prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

იგი — ნაწილი 4

ჯემალ ქარჩხაძე · პროზა

გამოქვაბულს რომ მიუახლოვდნენ, პატარა ზუმ ბილიკიდან გადაუხვია. მონადირეებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. არც იგის მიუქცევია ყურადღება, ალბათ მუცელში შიმშილი აუწრიალდა და საჭმელს ეძებსო, თავის სხეულში თქვა. მართლაც პატარა ზუ გაბარდნილ ბუჩქს მიადგა და მის წვრილ, შავ ნაყოფს ჭამა დაუწყო.ცოტა გზა რომ გაიარა, იგის სხეულში პატარა ზუ გაჩნდა, რომელიც ფეხაკრეფით გადადიოდა ბილიკიდან და თან ცალი თვალი ეჭირა თანამოძმეებისაკენ, თითქოს რაღაცის ეშინიაო.

"ვის ემალება პატარა ზუ?" - თავის სხეულში იკითხა იგიმ და სწრაფად მიიხედა.

პატარა ზუ გაშეშებული იდგა ბუჩქის ძირას, კეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა და თვალებგაფართოებული მისჩერებოდა იგის. როგორც კი იგიმ მიიხედა, სახეზე დამფრთხალი ნადირის ფერმა გადაურბინა, ბუჩქისკენ შეტრიალდა და ფაცხაფუცხით დაიწყო ნაყოფის კრეფა და ჭამა.

იგი მობრუნდა და გზა განაგრზო. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, წეღანდელივით სწრაფად მოიხედა. პატარა ზუ მისკენ აღარ იყურებოდა, შავი ნაყოფის ჭამით იყო გართული.

ქალები და ბავშვები ხმამაღალი ღრიანცელით გამოეგებნენ მონადირეებს, მაგრამ, ხელცარიელები რომ დაინახეს, უცბადვე დადუმდნენ, სახეზე შეშფოთების ფერი დაედოთ და ბელადს მიაჩერდნენ. ბელადს ხმა არ ამოუღია, არც ნაბიჯი შეუნელებია. მაშინ ქალები და ბავშვები მიიწ-მოიწიენ. ბელადსა და დანარჩენ მონადირეებს გზა დაუთმეს და, როცა კაცები გამოქვაბულში შევიდნენ, მახლობელ ტყეში მიმოიფანტნენ.

ბელადი საბელადო ქვაზე დაჯდა, კეტი ფეხებთან დაიდო. დაჯდა ასე, ხელები კოჭებში ჩაევლო, შუბლი მიწისათვის მიეშვირა. იჯდა უხმოდ და ოდნავ ირწეოდა.

დანარჩენებიც დასხდნენ.

იგიმ გამოქვაბულის შორეულ კუთხეში მოიკალათა. ახლა, როცა შიმშილი ბელადს ბელადობას ედავებოდა, იგის ერჩივნა მოშორებით ყოფილიყო და მისი გამართული სხეული თვალში არავის მოხვედროდა. რომელიღაც გაუგებარი სიტყვა კარნახობდა, ასე მოიქცეს იგიო, თორემ შიშით არ ეშინოდა. არც შიში და არც შეშფოთება იმ დღეს იგის არ გაკარებია. შიმშილიც კი ისე უჩუმრად დასრიალებდა მის სხეულში, რომ ძლივს ამჩნევდა. ეგ იყო მხოლოდ, ტანი უგრძნობდა რაღაცას და უცნობი სიტყვა ურჩევდა, შორს იყოს იგი და თვალში ნურავის შეეჩხირებაო.

ამასობაში ქალები და ბავშვები დაბრუნდნენ და ნაირნაირი ნაყოფი და ფესვები მოიტანეს. ნაყოფი და ფესვები დაძინებით ვერ დააძინებდა შიმშილს, მაგრამ ცოტათი მაინც დააშოშმინა.

გამოქვაბულის ცივი დუმილი ხრამუნმა დაარღვია. ყველანი ჭამდნენ, მარტო ბელადი იჯდა უძრავად. ბელადს პირი არაფრისთვის დაუკარებია.

იგიმაც მალე მიატოვა ჭამა; ცოტაოდენი ფესვები გაღეჭა და თავი მიანება.

გამოქვაბულში ხრამუნი და ქშენა ისმოდა.

უცებ იგიმ იგრძნო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. ერთი კი შეკრთა ოდნავ, მაგრამ არ შერხეულა. გატრუნულმა მიუგდო ყური. მერე ოდნავ, სულ ოდნავ მიაბრუნა თავი იმ მხარეს და ცალი თვალი გააპარა.

ზუ იყო. ზუ იჯდა, პირი გამოტენილი ჰქონდა, ორივე ლოყა გამობერილი, მაგრამ დაღეჭვა და გადაყლაპვა თითქოს დავიწყებოდა. თვალებგაფართოებული მისჩერებოდა იგის.

"ზუს რაღაც უნდა". - თავის სხეულში თქვა იგიმ და სწრაფად მიტრიალდა ზუსკენ.

ზუმ მაშინვე აარიდა თვალი და გამალებით აამუშავა ყბა.

ღამით იგის სხეულში გუშინდელი იგი გაჩნდა, რომელიც ცას უყურებდა და ხედავდა, რომ ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და ხედავდა, რომ ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ხედავდა, რომ ტყე იგი იყო.

მთელ სხეულში თბილმა, ძალიან კარგმა გემომ დაუარა და გაეღვიძა.

ნის სუნი რომ მოუვიდოდა, მაშინ დაუვლიდა ხოლმე სხეულში ასეთი გემო.

დილით ბელადმა კეტი მაღლა შემართა და, როცა ყველანი გაჩუმდნენ, თქვა.

- იგი არ წავა სანადიროდ.

იგის სხეულში გაკვირვება შეკრთა. გაკვირვებას უცხო სუნი ასდიოდა.

მონადირეებს ყრუ და გაუგებარი ხმა აღმოხდათ. მერე ისევ გაჩუმდნენ და ბელადს მიაჩერდნენ. ყველანი ბელადს უყურებდნენ. მარტო ზუ უყურებდა იგის. ზუ სადღაც უკან იდგა და იგი ვერ ხედავდა მას, მაგრამ ბეჭები უგრძნობდა, რომ ზუ უყურებდა.

როცა სხეულში გაკვირვება გაჩუმდა, იგიმ თქვა:

- იგი ქალი არ არის. იგი ბავშვი არ არის. რატომ არ წავა იგი სანადიროდ?

ბელადმა ქვემოდან ამოხედა იგის, მერე ისევ მიწას დააშტერდა. ყველანი დუმდნენ. ბელადი იდგა, მიწას მისჩერებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, კაცი რომ დიდ ქვას დაეჭიდოს და ვერ ასწიოს.

იგი მიხვდა, რომ ბელადს თქმა უნდოდა და სიტყვებს წყობისად ვერ ალაგებდა. ბოლოს, დიდი დუმილის შემდეგ, მაინც თქვა:

- იგი თუ წავა სანადიროდ, მონადირეები შიმშილს ინადირებენ. - აქ ისევ გაჩუმდა. მერე თვალი მიწას მოსწყვიტა, იგის ახედა, თეთრი კბილები ავად დაკრიჭა, კეტი მიწას დაჰკრა. - იგი არ წავა სანადიროდ!

მონადირეებმა უკან დაიხიეს და ბელადსა და იგის გამოქვაბულის შუაში ადგილი დაუთმეს. იგის თავში სიტყვები ჩნდებოდა და წყობისად ლაგდებოდა. ან უნდა შებმოდა ბელადს, ან უნდა გასცლოდა.

ბელადი ძლიერი იყო.

იგი გაეცალა. შეტრიალდა, მონადირეებს გასცდა. ქალებისა და ბავშვების ავ მზერას წააწყდა და, ნეტა ნი სად არისო, სხეულში იკითხა.

ბეჭები ზუს მზერას გრძნობდა. მერე ზუს მზერა მოშორდა ბეჭებს და იგი მიხვდა, რომ მონადირეები წავიდნენ.

ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, ვისაც ნადირობა შეეძლო, ყველა დადიოდა სანადიროდ. ვისაც არ შეეძლო, ის დიდი დაძინების ქარაფზე აჰყავდათ.

იგი ხის ძირას იჯდა, ზურგითა და კეფით ხის ტანს ეყრდნობოდა და ცას შეჰყურებდა. თავში სიტყვები ისე მიედინებოდა, როგორც ნადირთა ჯოგი მიდის წყაროზე, ხოლო სხეულში ხან ბელადი ჩნდებოდა, ხან ზუ, ხან სხვები. ბელადი იღრინებოდა იგის სხეულში და მისი თეთრი კბილები ავად ელავდნენ.

რა უნდა ბელადს? რატომ არ წაიყვანა იგი სანადიროდ? ხომ არ ჰგონია, იგის ნადირობა არ შეუძლია? იქნებ ისა ჰგონია, ხელი რომ მოეცარათ და ვერაფერი მოინადირეს, იგის ბრალია?

იგი გაიტრუნა და საკუთარ თავს ყური მიუგდო. ბოლო სიტყვები უკან დაბრუნდნენ და ხელახლა გაიარეს იგის თავში. იქნებ მართლა იგის ბრალია? აქამდე არასოდეს დაბრუნებულან ხელცარიელი...

იგი წამოდგა და ტყისკენ გასწია. ქალებმა, რომლებიც გამოქვაბულის წინ ისხდნენ და თოთო ბავშვებს თავიანთ სხეულს აწოვებდნენ, თვალი გააყოლეს. იგის მათკენ არ მიუხედავს. ნელი ნაბიჯით გასცდა იქაურობას.

ტყეში, ნაკადულთან, სხვა ქალებს წააწყდა. ესენი ნადირის ტყავებს ალბობდნენ წყალში და, რომ ჩაუარა, მათაც გააყოლეს თვალი.

იგი ამ ქალებსაც გასცდა და ნაკადულს ქვემოთ დაუყვა. არც მარტოობას გრძნობდა, არც წუხილს, არც შეშფოთებას, მაგრამ ისე მაინც არ იყო, როგორც იყო ადრე, სანამ ბელადი ქალებთან და ბავშვებთან დატოვებდა. რაღაც გაურკვეველი გემო ჰქონდა სხეულში. რისი გემო იყო, ვერ გაეგო.

იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც ნაკადული ზღვას ერთვოდა, უცებ ნის სუნი ეცა.

თავიდან მყისვე ამოუვარდა ყველა სიტყვა და მხოლოდ სიტყვა "ნი" დარჩა. სხეულიდანაც ყველა სახე ამოუვარდა და იქაც მხოლოდ ნის სახე დარჩა. შეჩერდა. იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა.

ნი გაღმა იყო; გულაღმა იწვა, მკლავები აქეთ-იქით გადაეშალა, თვალები დახუჭული ჰქონდა და მშვიდად სუნთქავდა. მრგვალი მუცელი ნელა ადიოდა და ჩადიოდა. იგი შეყოყმანდა, ჯერ გზის გაგრძელება დააპირა, მერე შეტრიალდა და ნაკადულში შეტოპა.

ნიმ თვალი გაახილა, მოიხედა და გვერდზე გადმობრუნდა. მერე წამოჯდა, ხელისგულები თეძოების ორსავე მხარეს მიწას დააყრდნო და მისკენ მომავალ იგის მიაჩერდა.

ის, რაც ნის საამო სუნი იყო, უცებ გაქრა და მის ადგილას მძაფრი და გამაბრუებელი ქალური სუნი გაჩნდა. იგის გააჟრჟოლა და მუცელში სიმხურვალემ დაუარა. ეტყობა, თვითონაც გამოსცა საპასუხო სუნი, რადგან ნიმ ნესტოები დაბერა და ჰაერი ხარბად შეისუნთქა.

იგი რომ მიუახლოვდა, ნი წამოხტა და უკან დაიხია. იგი შეჩერდა. მერე ნაბიჯი წინ წადგა. ნი შეტრიალდა და გაიქცა. იგი დაედევნა. ნიმ ხის ირგვლივ დაიწყო სირბილი, დროდადრო უკან იხედებოდა და ნაბიჯს თანდათან უნელებდა. ბოლოს იგი წამოეწია და ხელები წელზე შემოხვია. ნის სხეული აუკანკალდა, ჩაიჩოქა, მერე გულაღმა დაწვა და თვალები მილულა.

იგიმ მის გვერდით ჩაიმუხლა და ის იყო ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები, რომ უეცრად მძაფრ ქალურ სუნში ნის საკუთარი საამო სუნი შემოიპარა. ნის სუნმა ნელ-ნელა გამოარღვია მძაფრი ქალური სუნი და იგის მუცელში სიმხურვალე გაქრა.

ნი ახლა ისეთი იყო, როგორიც ადრე, როცა იგის სხეულში ჩნდებოდა და თან თბილი სუნი შემოჰქონდა.

იგიმ ხელი ფრთხილად გადაუსვა სახესა და თმაზე და თქვა:

- ნის საკვირველი სუნი ასდის. თბილი და საამო.

ნიმ ოდნავ გაახილა თვალი და იგისკენ მიჩოჩდა.

იგიმ კიდევ თქვა:

- ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ზღვა.

ნიმ ახლა ბოლომდე გაახილა თვალები და გაკვირვებით მიაჩერდა იგის.

ხოლო იგიმ კიდევ თქვა:

- ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი.

ნი სწრაფად წამოჯდა.

- იგის სხვა რამე უნდა?

ნის თვალებში გაკვირვებას ავი ფერი დაკრავდა და ყველა და ყველა სიტყვა, რომლებსაც სითბოს სუნი ასდიოდათ, ერთბაშად ამოუცვივდა იგის თავიდან. ნის საამო სუნი კვლავ მძაფრმა ქალურმა სუნმა შეცვალა და იგი ისე მოიქცა, როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები: ხელები მხრებში მოჰკიდა, დააწვინა და თვითონაც ქშენით დააწვა ზემოდან.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ჯემალ ქარჩხაძე.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.