„მზეც და მთვარეც სიკვდილის უფსკრულის იქით ეშვება“, — იფიქრა იგიმ გულში. — „სად მიდიან ისინი? ან მერე რატომ ჩნდებიან ისევ შიშველი მთის თავზე? ქვის ნის ნაცვლად ქვის გააფთრებული მხეცი რომ გაეკეთებინა იგის, მაშინაც გაბედავდა ბელადი გამოქვაბულიდან გამოსვლას? ქვის გააფთრებული მხეცი რომ გაეკეთებინა, ალბათ გამოქვაბულში არც შევიდოდნენ, სულ გაიქცეოდნენ ამ ადგილიდან.“
„ზუს რა უნდა გარეთ? სად წავიდა ზუ? დარჩება რამე, როცა იგი გაქრება, თუ არაფერი დარჩება? ძველი ბელადი რომ სიკვდილის ხახაში ჩაეშვა, რა დარჩა მისგან? კვალი? არა. კვალი სხვა რამეა. იქნებ ის დარჩა, რომ იგი ამბობს: ძველი ბელადი. ძველი ბელადი რომ არ ყოფილიყო, იგი არ იტყოდა: „ძველი ბელადი“. რადგან ძველი ბელადი იყო და გაქრა, იგი ამბობს: „ძველი ბელადი“.
ბუჩქებიდან ფაჩუნი მოისმა. იგიმ ყურები დაცქვიტა.
„ზუ იქნება“, — იფიქრა გულში და ხმადაბლა დაიძახა:
— ზუ!
ფაჩუნი შეწყდა. მერე ზუს ჩრდილმა მინდორი გადაირბინა. ხელში რაღაც ეჭირა.
„ზუს ქვა მიაქვს“, — იფიქრა იგიმ გულში და ისევ დაუძახა:
— ზუ!
ზუს არ მოუხედავს. ხელში ქვა ეჭირა, ის ქვა გულზე მიიხუტა, სირბილს მოუმატა და მალე ტყეში გაუჩინარდა.
იგი წამოდგა და იმ ბუჩქებისკენ წავიდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ ფაჩუნი შემოესმა. ბუჩქის ძირას ქვის ბელადის ნამსხვრევები ეყარა. ნამსხვრევები ვიღაცას მოეგროვებინა და ისე მიედო ერთმანეთზე, როგორც მანამდე იყო, სანამ დაიმსხვრეოდა. ოღონდ რამდენიმე ნატეხი აკლდა, რომლებზეც ბელადის ვიწრო შუბლი და ცალი ფეხი უნდა ყოფილიყო, რადგან ქვის ბელადს ახლა შუბლი და ცალი ფეხი არ ჰქონდა.
აი თურმე რა უნდოდა ზუს!
იგი ბუჩქებიდან გამოვიდა. გამოქვაბულის შესასვლელთან ჩრდილს მოჰკრა თვალი. ჩრდილი გამოქვაბულიდან გამოდიოდა.
„ზუს არ ჰგავს“, — იფიქრა იგიმ გულში. — „ნის ჰგავს“.
იგის გულში ნის სიტყვები გაჩნდა: „იგი ისეთი არ არის, როგორიც სხვები არიან. იგი სხვა ჯიშისაა“. ნის სიტყვებმა იგის რაღაც ატკინა გულში.
ნიმ იგი შეამჩნია და მისკენ გამოეშურა.
— ნიმ დაინახა, იგი რომ გამოქვაბულიდან გამოვიდა, — თქვა ნიმ. — ნი იგის გამოჰყვა.
ნი ლამაზი იყო.
— რა უნდა ნის? — იგის ნის სილამაზემაც ატკინა რაღაც.
ნიმ წყნარად თქვა:
— ნის იგისთან უნდა.
იგის გულში ნი ზურგზე დაწვა და თვალები დახუჭა.
— კარგი, — თქვა იგიმ, — დაწვეს ნი.
— არა, — თქვა ნიმ და სახეში შეხედა იგის. ნის თვალებიდან უცნობი სხივები იფრქვეოდა. — ნის არ უნდა იგისთან დაწოლა.
იგის გაუკვირდა.
— აბა, რა უნდა ნის?
— ნის იგის გვერდით ყოფნა უნდა. ნის უნდა, რომ იგის გვერდით იჯდეს ხის ძირას.
„რა დაემართა ნის?“ — იკითხა იგიმ გულში და ყურადღებით დააცქერდა.
ადრე, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, იგისაც უნდოდა ნის გვერდით მჯდარიყო უხმოდ და ყველა სიტყვას ეძინა. მაგრამ ეს, ალბათ, იმიტომ უნდოდა, რომ ნი ლამაზი და თბილი იყო, ანდა იმიტომ, რომ იგი თურმე ისეთი არ არის, როგორიც სხვები არიან. ნის რაღა დაემართა? ნუთუ არც ნია ისეთი...
იგიმ თავი გაიქნია და სიტყვები გაფანტა.
დასხდნენ ხის ძირას და ისხდნენ უხმოდ. მერე ნიმ თქვა:
— იგიმ ქვის ნი გააკეთა. რა უყო იგიმ ქვის ნის?
— იგიმ აქ დატოვა ქვის ნი, — თქვა იგიმ და უცებ გულში ზუ გაჩნდა, რომელსაც ხელში ქვა ეჭირა და ტყისკენ მირბოდა. „ქვის ნი მიჰქონდა ზუს, — იფიქრა იგიმ გულში. — რად უნდოდა ზუს ქვის ნი?“ — მერე ხმამაღლა დაუმატა: — სადმე იქნება ქვის ნი.
— იგის საოცარი სიტყვები აქვს, — თქვა სიჩუმის მერე ნიმ. — ნის ენატრება იგის საოცარი სიტყვები.
ნის სხეულიდან სითბო წამოვიდა. და უცებ ნი ისეთი გახდა, როგორიც იყო მანამდე, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა.
იგი სასიამოვნო სითბოში გაეხვია და თვითონაც სითბოდ იქცა. სითბო ყველაფერს მოედო. ახლა ყველაფერი სითბო იყო; ახლა ყველაფერი იგი იყო და ახლა ყველაფერი ნი იყო.
იგის ხელმა ნის ხელი მოძებნა და ფრთხილად შემოეჭდო. ნის ხელი ოდნავ კანკალებდა.
— როცა იგი მზეს უყურებს, იგის უხარია ნი, — წყნარად თქვა იგიმ და სიტყვები ისე შრიალებდნენ, როგორც შრიალებს ტყე, ნიავი რომ დაუბერავს. — როცა იგი მთვარეს უყურებს, იგის ენატრება ნი. ნის თვალები ისეთია, როგორიცაა მთვლემარე ზღვა; ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი.
როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის გულში და იგი აღარაა მარტო. როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის ჰგონია, რომ ნის სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა, რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია...
ნის ხელი ოდნავ კანკალებდა. მერე ნიმ ნიავივით დაიჩურჩულა:
— იგი ისეთი არ არის, როგორიც სხვები არიან. იგი კარგია.
კლდის შუა ნაწილზე, ბოლო ხესთან, ყველანი შეჩერდნენ.
იგიმ მარტო განაგრძო გზა აღმართში.
ნელა მიდიოდა. გამართული. თავაწეული. კლდის წვერს ახლადგახელილი მზე ანათებდა. მკაფიოდ ჩანდა ყოველი ბუჩქი, ყოველი ბალახი, მიწის ყოველი პატარა ნაწილაკი.
კლდის წვერზე დიდი სინათლე იყო.
იგი ნელა მიდიოდა.
ეს გზა თავიდანვე იგისთვის იყო განკუთვნილი. ვიღაცამ თუ რაღაცამ თავიდანვე იცოდა, რომ იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო სიკვდილის კლდეზე. ამიტომ ეხმიანებოდნენ შორეული ქედები: გაიმართოს იგი! ამიტომ დუდუნებდა ვრცელი ზღვა: გაიმართოს იგი! ამიტომ ჩამოსძახოდნენ ცა და ციური სხეულები: გაიმართოს იგი! ნის საოცარი სითბოც მუდამ გამართვას მოითხოვდა იგისგან.
სხვანაირად არ შეიძლებოდა. იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო სიკვდილის კლდეზე.
ბელადი ქვემოთ ელოდება, ბოლო ხესთან. დანარჩენებიც იქ ელოდებიან.
„იგი ბელადზე უფრო ძლიერია“, — მოულოდნელად იფიქრა იგიმ გულში და უკან მოხედვა მოუნდა, მაგრამ არ მოუხედავს.
მშვიდად მიდიოდა.
„ისიც რომ იცოდეს იგიმ, — უხმოდ ამბობდა იგი, — რა დარჩება მისგან, როცა კლდის წვერიდან გადაეშვება, მაშინ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იყო წუხელ, მთვარე რომ ბრჭყვიალა სხივებს აფრქვევდა ქვეყანაზე და იგი და ნი გვერდიგვერდ ისხდნენ ხის ძირას. მაგრამ ამის ცოდნა იგიმ ვერ იპოვა. ძველი ბელადისაგან კვალი დარჩა. მაშინ წვიმა მოდიოდა. ახლა წვიმა არ მოდის და იგის კვალი არ დარჩება... თუმცა კვალი სხვა რამეა; კვალი არ არის ის, რაც უნდა დარჩეს“.
იგიმ კლდის წვერს მიაღწია.
ისინი ქვემოთ ელოდებიან, ბოლო ხესთან.
იგი ისე სწრაფად მოტრიალდა, თითქოს რაღაცამ უბიძგა და ძალით მოატრიალაო.
და უცებ შეკრთა. გულში თბილმა ტალღამ დაუარა. და სანამ თვალები მიხვდებოდნენ, რა დაინახეს, სიტყვებმა უხმოდ თქვეს: „იგიმ იცის რა დარჩება მისგან!“
ისინი იდგნენ მოხრილები, გრძელი ხელები კოჭებამდე სწვდებოდათ, ვიწრო შუბლები მიწისკენ ჰქონდათ და ქვემოდან შემოსცქეროდნენ იგის.
ხოლო ბოლოში, ყველაზე უკან იდგა ზუ. და იგის თვალები ისე იყვნენ გაკვირვებული, რომ გვიან მიხვდნენ: ზუ იდგა გამართული, მხრებში გაშლილი, თავი მაღლა აეწია, მშვიდი მზერით შემოჰყურებდა კლდის წვერს.
და იგი მიხვდა, რომ ყველაზე მეტად, მზეზე, შორეულ ქედებზე, ზღვაზე და ტყეზე უფრო, მისი წელში მოხრილი, ვიწროშუბლიანი ძმები შესთხოვდნენ და ევედრებოდნენ: გაიმართოს იგი! დაწინაურდეს იგი!
იგის გულში დიდი სისწრაფით შემოიჭრა უამრავი ტომი. ყველა გამართული იყო, ყველა — მხრებში გაშლილი. ცას უყურებდნენ. სხივმოსილი თვალები ჰქონდათ. მხრებზე რაღაც თეთრი ჰქონდათ მოსხმული და ეს თეთრი მოსასხამები მზის შუქზე მზესავით ბრწყინავდნენ. და საოცარი ტომი ისე შემოიჭრა იგის გულში, რომ იქ ყველაფერი გაანათა.
იგი ზუსაც უყურებდა, სხივმოსილ ტომსაც და თავის განათებულ გულსაც.
მერე უკან გადადგა ნაბიჯი. სახეზე სითბოს სუნი ასდიოდა.
კიდევ გადადგა უკან ნაბიჯი და, ფეხმა რომ ქვეშ მიწა ვეღარ იგრძნო, უხმოდ თქვა გულში: „იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო“.