prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

იგი — ნაწილი 6

ჯემალ ქარჩხაძე · პროზა

და უცებ კვლავ გაჩნდა ნი. ნი წეღანდელივით სწრაფად გაქრა, მაგრამ ამჯერად იგიმ მოასწრო იმის შემჩნევა, თუ როგორი ცხვირი ჰქონდა ნის. იგი უყურებდა ნის ცხვირს და ნის ცხვირს ნელ-ნელა მთელი სახე გამოესხა. ძველი ნის სახე. კარგი, საყვარელი, ცის თაღივით რომ სითბოს აფრქვევდა. აი, ეს არის ნამდვილი ნი, და არა ის დაშლილი და დაბრეცილი ნი, რომელსაც არაფრით არ უნდოდა იგის სხეულიდან გასვლა.

იგის თითი ნელა მოძრაობდა სილაში. იგი ახლა მკაფიოდ ხედავდა, როგორ ქრებოდა მის სხეულში ნი ნაწილ-ნაწილ და როგორ ჩნდებოდა სილაში ასევე ნაწილ-ნაწილ.

თითმა მოძრაობა დაამთავრა. სილაში ახლა ძველი ნი იყო, ის ნი, რომლის ყოველ შემოსვლაზე იგის სხეულში უჩვეულო და საამო ბაგა-ბუგი ატყდებოდა ხოლმე და უჩვეულო და საამო სუნი დატრიალდებოდა.

იგი წამოდგა და მაღლიდან დახედა სილის ნის. მერე ირგვლივ შემოუარა, თან თვალს არ აშორებდა. შემოვლა რომ დაამთავრა, სილის ნის იგის ფეხის ნაკვალევი შემოეკრა. იგიმ კვლავ შემოუარა, ისე, რომ ფეხს კვალსა და კვალს შორის ადგამდა. რამდენჯერმე რომ შემოუარა, სილის ნის უკვე ერთიანი კვალი ერტყა გარშემო.

იგის მოეწონა.

და არც კი განუზრახავს, ისე თქვა სხეულში:

"იგიმ რაღაც იცის ისეთი, რაც სხვებმა არ იციან".

ეს რომ თქვა, მაშინღა იგრძნო, რომ მთელ სხეულში ცხელი გემო ტრიალებდა. ცხელი გემო ტრიალებდა, თან ზემოთ მოიწევდა და თითქოს იგის სხეულსაც სადღაც ზემოთ ეწეოდა.

"იგიმ რაღაც იცის ისეთი, რაც თვით ბელადმაც კი არ იცის".

და ბელადი გაჩნდა იგის სხეულში. ბელადმა კეტი შემართა და თქვა: "იგი არ წავა სანადიროდ!" მერე ასეთი ბელადი გაქრა და სხვანაირი ბელადი გაჩნდა. ის ბელადი გაჩნდა, რომელმაც თავისი მამა დაამარცხა, მის ადგილას დაჯდა, ნადირის თავი ჩაბღუჯა და გულში ჩაიკრა.

ეს ბელადი დარჩა იგის სხეულში. ავი ბელადი, კბილებდაკრეჭილი, ფაფარაყრილი, თვალებჩასისხლიანებული.

იგის თითი კვლავ ამოძრავდა სილაში.

ბელადი ნელ-ნელა გამოდიოდა იგის სხეულიდან და სილაში ჩნდებოდა.

იგიმ სილის ბელადსაც შემოავლო კვალი.

"იგიმ დიდი რაღაც იცის".

ცხელი გემო, რომელიც სხეულში ტრიალებდა და მაღლა მიიწევდა, უცნაურად საამო იყო. ისეთი, როგორიცაა პირველი ნადირობა და ისეთიც, როგორიცაა ნისთან წოლა ნაკადულის პირას.

ამ დროს ქვეყანაზე წვიმა წამოვიდა.

იგიმ დააპირა პატარა გამოქვაბულში შეეფარებია თავი, მაგრამ უცებ შენიშნა, როგორ ეცემოდა წვეთები სილის ნისა და სილის ბელადს, და შეჩერდა.

წვეთები პატარ-პატარა ღრმულებს აკეთებდნენ ნისა და ბელადის სახეებზე. მერე ღრმულები გაფართოვდნენ, ერთმანეთს შეუერთდნენ, მთელ სახესა და მთელ სხეულს მოედვნენ და მალე ნისა და ბელადის ადგილას სველი სილის მეტი აღარაფერი დარჩა.

იგი უყურებდა სველ სილას და სხეული გაკვირვებით ევსებოდა.

როცა დიდი დაძინების ქარაფზე წვიმაში ძველი ბელადის ნაბიჯები კვალს ტოვებდა, იგის ეგონა, კვალი წვიმის გამო რჩებოდა. აქ კი წვიმამ სილის ნიც წაშალა, სილის ბელადიც და იგის კვალიც.

იგი უყურებდა სველ სილას და თვითონაც სველდებოდა. მერე თავის სხეულში თქვა:

"ნეტა როგორ უნდა გააკეთოს იგიმ ისეთი კვალი, რომ არ წაიშალოს?"

იგის თავში არ იყო ისეთი სიტყვები, რომლებიც ამ კითხვას უპასუხებდნენ.

ერთხელაც დახედა სველ სილას და დიდი გამოქვაბულისაკენ გაუდგა გზას.

ქალებსა და ბავშვებს გამოქვაბულში შეეფარებინათ თავი. ქვეყანაზე ძლიერი წვიმა მოდიოდა და იგის გაუკვირდა, ნი რომ გარეთ დაინახა. ნი ბალახში იდგა. მკლავები განზე გაეშვირა, მთელი სხეული წვიმისთვის შეეშვირა, თავით ფეხებამდე სველი იყო და ისეთი სახე ჰქონდა, პატარა ბავშვი რომ დედას დაინახავს.

იგი შედგა და ცქერა დაუწყო.

ნის რაღაც ჰქონდა ისეთი, რის გამოც ძველი ნი იყო, და რაღაც ჰქონდა ისეთი, რის გამოც ძველი ნი არ იყო.

ამ დროს ნიმ იგი იგრძნო და მოიხედა. ახლა აღარ ჰქონდა ისეთი სახე, პატარა ბავშვი რომ დედას დაინახავს.

მკლავებიც დაუშვა.

იგი იდგა და უყურებდა.

- რა უნდა იგის? - იკითხა ნიმ. ნი რაღაცნაირი იყო.

- ნი არ არის ნამდვილი, - თქვა იგიმ. - ნამდვილი ნი სილაში იყო და წვიმამ წაშალა.

იგი უყურებდა ნის და სხეულში ნამდვილი ნი გაჩნდა; ძველი ნი, რომელსაც უჩვეულო სუნი ასდიოდა.

- ნუ უყურებს იგი ნის, - ჩურჩულით თქვა უცებ ნიმ. - ნის ეშინია.

იგი შეკრთა, სწრაფად აარიდა თვალი და ზურგი შეაქცია.

"რატომ ეშინია ნის? - უხმოდ თქვა იგიმ. - განა იგი მძვინვარე მხეცია, რომ საშიში იყოს?"

მაშინვე ტანმა რაღაც უგრძნო და ცივმა ჟრუანტელმა თავით ფეხებამდე დაუარა. ამჯერად თითქოს მიხვდა კიდევ, რა სიტყვა ერქვა ამ გრძნობას, მაგრამ ყურს მონადირეების შორეული ხმა მიწვდა და ნაპოვნი სიტყვა ისევ გაქრა.

მონადირეების ხმამ გამოქვაბულშიც შეაღწია. ქალები და ბავშვები გნიასით გამოცვივდნენ გარეთ.

წინ, წესისამებრ, ბელადი მოდიოდა. და თუმცა კარგად ენადირათ, მაინც ქუშად ჩაჰყურებდა მიწას. უკან ძველი მონადირეები მოჰყვებოდნენ. ამათ ვეებერთელა ნადირი გაედოთ მხრებზე და მოჰქონდათ. ზუ ბოლოში მოაბიჯებდა.

ქალები და ბავშვები მონადირეების ირგვლივ დახტოდნენ, ხელებს იქნევდნენ და ყურთასმენის წამღებად ჭყიოდნენ.

იგი განზე იდგა.

ბელადმა და დანარჩენმა მონადირეებმა ისე ჩაუარეს, არ მოუხედავთ. მხოლოდ ზუმ მოიხედა. ზუმ ნელა მოატრიალა სახე, მაგრამ როგორც კი იგის მზერას წააწყდა, მაშინვე აარიდა თვალი.

გამოქვაბულის შესასვლელთან ქალები და ბავშვები გვერდზე მიდგნენ და კაცებს დაუთმეს გზა.

ძველმა მონადირეებმა ნადირი გამოქვაბულის შუაში დადეს და განაწილებას შეუდგნენ. სხვები ისხდნენ და მათ უყურებდნენ. თვალებიდან ყველას შიმშილის სუნი ასდიოდა.

თავი ბელადს მიუტანეს და ფერხთით დაუდეს. ბელადმა აიღო, შეატრიალა და, სადაც წითელი სისხლი ჰქონდა შერჩენილი, იმ ადგილს დაეწაფა. ისე ნელა წოვდა, ჩვილმა ბავშვმა რომ დედის სხეული მოწოვოს. თან თვალები დახუჭა. სახიდან სიავის სუნიც გადაეცალა და სითბოს სუნი დაეფინა.

მონადირეები ნადირის განაწილებას განაგრძობდნენ.

იგი შორეულ კუთხეში იჯდა.

ყველაზე ძველი მონადირე რიგრიგობით ეძახდა თანამოძმეებს.

"ახლა იგის დაუძახებენ!" - უხმოდ თქვა იგიმ, როცა მისი ჯერი მოვიდა.

მაგრამ ყველაზე ძველმა მონადირემ სხვას დაუძახა. მერე კიდევ სხვას დაუძახა და მერე კიდევ სხვას. ზუც რომ გაისტუმრა, მხოლოდ ამის შემდეგ დაუძახა იგის.

იგი წამოდგა.

ბელადმა წოვა შეწყვიტა. პირი არ მოუშორებია ნადირის სისხლიანი კისრისათვის, ისე შეწყვიტა წოვა, ცალი თვალი გაახილა და ძველ მონადირეებს გადმოხედა. სახეზე სითბოს სუნი გადაეცალა და სიავის სუნი დაეფინა. მერე წამოდგა, ნადირის თავი საბელადო ქვაზე დადო და შუა გამოქვაბულისაკენ წამოვიდა.

ყველანი ბელადს მისჩერებოდნენ.

ის იყო იგიმ თავისი წილი ხორცი ჩამოართვა ყველაზე ძველ მონადირეს, რომ ბელადიც მოვიდა.

ბელადმა გრძელი კბილები გადმოჰყარა, ქვემოდან ახედა იგის და იგიმ განძრევაც ვერ მოასწრო, ისე უცებ გამოგლიჯა ხორცი ხელიდან

გამოქვაბულს გაკვირვების ღმუილმა გადაუარა.

- იგის არ უნადირია, - თქვა ბელადმა და თავის ადგილს დაუბრუნდა. დაჯდა, ნადირის თავი კალთაში ჩაიდო და ზედ იდაყვები დააჭირა, იგის წილ ხორცს ლი ძიძგნა დაუწყო, თან ცალი თვალი იგისკენ ეჭირა.

მთელი გამოქვაბული ახლა იგის უყურებდა. ძველმა მონადირეებმაც კი შეწყვიტეს ხორცის განაწილება და ისინიც იგის მიაჩერდნენ.

იგის ბალანი აეჯაგრა, სხეული მრისხანებამ აუვსო, კეტს ხელი მაგრად მოუჭირა და მაღლა ასწია. ბელადმა მაშინვე შეწყვიტა ჭამა და თვითონაც კეტს დაავლო ხელი, ოღონდ წამოდგომით არ წამომდგარა.

უცებ საიდანღაც სიმშვიდის სუნი მოვიდა. სიმშვიდის სუნი ირგვლივ შემოეფინა იგის, მერე სხეულშიც შეაღწია და იქიდან მრისხანება გამოდევნა.იგიმ კეტი დაუშვა და წყნარად თქვა:

- იგის არ უნადირია, იმიტომ რომ ბელადმა არ წაიყვანა სანადიროდ.

ბელადმაც დადო კეტი და იგის წილი ხორცის ძიძგნა განაგრძო.

მაშინ იგი ახლო მივიდა, ზემოდან დახედა და გაიმეორა:

- იგის არ უნადირია იმიტომ, რომ ბელადმა არ წაიყვანა სანადიროდ.

ბელადმა ხორცის ძიძგნა შეწყვიტა, თავისი წილი და იგის წილი ერთად ჩაბღუჯა, საიმედოდ მიიკრა გულზე და იგის შეხედა. სახე ისეთი ჰქონდა, მონადირეს რომ ტყეში ღმუილი შემოესმის და ვერ გამოიცნოს, რომელმა ნადირმა დაიღმუვლა.

იგი ატყობდა, რომ ბელადის თავში უცნობი სიტყვები დაქროდნენ და ბელადი ვერ ახერხებდა მათ დალაგებას და დაკავშირებას.

იგის სხეულში უხმოდ გაჩნდა გამარჯვების ყიჟინა. ბელადმა იცოდა, რომ რაკი იგის არ უნადირია, არც ხორცი ერგებოდა. მაგრამ ახლა გაიგო, რომ თვითონვე უთხრა უარი სანადიროდ წაყვანაზე. ხოლო უარი რატომ უთხრა, ამას ვერ გაიგებდა, რადგან გუშინდელი დღე ბელადის სხეულში არ გაჩნდებოდა.

ეს იცოდა იგიმ და მშვიდად ელოდა. ბელადისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ წართმეული ხორცი უკანვე უნდა დაებრუნებინა, მაგრამ ნადავლი არ ეთმობოდა და ამიტომ ჯიუტობდა.

გამოქვაბულში სიჩუმე იდგა.

იგი ელოდა. მაგრამ უცებ ეს სიმშვიდე რაღაცამ შეაკრთო. იგის უკნიდან ვიღაც ჩაციებით მოსჩერებოდა. ბეჭებს ეტკინა დაჟინებული მზერა. იგის ჯერ ზუ ეგონა, მერე მიხვდა, რომ ზუ არ იყო. და როცა უხმოდ თქვა, ნეტა ვისი მზერა სტკივა ასე იგის ბეჭებსო, გამოქვაბულში ნის ხმა გაისმა:

- იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ჯემალ ქარჩხაძე.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.