ნიმ ისევ დახუჭა თვალები, მკერდით მკერდზე მიეკრო და აქვითინდა. შემდეგ, როცა იგი ისე მოიქცა, როგორც სხვები იქცევიან, ნიმ ქვითინი შეწყვიტა. ახლა ის უძრავად იწვა, მოდუნებული და თვალებდახუჭული.
იგი ფრთხილად მოშორდა ნის სხეულს და წამოჯდა. თავში აღარც ერთი კარგი აზრი აღარ ჰქონდა. იჯდა, უკვირდა და ვერ ხვდებოდა, რატომ მაინცადამაინც ნი ჩნდებოდა ხოლმე მის სხეულში და არა სხვა ვინმე.
ნიმ თვალი გაახილა.
– აღარ უნდა იგის ნისთან ყოფნა?
იგიმ არ უპასუხა. ადგა და ნაკადულს გაუყვა ქვემოთ. მის სხეულში ისევ ნი იყო, მაგრამ ახლა არ იცოდა, კარგი იყო ნი თუ ცუდი, რადგან ნი ისე იყო დამახინჯებული, როგორც ადამიანი გუბეში თავის ანარეკლს უყურებდეს და ამ დროს შიგ ქვა ჩავარდეს. იგი ცდილობდა ეს უცნაურად დაშლილი და დამახინჯებული ნი გაესწორებინა თავის სხეულში, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
დამახინჯებული ნი სხეულში ტკიოდა იგის. ამიტომ მისი გაძევება სცადა.
„გავიდეს ნი იგის სხეულიდან!“
ნი არ გადიოდა. ტანი მოღრეცილი ჰქონდა, სახე უსაშველოდ გაგრძელებული, ნიკაპი გვერდზე გაგდებული, ცალი თვალი შუბლზე აჯდა, მეორე სულ არ ჩანდა, ფეხები შეშუპებული იყო და შუაში გადატეხილი.
ცუდი სანახავი იყო ნი.
„გავიდეს ნი იგის სხეულიდან!“
ნი არ გადიოდა.
მაშინ იგი თვითონ გაჩნდა თავის სხეულში და ძლიერად ჰკრა ხელი ნის. ნი კიდევ უფრო დაირღვა და დაიშალა. იგი მთელი ძალით მიაწვა ნის. ნის ნაწილები სხეულის კუთხეში მიიყუჟა, მაგრამ გასვლით არ გავიდა.
„იგიმ არ იცის, სად არის ხვრელი, საიდან უნდა გავიდეს ნი“, – მწუხარედ თქვა იგიმ თავის სხეულში და გზა განაგრძო.
სხეულში იგი ებრძოდა ნის და ერეოდა კიდეც, მაგრამ გაძევებით ვერ აძევებდა.
ამასობაში ზღვის სველი სუნი ეცა და ამით მიხვდა, რომ ზღვის პირას გავიდა, თორემ დანახვით ირგვლივ ვერაფერს ხედავდა, რადგან საკუთარ სხეულში იყურებოდა, სადაც იგი ნის ებრძოდა.
თბილ სილაში ჩაიჩოქა.
სხეულში იგი და ნი იბრძოდნენ.
თითს უაზროდ უსვამდა სილას.
მახინჯი ნი ტკივა სხეულს. მაგრამ მახინჯი ნი არ გამოდის სხეულიდან. რა უცნაური სანახავია! წაგრძელებული სახე, გვერდზე გავარდნილი ნიკაპი, ცალი თვალი შუბლზე... ტანი დაბრეცილი... ფეხები ასე შეშუპებული... შუაში, აი აქ, გატეხილი...
უეცრად მახინჯი ნი გაქრა სხეულიდან და მყისვე იგის თვალებმა მახინჯი ნი სილაში დაინახეს.
იგის თითქოს რაღაცამ უბიძგაო, მაშინვე წამოვარდა. თვალებში შიშისა და გაოცების ფერი ჰქონდა, სხეულში ყრუ ბაგაბუგი ისმოდა.
შეშინებულმა დაიხია უკან. მერე შეტრიალდა და გაიქცა. თავში სიტყვები ლაპარაკობდნენ, მაგრამ რას ლაპარაკობდნენ, არ ესმოდა.
მერე სიტყვები ნელ-ნელა დალაგდნენ, ბაგაბუგიც ცოტა მიწყნარდა სხეულში და იგიმ ნაბიჯი შეანელა.
იქ, სილაში, მახინჯი ნი წევს. მახინჯი ნი იგის სხეულიდან გამოვიდა და სილაში ჩაწვა.
იგიმ ფრთხილად მოიხედა, მაგრამ ნი ვერ დაინახა; სილაში მხოლოდ საკუთარი კვალი ჩანდა.
როგორ გაჩნდა ნი?
უცებ იგის სხეულში იგი შემოვიდა. ეს იგი მუხლებზე იდგა და თითს სილაში უსვამდა. თითის ნაკვალევი ერთმანეთს უერთდებოდა და რაღაცას ემსგავსებოდა.
და იგი მიხვდა!
იგის თითმა გააკეთა სილაში ნი!
იგის ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. თითი ოდნავ ასწია და ზედ დაიხედა. თითი თითი იყო.
იგი შეტრიალდა და უკან წავიდა. ისე მიდიოდა, როგორც მძინარე ნადირს წამოეპარება ადამიანი. მიდიოდა და იქაურობას დაკვირვებით ათვალიერებდა.
„ნეტა წავიდა მახინჯი ნი, თუ ისევ სილაში წევს?“
„ბევრი კი ურბენია აქეთ-იქით.“
„ეტყობა წასულა“, – თავის სხეულში თქვა იგიმ და ამ დროს ნიც გამოჩნდა სილაში.
იგი შედგა. კინაღამ წეღანდელივით შეტრიალდა და გაიქცა. ძლივს შეიკავა თავი. მერე კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ნი იწვა და არ ინძრეოდა. იგიმ კენჭი აიღო და ესროლა, თან გასაქცევად მოემზადა. კენჭი ნის გვერდით დაეცა. ნი არ განძრეულა. იგიმ კიდევ ესროლა კენჭი და დამახინჯებულ მკერდში მოარტყა. რაკი ნი არც ამჯერად გაინძრა, გული მოეცა და გაბედულად მიუახლოვდა. აქ ისევ შეჩერდა, დააკვირდა.
– ნი! – დაუძახა და გასაქცევად მოემზადა.
ნის არც მოუხედავს და არც ხმა გაუცია.
„ეს ნი ნამდვილი არ არის, – უხმოდ თქვა მაშინ იგიმ, – ეს ნი ისეთია, როგორიც იგის სხეულში იყო.“
ეს კი თქვა იგიმ, მაგრამ კარგა ხანს მაინც ვერ გაბედა მისვლა. ბოლოს მივიდა, ზემოდან დააცქერდა, მერე ფეხი ფრთხილად ასწია, ოდნავ შეეხო ნის ხელს და მაშინვე მოაშორა, თან ყოველი შემთხვევისთვის უკან დაიხია.
იმ ადგილას, სადაც იგი შეეხო, ნის ხელი სხეულს მოწყდა.
„ეს იგის ფეხის კვალია, – თავის სხეულში თქვა იგიმ, – იგის ფეხის კვალმა ნის ხელი მოსწყვიტა“.
იგიმ კვლავ ასწია ფეხი და ნის სახეზე მიუსვა-მოუსვა.
ნის სახე გაქრა.
მაშინ იგი დაიხარა, ნის სხეულს, ნის ხელებს, ნის ფეხებს თავისი ხელები გადაუსვა ზემოდან.
ნი სულ გაქრა.
„ეს ნი არ იყო, – თავის სხეულში თქვა იგიმ, – ეს ნის კვალი იყო.“
ამ სიტყვებს გაკვირვების სუნი აუვიდა.
იგი ფეხს დაადგამს სილას და იქ იგის თითების კვალი რჩება. იგი გაჩაჩხულ ხელს დაადებს სილაზე და იგის თითების კვალი რჩება. ეს მას შემდეგ იცის იგიმ, რაც ერთხელ დიდი დაძინების ქარაფზე ძველი ბელადის ნაფეხურები ნახა.
მაგრამ იგის კვალს იგი ტოვებს. ბელადის კვალს ბელადი ტოვებს. თუკი ნი არ იყო, ნის კვალი როგორღა დარჩა? განა იგის თითი ნი არის, რომ ნის კვალი გააკეთოს?
იგიმ კვლავ დახედა თავის თითს. თითი არაფრით არ ჰგავდა ნის.
იგი ჩაცუცქდა, თითი ფრთხილად დაადო სილას და გაუსვა. სილაზე რაღაც კვალი დარჩა, მაგრამ ეს არ იყო ნი. იქნებ ჯერ არ არის ნი და მერე გახდეს? იგიმ თითის მოსმა განაგრძო. უსვამდა და უსვამდა. სილაში ხაზები იკლაკნებოდნენ, ერთმანეთს კვეთდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ, მაგრამ ნის არ ჰგავდნენ. იგი შეჩერდა, კარგად დააკვირდა თავისი თითის ნამოქმედარს. ხან ამ მხრიდან უყურა, ხან იმ მხრიდან. უცებ ამასწინანდელი ღამე გაახსენდა, როცა აქ იდგა და ირგვლივ ყველაფერი იგი იყო, ცაც იგი იყო, ზღვაც იგი იყო, ტყეც და ქედებიც... ალბათ ზოგჯერ ნიც იგია. ალბათ წეღან იგის თითი მართლა ნი იყო, ამიტომ დატოვა კვალი სილაში.
იგიმ ხაზები საგულდაგულოდ წაშალა, მუხლებზე დადგა და ნი მოიხმო.
„ნი შემოვიდეს იგის სხეულში. ნი შემოვიდეს იგის სხეულში!“
და ნი შემოვიდა იგის სხეულში. ნი წეღანდელივით დამახინჯებული და დარღვეული იყო.
იგი დაკვირვებით უყურებდა ნის და თითი მსუბუქად დაცურავდა სილაში. თავიდან თითის მოძრაობას ვერ ხედავდა, რადგან მთელი ყურადღება სხეულში ჰქონდა. მერე და მერე მოახერხა ისე, რომ ნისაც უყურებდა და თითსაც ადევნებდა თვალს.
ნი ნელ-ნელა ქრებოდა სხეულში და სილაში ჩნდებოდა.
ბოლოს თითი გაჩერდა. ნი სილაში იწვა. მახინჯი, დამახინჯებული, დაშლილი.
იგი იდგა მუხლებზე და სილის ნის დასცქეროდა. სხეული ცარიელი ჰქონდა, თავში აზრები არ მოძრაობდნენ.
მერე წელში გასწორდა, შორეულ ქედებს გახედა, თითქოს გაიშალა, გაიზარდა და მთელი სივრცე ამოავსო. ახლა რაც კი იყო ირგვლივ, ყველაფერი გაერთიანდა, ერთ არსებად იქცა ყველაფერი. არ არსებობდა ცალკე ზღვა, ცალკე ცა, ცალკე იგი. არსებობდა მხოლოდ ერთი რამ და ეს ერთი რამ იგი იყო, და ეს ერთი რამ ცა იყო, და ეს ერთი რამ ზღვა იყო... ერთი რაღაც გამოჩნდა ყველაფერში და ყველაფერი ცალ-ცალკე ეს ერთი რაღაც იყო...
იგი იდგა მუხლებზე და მთელ სივრცეში მხოლოდ თავის თავს ხედავდა.
მერე, როცა გარემოს მოწყდა და ისევ საკუთარ სხეულში მოექცა, დანარჩენი საგნებიც თავიანთ სხეულში დაბრუნდნენ და საზღვარი, რომელიც მათ ერთმანეთისგან ჰყოფდა, აღდგა. ახლა ზღვა ზღვა იყო, ცა ცა იყო, ტყე ტყე იყო და იგი იგი იყო. ყველაფერი თავის ძველ სახეს დაუბრუნდა; ოღონდ მათ შორის რაღაც იდუმალი კავშირი მაინც დარჩა და ეს კავშირი იგი იყო.
იგი უცნაურ წინათგრძნობას შეეპყრო; თითქოს ქვეყნად უამრავი იგი არსებობდა, ოღონდ ზოგ მათგანს ზღვა ჰქონდა სხეულად, ზოგს მთა, ზოგს ცა... და იგის შეეძლო, როცა მოისურვებდა, გადაეხსნა ეს სხეული და მაშინ სამყარო წეღანდელივით მხოლოდ იგი იქნებოდა, ერთიანი და განუყოფელი იგი, რომელსაც არაფერი არ ექნებოდა სხეულად.
რაკი იგი კვლავ თავის სხეულს დაუბრუნდა, თვალებმა სილის ნის დახედეს.
სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, მანამ იგის სხეულში მუდამ სხვანაირი ნი ჩნდებოდა, ლამაზი, თბილი, კარგი, თვალები რომ ზღვას უგავდა და თმა – ჩამოცვენილ ფოთოლს. ახლა რაღა მოუვიდა ნის? რატომ დამახინჯდა? რატომ დაირღვა?
თვალები სილის ნის უყურებდნენ. ასეთი სახე არ ჰქონდა ადრე ნის.
იგიმ ფრთხილად გადაუსვა ხელი სილის ნის სახეს და წაუშალა.
როგორი სახე ჰქონდა ნის ადრე?
იგიმ თვალები დახუჭა და გაირინდა. სხეულში ძველი ბელადი გაჩნდა და გაქრა. მერე ახალი ბელადი გაჩნდა და გაქრა. მთელმა ტომმა გაიარა, როცა ციდან წვიმა მოდიოდა. და აი, ბოლოს ნიც გაჩნდა.
ნი გაჩნდა, მაგრამ ძალიან სწრაფად გაქრა და იგიმ ვერ გაარჩია, როგორი სახე ჰქონდა.
იგიმ თვალები გაახილა და ისევ დახუჭა.
ახლა მის სხეულში პატარა ბალახი გაჩნდა, რომლის ფოთოლზე ღამის თვალი მრგვალ წვეთს აბრჭყვიალებდა, იქვე იგი ჩაჩოქილიყო და ბალახს დაჰყურებდა. მერე ბალახიც გაქრა და იგიც. მათ ადგილას ზღვა გაჩნდა. ზღვა ლივლივებდა და შორს, ჰორიზონტთან, ცას ერთვოდა.