"დღის თვალიც და ღამის თვალიც დიდი დაძინების ქარაფს იქით ეშვება, - უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. - სად მიდიან? ან მერე რაღად ჩნდებიან შიშველი მთის თავზე? ქვის ნის მაგივრად რომ ქვის მძვინვარე მხეცი გაეკეთებინა იგის, მაშინაც გაბედავდა ბელადი გამოქვაბულიდან გამოსვლას? ქვის მძვინვარე მხეცი რომ გაეკეთებინა, ალბათ გამოქვაბულში არც შეცვივდებოდნენ, სულ გადაიკარგებოდნენ ამ არემარედან.
ზუს რა უნდა გარეთ? სად წავიდა ზუ? დარჩება რაღაც, იგი რომ გაქრება, თუ არ დარჩება? ძველი ბელადი რომ ჩაეშვა დიდი დაძინების ხახაში, რა დარჩა მისგან? კვალი? არა. კვალი სხვა რამეა. იქნებ ის დარჩა, რომ იგი ამბობს: ძველი ბელადი. ძველი ბელადი რომ არ ყოფილიყო, იგი არ იტყოდა: "ძველი ბელადი". რაკი ძველი ბელადი იყო და გაქრა, იგი ამბობს: "ძველი ბელადი".
ბუჩქებიდან ფაჩუნი მოისმა. იგიმ ყურები ცქვიტა.
"ზუ იქნება". - უხმოდ თქვა თავის სხეულში და ხმადაბლა დაიძახა:
- ზუ!
ფაჩუნი შეწყდა. მერე ზუს ლანდმა მინდორი გადაირბინა. ხელში რარაც ეჭირა.
"ზუს ქვა მიაქვს". - თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ დაუძახა:
- ზუ!
ზუს არ მოუხედავს. ხელში ქვა ეჭირა, ის ქვა გულზე მიიხუტა, სირბილს მოუმატა და მალე ტყეში გაუჩინარდა.
იგი წამოდგა და იმ ბუჩქებისკენ გასწია, საიდანაც წეღან ფაჩუნი შემოესმა. ბუჩქის ძირას ქვის ბელადის ნამსხვრევები ეყარა. ნამსხვრევები ვიღაცას მოეგროვებინა და ისე მიედო ერთმანეთზე, როგორც მანამ იყო, სანამ დაიმსხვრეოდა. ოღონდ რამდენიმე ნატეხი აკლდა, რომლებზეც ბელადის ვიწრო შუბლი და ცალი ფეხი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ქვის ბელადს ახლა შუბლი და ცალი ფეხი არ ჰქონდა.
აი თურმე რა უნდოდა ზუს!
იგი ბუჩქებიდან გამოვიდა. გამოქვაბულის შესასვლელთან ლანდს მოჰკრა თვალი. ლანდი გამოქვაბულიდან გამოდიოდა.
"ზუს არა ჰგავს, - უხმოდ თქვა იგიმ. - ნისა ჰგავს".
იგის სხეულში ნის სიტყვები გაჩნდა: "იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი სხვა ჯიშისაა". ნის სიტყვებმა იგის რაღაც ატკინა სხეულში.
ნიმ იგი შეამჩნია და მისკენ გამოეშურა.
- ნიმ დაინახა, იგი რომ გამოქვაბულიდან გამოვიდა, - თქვა ნიმ. - ნი იგის გამოჰყვა.
ნი ლამაზი იყო.
- რა უნდა ნის? - იგის ნის სილამაზემაც ატკინა რაღაც.
ნიმ წყნარად თქვა:
- ნის იგისთან უნდა.
იგის სხეულში ნი გულაღმა დაწვა და თვალები მილულა.
- კარგი, - თქვა იგიმ, - დაწვეს ნი.
- არა, - თქვა ნიმ და სახეში შეხედა იგის. ნის თვალებიდან უცნობი სხივები იფრქვეოდა. - ნის არ უნდა იგისტან დაწოლა.
იგის გაუკვირდა.
- აბა, რა უნდა ნის?
- ნის იგის გვერდით ყოფნა უნდა. ნის უნდა, რომ იგის გვერდით იჯდეს ხის ძირას.
"რა დაემართა ნის?" - უხმოდ იკითხა იგიმ და ყურადღებით დააცქერდა.
ადრე, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, იგისაც უნდოდა ნის გვერდით მჯდარიყო უხმოდ და ყველა სიტყვას სძინებოდა. მაგრამ ეს, ალბათ, იმიტომ უნდოდა, რომ ნი ლამაზი და თბილი იყო, ანდა იმიტომ, რომ იგი თურმე ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. ნის რარა დაემართა? ნუთუ არც ნია ისეთი...
იგიმ თავი გაიქნია და სიტყვები გაფანტა.
დასხდნენ ხის ძირას და ისხდნენ უხმოდ. მერე ნიმ თქვა:
- იგიმ ქვის ნი გააკეთა. რა უყო იგიმ ქვის ნი?
- იგიმ აქ დატოვა ქვის ნი. - თქვა იგიმ და უცებ სხეულში ზუ გაჩნდა, რომელსაც ხელში ქვა ეჭირა და ტყისკენ მირბოდა. "ქვის ნი მიჰქონდა ზუს. - უხმოდ თქვა იგიმ. - რად უნდოდა ზუს ქვის ნი?" - მერე ხმამაღლა დაუმატა: - სადმე იქნება ქვის ნი.
- იგის საკვირველი სიტყვები აქვს. - თქვა სიჩუმის მერე ნიმ. - ნის ენატრება იგის საკვირველი სიტყვები.
ნის სხეულიდან სითბო წამოვიდა. და უცებ ნი ისეთი გახდა, როგორიც იყო მანამ, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა.
იგი საამო სითბოში გაეხვია და თვითონაც სითბოდ იქცა. სითბო ყველაფერს მოედო. ახლა ყველაფერი სითბო იყო; ახლა ყველაფერი იგი იყო და ახლა ყველაფერი ნი იყო.
იგის ხელმა ნის ხელი მოძებნა და ფრთხილად შემოეჭდო. ნის ხელი ოდნავ ტოკავდა.
- როცა იგი დღის თვალს უყურებს, იგის უხარია ნი, - წყნარად თქვა იგიმ და სიტყვები ისე შრიალებდნენ, როგორც შრიალებს ტყე, ნიავი რომ დაუბერავს. - როცა იგი ღამის თვალს უყურებს, იგის ენატრება ნი. ნის თვალები ისეთია, როგორიცაა მთვლემარე ზღვა; ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი.
როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო. როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის ჰგონია, რომ ნის სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა, რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია...
ნის ხელი ოდნავ ტოკავდა. მერე ნიმ მიავივით დაიჩურჩულა:
- იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი კარგია.
ქარაფის შუა წელზე, ბოლო ხესთან, ყველანი შეჩერდნენ.
იგიმ მარტო განაგრძო გზა აღმართში.
ნელა მიაბიჯებდა. გამართული. თავაწეული. ქარაფის წვერს ახლადგახელილი დღის თვალი დაჰნათოდა. მკაფიოდ ჩანდა ყოველი ბუჩქი, ყოველი ბალახი, მიწის ყოველი ნამცეცი.
ქარაფის წვერზე დიდი სინათლე იყო.
იგი ნელა მიაბიჯებდა.
ეს გზა იმთავითვე იგისთვის იყო გამიზნული. ვიღაცამ თუ რაღაცამ იმთავითვე იცოდა, რომ იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე. ამიტომ ეხმიანებოდნენ შორეული ქედები: გაიმართოს იგი! ამიტომ დუდუნებდა ვრცელი ზღვა: გაიმართოს იგი! ამიტომ ჩამოსძახოდნენ ცა და ცის თვალები: გაიმართოს იგი! ნის საკვირველი სითბოც მუდამ გამართვას მოითხოვდა იგისგან.
სხვანაირად არ შეიძლებოდა. იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე.
ბელადი ქვემოთ იცდის, ბოლო ხესთან. დანარჩენებიც იქ იცდიან.
"იგი ბელადზე უფრო ძლიერია". - მოულოდნელად თქვა იგიმ თავის სხეულში და უკან მოხედვა მოუნდა, მაგრამ არ მოუხედავს.
მშვიდად მიაბიჯებდა.
"ისიც რომ იცოდეს იგიმ, - უხმოდ ამბობდა იგი, - რა დარჩება მისგან, როცა ქარაფის წვერიდან გადაეშვება, მაშინ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იყო წუხელ, ღამის თვალი რომ ბრჭყვიალა სხივებს აფრქვევდა ქვეყანაზე და იგი და ნი გვერდიგვერდ ისხდნენ ხის ძირას. მაგრამ ამის ცოდნა იგიმ ვერ იპოვა. ძველი ბელადისაგან კვალი დარჩა. მაშინ წვიმა მოდიოდა. ახლა წვიმა არ მოდის და იგის კვალი არ დარჩება... თუმცა კვალი სხვა რამეა; კვალი არ არის ის, რაც უნდა დარჩეს".
იგიმ ქარაფის წვერს მიაღწია.
ისინი ქვენოთ უცდიან, ბოლო ხესთან.
იგი ისე სწრაფად მოტრიალდა, თითქოს რაღაცამ უბიძგა და ძალით მოატრიალაო.
და უცებ შეკრთა. სხეულში თბილმა ტალღამ დაუარა. და სანამ თვალები მიხვდებოდნენ, რა დაინახეს, სიტყვებმა უხმოდ თქვეს: "იგიმ იცის რა დარჩება მისგან!"
ისინი იდგნენ მოხრილები, გრძელი ხელები კოჭებამდე დასტრევდათ, ვიწრო შუბლები მიწისათვის მიეშვირათ და ქვემოდან შემოსცქეროდნენ იგის.
ხოლო ბოლოში, ყველაზე უკან იდგა ზუ. და იგის თვალები ისე იყვნენ გაკვირვებული, რომ გვიან მოხვდნენ: ზუ იდგა გამართული, მხრებში გაშლილი, თავი მაღლა აეწია, მშვიდი მზერით შემოჰყურებდა ქარაფის წვერს.
და იგი მიხვდა, რომ ყველაზე უფრო, ცის თვალზე, შორეულ ქედებზე, ზღვაზე და ტყეზე უფრო, მისი წელში მოხრილი, ვიწროშუბლიანი ძმები შესთხოვდნენ და ევედრებოდნენ: გაიმართოს იგი! დაწინაურდეს იგი!
იგის სხეულში დიდი სისწრაფით შემოიჭრა ურიცხვი ტომი. ყველა გამართული იყო, ყველა - მხრებში გაშლილი. ცას უყურებდნენ. სხივოსანი თვალები ჰქონდათ. მხრებზე რარაც თეთრი წამოესხათ და ეს თეთრი მოსასხამები დღის თვალის შუქზე დღის თვალებივით ლაპლაპებდნენ. და საკვირველი ტომი ისე შემოიჭრა იგის სხეულში, რომ იქ ყველაფერი გაანათა.
იგი ზუსაც უყურებდა, სხივოსან ტომსაც და თავის განათებულ სხეულსაც.
მერე უკან გადადგა ნაბიჯი. სახეზე სითბოს სუნი ასდიოდა.
კიდევ გადადგა უკან ნაბიჯი და, ფეხმა რომ ქვეშ მიწა ვეღარ იგრძნო, უხმოდ თქვა თავის სხეულში: "იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო".