„თავი დაანებოს წუხილმა იგის!“ — ჩუმად უთხრა იგიმ წუხილს.
ისევ დაწვა, თვალები დახუჭა. ცდილობდა, წუხილისთვის ყურადღება არ მიექცია და დაძინება სცადა.
მაგრამ ძილი აღარ მოდიოდა.
წუხილი ძილს არ აკარებდა.
იგი ხან ზურგზე დაწვა, ხან მუცელზე, ხან ერთ გვერდზე, ხან მეორეზე.
არაფერი გამოუვიდა. ძილს ეშინოდა წუხილის და მოსვლას ვერ ბედავდა.
„ძილი არ მოვა, სანამ იგი წუხილს არ მოიშორებს“, — ჩუმად თქვა იგიმ.
წამოჯდა. ფეხები მოიკეცა, ხელები შემოაჭდო და ნიკაპი მუხლებს შუა ჩაიდო.
წუხილი ძვალს ჩაფრენოდა და ხარბად ღრღნიდა.
იგის ვეღარაფერი გაეგო. განა იმიტომ არ იწვალა ამდენი, რომ წუხილის ნება შეესრულებინა და ისეთი გამხდარიყო, როგორებიც სხვები არიან? განა ამას არ მოითხოვდა მისგან წუხილი? მაშ, რატომ დაბრუნდა? რას მოითხოვს ახლა?
იგის ვერაფერი გაეგო. ახლა მხოლოდ ის იცოდა, რომ ვერ მოისვენებდა, ვერ დაიძინებდა. იქ უნდოდა ყოფნა, სადაც არ იყო, და თუმცა ძველი გამოცდილება აფრთხილებდა, რომ როგორც კი „იქ“ მივიდოდა, მაშინვე „სხვაგან“ ყოფნა მოუნდებოდა, მაინც არ შეეძლო წუხილის ნებას არ დაჰყოლოდა.
იგი წამოდგა, ჩვეული სიფრთხილით გადააბიჯა თანამოძმეებს, გამოქვაბულიდან გავიდა და ტყისკენ წავიდა.
ტყე სიბნელით იყო სავსე. იგი მიაბიჯებდა და სველი ბალახი ფეხის გულებს უღიტინებდა. ტყის შუაგულს რომ მიაღწია, სიბნელეს მკრთალი შუქი შეერია. ხეებს შორის, მიწაზე, აქა-იქ ბალახი აკიაფდა. იგი მიხვდა, რომ მთვარე ღრუბლებს გასცდა და დედამიწაზე ბრჭყვიალა სხივები მიმოაბნია. სხივები ძირითადად ხეების კენწეროებს ეფინებოდა, მაგრამ როცა რომელიმე მათგანი ფოთლებს შორის ხვრელს იპოვიდა, იმ ხვრელს ჩამოყვებოდა და ბალახში აკიაფდებოდა. ეს იგიმ ძველი დაკვირვებით იცოდა.
ახლაც ხის კენწეროებს შორის სხივი შემოპარულიყო და პატარა ბალახს დასცემოდა. იგი ახლოს მივიდა. ბალახის პაწაწინა ფოთოლზე მრგვალი წვეთი იდო და ისე ბრჭყვიალებდა, თითქოს თვითონაც მთვარე ყოფილიყო. იგი ჩაცუცქდა და ბალახს ზემოდან ხელი დააფარა. სხივი ახლა ხელს სცემდა. მაშინ ამ ხელს მეორე ხელი დააფარა. სხივმა მეორე ხელზე გადაინაცვლა. მეორე ხელს სახით გადაეფარა. სხივი აღარ ჩანდა. იგიმ იცოდა, რომ სხივი არ გამქრალა, სადღაც მის თმებში ბრჭყვიალებდა. მართლაც, თავი რომ გადასწია, სხივი ქვედა ხელზე გადაინაცვლა; ქვედა ხელიც გადასწია და მრგვალი წვეთი ისევ ისე აბრჭყვიალდა ბალახის ფოთოლზე.
იგი წამოდგა და გზა განაგრძო.
სანამ სხივთან თამაშით იყო გართული, წუხილს, როგორც ჩანს, ჩასძინებოდა; ან არადა, შეშინებული მიკუნჭულიყო სადღაც კუთხეში. ახლა, რაკი იგიმ გზა განაგრძო, წუხილი სამალავიდან გამოვიდა და ძვლის ძებნა დაიწყო.
ტყე გათავდა და ზღვა გამოჩნდა.
იგიმ გვერდზე გაუხვია; თავის გამოქვაბულს მიაშურა. გამოქვაბულში რომ შევიდა, მაშინ კი გაუკვირდა და თავის სხეულში თქვა: „ნეტა რისთვის მოვიდა აქ იგი?“ მართალია, ძველი წუხილი სწორედ აქ დაამარცხა, მაგრამ მაშინ იცოდა, რომ წუხილის დასამარცხებლად წელში უნდა მოხრილიყო და სხვებს დამსგავსებოდა, რადგან მაშინ წუხილს მარტოობა ერქვა.
ახლანდელ წუხილს რა ერქვა, იგიმ არ იცოდა.
ქვაზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა. წუხილი მოუსვენრად წრიალებდა სხეულში და ისე უღიტინებდა, ერთ ადგილას გაჩერება შეუძლებელი იყო.
წამოდგა. სიარული დაიწყო. ჩქარი ნაბიჯით დადიოდა გამოქვაბულში. იარა და იარა. მაინც ვერ მოისვენა. მაშინ გარეთ გავიდა და ზღვისკენ წავიდა.
დიდხანს იარა ზღვისპირას. მერე ტყეში შევიდა. ახლა ტყეში იარა დიდხანს. ვერაფრით ვერ მოისვენა. ბოლოს ისევ ზღვისპირას გავიდა. სილაში ჩაჯდა, მუხლები მოიკეცა და ზედ ხელები შემოაჭდო.
ზღვა მშვიდად სუნთქავდა, წყალი წამოვიდოდა, ფეხის წვერებს დაუსველებდა და უკანვე ბრუნდებოდა.
წუხილი სხეულში უღიტინებდა და სხეულს აჟრჟოლებდა.
„თქვას მაინც წუხილმა რა უნდა! იგი ყველა სურვილს შეუსრულებს. იმიტომ, რომ იგის მეტი არაფერი შეუძლია!“
უცებ შორს, სადაც ცა ზღვაში ეშვებოდა, სხივი გამოჩნდა. იგი დააკვირდა და თვალი გააყოლა. სხივი ერთ ადგილას გაწყვეტილი იყო, ზემოთ ისევ ჩანდა. იგიმ უფრო მაღლა ააყოლა თვალი, კიდევ უფრო მაღლა, კიდევ უფრო მაღლა. ზურგში ტკაცანი გაისმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ბოლოს სხივის წყარო დაინახა, მთვარე, რომელიც ღრუბელზე იჯდა და იგის უყურებდა. მთელი ცა ბრჭყვიალა კენჭებით იყო მოფენილი.
იგის რაღაცნაირი ხმა აღმოხდა.
ხმა თითქოს ისეთი იყო, როგორიცაა გამარჯვების ყიჟინა, მაგრამ უფრო რბილი და თბილი სუნი ასდიოდა.
და მაშინვე იგრძნო, რომ წელში გამართული იჯდა.
სწრაფად წამოხტა, გაშეშდა და საკუთარ სხეულს მიაყურადა.
წუხილი გამქრალიყო. წუხილს რაღაცის შეშინებოდა. ძვლისთვის პირი გაეშვა და, იგის რომ ხმა აღმოხდა, იმ ხმას გაჰყოლოდა.
იგი იდგა. მთვარეს შესცქეროდა. და უნებურად კბილები გამოუჩნდა. ოღონდ ისე არა, როგორც სხვა დროს გამოსჩენია. სხვა დროს სხვებივით გამოსჩენია: ავი კბილები, ბრძოლის, ხიფათის, სიბრაზის; როცა არავის დაინდობდა, როცა მზად იყო საკუთარი სხეულიც კი ნაწილებად ექცია. ახლა იგის კბილებსაც და მთელ სახესაც სითბოს და სიხარულის სუნი ასდიოდა, როგორც იმ ხმას აუვიდა, ცოტა ხნის წინ რომ აღმოხდა.
იდგა გამართული და მთვარეს შესცქეროდა. და მთვარესაც, შორეულ ბრჭყვიალა ვარსკვლავებსაც, ტყესაც და ზღვასაც ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ ხელ-ფეხს.
არაფერი იყო „ცუდი“. არაფერი იყო „კარგი“. ყველაფერი ისე იყო, რომ ვერც „ცუდი“ დააკლებდა რამეს და ვერც „კარგი“ შეჰმატებდა.
მერე საკვირველი სითბო, რომელსაც ზღვა გამოსცემდა, ცა, მთვარით მკრთალად განათებული ქედები, ტყე და ყველაფერი, რაც ირგვლივ ჩანდა, ყოველი მხრიდან შემოვიდა იგის სხეულში. იგიმ უნებურად თვალები დახუჭა და იგრძნო, რომ ისე იყო, თითქოს სულაც არ ყოფილიყო.
ხოლო როცა შორეული ქედები, ზღვა, ტყე, ცა და ცის ბრჭყვიალა ვარსკვლავები ისევ გაიკრიფნენ იგის სხეულიდან და თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ, იგის ტანზე გაკვირვების მსუბუქი სუნი აუვიდა.
თავში უცხო და გაუგებარი სიტყვების ქარიშხალი ედგა.
მართალია, უცხო სიტყვების წყობისად დალაგებას კარგა ხანია მიეჩვია, მაგრამ ამჯერად, რაც დედამიწაზე სიტყვაა, ეტყობა ყველა ერთად ალაპარაკდა. ყაყანებდნენ სიტყვები, აქეთ-იქით აწყდებოდნენ, იმსხვრეოდნენ და ნამსხვრევები უწესრიგოდ ირეოდნენ ერთმანეთში. იგის თავი ისე იყო, როგორც პატარა გამოქვაბულში რომ დიდი ტომი დაბანაკდეს, ყველა ვერ დაეტიოს და არც არავინ გავიდეს.
სიტყვებსაც გაკვირვების სუნი ასდიოდა.
„რა ემართება იგის?“ — ჩუმად იკითხა იგიმ და თავი მძლავრად გადაიქნია.
ცოტა ხნის წინ იგი ისე იყო, თითქოს სულაც არ არსებობდა. ამავე დროს არაფერი არ არსებობდა ირგვლივ ისეთი, რაც იგი არ ყოფილიყო. რა მოხდა? სად გაქრა იგი? ან როგორ დაიშალა და როგორ შეერია ყველაფერს? რისგანაა, რომ იგი ცას უყურებდა და ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ტყე იგი იყო?
ან წუხილი რაღა იქნა? რამ დააფრთხო? ნუთუ იმან, რომ იგი წელში გაიმართა? განა ამას წინათ სწორედ იმიტომ შეუძვრა სხეულში, რომ წელში გამართული დაინახა!
„უკვირს იგის!“ — თავის სხეულში თქვა იგიმ.
(ახლა, როცა დიდი დაძინების ქარაფს მიუყვება, ყველაფერი ეს იცის. მაშინ კი, ის, რაც ახლა ცოდნაა, მხოლოდ გაკვირვება იყო).
იგიმ კვლავ რამდენჯერმე გაიქნია თავი, რათა უცნობი სიტყვები გამოერეკა. მერე პეშვით წყალი აიღო, სახეზე შეისხა, მოტრიალდა და აღმართს აუყვა. ტყეში რომ შევიდა, სხეულში ის ბალახი გაუჩნდა, ზედ რომ მთვარე მრგვალ წვეთს აბრჭყვიალებდა, და ძებნა დაუწყო, მაგრამ ვერ იპოვა. მთვარეს თავისი სხივები წაეღო და სხვაგან წასულიყო.
იგის სხეულში უცებ „ნი“ გაჩნდა და გაქრა.
„ნი“ ძალიან კარგი იყო.
იგიმ გზა განაგრძო, ტყე გადაიარა, დიდ გამოქვაბულში ფეხაკრეფით შევიდა, ფრთხილად გადააბიჯა მძინარე თანამოძმეებს და თავის ადგილას დაწვა. ხელები თავქვეშ ამოიწყო, თვალები დახუჭა.
თანამოძმეები კარგები იყვნენ.
ბელადიც კარგი იყო...
იგის ჩაეძინა.
როდესაც დილით, სანადიროდ წასვლისას, იგის დანახვაზე ბელადმა ხმადაბლა ჩაიღრინა და მისმა დიდრონმა თეთრმა კბილებმა დღის მზის შუქზე ავად გაიელვა, იგის გაახსენდა, რომ წინა ღამეს ბელადი კარგი იყო, და არც ბალანი აჯაგვრია და არც შიში აწრიალებია სხეულში.
თანამოძმეებმა ისე შეხედეს, თითქოს იგი იგი არ ყოფილიყო, თითქოს იგი სულაც არ არსებობდა. ვისაც კი გვერდით ამოუდგა, ყველა სასწრაფოდ გაეცალა. ზედ არავინ უყურებდა.
მხოლოდ პატარა ზუ, რომელიც დღეს პირველად წაიყვანეს სანადიროდ, დროდადრო გამოაპარებდა ხოლმე თვალს, მაგრამ, წააწყდებოდა თუ არა იგის მზერას, მაშინვე შეტრიალდებოდა და დანარჩენ მონადირეებში მიიმალებოდა.
ტანი რაღაცას უგრძნობდა იგის. რას უგრძნობდა, ვერ გაეგო.
მთელი დღე ამაოდ იწანწალეს და საღამოს ხელცარიელი დაბრუნდნენ უკან.
ჩუმად მიდიოდნენ.
ბელადი კიდევ უფრო მოხრილი ჩანდა. ისე იყო შეკუმშული, თითქოს ნადირის სუნი იკრა და ნახტომისთვის მოემზადაო.