ახალმა ბელადმა ყვირილი და ხტუნვა მოათავა, ხელკეტი ისევ მხარზე გაიდო და თავდაღმართს დაუყვა. დანარჩენებიც აედევნენ.
მარტო ძველი ბელადი დარჩა სადღაც.
ისე წვიმდა, ცა კი არა, ღრუბლებიც აღარ ჩანდა.
ძველ ბელადს არც მოუხედავს და არც დაუყვირია. კვალი კი დატოვა.
იგის სხეულში გაკვირვება აწრიალდა.
კვალი ხომ ძველი ბელადის ფეხისა იყო. როგორღა დარჩა? თუკი ბელადის ფეხი ბელადთან ერთად გაქრა, როტომ კვალი არ გაქრა ფეხთან ერთად? ნუთუ კაცი რომ დიდი დაძინებით იძინებს, მთლად არ ქრება?
იგიმ ნაბიჯი შეანელა. კაცებს ჩამორჩა, თმიდან და სახიდან წვიმის წვეთები ორივე ხელით ჩამოიწურა და უკან მიიხედა. ნაფეხურები უნდოდა დაენახა.
ქარაფის წვერზე თეთრი ნისლი იწვა, მეტი არაფერი ჩანდა.
იგი უკანვე მოტრიალდა.
კაცების დაწინაურებული ჯგუფი უცნაურად შემჭიდროვებულიყო, შეკრულიყო და ერთიანი გორგალივით მიგორავდა თავდაღმართში.
იგი ისე მიაჩერდა გორგალს, თითქოს რაღაც უცხო ჯიშის ნადირს წაწყდომოდეს.
ფეხს აუჩქარა. წამოეწია.
ერთიანი გორგალი კვლავ ცალ-ცალკე კაცებად იქცა.
ზოგი მეტად იყო მოხრილი, ზოგი ნაკლებად. მაგრამ ყველანი მოხრილები იყვნენ. შუბლები მიწისათვის მიეშვირათ, გრძელი ხელები უსიცოცხლოდ ქანაობდნენ.
წინ ბელადი მიდიოდა.
ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა.
იგის უცებ სახეზე ალმურის სუნი აუვიდა და მუცელში ცხელმა გემომ დაუარა.
იგი ისეთი არ იყო, როგორიც იყვნენ სხვები!
გამართული იდგა. შუბლი შორეული მთის წვერისთვის მიეშვირა.
ცხელი გემო კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა მუცელში. ტანზე ცივმა შიშმა გადაურბინა და ბალანი აუჯაგრა.
და მარტოობის შემაშფოთებელი სუნი ეცა.
“კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი, - უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. - იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორიც არიან სხვები.
მაშინ მას მარტოობა აღარ ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს”.
იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა. ყველანი მშვენივრად იყვნენ მოხრილები. “იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რაკი მათი თანამოძმეა”, - თავის სხეულში თქვა იგიმ.
მაგრამ ოდნავ მოიხარა თუ არა, ზურგში ავი ნადირივით ჩააფრინდა ტკივილი.
იგიმ შეჰყვირა და გაიმართა.
ყვირილზე კაცებმა მოიხედეს. მოტრიალებით არ მოტრიალებულან; შედგნენ და მარტო თავები მოაბრუნეს.
იგის ბევრი სახე უყურებდა.
მერე ბელადმა ხმადაბლა დაიღრინა და გზა განაგრძო.
დანარჩენებიც მიჰყვნენ.
ხოლო იგი თავის სხეულში კიდევ დიდხანს ხედავდა მისკენ მობრუნებულ სახეებს. სახეები ისე მოსჩერებოდნენ, თითქოს არასოდეს ენახოთ.
საღამოს, როდესაც ცამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მკრთალი თვალი გაახილა, იგის სხეულში წუხილმა დაიდო ბინა.
წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი.
იგი წრიალებდა და ვერ ისვენებდა. თუ ფეხზე იდგა, დაჯდომა უნდოდა; თუ იჯდა, ფეხზე დგომა უნდოდა; თუ მიდიოდა, გაჩერება უნდოდა; გაჩერებული თუ იყო, წასვლა უნდოდა; საცა იყო, იქ ყოფნა არ უნდოდა; იქ უნდოდა, საცა არ იყო. მაგრამ როგორც კი მივიდოდა იქ, საცა არ იყო, უკვე იქ იყო, საცა იყო, და იქ ყოფნა აღარ უნდოდა.
ძალიან ცუდად ექცეოდა წუხილი იგის.
ხანდახან სხეულში ბელადი გაჩნდებოდა და მკაფიოდ ესმოდა მისი ხმადაბალი ღრენა. მაშინ წუხილი ისეთი იყო, დამშეული ნადირი რომ ძვალს ღრღნიდეს.
იმ ღამეს იგიმ ვერ იქნა და ვერ დაიძინა, იწვა თვალდახუჭული და უყურებდა, როგორ დაძვრებოდა სხეულში წუხილი.
დანარჩენებს ყველას ეძინა. მიმოფენილიყვნენ ბნელ გამოქვაბულში კაცები და ქალები, დიდები და პატარები.
“ნისაც სძინავს.” - თავის სხეულში თქვა იგიმ.
წუხილი უცებ სადღაც დაიმალა, მაგრამ მალევე გამოჩნდა. იგის გაუკვირდა, წუხილი რომ დაიმალა, მერე კიდევ თქვა: “ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ცა.”
წუხილი კვლავ დაიმალა და იგი მიხვდა, რომ ნის გახსენება ებრძოდა წუხილს.
“ნი, ნი, ნი, ნი...” - იმეორებდა იგი. შეშინებული წუხილი უგზოუკვლოდ დაიკარგა და იგი ერთხანს მოსვენებით იწვა. მაგრამ წუხილი ნელ-ნელა შეეჩვია ნის გახსენებას და ისევ შემოიპარა სხეულში. ახლა იგი სულ ტყუილად იმეორებდა: “ნი, ნი, ნი...” წუხილი ძველებურად თავის ნებაზე დათარეშობდა. მერე ძვალს მიაგნო სხეულში და ღრღნა დაუწყო.
მეტის მოთმენა აღარ შეეძლო იგის. სადღაც უნდა წასულიყო, რაღაც უნდა ექნა.
წამოდგა, სიბნელეს თვალი შეაჩვია; ფეხაკრეფით დაიძრა გასასვლელისაკენ. ფრთხილად მიიწევდა, რომ ძირს დაფენილი თანამოძმეებისათვის ფეხი არ დაედგა. როგორც იქნა, მიაღწია გასასვლელს და გავიდა.
ტყის მხრიდან ნიავი უბერავდა და ტყის მწვანე სუნი მოჰქონდა.
იგი შეჩერდა, სახე ნიავს მიუშვირა, ტყის მწვანე სუნი ღრმად შეისუნთქა. მწვანე სუნმა რაღაც შემოიტანა სხეულში, რაც სიხარულის გემოს ჰგავდა. წუხილი შეკრთა და ძვალს პირი გაუშვა. მერე მიხვდა, რომ საშიში არაფერი იყო, და ისევ დაუწყო ღრღნა.
იგი ტყისკენ წავიდა. რბილ ბალახზე მიაბიჯებდა. თვალები ვერ ხედავდნენ ბალახს, მაგრამ ფეხისგულები ხედავდნენ.
ტყეში შევიდა. მწვანე სუნში ჩაეფლო.
თავიდან კარგი იყო. მერე წუხილმა მწვანე სუნიც წუხილად აქცია. მართალია, ძვალს აღარ ღრღნიდა, მაგრამ სხეულში დაძვრებოდა და, საცა გაივლიდა, ისეთ გემოს ტოვებდა, იღლიას რომ სველი ფოთოლი გამოედოს და ტანში ჟრჟოლამ დაუაროს.
ვერც ტყეში მოისვენა.
მაშინ ზღვის პირას გავიდა და ზღვის სველ სიმშვიდეში შეაბიჯა. სიგრილე ეამა. წუხილი მცირე ხნით მიყუჩდა. მერე კვლავ გაიკლაკნა და ამოძრავდა. …
ზღვის სიგრილეც წუხილად იქცა.
წუხილი ავი იყო.
ბოლოს იგი იქვე პატარა გამოქვაბულში შევიდა.
გამოქვაბულში ჩუმად იწვა სიბნელე და ეძინა.
“იგი ისეთი უნდა გახდეს, როგორიც არიან სხვები. მაშინ იგი მარტო აღარ იქნება და წუხილიც თავს დაანებებს”.
იგიმ სცადა მოხრილიყო. ტკივილი დილანდელივით ჩააფრინდა ზურგში. იგიმ დაიკვნესა და გაიმართა.
ცოტა ხნის შემდეგ კიდევ სცადა. მერე კიდევ სცადა.
ტკივილი ყვიროდა.
იგი ებრძოდა ტკივილს, მაგრამ ტკივილი ძლიერი იყო.
“იგის მაინც ტკივილი ურჩევნია წუხილს”. - თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ მოიხარა.
ტკივილი იცოდა რაც იყო.
ტკივილი ისაა, ბრძოლის დროს რომ ნადირი კბილს გაჰკრავს და ფეხიდან წითელი სისხლი გამოუვა. ტკივილი ავია, მაგრამ დიდხანს არ ჩერდება სხეულში. ნაკბენი ადგილი კარგად უნდა გაილოკოს და დანერწყვოს. ტკივილს შეეშინდება და გაეცლება.
წუხილი კი ვერაფრით ვერ შეაშინა იგიმ. წუხილი არხეინად იჯდა სხეულში და ნადირივით ღრღნიდა ძვლებს.
ამიტომ ერჩივნა ტკივილი.
მოიხრებოდა იგი, იყო ასე, სანამ ტკივილს გაუძლებდა, მერე გაიმართებოდა, ცოტას შეისვენებდა და ისევ მოიხრებოდა.
როცა შიშველი მთის თავზე დღის თვალი გამოჩნდა, იგი დიდ გამოქვაბულში დაბრუნდა და დანარჩენ კაცებთან ერთად სანადიროდ წავიდა.
მარტოობა ისეთი ყოფილა, მონადირეს რომ შეპყრობილი ნადირი გაექცეს და უიმედოდ გააყოლოს თვალი.
როცა მარტო იყო იგი, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას; სხვებთან როცა იყო, მაშინ გრძნობდა.
კაცები ისე უყურებდნენ, როგორც უცხო რამ სულიერს და მის გვერდით ყოფნას ერიდებოდნენ. ბელადს კბილები ავად უელავდა და თვალებში მრისხანება ედგა.
იგი ყველანაირად ცდილობდა თანამოძმეებს დამსგავსებოდა და მოახლოებული ხიფათი აეცდინა.
როცა ქვეყანაზე შავი სიბნელე ჩამოწვებოდა და ყველანი ძილს მიეცემოდნენ, ფრთხილად დგებოდა, თავის პატარა გამოქვაბულს მიაშურებდა და მანამ ებრძოდა ტკივილს, სანამ ცასა და მიწას შორის ჩაწოლილ ღამეს დღის თვალი ძლიერი სხივებით არ გაფანტავდა.
ტკივილი ჯიუტი იყო და იგის მძიმე ბრძოლის გადახდა დასჭირდა. მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა, ტკივილი დაამარცხა და ისეთი გახდა, როგორიც არიან სხვები. დადგა დღე, როცა სანადიროდ მიმავალი იგი სხვებისაგან აღარაფრით გამოირჩეოდა. მოხრილი იყო, ხელები კოჭებამდე დასთრევდა, შუბლი მიწისთვის მიეშვირა. მართალია, ზურგში ჯერ კიდევ კბენდა ტკივილი, მაგრამ ეს პატარა ტკივილი იყო, ტკივილის შვილი, რომელსაც არც სიავე ჰქონდა, არც ძალა და არც ბასრი კბილები.
იგის ახლა ისე უყურებდნენ, როგორც თავისიანს. აღარავინ გაურბოდა, აღარავინ ერიდებოდა. ბელადის თვალებშიც გაქრა მრისხანება.
იგი მაინც დადიოდა თავის გამოქვაბულში და ტკივილის შვილს ებრძოდა.
როცა ტკივილი საბოლოოდ გაქრა, უხმოდ თქვა თავის სხეულში:
"ახლა იგის შეუძლია დიდ გამოქვაბულში დარჩეს და დაიძინოს".
იგი დიდ გამოქვაბულში იწვა, ხელები თავქვეშ ამოეწყო, თვალები დაეხუჭა და ძილს ელოდებოდა.
სხვებს უკვე ეძინათ.
საცა იყო იგისაც ჩაეძინებოდა. იგი ფაფუკ ბურანში იყო გახვეული და ძილი ჩუმად, ფეხაკრეფით მოდიოდა მისკენ.
სწორედ ამ დროს, სად იყო, სად არა, წუხილი გამოჩნდა.
წუხილი შმაგი ნადირივით წამოვიდა, უჩუმრად მომავალ ძილს გადაასწრო, ფაფუკი ბურანი გაარღვია და იგის სხეულში შეუძვრა.
თან მარტოობის გემო შეიტანა.
იგი გამოფხიზლდა. გაკვირვებული გაინაბა, სუნთქვა შეიკრა, ყური მიუგდო წუხილს.
წუხილი სხეულში დაძვრებოდა.
მაშინ იგი ფრთხილად წამოჯდა.
"რა უნდა წუხილს იგისაგან? - უზმოდ ჰკითხა იგიმ წუხილს. - იგი ხომ უკვე ისეთია, როგორიც არიან სხვები?"
წუხილმა არაფერი უპასუხა, ძვალს მიაგნო სხეულში და ღრღნა დაუწყო.
იგის სიბრაზის ფერი დაედო.