- როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება.
ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფათის სუნი აუვიდა, როგორც შიშველ მთას აუვა ხოლმე, როცა შიგნიდან ცეცხლის ენა ამოიმართება და ცა ფერფლის ღრუბლით დაიფარება.
შეშფოთებამ იგის თავიდან ფეხებამდე დაუარა.
ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.
იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა.
ოღონდ ისე არა, ცის ძახილი ცეცხლად რომ გაიკლაკნება და მყისვე გაქრება.
არა.
მიწა რომ გაიბზარება და ნაპრალი აღარასოდეს ამოივსება, ისე.
ირგვლივ დუმილი იდგა.
თანამოძმეებს თვალები გაფართოვებოდათ და იგის შესცქეროდნენ.
მაშინ იგი კიდევ უფრო გაიმართა, თავი უკან გადაიგდო და შორეული მთების სიმაღლეს მიაბჯინა მზერა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთება ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან. ცხელი ხიფათის სუნიც გაილია.
იგიმ მთების სიმაღლეს მადლობა შეუთვალა.
თანამოძმეთა გაფართოებული თვალები ერთმანეთში შეცურდნენ.
იგის ახლა ერთი ვეებერთელა თვალი მოსჩერებოდა ყოველი მხრიდან.
ირგვლივ დუმილი იყო და მოლოდინის მძაფრი სუნი იდგა.
იგიმ ბელადს შეხედა.
ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. შუბლი ვიწრო და ბრტყელი ჰქონდა, კბილები - მრისხანედ დაკრეჭილი.
მორიგეობით ინაცვლებდა ფეხებს და ადგილზე ირწეოდა.
ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადირებიც კი დამფრთხალი გარბოდნენ.
დიდი დაძინების ქარაფზე ის ადის, ვისი დაბადებაც არაღავის ახსოვს, ვისაც მკლავებში და მუხლებში სიძაბუნის გემო ჩაუდგა, ვისაც აღარც კეტის ტრიალი შეუძლია და აღარც ნადირის დევნა.
დაბინდებისას ბელადი მთელ ტომს შეყრის და იტყვის.
ხოლო ცაზე რომ დღის თვალი ამოცურდება და სიბნელეს სინათლით გაფანტავს, კაცები აღმართს შეუდგებიან. წინ ის მიდის, ვინც ქარაფიდან უნდა გადაეშვას. უკან დანარჩენები მიჰყვებიან.
ქარაფის შუა წელთან, იქ, სადაც ბოლო ხე დგას, დანარჩენები შეჩერდებიან და მარტო ის განაგრძობს გზას. მიდის, მიდის, მიდის. მწვერვალს რომ მიაღწევს, მოიხედავს. თუ მანამდე არ მოიხედა, მწვერვალთან მაინც მოიხედავს. და ამ დროს სახეზე ცოცხლად შეპყრობილი ნადისრის ფერი ადევს.
მერე ისევ შეტრიალდება, მოიკუნტება, შეიკუმშება, დაპატარავდება, თვალებდახუჭული (იგიმ არ იცის, თვალებდახუჭული თუ გახელილი, მაგრამ ახლა, როცა თვითონ მიუყვება დიდი დაძინების ციცაბო აღმართს, რატომღაც ჰგონია, რომ თვალებდახუჭული) გადააბიჯებს და მისი კივილი დიდი დაძინების ხახაში ჩაიკარგება.
თანამოძმეები კეტებს მაღლა შემართავენ, გამარჯვების ყიჟინას დასცემენ და გამოქვაბულში დაბრუნდებიან.
ის აღარ დაბრუნდება.
იგიმ არ იცის, რატომ არასოდეს იღვიძებს დიდი დაძინებით დაძინებული, მაგრამ იცის, რომ არ იღვიძებს, რაკი უკან დაბრუნებული არავინ უნახავს.
აქამდე ასე იყო.
და ბელადი...
კიდევ დამარცხებული ბელადი ადის დიდი დაძინების ქარაფზე.
დამარცხებულ ბელადს არც მკლავში უდგას სიძაბუნის გემო და არც მუხლებში. კეტის მოქნევაც შეუძლია და ნადირის დევნაც.
მაგრამ მაინც ადის დიდი დაძინების ქარაფზე.
რატომ ადისო, არავინ კითხულობს.
ალბათ ჰგონიათ, რომ რაც არის, ის მუდამ იყო.
(თავიდან იგისაც ასე ეგონა, მაგრამ ახლა, როცა მრავალი გაკვირვება უკვე ცოდნად ექცა, მიხვდა, რომ მუდამ არაფერი ყოფილა, ყველაფერი ოდესღაც გაჩნდა, და უხმოდ იკითხა თავის სხეულში: “რატომ ადის დამარცხებული ბელადი დიდი დაძინების ქარაფზე?”)
იმიტომ რომ დამარცხებული ბელადი მაინც ბელადია, მაგრამ რაკი დამარცხდა, ბელადი აღარაა. ხოლო როცა ბელადია და თანაც ბელადი აღარაა, ეტყობა რაღაც ირღვევა, რისი დარღვევაც არ შეიძლება. ამიტომ ადის...
ადრე, უცხო სიტყვები რომ შემოესეოდნენ და იგი მათს ასხმასა და დალაგებას შეუდგებოდა, გაურკვეველი სიმძიმე სხეულში ტკივილად ეღვრებოდა, თვალები ეხუჭებოდა და ძილი ერეოდა.
ახლა ასეთი რამ აღარ ემართება. ახლა უცნობ სიტყვებს იოლად და სწრაფად ალაგებს. სიტყვები გამწკრივდებიან და ისე მიუყვებიან მათთვის მიჩენილ გზას, როგორც ნადირი მიუყვება გაკვალულ ბილიკს წყაროსაკენ.
ესეც იმის ბრალია, ალბათ, წელში რომ გაიმართა...
პირველად იმ დღეს შენიშნა, რა დღესაც ძველი ბელადი დიდი დაძინების ქარაფზე ავიდა.
... როდესაც ცამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მქრქალი თვალი გაახილა, კაცები დაბრუნდნენ. ბედმა გაუღიმათ და მარჯვედ ინადირეს.
წინ ბელადი მოდიოდა. კეტი მხარზე ჰქონდა გადებული. დანარჩენები უკან მოჰყვებოდნენ და ვეებერთელა ნადირი მოჰქონდათ.
ქალები და ბავშვები ჟივილ-ხივილით გამოეგებნენ და ნანადირევის დანახვაზე თვალებში შიმშილის ფერი ჩაუდგათ.
ბელადი გამოქვაბულში შევიდა. სახეზე, როგორც ყოველთვის, სიმშვიდისა და სითბოს სუნი ასდიოდა. მისთვის განკუთვნილ ქვას მიაშურა, დაჯდა, კეტი გვერდით მოიდო და ხელები მუხლებზე დაიწყო.
ამასობაში დანარჩენებიც შემოვიდნენ, ნანადირევი შუა გამოქვაბულში დადეს და ძველი მონადირეები ხორცის განაწილებას შეუდგნენ.
როგორც წესია, წამახული ქვებით ჯერ თავი წააცალეს მოკლულ ნადირს, ბელადს მიუტანეს და ფერხთით დაუდეს.
იგი მერე დიდხანს ცდილობდა გაეხსენებინა, რა ადგილას იდგა ამ დროს ბელადის შვილი, მაგრამ ვერ გაიხსენა, რადგან მაშინ სტომაქში შიმშილი დაფუსფუსებდა და ირგვლივ ხორცის მეტს ვერაფერს ხედავდა.
ასე იყო თუ ისე, ბელადმა რომ ხელები გაიწოდა თავისი წილის ასაღებად, შვილი თვალის დახამხამებაში მასთან გაჩნდა, ცალი ფეხი ნადირის თავს დააბიჯა და გადმოკარკლული თვალები მამას მიაპყრო. მხარზე გადებული კეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა, შავი ფაფარი მხრებზე სცემდა, კბილები დაეკრიჭა და სახეზე გაავებული ნადირის სუნი ასდიოდა.
გამოქვაბულში გაკვირვების ღმუილი გაისმა.
მერე ღმუილმა გადაიარა და ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
ბელადის სახეს სითბოს სუნი ისე გადაეცალა, როგორც ტყეს გადაეცლება ბურუსი, ქარი რომ დაუბერავს.
იგის მოეჩვენა, თითქოს სიმშვიდის სუნმაც იწყო გადაცლა, მაგრამ ამ დროს ბელადმა თვალები ნელა მოხუჭა და სიმშვიდის სუნი დარჩა. გაწვდილი ხელები უკანვე წაიღო, ისევ მუხლებზე დაიწყო და თვალები გაახილა. ერთხანს გაუნძრევლად იჯდა და შვილის ფეხს უყურებდა, რომელიც ნადირის თავზე იდგა. მერე ნელა ააყოლა თვალი. სახეს რომ მიწვდა, კვლავ გაშეშდა. უყურა. შვილის ავი სუნი მამის სიმშვიდის სუნს ებრძოდა.
გამოქვაბულში დაძაბული დუმილი იდგა. იგის ტყუილად ეგონა, ბელადის სახეზე თეთრი შიში გადაირბენსო; ბელადი მისჩერებოდა შვილს ჩასისხლიანებულ, გადმოკარკლულ თვალებში და მის სახეს რამდენჯერმე მიუახლოვდა და ისევ მოშორდა სითბოს სუნი. ბოლოს შვილს თვალი მოარიდა, ხელკეტს დასწვდა და წამოდგა.
ძველმა მონადირეებმა ნანადირევი გვერდზე გასწიეს და მამა-შვილს გამოქვაბულის შუაში დაუთმეს ადგილი.
შეიბნენ.
შვილი ღონიერი იყო და ბრძოლა მალე დასრულდა. მამა ძირს დასცა, ხელკეტი ააცალა, თავის ხელკეტთან ერთად მაღლა შემართა და დამარცხებულ მეტოქეს ძლევამოსილი ყიჟინით რამდენჯერმე ირგვლივ შემოურბინა. მერე წავიდა და მამის ადგილას დაჯდა საბელადო ქვაზე. ნადირის თავი აიღო, ორივე ხელით მაგრად ჩაბღუჯა და მკერდზე მიიკრა. ეჭირა ასე და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
დამარცხებული ბელადი ნელა წამოდგა და გვერდზე გადგა. სახეზე კი მაინც ასდიოდა სიმშვიდის მსუბუქი სუნი.
იგის უკვირდა.
ძველმა მონადირეებმა ნანადირევი კვლავ შუა გამოქვაბულში გამოათრიეს და განაწილება განაგრძეს...
როდესაც შიშველი მთის თავზე ცამ თვალი გაახილა, კაცები დიდი დაძინების ქარაფს შეუყვნენ.
ყველაზე წინ ძველი ბელადი მიაბიჯებდა. მარტო, უხელკეტოდ. ცოტა მოშორებით ახალი ბელადი მიჰყვებოდა. ახალ ბელადს დანარჩენები მისდევდნენ უკან.
იგიც.
ცის თვალს ქვემოდან ღრუბლები აეფარნენ. ქვეყანაზე წვიმა მოვიდა.
წვიმის ნესტიანი სუნი რომ იგრძნო, იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა.
ნი ლამაზი იყო.
ქარაფის შუა წელთან, იქ, სადაც ბოლო ხე იდგა, ახალი ბელადი შეჩერდა. დანარჩენებიც წამოეწივნენ და შეჩერდნენ. ყველა სველი იყო.
მხოლოდ ძველი ბელადი მიდიოდა.
იგი ზურგს ხედავდა და, ნეტა ახლაც თუ ასდის სახეზე სიმშვიდის სუნიო, უხმოდ კითხულობდა თავის სხეულში.
ძველი ბელადი ნელა მიაბიჯებდა. უკან არ იხედებოდა.
ბოლოს მოიხედავსო, თავის სხეულში ამბობდა იგი. ჯერ არავინ ასულა დიდი დაძინების ქარაფზე ისე, რომ უკან არ მოეხედა.
იდგნენ თავით ფეხებამდე სველები და უყურებდნენ.
ძველი ბელადი მიდიოდა, ხოლო უკან, ატალახებულ მიწაზე, მისი ღრმა კვალი რჩებოდა. ჩაზნექილი, ამოზნექილი, ისევ ჩაზნექილი და ბოლოში თითების ანაბეჭდი, ერთმანეთზე მიტყუპებული და ერთმანეთისაგან მაინც გამოყოფილი. ფეხს რომ ასწევდა, სანამ ხელახლა დადგამდა, ნაფეხურში წყალი დგებოდა.
ზურგზე, ბეჭებშუა, წვიმის წვეთები ერთად იყრიდნენ თავს და ნაკადულივით მოედინებოდნენ ქვემოთ. თმიდანაც წვეთები ჩამოსდიოდა.
ქარაფის წვერს რომ მიაღწია, იგიმ თავის სხეულში თქვა, ახლა შეჩერდება და მოიხედავსო.
ამის თქმა ძლივს მოასწრო, რომ ძველმა ბელადმა ნაბიჯი გადადგა ქარაფის წვერიდან და გაქრა.
არც მოუხედავს, არც დაუყვირია.
ახალმა ბელადმა კი დაიყვირა.
ხელკეტი მაღლა შემართა, დიდი ხმით დაიყვირა და ხტუნვა დაიწყო, დანარჩენებიც აყვნენ.
იგიც.
(იგის მერე უკვირდა)