ყოველ ნახვის დროს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას სტოვებდა ელიზე რიდლის "საკუნტალა", რომლის თმისწყობა, სილაღე მოაგონებდა ახლო წარსულზე საკუთარ სიყმაწვილეს, მაგრამ სადღა იყო გულუბრყვილობა, "სიამენი ქვეყნისა".
ხელოვნების ნაწარმოებს ყურადღებით ათვალიერებდა იგი არა "ფიქრთ გასართველად", ცოდნის შეძენის და ესთეტიკურ განცდათა მისაღებათ, არამედ პირადი ტკივილების გასამწვავებლად, მივიწყებულის გასახსენებლად, ახალ იარის მისაღებათ და აღსაძვრელად.
ეს იყო მწუხარებით ლოთობა, და რაც უფრო ხშირად დააქროლებდენ გამიჯნურებული ვაჟები დრამიდან ღამის ყავახანებში, დოღიდან სამხრის ჩაიზე, რაც უფრო ძვირფასი იყო ამბაჩა და სირაქლემას კალმებიდან შეკერილი ზედაწელი, მით უფრო დიდხანს რჩებოდა იგი იდუმალ ტანჯვის გამომხატველ ქანდაკებასთან, ნახატთან... ნერვებს სწვავდა ორივე მხრიდან.
* * * * * * *
მსახურმა მოახსენა:
– ბატონი ბრომლეი გთხოვთ, დღეს საღამოს საშუალება მისცეთ, "ორფეუმში" გადაგიხადოსთ წაგებული.
როცა ელიმ პასუხი არ გასცა მსახურს, ჰექსლეიმ უპასუხა:
– კარგი!
მსახური გავიდა.
– მართალი მოგახსენოთ, - მიუბრუნდა ელი ჰექსლეის, - ეს მუდმივი ვითომდა ნაძლევის გადასახადათ გაწეული ხარჯების ბ. ბრომლეისა უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს.
– რათა, ჩემო კარგო ქალბატონო, ბ. ბრომლეის ასეთი ჩვეულება აქვს - განა გაზეთში მაინც არ წაიკითხეთ? - ყველას ენაძლევება... მეტი სახელიც კი აქვს შერქმეული: "დავენაძლეოთ მილიარდერი".
– წაკითხვით კი წავიკითხე, მაგრამ ყოველ დღე მისი ორჯერ მაინც შეხვედრა, მასთან დროს გატარება მეტათ მოსაწყენია და...
– ასეთ მცირე სიამოვნებაზე ნუ ეტყვით უარს... თანაც იგი მეტად საჭირო კაცია ეხლა ჩვენთვის... უკაცრავად, ჩემთვის, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩემს კეთილდღეობას თქვენც იზიარებთ.
– თქვენი რითი ხართ მისგან დამოკიდებული?
– აი ეს კინო, რომელიც მე გამოვიწყე, ჯერ ერთი, დიდ თანხებს თხოულობს, ბევრათ მეტს, ვიდრე ვფიქრობდი, და თან ამერიკის ფირმებთან შეთანხმება მხოლოდ ბ. ბრომლეის დახმარებით შეიძლება.
ელი ჩაფიქრდა.
– საიდან მოიპოვა ამ სრულიად გაუნათლებელმა ადამიანმა და, როგორც ეტყობა, თავიდანვე მეტად ღარიბი ოჯახის შვილმა, ასეთი უთვალავი სიმდიდრე და რაც უფრო საკვირველია, ასეთი გამავლობა?...
– თქვენ თუ გაინტერესებთ ასეთი კითხვები და დროს იშოვნით მისდა წასაკითხავად, მე სიამოვნებით მოგართმევთ კარგა მოზრდილ წიგნს, როგორც ჩვენი ბრომლეის, ისე სხვა ამერიკელ მილიარდერების შესახებ. ბრომლეი ოციოდე წლის წინათ ჯერ კიდევ უბრალო კოვბოი იყო და თხუთმეტი წლის წინათ მეყასბის სახელს ატარებდა...
შემთხვევით, მგონი ასტორის რწმუნებული გულმოსული იყო თავის მოიჯარადრეზე, და მან ჩამოდენილი მთელი საქონელი რამდენიმე ათასი თავი ხბო, მაგას მიჰყიდა ნისიათ.
ელი ყურადღებით უსმენდა.
– ...ამან გაუგდო სახელი. გაზეთებმა განგაში დაჰკრეს, ბრომლეი მთელ საქონელს ასტორისას იძენსო და სხვა... ბანკებმა კრედიტი გაუხსნეს... წვრილმა მეჯოგეებმა მაგასთან დაიჭირეს საქმე. ბრომლეიმ არ მოინდომა ამ პირველ ნაბიჯზე მოგება, არამედ შეეცადა სახელი უფრო მოეხვეჭა... საქონელს ყიდულობდა ყველგან,ყიდდა სულ მცირე მოგებით, ხან წაგებითაც კი... სინდისიერათ უსწორდებოდა მოვალეებს და თითქმის მთელი ხორცის ვაჭრობა ხელში ჩაიგდო ჩიკაგოში... ასეთი ორგანიზატორი სხვადასხვა საზოგადოებებმაც მიიწვიეს... და დღეს მილიარდერია...
– ადვილი ყოფილა თქვენში გამდიდრება.
– არა, ქალბატონო, ჩვენში სხვა ქვეყანაზე უფრო ძნელიც კი არის... რამდენი გაღატაკდა თუ გნებავთ იმავე ბრომლეის გამდიდრებისათვის... მაგრამ ბრომლეის დიდი კომერციული ნიჭი აქვს, ურყევი ნებისყოფა და დღემდე მაინც, - ჰექსლეიმ საიდუმლოთ
გაიღიმა, - არაფერი აინტერესებდა გარდა სიმდიდრისა. ხომ ნახეთ მეჭეჭები მის ცხვირზე, მხოლოდ 45 წლისამ მოიცალა ამ დამამახინჯებელ წერტილებისათვის, თუმცა მათ მოჭრას სამი დღე სჭირდებოდა შინ დარჩენა; ხომ ნახეთ პირველათ მისი ტანისამოსი, თითქოს ტომრებიდან ყოფილიყოს გამოკერილი... მე მგონია, უკანასკნელ დღეებამდე ბატონი ბრომლეი იმავე თერძს აკერვინებდა თავის ტანისამოსს, რომელსაც აკერვინებდა კოვბოით ყოფნის დროს და ეს, პირველი სასტუმროა, სადაც მან ოთხი ოთახი დაიკავა... წინათ ორი ოთახით კმაყოფილდებოდა, ერთში დგებოდა თვითონ, და მეორეში - მისი მდივანი...
– ეს მდივანი კომერციულ და ფინანსურ კითხვების დიდი სპეციალისტი უნდა იყოს...
– ... პირიქით. მდივანი მხოლოდ იმიტომ ჰყავს, რომ ჩაწეროს და აასრულოს, თორემ ისე ყველაფერს თვითონ ხელმძღვანელობს. ასეთი თავდადება რაიმე იდეისათვის, რა თქმა უნდა "მთებსაც კი შეანძრევს", - ქრისტეს მოციქულებმა, უბრალო მებადურებმა, დაიპყრეს ქვეყანა თავისი გატაცებით, თავდადებით, და რათ გიკვირთ, რომ ამერიკელები იძენდნენ სიმდიდრეს, როცა ისინი ისეთივე თავდადებულდნი არიან სიმდიდრისათვის, ევროპას აღარ აქვს შეურყვნელი მისწრაფება სიმდიდრისადმი... იგი გატაცებულია პოლიტიკური, მეცნიერული, მხატვრული იდეებით, როგორც თქვენ არ გყავთ როკფელერი, მორგანი, ბრომლეი, ისე მათ არ ჰყავთ ლენინი, ბეტჰოვენი, კანტი....
თქვენ მხოლოდ "ნახევარის გულით" ეკიდებით სიმდიდრეს, - ჩვენ, უკაცრავად, ამერიკელები ეკიდებიან მეცნიერებას, ხელოვნებას, პოლიტიკას. თქვენთვის პირველია სახელი აზროვნების მეფობისა; ჩვენთვის პირველია - მეფობა სიმდიდრეზე. - ჩვენ კი, ჩვენ რა გვეძლევა? - უეცრათ თავისდა უნებურად დაეკითხა ელი. - აკი მოგახსენეთ? - გაკვირვებით, თუ როგორ ვერ გაიგო ასე მარტივათ ნათქვამიო, ჰკითხა თავის მხრივ ჰექსლეიმ.
– მე ჩვენზე, საქართველოზე ვამბობდი. - დაბნევით ჩაილაპარაკა ელიმ.
ჰექსლეი ჩაფიქრდა.
– მე მგონი თქვენ, ქართველები ყველაზე უფრო არსებობის შენარჩუნებაზე ფიქრობდით და ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია, თუ როგორ გადაიტანეთ ამდენი, მრავალგვარი უბედურება... მე შეიძლება ისე კარგად არ ვიცოდე თქვენი ისტორია, მაგრამ, რაც ვიცი, მაკვირვებს, როგორ გადარჩით ამდენ მტერს... მტერს უცხოს, შემოსეულს, მტერს შინაურს და თქვენ გაკაჟებული იბრძოდით არსებობისთვის... - ეს არის პირველი. ყველა დანარჩენი - ევროპული გატაცება მეცნიერებით, პოლიტიკით, ხელოვნებით და ამერიკის დევიზი - სიმდიდრე, დოვლათი, დოლარი - თქვენთვის მეორეხარისხოვანი მოთხოვნილება იყო თქვენი სულის. მე შევხვედრივარ საქართველოში ყველა მიმართულების, მდგომარეობისა და ასაკის პიროვნებებს და განცვიფრებული დავრჩენილვარ... სადაც სრულიად მოულოდნელია, იქაც კი იპოვიდით ამ მძაფრ, ავადმყოფურ მუდმივ ფიქრს ეროვნული სხეულის შენარჩუნებისას...
– ასე არ იყო, მგონი წინათ...
– არა, ასე იყო სწორეთ, რამდენადაც მე ვიცი... თქვენი მეცნიერების, მხატვრების სწორეთ ეროვნული სხეულის შენარჩუნების იდეა იყო.
– თქვენის აზრით, რა უნდა გვექნა?
– ვერ გეტყვით... ერთი, რომ მე, როგორც გაამერიკელებულ ინგლისელს, - ჰექსლეის გაეღიმა - ასეთი სიტყვებით დაინტერესება არ შემიძლია - მე ვეძებ მილიარდებს; და მეორე, საერთოდ ყოველივე წინასწარმეტყველება მკრეხელობათ მიმაჩნია...
ყველა წინასწარმეტყველი საქმის შესრულების შემდეგ არის დაბადებული, ან გამოგონილი, ან თვით წინასწარმეტყველებს გამოუგონიათ ამბავი, დაუჩემებიათ, ვიწინასწარმეტყველეო...
ბრომლეის პირველად ჰამბურგის ნავთსადგურში მოსტაცა თვალი ელიმ.
ბრომლეიმ ქალის გაცნობა ვერ გაბედა, თუმცა საერთო ნაცნობი ბევრი ჰყავდა.
მორცხვობამ თვით ბრომლეი გააკვირვა და შორიდან დაჰყვებოდა ღრუბლის ჩრდილივით.
ელიმ შეამჩნია, რომ ყოველ ქალაქში, ყოველ გამოფენაზე ან თეატრში უეჭველად შეხვდებოდა ბრომლეის, რომელიც ღრმა პატივისცემით გზას დაუთმობდა, ქუდს მოუხდიდა და სხვა...
ბოლოს კი აედევნა, როგორც სამოგზაუროდ ევროპაში ჩამოსული ამერიკელი, რომლისთვისაც სულ ერთია, რომელ ქალაქშიაც იყოს, ოღონდ სიამოვნებით გაატაროს დრო. და ამდენი ხნის განმავლობაში ბრომლეიმ ვერ გამოარკვია, თუ რა განწყობილება იყო ელის და ჰექსლეის შორის.
– მეგობრები? არ მწამს ქალ-ვაჟის მეგობრობა... უქორწინო ცოლ-ქმარია? მეტად შორი-შორს უჭირავთ თავი... მართლაც პოლიტიკური მოღვაწეები არიან, რომელთაც საიდუმლო მინდობილება აქვთ? შეიძლება, მაგრამ არა მგონია... ასე ფიქრობდა ბრომლეი.
უფრო და უფრო იზიდავდა ელი.
განიზრახა ამერიკაში დაბრუნება; იგრძნო, რომ ქალის დაშორება მეტად უძნელდება...
– რაო?! ამ სიბერის დროს შემიყვარდა?! რა სისულელეა! ჟინი მინდა დავიკმაყოფილო, თუ ეს საიდუმლოება მიზიდავს?... გაუგებარი ამბავია!..
და ყოფილი იჭვი ჰექსლეისადმი გაასკეცდა; წინად ასეთ შემთხვევაში ბრომლეი პირდაპირ, ცინიკურად შეეკითხებოდა ან ქალს, ან ვაჟს. - სულ ერთია, ან ორივეს ერთად.
ან მიმართავდა მაძიებელ კანტორას, და ყველაფერს დაწვრილებით გადმოულაგებდენ.
მაგრამ ეხლა ელის მოერიდა, ელის საიდუმლოს სახალხოთ გამოფენა თითქოს მასაც აკლებდა რაღაცას.
"რით ცხოვრობს მაინც ეს ქალი? ესეც კითხვაა"...
გადაკვრით ჰკითხა მუსაიფში ჰექსლეის და სრულიად გულახდილი პასუხი მიიღო:
– ქალბატონ ელის გულზე აქვს საუნჯე, რომლის დახარჯვა არც კი შეიძლება ოთხი-ხუთი წელი, თუ მივიღებთ მხედველობაში მის ძლიერ შეზღუდულ მოთხოვნილებას.
ბრომლეის ეგონა, ჰექსლეი ქალის სხეულის რაიმე თავისებურებაზე ამბობსო. და წარბები შეჭმუხნა:
– მე არ ვარ სპეციალისტი, - განაგრძო დაწყებული პასუხი ჰექსლეიმ, - მაგრამ ვატყობ, რა უცხო რამ არის.
ეხლა კი ბრომლეის გაუხარდა, საიდუმლოებას ფარდა ეხსნებაო, და ცნობის მოყვარულოყით ჰკითხა:
– რა საუნჯე?
– მედალიონი, უნიცუმ-ი, X-XII საუკუნისა, რომელსაც ყოველი მუზეუმი სიამაყით შეიძენდა. მაგრამ არ შემწყდარა ბრომლეის ზვერვა.
კარის დაუკაკუნებლად, უეცრად ვერ ბედავდა ბრომლეი იმ ოთახში შესვლას, სალდაც ელი-ჰექსლეი ისხდენ, მაგრამ პასუხს არ უცდიდა, ისე შედიოდა სწრაფად, ზოგჯერ კარის კლიტის ჭვრიტიმალშიაც დარცხვენით, საჩქაროდ შეიხედავდა... და ყოველთვის ნახულობდა, სათანადო მანძილზე მხდომ ან მდგომ ელი-ჰექსლეის... ან ფურცლავდნენ ჟურნალ-გაზეთებს, ან მუსაიფობდნენ ჩვეულებრივად, ისე, რომ ლაპარაკის ძაფსაც კი ვერ აწყვეტინებდა შემოსულის ხმამაღალი და დამხდურთა მეგობრული მისალმება.
ერთ საღამოს, გვიან ღამით, როცა სამივე ოპერეტტა - ყავახანიდან დაბრუნდა, ბრომლეიმ აასრულა ავტომობილში მოსაზრებული გეგმა - იგი მიიმალა ლიფტის ოთახში.
მთელი საღამო ვნებათა აღმგზნებელ ატმოსფეროში იყო სამივე. ოპერაში მოისმინეს "ტრისტან და იზოლდა". ყავახანაში კი გარდა უნგრულ მუსიკისა, ხამბანდისა და ყვავილების ერთმანეთში სროლისა, ყველაზე კარგად იმოქმედა მეტრდოტელის მიერ უხვ სტუმრებისთვის შეზავებულმა "კრიმჰილდას სასმელმა", რომლის ორმასამმა ყლარტმა ელისაც გაუბრწყინა თვალი და არა ერთხელ მზაკვრულის ღიმილით ათქმევინა ჰექსლეისათვის, რომ იგი შორიდან და, უეჭველია, უიმედოთ ეალერსება გვერდით მჯდომ ესპანელ მომღერალ ქალს. მართლაც, ჰექსლეიმ მოიბოდიშა და სუფრიდან წავიდა, რის შემდეგ მომღერალ ქალის სუფრაზე გაჩნდა მთელი პატარა ბაღი და ქალმა მადლობის ნიშნად თავი დაუქნია ჰექსლეის, რომელმაც ნამალევადვე ჭიქის აწევით უპასუხა. ელის ეს არ დაუნახავს - ისე მხოლოდ ატყობდა რაღაცას.
ასეთი საღამოს შემდეგ ბრომლეი ფიქრობდა, რომ თუ რამე კი არის მათ შორის, გამომჟღავნდებაო.
და სულ-განაბული იჯდა გაჩერებულ ლიფტში.
ჰექსლეი გამოვიდა თავის ოთახიდან.
ბრომლეიმ გადასწყვიტა, წინ გადაღობებოდა, მაგრამ ჰექსლეის შეხედულებამ შეაჩერა: თავს ცილინდრი ეხურა და ტანზე პალტო ეცვა.
ფეხაკრეფით უკან გაჰყვა.
ჰექსლეი კიბეზე ჩავიდა.
ბრომლეის თვალწინ წარმოუდგა ესპანელი მომღერალი ქალი.
"უცდის, უეჭველია, პაემანი აქვთ"...
ელის ოთახებს მიაყურა.
სიჩუმე.
ოდნავი შრიალი...
"ჟურნალს ფურცლავს, ალბათ".
"არაფერი მესმის, ვერ გამიგია"...
გასწია თავის ოთახისკენ; აქ, დერეფანში, სინათლე უხვად ჩამოდიოდა; ფეხის ხმაც მოესმა და აყვა პირველსავე პაწია კიდეს - არ შეამჩნიონ, რომ ვზვერავდიო. სხვენი, წინად თეთრეულის საშრობი და დეკორაციების საწყობი, ბ. ბრომლეის ჰქონდა დაკავებული.
აქ ისროდა საბმელს, ეკრივებოდა მოკრივეს, ხტოდა მაგიდებზე, დგებოდა თავზე, დადიოდა ხელებზე, იძინებდა იგი გამაკში.
იქვე კუთხეში, რამინომ თავისი კარავი მოაწყო.
ბრომლეი აპირებდა მიმალულიყო, ჩვეულებრივ ჩაფი წყალი ტანზე გადაესხა, და რადგან არავინ ყავდა სავარჯიშოთ, მანეკენთან გაემართა კრივი.
ფიქრებში გართულმა გაიარ-გამოიარა და უეცრად ინდოელის კარავს მიადგა, კარად ჩამოშვებული ფარდა გადაწეული დარჩენოდა რამინოს და იქიდან მზის ცოცხალი სხივი ეფინებოდა იატაკს.
შეიხედა. კარავს მეორე მხრიდან ტილო არ ჰქონდა ჩამოშვებული და სხვენი პირდაპირ უსაზღვრო სივრცეს უერთდებოდა.
ბრომლეი უფრო გააკვირვა აღმოსავლეთისაკენ სახე-მიპყრობილმა რამინომ, რომელსაც ხელები თავის უკან გადაეხლართა.
– ნამაზს ასრულებს? - და ბრომლეის უნდოდა გაშორებოდა იმ ადგილს, მაგრამ შეამჩნია, რომ ინდოელი ნელ-ნელა ეშვება ფეხის წვერებზე. ბრომლეი ცქერად გადაიქცა.
ინდოელი ბრინჯაოსაგან ჩამოსხმულ ქანდაკებას ჰგავდა - იმდენად სწორი, მკვრივი, მოხდენილი და ყოველი ნაკვთის მოძრაობაში იმდენად სიცოცხლით სავსე იყო.
– არა, ეს ლოცვა არ უნდა იყოს... ეს ვარჯიშობაა... თავისებური, - გაიფიქრა ბრომლეიმ.
რამინო ხან სრულიად შეწყვეტდა სულის თქმას დიდხანს, დიდ ხანს, ხან კი ისე მოითქვამდა სულს, რომ თითქოს სიმაღლე ემატებოდა...
ბოლოს ინდოელი წყნარად შემოტრიალდა და ისეთის სისწრაფით მოისხა ხალათი, რომ ბრომლეის ეს მოძრაობა სრულიად გამოეპარა.
– ვიჭიდიაოთ? - მიმართა ბრომლეიმ.
ინდომ მდაბლად თავი დაუკრა და თავაზიანად უარი უთხრა თავის გაქნევით.
– არა, უნდა მეჭიდო...
ისევ ღრმა თავის დაკვრა და ისევ უარი.
– დავენიძლაოთ!
ინდოს გაეღიმა:
ბრომლეიმ აღარ აცალა ინდოელის გარკვეულ პასუხს და ხელი ჩაავლო, მაგრამ ორიოდე წუთის შემდეგ ბრომლეიმ განცვიფრებით შენიშნა, რომ იატაკზე წევს, ინდოელს კი ხელები ჩვეულებრივ გულზე დაუკრეფია და მშვიდათ დასცქერის. მხოლოდ ხალათი დავარდნია ძირს.
– ჭიდაობაში მაჯობე, უეჭველია... ნიძლავი ჩემზეა, ახლა კრივი ვსინჯოთ.
ინდომ ნიშნად სრულის უარყოფისა უკან დაიხია და თავის ხალათს წამოკრა ხელი ასაღებად.
– არა, ვერ გაგიშვებ, უნდა ვიკრივოთ, - გზას უღობავდა ბრომლეი და საკრივოდ გასწია მუშტები, მაგრამ ამავე დროს მარჯვენა ხელში რაღაც ისეთი მოხვდა, რაც სრულიად არ ჰგავდა მუშტს და სიმწარისაგან უკან დაიხია.
– ეს რა ყოფილა?!
ინდოელმა ზრდილობიანად თავი დახარა, თითქოს ბოდიშს იხდისო, რომ სურვილს ვერ უსრულებს მოწინააღმდეგეს, და წყნარის ნაბიჯით მიიმალა ქვედა სართულში...
* * * * * * *
საუზმეზე ელისთან შევიდა ჰექსლეი და ბრომლეი.
– დამითმეთ თქვენი ინდოელი. - მიმართა ბრომლეიმ ჰექსლეის.
– არ შემიძლია.
– 10 000 დოლარი.
– მე ხომ მონები არ მყვანან.
– 15.000... თქვენ ნუ შემიშლით ოღონდ ხელს, რამინოს მე თვით მოველაპარაკები.
– თუ რამინო არ იქნება წინააღმდეგი, ასეთი თანხის უარის ყოფა ძნელია.
კუთხეში მდგარი რამინო ადგილზე ოდნავ შეინძრა; მან საყვედურით ერთი გადაჰხედა ჰექსლეის, და სახემ იმავ წამს ჩვეულებრივი გამომეტყველება მიიღო.
– რას იტყვით რამინო? - დაეკითხა ბრომლეი.
– თქვენ მარტო თანხმობისთვის 15.000 აძლევთ ბატონ ჰექსლეის?.. ჩემი გასამარჯელო
სრულიად დამოუკიდებელია ამ თანხიდან?
– სწორედ.
– მაშ მიეცით...
რამინო ნელის ნაბიჯით გავიდა ოთახიდან...
... და სამუდამოდ გაჰქრა.
ვერ ნახეს მხოლოდ მისი ტანსაცმელი, სხვა ყველაფერი, ნაჩუქარი ნივთებიც კი დაწყობილი დახვდათ მაგიდაზე და ორი სიტყვა ინგლისურად:
"აღარ მომწონს, რაც ხდება".
* * * * * * *
კარზე დაკაკუნების შემდეგ ბრომლეი და ჰექსლეი ახალგაზრდულის მხიარულებით შემოვიდნენ, თითქოს ერთმანეთს მოსდევდენ.
– თქვენ უნდა გაგვასამართლოთ, ქალბატონო.
ელი მათ მიუბრუნდა:
ვერ გაიგო, რას ელაპარაკებოდენ.
მეტად მოწყენილმა სახემ ორივე შეაკრთო.
– რა გნებავთ? - ნაძალადევის ღიმილით შეეკითხა ელი.
– რამინო წავიდა...
– ვიცი... ბედნიერი... - კიდევ უფრო მწუხარე სახე ფანჯრისკენ მიიბრუნა.
"შენც უნდა წახვიდე, შენც უნდა წახვიდე" - თითქოს რაღაც უმღეროდა ყურებში.