როცა გამოქვაბულს მიუახლოვდნენ, პატარა ზუ ბილიკიდან გადავიდა. მონადირეებმა მას ყურადღება არ მიაქციეს. იგიმაც არ მიაქცია ყურადღება. თავის ფიქრებში თქვა, ალბათ მუცელში შიმშილი აუწრიალდა და საჭმელს ეძებსო. მართლაც, პატარა ზუ გაბარდნილ ბუჩქთან მივიდა და მისი წვრილი, შავი ნაყოფის ჭამა დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ, იგის გონებაში პატარა ზუ გაჩნდა, რომელიც ფეხაკრეფით გადადიოდა ბილიკიდან და თან ცალი თვალით თავის თანამოძმეებს უყურებდა, თითქოს რაღაცის ეშინოდაო.
„ვის ემალება პატარა ზუ?“ — იკითხა იგიმ თავის ფიქრებში და სწრაფად მიიხედა.
პატარა ზუ გაშეშებული იდგა ბუჩქის ძირას, კეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა და თვალებგაფართოებული იგის მისჩერებოდა. როგორც კი იგიმ მიიხედა, მის სახეზე შეშინებული ნადირის ფერი გადაურბინა, ბუჩქისკენ შეტრიალდა და აჩქარებით დაიწყო ნაყოფის კრეფა და ჭამა.
იგი მობრუნდა და გზა განაგრძო. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ისევ სწრაფად მოიხედა, როგორც წეღან. პატარა ზუ მისკენ აღარ იყურებოდა, შავი ნაყოფის ჭამით იყო გართული.
ქალები და ბავშვები ხმამაღალი ყვირილით შეეგებნენ მონადირეებს, მაგრამ, როცა ისინი ხელცარიელები დაინახეს, უცებვე დადუმდნენ. სახეზე შეშფოთება დაეტყოთ და ბელადს მიაჩერდნენ. ბელადს ხმა არ ამოუღია, არც ნაბიჯი შეუნელებია. მაშინ ქალები და ბავშვები გვერდზე გაიწივნენ. მათ ბელადსა და დანარჩენ მონადირეებს გზა დაუთმეს და, როცა კაცები გამოქვაბულში შევიდნენ, ახლომდებარე ტყეში მიმოიფანტნენ.
ბელადი საბელადო ქვაზე დაჯდა, კეტი ფეხებთან დაიდო. ასე დაჯდა, ხელები კოჭებში ჩაევლო და შუბლი მიწისკენ ჰქონდა დახრილი. იჯდა ჩუმად და ოდნავ ირწეოდა.
დანარჩენებიც დასხდნენ.
იგიმ გამოქვაბულის შორეულ კუთხეში მოიკალათა. ახლა, როცა შიმშილი ბელადს ბელადობას ედავებოდა, იგის ერჩივნა მოშორებით ყოფილიყო, რათა მისი ძლიერი სხეული თვალში არავის მოხვედროდა. რაღაც გაუგებარი ხმა უკარნახებდა, ასე მოქცეულიყო, თორემ შიშით არ ეშინოდა. არც შიში და არც შეშფოთება იმ დღეს იგის არ შეხებია. შიმშილიც კი ისე ჩუმად დასრიალებდა მის სხეულში, რომ ძლივს ამჩნევდა. მხოლოდ ის იყო, რომ სხეული რაღაცას გრძნობდა და უცნობი ხმა ურჩევდა, შორს ყოფილიყო და თვალში ნურავის შეეჩხირებოდა.
ამასობაში ქალები და ბავშვები დაბრუნდნენ და სხვადასხვა ნაყოფი და ფესვები მოიტანეს. ნაყოფი და ფესვები შიმშილს ბოლომდე ვერ დააძინებდა, მაგრამ ცოტათი მაინც დაამშვიდა.
გამოქვაბულის ცივი სიჩუმე ჭამის ხმამ დაარღვია. ყველანი ჭამდნენ, მხოლოდ ბელადი იჯდა უძრავად. ბელადს არაფრისთვის პირი არ დაუკარებია.
იგიმაც მალე შეწყვიტა ჭამა; ცოტაოდენი ფესვები დაღეჭა და თავი მიანება.
გამოქვაბულში ჭამის და ქშენის ხმა ისმოდა.
უცებ იგიმ იგრძნო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. ოდნავ შეკრთა, მაგრამ არ განძრეულა. გატრუნულმა ყური მიუგდო. მერე ოდნავ, სულ ოდნავ მიაბრუნა თავი იმ მხარეს და ცალი თვალი გააპარა.
ზუ იყო. ზუ იჯდა, პირი გამოტენილი ჰქონდა, ორივე ლოყა გამობერილი, მაგრამ დაღეჭვა და გადაყლაპვა თითქოს დავიწყებოდა. თვალებგაფართოებული იგის მისჩერებოდა.
„ზუს რაღაც უნდა.“ — თქვა იგიმ თავის ფიქრებში და სწრაფად მიტრიალდა ზუსკენ.
ზუმ მაშინვე აარიდა თვალი და გამალებით აამუშავა ყბა.
ღამით იგის გონებაში გუშინდელი იგი გაჩნდა, რომელიც ცას უყურებდა და ხედავდა, რომ ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და ხედავდა, რომ ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ხედავდა, რომ ტყე იგი იყო.
მთელ სხეულში თბილმა, ძალიან კარგმა გემომ დაუარა და გაეღვიძა.
ნის სუნი რომ მოუვიდოდა, მაშინ დაუვლიდა ხოლმე სხეულში ასეთი გემო.
დილით ბელადმა კეტი მაღლა შემართა და, როცა ყველანი გაჩუმდნენ, თქვა:
– იგი არ წავა სანადიროდ.
იგის გონებაში გაკვირვება შეკრთა. გაკვირვებას უცხო სუნი ასდიოდა.
მონადირეებს ყრუ და გაუგებარი ხმა აღმოხდათ. მერე ისევ გაჩუმდნენ და ბელადს მიაჩერდნენ. ყველანი ბელადს უყურებდნენ. მხოლოდ ზუ უყურებდა იგის. ზუ სადღაც უკან იდგა და იგი ვერ ხედავდა მას, მაგრამ ზურგი გრძნობდა, რომ ზუ უყურებდა.
როცა გონებაში გაკვირვება გაჩუმდა, იგიმ თქვა:
– იგი ქალი არ არის. იგი ბავშვი არ არის. რატომ არ წავა იგი სანადიროდ?
ბელადმა ქვემოდან ამოხედა იგის, მერე ისევ მიწას დააშტერდა. ყველანი დუმდნენ. ბელადი იდგა, მიწას მისჩერებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც კაცს, რომელიც დიდ ქვას დაეჭიდება და ვერ ასწევს.
იგი მიხვდა, რომ ბელადს თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვებს სწორად ვერ ალაგებდა. ბოლოს, დიდი დუმილის შემდეგ, მაინც თქვა:
– იგი თუ წავა სანადიროდ, მონადირეები შიმშილს ინადირებენ. – აქ ისევ გაჩუმდა. მერე თვალი მიწიდან მოსწყვიტა, იგის ახედა, თეთრი კბილები ავისმომასწავებლად დაკრიჭა, კეტი მიწას დაჰკრა. – იგი არ წავა სანადიროდ!
მონადირეებმა უკან დაიხიეს და ბელადსა და იგის გამოქვაბულის შუაში ადგილი დაუთმეს. იგის თავში სიტყვები ჩნდებოდა და სწორად ლაგდებოდა. ან უნდა შებმოდა ბელადს, ან უნდა გასცლოდა.
ბელადი ძლიერი იყო.
იგი გაეცალა. შეტრიალდა, მონადირეებს გასცდა. ქალებისა და ბავშვების ავ მზერას წააწყდა და, „ნეტა ნი სად არისო“, იკითხა თავის ფიქრებში.
ზურგი ზუს მზერას გრძნობდა. მერე ზუს მზერა მოშორდა ზურგს და იგი მიხვდა, რომ მონადირეები წავიდნენ.
ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, ვისაც ნადირობა შეეძლო, ყველა დადიოდა სანადიროდ. ვისაც არ შეეძლო, მას დიდი დაძინების ქარაფზე აჰყავდათ.
იგი ხის ძირას იჯდა, ზურგითა და კეფით ხის ტანს ეყრდნობოდა და ცას შეჰყურებდა. თავში სიტყვები ისე მიედინებოდა, როგორც ნადირთა ჯოგი მიდის წყაროზე, ხოლო სხეულში ხან ბელადი ჩნდებოდა, ხან ზუ, ხან სხვები. ბელადი იღრინებოდა იგის გონებაში და მისი თეთრი კბილები ავისმომასწავებლად ელავდნენ.
რა უნდა ბელადს? რატომ არ წაიყვანა იგი სანადიროდ? ხომ არ ჰგონია, იგის ნადირობა არ შეუძლია? იქნებ ისა ჰგონია, რომ ხელი მოეცარათ და ვერაფერი მოინადირეს, იგის ბრალია?
იგი გაიტრუნა და საკუთარ თავს ყური მიუგდო. ბოლო სიტყვები უკან დაბრუნდნენ და ხელახლა გაიარეს იგის თავში. იქნებ მართლა იგის ბრალია? აქამდე არასოდეს დაბრუნებულან ხელცარიელი...
იგი წამოდგა და ტყისკენ გასწია. ქალებმა, რომლებიც გამოქვაბულის წინ ისხდნენ და თოთო ბავშვებს თავიანთ სხეულს აწოვებდნენ, თვალი გააყოლეს. იგის მათკენ არ მიუხედავს. ნელი ნაბიჯით გასცდა იქაურობას.
ტყეში, ნაკადულთან, სხვა ქალებს წააწყდა. ესენი ნადირის ტყავებს ალბობდნენ წყალში და, როცა ჩაუარა, მათაც გააყოლეს თვალი.
იგი ამ ქალებსაც გასცდა და ნაკადულს ქვემოთ დაუყვა. არც მარტოობას გრძნობდა, არც წუხილს, არც შეშფოთებას, მაგრამ ისე მაინც არ იყო, როგორც იყო ადრე, სანამ ბელადი ქალებთან და ბავშვებთან დატოვებდა. რაღაც გაურკვეველი გემო ჰქონდა სხეულში. რისი გემო იყო, ვერ გაეგო.
იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც ნაკადული ზღვას ერთვოდა, უცებ ნის სუნი ეცა.
თავიდან მყისვე ამოუვარდა ყველა სიტყვა და მხოლოდ სიტყვა „ნი“ დარჩა. სხეულიდანაც ყველა სახე ამოუვარდა და იქაც მხოლოდ ნის სახე დარჩა. შეჩერდა. იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა.
ნი გაღმა იყო; ზურგზე იწვა, მკლავები აქეთ-იქით გადაეშალა, თვალები დახუჭული ჰქონდა და მშვიდად სუნთქავდა. მრგვალი მუცელი ნელა ადიოდა და ჩადიოდა. იგი შეყოყმანდა, ჯერ გზის გაგრძელება დააპირა, მერე შეტრიალდა და ნაკადულში შეტოპა.
ნიმ თვალი გაახილა, მოიხედა და გვერდზე გადმობრუნდა. მერე წამოჯდა, ხელისგულები თეძოების ორივე მხარეს მიწას დააყრდნო და მისკენ მომავალ იგის მიაჩერდა.
ის, რაც ნის სასიამოვნო სუნი იყო, უცებ გაქრა და მის ადგილას მძაფრი და თავბრუდამხვევი ქალური სუნი გაჩნდა. იგის გააჟრჟოლა და მუცელში სიმხურვალემ დაუარა. ეტყობა, თვითონაც გამოსცა საპასუხო სუნი, რადგან ნიმ ნესტოები დაბერა და ჰაერი ხარბად შეისუნთქა.
იგი რომ მიუახლოვდა, ნი წამოხტა და უკან დაიხია. იგი შეჩერდა. მერე ნაბიჯი წინ წადგა. ნი შეტრიალდა და გაიქცა. იგი დაედევნა. ნიმ ხის ირგვლივ დაიწყო სირბილი, დროდადრო უკან იხედებოდა და ნაბიჯს თანდათან უნელებდა. ბოლოს იგი წამოეწია და ხელები წელზე შემოხვია. ნის სხეული აუკანკალდა, ჩაიჩოქა, მერე ზურგზე დაწვა და თვალები მილულა.
იგიმ მის გვერდით ჩაიმუხლა და ის იყო, ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები, რომ უეცრად მძაფრ ქალურ სუნში ნის საკუთარი სასიამოვნო სუნი შემოიპარა. ნის სუნმა ნელ-ნელა გამოარღვია მძაფრი ქალური სუნი და იგის მუცელში სიმხურვალე გაქრა.
ნი ახლა ისეთი იყო, როგორიც ადრე, როცა იგის გონებაში ჩნდებოდა და თან თბილი სუნი შემოჰქონდა.
იგიმ ხელი ფრთხილად გადაუსვა სახესა და თმაზე და თქვა:
– ნის საკვირველი სუნი ასდის. თბილი და სასიამოვნო.
ნიმ ოდნავ გაახილა თვალი და იგისკენ მიჩოჩდა.
იგიმ კიდევ თქვა:
– ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ზღვა.
ნიმ ახლა ბოლომდე გაახილა თვალები და გაკვირვებით მიაჩერდა იგის.
ხოლო იგიმ კიდევ თქვა:
– ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი.
ნი სწრაფად წამოჯდა.
– იგის სხვა რამე უნდა?
ნის თვალებში გაკვირვებას ბოროტი ფერი დაკრავდა და ყველა სიტყვა, რომლებსაც სითბოს სუნი ასდიოდათ, ერთბაშად ამოუცვივდა იგის თავიდან. ნის სასიამოვნო სუნი კვლავ მძაფრმა ქალურმა სუნმა შეცვალა და იგი ისე მოიქცა, როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები: ხელები მხრებში მოჰკიდა, დააწვინა და თვითონაც ქშენით დააწვა ზემოდან.