prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

იგი — ნაწილი 3

ჯემალ ქარჩხაძე · პროზა

"თავი დაანებოს წუხილმა იგის!" - უხმოდ დაუყვირა იგიმ წუხილს.

ისევ დაწვა, თვალები დახუჭა, ცდილობდა წუხილისათვის ყურადღება არ მიექცია და ძილს დადარაჯებოდა.

მაგრამ ძილი აღარ მოდიოდა.

წუხილი არ უშვებდა ახლო ძილს.

იგი ხან გულაღმა დაწვა, ხან პირქვე, ხან ერთ გვერდზე, ხან მეორეზე.

არაფერი გამოუვიდა. ძილს ეშინოდა წუხილის და მოსვლას ვერ ბედავდა.

"არ მოვა ძილი, სანამ იგი წუხილს არ მოიშორებს", უხმოდ თქვა იგიმ.

წამოჯდა. ფეხები შემოიკეცა, მკლავები შემოაჭდო, ნიკაპი მუხლებს შუა ჩაიდო.

წუხილი ძვალს ჩაფრენოდა და ხარბად ღრღნიდა.

იგის ვეღარაფერი გაეგო. განა იმისთვის არ იწვალა ამდენი, რომ წუხილის ნება შეესრულებინა და ისეთი გამხდარიყო, როგორიც არიან სხვები? განა ამას არ მოითხოვდა წუხილი მისგან? მაშ რაღად დაბრუნდა? რაღას მოითხოვს?

იგის ვერაფერი გაეგო. ახლა მარტო ის იცოდა, რომ ვერ მოისვენებდა, ვერ დაიძინებდა. იქ უნდოდა ყოფნა, საცა არ იყო, და თუმცა ძველი გამოცდილება აფრთხილებდა, როგორც კი იგი "იქ" მივა, მაშინვე, "სხვაგან" ყოფნა მოუნდებაო, მაინც არ შეეძლო წუხილის ნებას არ დაჰყოლოდა.

იგი წამოდგა, ნაჩვევი სიფრთხილით გადააბიჯა თანამოძმეებს, გამოქვაბულიდან გავიდა და ტყისკენ გასწია.

ტყე სიბნელით იყო სავსე. იგი მიაბიჯებდა და სველი ბალახი ფეხის გულებს უღიტინებდა. შუაგულ ტყეს რომ მიაღწია, სიბნელეს მკრთალი შუქი შეერია. ხეებს შორის, მიწაზე, აქა-იქ ბალახი აკიაფდა. იგი მიხვდა, რომ ღამის თვალი ღრუბლებს გასცდა და ქვეყანაზე ბრჭყვიალა სხივები მიმოაბნია. სხივები უმთავრესად ხეთა კენწეროებს ეფინებოდა, მაგრამ როცა რომელიმე მათგანი ფოთლებს შუა ხვრელს იპოვიდა, იმ ხვრელს ჩამოყვებოდა და ბალახში აკიაფდებოდა. ეს იგიმ ძველი დაკვირვებით იცოდა.

ახლაც ხის კენწეროებს შუა სხივი შემოპარულიყო და პატარა ბალახს დასცემოდა. იგი ახლო მივიდა. ბალახის პაწაწკინტელა ფოთოლზე მრგვალი წვეთი იდო და ისე ბრჭყვიალებდა, ვითომ თვითონაც ცის თვალი ყოფილიყოს. იგი ჩაცუცქდა და ბალახს ზემოდან ხელი დააფარა. სხივი ახლა ხელს სცემდა. მაშინ ამ ხელს მეორე ხელი დააფარა. სხივმა მეორე ხელზე გადაინაცვლა. მეორე ხელს სახით გადაეფარა. სხივი აღარ ჩანდა. იგიმ იცოდა, რომ სხივი არ გამქრალა, სადღაც მის თმებში ბრჭყვიალებდა. მართლაც, თავი რომ გადასწია, ქვედაზე გადაინაცვლა; ქვედაც გადასწია და მრგვალი წვეთი წეღანდელივით აბრჭყვიალდა ბალახის ფოთოლზე.

იგი წამოდგა და გზა განაგრძო.

სანამ სხივთან თამაშით იყო გართული, წუხილს, როგორც ჩანს ჩასძინებოდა; ან არადა, შეშინებული მიკუნჭულიყო სადღაც კუთხეში. ახლა, რაკი იგიმ გზა განაგრძო, საფარიდან გამოვიდა და ძვალს დაუწყო ძებნა.

ტყე გაილია და ზღვა გამოჩნდა.

იგიმ გვერდზე გაუხვია; თავის გამოქვაბულს მიაშურა. გამოქვაბულში რომ შევიდა, მაშინ კი გაუკვირდა და თავის სხეულში თქვა: "ნეტა რისთვის მოვიდა აქ იგი?" მართალია, ძველი წუხილი სწორედ აქ დაამარცხა, მაგრამ მაშინ იცოდა, რომ წუხილის დასამარცხებლად წელში უნდა მოხრილიყო და სხვებს დამსგავსებოდა, რადგან მაშინ წუხილს მარტოობა ერქვა.

ეხლანდელ წუხილს რა ერქვა, იგიმ არ იცოდა.

ქვაზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა. წუხილი მოუსვენრად წრიალებდა სხეულში და ისე უღიტინებდა, ერთ ადგილას გაჩერება შეუძლებელი იყო.

წამოდგა. სიარული დაიწყო. ჩქარი ნაბიჯით დადიოდა გამოქვაბულში. იარა და იარა. მაინც ვერ მოისვენა. მაშინ გარეთ გავიდა და ზღვისკენ გასწია.

დიდხანს იარა ზღვისპირას. მერე ტყეში შევიდა. ახლა ტყეში იარა დიდხანს. ვერ იქნა და ვერ მოისვენა. ბოლოს ისევ ზღვისპირას გავიდა. სილაში ჩაჯდა, მუხლები შემოიკეცა და ზედ მკლავები შემოაჭდო.

ზღვა მშვიდად სუნთქავდა, წყალი წამოვიდოდა, ფეხის წვერებს დაუსველებდა და უკანვე ბრუნდებოდა.

წუხილი სხეულში უღიტინებდა და სხეულს აჟრჟოლებდა.

"თქვას მაინც წუხილმა რა უნდა! იგი ყველა სურვილს შეუსრულებს. იმიტომ, რომ იგის მეტი არაღ შეუძლია!"

უცებ შორს, სადაც ცა ზღვაში ეშვებოდა, სხივი გამოჩნდა. იგი დააკვირდა და თვალი ააყოლა. სხივი ერთ ადგილას გაწყვეტილი იყო, ზემოთ ისევ ჩანდა. იგიმ უფრო მაღლა ააყოლა თვალი, კიდევ უფრო მაღლა, კიდევ უფრო მაღლა. ზურგში ტკაცანი გაისმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ბოლოს სხივის დედა დაინახა, ღამის თვალი, რომელიც ღრუბელზე იჯდა და იგის უყურებდა. მთელი ცა ბრჭყვიალა კენჭებით იყო მოფენილი.

იგის რაღაცნაირი ხმა აღმოხდა.

ხმა თითქოს ისეთი იყო, როგორიცაა გამარჯვების ყიჟინა, მაგრამ უფრო რბილი და თბილი სუნი ასდიოდა.

და მაშინვე იგრძნო, რომ წელში გამართული იჯდა.

სწრაფად წამოხტა, გაშეშდა და საკუთარ სხეულს მიაყურადა.

წუხილი გამქრალიყო. წუხილს რაღაცის შეშინებოდა. ძვლისთვის პირი გაეშვა და , იგის რომ ხმა აღმოხდა, იმ ხმას გაჰყოლოდა.

იგი იდგა. ცის თვალს შესცქეროდა. და უნებურად კბილები გამოუჩნდა. ოღონდ ისე არა, სხვა დროს რომ გამოსჩენია. სხვა დროს სხვებივით გამოსჩენია: ავი კბილები, ბრძოლის, ხიფათის, სიბრაზის; როცა არავის დაინდობდა, როცა მზად იყო საკუთარი სხეულიც კი ნაფლეთებად ექცია. ახლა იგის კბილებსაც და მთელ სახესაც სითბოს და სიხარულის სუნი ასდიოდა, როგორც იმ ხმას აუვიდა, წეღან რომ აღმოხდა.

იდგა გამართული და ცის თვალს შესცქეროდა. და ცის თვალსაც, შორეულ ბრჭყვიალა კენჭებსაც, ტყესაც და ზღვასაც ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ ხელ-ფეხს.

არაფერი იყო "ცუდი". არაფერი იყო "კარგი" ყველაფერი ისე იყო, რომ ვერც "ცუდი" დააკლებდა რამეს და ვერც "კარგი" შეჰმატებდა.

მერე საკვირველი სითბო, რომელსაც ზღვა გამოსცემდა, ცა, ცის თვალით მკრთალად განათებული ქედები, ტყე და ყველაფერი, რაც ირგვლივ ჩანდა, ყოველი მხრიდან შემოვიდა იგის სხეულში. იგიმ უნებურად თვალები დახუჭა და იგრძნო, რომ ისე იყო, თითქოს სულაც არ ყოფილიყო.

ხოლო როცა შორეული ქედები, ზღვა, ტყე, ცა და ცის ბრჭყვიალა კენჭები ისევ გაიკრიფნენ იგის სხეულიდან და თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ, იგის ტანზე გაკვირვების მსუბუქი სუნი აუვიდა.

თავში უცხო და გაუგებარი სიტყვების კორიანტელი ედგა.

მართალია, უცხო სიტყვების წყობისად დალაგებას კარგა ხანია მიეჩვია, მაგრამ ამჯერად, რაც ქვეყანაზე სიტყვაა, ეტყობა ყველა ერთად ალაპარაკდა. ყაყანებდნენ სიტყვები, აქეთ-იქით აწყდებოდნენ, იმსხვრეოდნენ და ნამსხვრევები უწესრიგოდ ირეოდნენ ერთმანეთში. იგის თავი ისე იყო, პატარა გამოქვაბულში რომ დიდი ტომი დაბანაკდეს, ყველა ვერ დაეტიოს და არც არავინ გავიდეს.

სიტყვებსაც გაკვირვების სუნი ასდიოდა.

"რა მისდის იგის?" - უხმოდ იკითხა იგიმ და თავი მძლავრად გადაიქნია.

წეღან იგი ისე იყო, თითქოს სულაც არ არისო. ამავე დროს არაფერი არ არსებობდა ირგვლივ ისეთი, რაც იგი არ ყოფილიყოს. რა მოხდა? სად გაქრა იგი? ან როგორ დაიშალა და როგორ შეერია ყველაფერს? რისგანაა, რომ იგი ცას უყურებდა და ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ტყე იგი იყო?

ან წუხილი რაღა იქნა? რამ დააფრთხო? ნუთუ იმან, რომ იგი წელში გაიმართა? აკი ამას წინათ სწორედ იმიტომ შეუძვრა სხეულში, რომ წელში გამართული დაინახა!

"უკვირს იგის!" - თავის სხეულში თქვა იგიმ.

(ახლა, როცა დიდი დაძინების ქარაფს მიუყვება, ყველაფერი ეს იცის. მაშინ კი, ის, რაც ახლა ცოდნაა, მხოლოდ გაკვირვება იყო).

იგიმ კვლავ რამდენჯერმე გაიქნია თავი, რათა უცნობი სიტყვები გამოერეკა. მერე პეშვით წყალი აიღო, სახეზე შეისხა, მოტრიალდა და აღმართს აუყვა. ტყეში რომ შევიდა, სხეულში ის ბალახი გაუჩნდა, ზედ რომ ღამის თვალი მრგვალ წვეთს აბრჭყვიალებდა, და ძებნა დაუწყო, მაგრამ ვერ იპოვა. ღამის თვალს თავისი სხივები წაეღო და სხვაგან წასულიყო.

იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა და გაქრა.

ნი ძალიან კარგი იყო.

იგიმ გზა განაგრძო, ტყე გადაიარა, დიდ გამოქვაბულში ფეხაკრეფით შევიდა, ფრთხილად გადააბიჯა მძინარე თანამოძმეებს და თავის ადგილას დაწვა. ხელები თავქვეშ ამოიწყო, თვალები დახუჭა.

თანამოძმეები კარგები იყვნენ.

ბელადიც კარგი იყო...

იგის ჩაეძინა.

როდესაც დილით, სანადიროდ წასვლისას, იგის დანახვაზე ბელადმა ხმადაბლა ჩაიღრინა და მისმა დიდრონმა თეთრმა კბილებმა დღის თვალის შუქზე ავად გაიელვა, იგის გაახსენდა, რომ წინა ღამეს ბელადი კარგი იყო, და არც ბალანი აჯაგვრია და არც შიში აწრიალებია სხეულში.

თანამოძმეებმა ისე შეხედეს, თითქოს იგი იგი არ ყოფილიყო, თითქოს იგი სულაც არ არსებობდა. ვისაც კი გვერდით ამოუდგა, ყველა სასწრაფოდ გაეცალა. ზედ არავინ უყურებდა.

მხოლოდ პატარა ზუ, რომელიც დღეს პირველად წაიყვანეს სანადიროდ, დროდადრო გამოაპარებდა ხოლმე თვალს, მაგრამ, წააწყდებოდა თუ არა იგის მზერას, მაშინვე შეტრიალდებოდა და დანარჩენ მონადირეებში მიიმალებოდა.

ტანი რაღაცას უგრძნობდა იგის. რას უგრძნობდა, ვერ გაეგო.

მთელი დღე ამაოდ იწანწალეს და საღამოს ხელცარიელი დაბრუნდნენ უკან.

უხმოდ მიდიოდნენ.

ბელადი კიდევ უფრო მოხრილი ჩანდა. ისე იყო შეკუმშული, თითქოს ნადირის სუნი იკრა და ნახტომისათვის მოემზადაო.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ჯემალ ქარჩხაძე.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.