prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

იგი — ნაწილი 8

ჯემალ ქარჩხაძე · პროზა

იგის არ გაუგია, როგორ დავარდა მუხლებზე და როგორ აიღო დამსხვრეული ქვის მოზრდილი ნატეხი, რადგან, როცა საკუთარ თავს დაუბრუნდა, ქვის ნატეხი ხელში ეჭირა და ზედ გამალებით უსვამდა ფრჩხილს. ფრჩხილი მკრთალ კვალს ტოვებდა. სხეულიდან კი ძლიერი ბაგაბუგი ისმოდა.

როცა ქვა სულ ერთიანად დაიკაწრა, იგი შეჩერდა და ნაკაწრს დააკვირდა. ის ხელი, რომელიც წეღან კაწრავდა, ახლა იგის გვერდით მიწაზე დაფათურობდა და რაღაცას ეძებდა. ბოლოს ამ ხელმა მაგარი ქვის ნატეხი იპოვა და აიღო.

იგიმ რბილი ქვა გადმოაბრუნა და მეორე, დაუკაწრავ მხარეს მაგარი ქვა გაუსვა. მაგარი ქვის კვალი კიდევ უფრო ღრმა და მკაფიო იყო, ვიდრე ფრჩხილის კვალი.

სხეულიდან კვლავ ისმოდა ბაგაბუგი.

მაშინ იგიმ თავი ასწია. უკვე ყველანი გამოსულიყვნენ გამოქვაბულიდან. იდგნენ და იგის შესცქეროდნენ.

იგის სახეზე სითბოს სუნი აუვიდა, თეთრი კბილები გამოაჩინა და ბელადს მიუბრუნდა.

- რომელი ქვა აიღოს იგიმ?

ბელადმა იგის შეხედა. მერე თავი გვერდზე გადახარა, ლამის ბეჭზე დაიდო და ისე უყურა. ბოლოს თქვა:

- რომელიც უნდა.

თან კეტს მაგრად მოუჭირა ხელი.

იგიმ ბრტყელი ქვა აირჩია. ფრთხილად აიღო, რომ არ გადამტყდარიყო, ბელადთან მიიტანა და აჩვენა.

- ხომ ხედავს ბელადი ამ ქვას? იგის შეუძლია, რაც ბელადს სურს, ის გამოიყვანოს თავისი სხეულიდან და ამ ქვაზე დადოს.

ბელადმა პირი გააღო, ნაბიჯი უკან გადადგა და ფრთხილად მიხედა თანამოძმეებს.

- რა გამოიყვანოს იგიმ თავისი სხეულიდან? - ჰკითხა იგიმ.

ბელადს კეტი მომარჯვებული ეჭირა. იგისთვის არ შეუხედავს, მიწას დაჰყურებდა. ბოლოს თქვა:

- რაც თვითონ უნდა, ის გამოიყვანოს. - და კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.

- კარგი. - თქვა იგიმ, ჩაიმუხლა, რბილი ქვა მიწაზე დადო, ცალი ხელი ზედ დააჭირა, მეორე ხელით მაგარი, წვეტიანი ქვა მოიმარჯვა, თვალები დახუჭა და სხეულში ნი მოიხმო.

ნი გაჩნდა. ლამაზი ნი იყო. მაშინ იგიმ თვალი გაახილა, წვეტიანი ქვა რბილ ქვას დაადო და ნელა გაუსვა.

ნი ქრებოდა სხეულში და ჩნდებოდა ქვაზე.

ირგვლივ ისეთი დუმილი იდგა, თითქოს იმ არემარეზე კაცი არ ჭაჭანებდა.

სხეულში ბაგაბუგი მაშინ შეწყდა, როცა ნი მთლიანად გადმოვიდა ქვაზე.

იგი წამოდგა, ჯერ თვითონ დახედა ქვის ნის, მერე მაღლა ასწია და თანამოძმეებისკენ შეტრიალდა.

ისეთი წივილ-კივილი ატყდა, თითქოს მძვინვარე მხეცი სახმოდეთ თავს.

თვალის დახამხამებაში ყველანი გამოქვაბულში შეცვივდნენ.

გარეთ მხოლოდ ზუ დარჩა. ზუ იდგა და ქვის ნის თვალს არ აშორებდა.

იგის გაუკვირდა.

"არ ეშინია ზუს?" - იკითხა თავის სხეულში და ის იყო ხმამაღლა უნდა ეთქვა, რომ გამოქვაბულიდან ბელადის თავი გამოჩნდა.

ბელადმა ქვის ნის შეხედა და ისევ მიიმალა, მაგრამ მალე კვლავ გამოჩნდა. ერთხანს ზღურბლზე იდგა, მერე წამოვიდა და შორიახლოს გაჩერდა.

მაშინ დანარჩენებიც გამოვიდნენ და ბელადის უკან დადგნენ.

- ქვის ნი საშიში არ არის. - თქვა იგიმ.

ბელადმა კბილები დაკრიჭა, სახეზე ავმა ფერმა გადაკრა.

- ბელადს არ ეშინია! - დიდი ხმით თქვა, სწრაფი ნაბიჯით მივიდა იგისთან, ქვის ნი გამოართვა და დახედა. უყურა, უყურა და თქვა:

- ქვის ნი საშიში არ არის. - მერე იგის მიუბრუნდა, ქუშად სეხედა. - ქვის ბელადსაც გამოიყვანს იგი თავის სხეულიდან?

- გამოიყვანს. - თქვა იგიმ.

ბელადმა ქვის ნი დაუბრუნა იგის, კეტი მაგრად ჩაბღუჯა. თვალებში მრისხანების ფერი ჰქონდა.

- მაშ გამოიყვანოს იგიმ ქვის ბელადი.

იგიმ ქვის ნი ძირს დადო, სხვა რბილი ქვა მოძებნა, ჩაიმუხლა, თვალები დახუჭა, ბელადს მოუხმო სხეულში. მერე, როცა ბელადი შემოვიდა, თვალები ისევ გაახილა და საქმეს შეუდგა.

ზუს მზერას ძალიან ახლოდან გრძნობდა.

როდესაც ბელადი სხეულიდან მთლიანად გადმოვიდა ქვაზე, იგი წამოდგა. ქვა ასწია და ქვის ბელადი ყველას დაანახა.

ამჯერად მხოლოდ ღმუილი გაისმა. გაქცევით არავინ გაქცეულა.

ბელადმა ქვის ბელადი გამოართვა იგის. დახედა. დიდი ფაფარი ეყარა მხრებზე და ავი თვალები ჰქონდა.

- ახლა აღარა ჰყავს იგის სხეულში ბელადი? - იკითხა ბელადმა.

- ჰყავს! - მიუგო იგიმ.

- ხომ გამოიყვანა? - ბელადი თვალებში უყურებდა იგის.

ჰყავს. - გაიმეორა იგიმ. - სანამ იგი არის, მის სხეულში არც ბელადი გამოილევა, არც ნი, არც არაფერი. ბელადსაცა ჰყავს სხეულში იგი, ბელადი იგია და იგი ბელადია.

- ბელადი იგი არ არის! - დიდი ხმით დაიყვირა ბელადმა და კეტი მოიმარჯვა, ხოლო რაკი კეტი მოიმარჯვა, ქვის ბელადი ხელიდან გაუვარდა.

ქვის ბელადი ძირს დაეცა და შუაში გატყდა. ნახევარი ბელადი აქეთ ეგდო, ნახევარი - იქით.

ბელადმა დაიღმუვლა. დანარჩენებმაც დაიღმუვლეს.

ყველანი ახლო მოცვივდნენ და ორად გაყოფილ ბელადს დააცქერდნენ.

ბელადი დაიხარა, თავის ნაწილებს უყურა, ხელში აიღო, ატრიალა; იგის სეხედა, თანამოძმეებს შეხედა, ისევ ქვის ბელადის ნატეხებს დააცქერდა. ერთ ნატეხზე წელს ზევით იყო ბელადი, მეორეზე - წელს ქვევით. ბელადის კეტიც ნახევარი ერთ ნატეხზე იყო, ნახევარი - მეორე ნატეხზე.

იგი ზუს მზერას გრძნობდა.

უცებ ბელადმა ნატეხები მოიქნია და შორს გასტყორცნა. ნატეხები ბუჩქებში დაეცა და იქიდან მსხვრევის ხმა მოისმა. მსხვრევის ხმას საერთო ღმუილი მოჰყვა.

მერე ბელადმა კეტი მაღლა შემართა და, სიჩუმე რომ ჩამოვარდა, თქვა:

- როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება.

ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.

შეშფოთებამ იგის თავით ფეხებამდე დაუარა.

იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა. ბელადმა ახალი სიტყვები გააჩინა.

იგიმ არ იცოდა, მისი სხეულის რომელი ნაწილი გრძნობდა, რომ ეს სიტყვები აღარასოდეს გაქრებოდა და ყველა მომავალი ბელადის თავში იქნებოდა საშიში და გამზადებული, როგორც მომარჯვებული კეტი.

ირგვლივ დუმილი იდგა.

იგიმ ბელადს აარიდა თვალი და მზერა შორეული მთების სიმაღლეს მიაბჯინა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთების გემო ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან.

ყველანი მოხრილები იყვნენ, მაგრამ ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. შუბლი ვიწრო და ბრტყელი ჰქონდა, კბილები - მრისხანედ და ავად დაკრეჭილი. მორიგეობით ინაცვლებდა ფეხს და ადგილზე ირწეოდა.

იგიმ იცოდა, რომ ან უნდა დამორჩილებოდა ბელადს, ან უნდა შებმოდა.

შებმას აზრი არ ჰქონდა: ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადირიც კი დამფრთხალი გარბოდა.

ბელადი იგის უყურებდა და ელოდა.

ვიღაცამ გამოქვაბულიდან კეტი გამოუტანა იგის და ფეხებთან დაუდო. იგიმ კეტი აიღო. ბელადი დაიძაბა და შეიკუმშა.

რომც ჰქონოდა შებმას რაიმე აზრი, იგი მაინც უარს იტყოდა. სხეული დიდი სიმშვიდით იყო სავსე და ამ დიდ სიმშვიდეს ვერაფერს ვერ დაარღვევინებდა.

იგიმ კეტი ძირს დააგდო და ბელადს ზურგი შეაქცია.

მაშინ ბელადმაც დაუშვა კეტი და გამოქვაბულში შევიდა.

დანარჩენებიც მიჰყვნენ და შეწყვეტილი ჭამა განაგრძეს. ბელადმა ჯერ იგის წილი ხორცი შეჭამა, მერე თავის წილს დაუწყო ძიძგნა.

*******

იგი თვალებდახუჭული იწვა, მაგრამ არ ეძინა.

დიდი დაძინების ქარაფზე ხშირად ასელა, ოღონდ შუაწელს არასოდეს გასცდენია. მუდამ შუაწელზე რჩებოდა, ბოლო ხის ძირას. როცა ვინმე თავისი ფეხით ადიოდა ქარაფის წვერზე, რათა დიდი დაძინების ხახაში ჩაშვებულიყო, მაშინ დანარჩენები ბოლო ხის ძირას რჩებოდნენ; ხოლო თუ ვინმე გამოქვაბულშივე დაიძინებდა დიდი დაძინებით, კაცებს აჰქონდათ ქარაფის წვერზე; იქ ხელებში და ფეხებში მოეჭიდებოდნენ, გაიქნევდნენ, გამოიქნევდნენ და გადააგდებდნენ.

იგი ამ დროსაც ბოლო ხის ძირას რჩებოდა სხვებთან ერთად. ახლა იგის ჯერიც მოვიდა. ცა რომ დღის თვალს გაახელს, იგი ავა დიდი დაძინების ქარაფზე და უკან აღარ დაბრუნდება.

სხვები? სხვები დაბრუნდებიან? იგის სხეულში დიდი გაკვირვება შევიდა და იქიდან ყველაფერი გამოდევნა.

როგორ დაბრუნდებიან სხვები, თუკი იგი აღარ იქნება? როგორ იარსებებენ, როგორ ინადირებენ, როგორ იტყვიან სიტყვებს? ან ბალახზე როგორ აბრჭყვიალდება მრგვალი წვეთი, ან წვიმა როგორ მოვა ქვეყანაზე? შეუძლებელი ჩანდა რაიმეს არსებობა, როცა იგი აღარ იარსებებდა. იქნებ იგი იარსებებს? იქნებ მთლიანად არ გაქრება? იქნებ ის რაღაც, რაც იგიც არის, ტყეც, ზღვაც, ცაც და ყველაფერი, დარჩეს ქვეყანაზე?

გამოქვაბულში ფაჩუნი გაისმა. იგიმ ცალი თვალი გაახილა. კუთხეში ვიღაცის ლანდი წამოდგა.

"ზუს ჰგავს, - უხმოდ თქვა თავის სხეულში. - სად მიდის ზუ?"

ზუ ფრთხილად მიიკვლევდა გზას თანამოძმეთა სხეულებს შორის. იგის რომ მიუახლოვდა, შეჩერდა. იგიმ თვალები დახუჭა და თავი მოიმძინარა. ზუს მზერას სითბოს სუნი მოჰყვებოდა. "რა უნდა ზუს?" - თავის სხეულში იკითხა იგიმ. მერე ზუს მზერა წავიდა და იგიმ თვალი გაახილა. ზუმ გასასვლელს მიაღწია და გამოქვაბულს გასცდა.

იგიმ დაძინება სცადა, მაგრამ ვერ დაიძინა. დიდხანს იწვალა. ბოლოს ადგა და ფეხიაკრეფით გავიდა გარეთ. ზუ არსად ჩანდა.

"რაღაც დარჩება იგისგან, - თავის სხეულში თქვა იგიმ. - ოღონდ იგიმ არ იცის, როგორ დარჩება რაღაც... ნეტა ზუ სად უნდა წასულიყო?"

ღამის თვალი ბრჭყვიალებდა და სხივებს ჰფენდა არემარეს და იქაურობას ანათებდა.

იგი ხის ძირას დაჯდა, თვალები მოჭუტა და ღამის თვალს მიაჩერდა. ასე უფრო ბრჭყვიალებდა სხივები.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ჯემალ ქარჩხაძე.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.