მგზავრებს სასწრავოდ ჩამოსვამდენ და გზაზე ორ მწყობ რიგად დგებოდენ.
კუბო ნელა გადავიდა განსაკუთრებულ მოწყობილ ლიანდაგიდან ბაქანზე...
კუბომ გადაისრიალა ბაქანი, იწყო კრემატორიუმის შენობაში შესვლა... გაიარა დიდი დარბაზი... ნელ-ნელა მიიმალა ფარდებს იქით...
საზოგადოებამ დარბაზი დატოვა.
ავტომობილებზე გამართული ბაღჩა ეზოს შუაგულში გადაეტანათ, ბაღჩის შუაში - კუბოს მაგიერ, ეხლა აღმართული იყო ზღვის სრუტეს მოხაზულ ნაპირთან, სადაფის ჯურღმულიდან ამომავალი ქალი.
ელის ქანდაკება.
* * * * * * * * * * * * * *
მხოლოდ აქ დამთავრდა ოთხ ნაწილად შედგენილი სამგლოვიარო მარში, რომელშიაც იყო სამხრეთის მზე, ტფილისის სევდა, ავტომობილის საყვირი, პროპელლერის ხმაური, პარიზის ყავახანის როკვა, ჩინეთის აბრეშუმის დანელებული შრიალი, ბრომლეის უსაზღვრო პატივისცემა, თინოს შურიანი ღიმილი, გველის სრიალი ქალის უზადო ტანზე, საიდუმლო შელოცვა და ყველა ამას გარს ეხვეოდა სულთამობრძავი შალვას ხრიალი, რამინოს მშვიდი ცქერა და საქართველოს მივარდნილ სოფელში გამზრდელი მამიდის უხმო, ბებრული ქვითინი, ტირილი და ზოგჯერ მოთქმა...
კრემატორიუმის გამგემ მოქანდაკეს გადასცა ოქროს მედალიონში მოთავსებული ელის დამწვარი ნეშთი, ხელოვანმა იგი ჩამალა ქანდაკების გვერდში დატოვებულ ღრუში, სახურავი დააფარა და თავი მოუგნისა.
ელის ხომ უფრო შეეფერებოდა, რომ მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლო მიმოებნიათ!