ღმუილი მიწყნარდა გამოქვაბულში, ნის ხმამ კიდევ თქვა:
- იგი სხვა ჯიშისაა.
ამჯერად არავის დაუღმუვლია. გამოქვაბულში დიდი სიჩუმე იდგა და დიდი სიჩუმე ყურებში წიოდა.
ნის სიტყვები ავი ნადირის კბილებივით ჩაესო იგის. სხეულში ძლიერმა ტკივილმა იყვირა. იგიმ ძლივს შეიკავა თავი, რომ თვითონაც არ ეყვირა; კბილი კბილს მაგრად დააჭირა, თვალები დახუჭა და ასე ერთიანად დაძაბული ელოდა, როდის გადაივლიდა ტკივილი.
ტკივილმა მართლაც გადაიარა და იგიმ თვალები გაახილა.
გამოქვაბულში კვლავ სიჩუმე იდგა.
ბელადს ხორცი, ნადავლიცა და თავისი წილიც, ისევ ისე გულში ჰქონდა ჩაკრული, პირი გაეღო და ქვემოდან ამოსცქეროდა იგის. გაფართოებულ თვალებში გაკვირვება ედგა და იგის მოეჩვენა, რომ ამ გაკვირვებაში თეთრი შიშიც ერია.
გამოქვაბულის ყოველი კუთხიდან თანამოძმეთა თვალები მოსჩერებოდნენ იგის.
იგის სხეულში ნი ლამაზი და თბილი იყო და საამო სუნი ასდიოდა. და იგის ვერ გაეგო, რატომ გაუჩნდა სხეულში ასეთი ნი და არა ის ნი, რომელმაც საშინელი სიტყვები თქვა.
ამასობაში ბელადის თვალებს გაკვირვების სუნი გადაეცალა. ბელადმა ცალი ხელი შეუშვა ხორცს, ძირს დაგდებულ კეტს მოჰკიდა ხელი და თქვა:
- იგი სხვა ჯიშისაა.
საიდან გაჩნდა ეს სიტყვები ან რას ნიშნავდა, არავინ იცოდა. მხოლოდ ის იცოდნენ, რომ საშიში და ავი სიტყვები იყო, ისეთი საშიში და ავი, როგორიცაა "მძვინვარე მხეცი".
ბელადი წამოდგა, კეტი მაღლა შემართა (ხორცი ცალი ხელით ისევ გულში ჰქონდა ჩაკრული) და დიდი ხმით თქვა:
- იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი სხვა ჯიშისაა.
ბეჭები ახლა ზუს მზერას გრძნობდნენ, მაგრამ ზუს მზერა არ ტკიოდა ბეჭებს. ეს ამბავი ცოტათი უკვირდა, მაგრამ ამისათვის არ ეცალა. ბელადის თვალებში ახლა ისევ სიავე და მრისხანება იდგა.
თავში სიტყვები აიშალნენ. სიტყვები იყო ახლა ერთადერთი ხსნა, რადგან იგიმ იცოდა, რომ ასეთ ღონიერ ბელადს კეტით ვერ გაუმკლავდებოდა.
თვალი თვალში გაუყარა ბელადს. მანამ უყურა, სანამ მის მრისხანე მზერაში შეშფოთება არ შეერია. მერე კი მშვიდად თქვა:
- იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები. იგი არ არის სხვა ჯიშის.
ბელადმა პირი გააღო. მერე თავი გვერდზე გადაიგდო, ლამის ბეჭს დაეყრდნო და ისე მიაჩერდა იგის. სახეზე ავი სუნი გადაეცალა და ისევ დაეფინა, კიდევ გადაეცალა და კიდევ დაეფინა, როგორც მინდორს გადაეცლება და დეფინება ჩრდილი, როცა ცის თვალის ქვეშ ღრუბლები დაცოცავენ. ბოლოს თავი ისევ აწია, პირი მოკუმა. ისეთი სახე ჰქონდა, დაღლილი მონადირე რომ დიდი ხეტიალის შემდეგ ნადირის კვალს წააწყდეს.
და თქვა:
- იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი გამართულია.
ეს სიტყვები ყველაზე თვალსაჩინო ადგილას იყო და ბელადს მათი პოვნა არ გაუჭირდებოდა. ეს იცოდა იგიმ და ამიტომ პასუხიც მომზადებული ჰქონდა. როგორც კი ბელადმა თავისი სიტყვები თქვა, იგი მოიხარა; ზურგში ტკივილი კბენდა, მაგრამ მოითმინა, ბოლომდე მოიხარა, ბელადს თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა:
- ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები?
და იგიმ მკაფიოდ დაინახა, როგორ გადაირბინა თეთრმა შიშმა ბელადის სახეზე. ბელადმა ნაბიჯი უკან გადადგა და, ხორცი რომ ეჭირა, ის ხელიც კეტს დაავლო. ხორცი ძირს დავარდა. იგის წილი ფეხებთან დაეცა, ნადირის თავი კი გაგორდა და მოშორებით გაჩერდა.
ბელადმა ცალი ფეხი გაიშვირა, გაჭიმა, როგორც იქნა, მიაწვდინა ნადირის თავს და ახლო მოიჩოჩა. თან იგის თვალს არ აშორებდა. ბოლოს ხორცი, თავისიც და იგისიც, ფეხებშუა საიმედოდ მოიქცია; იდგა ავი და კბილებდაკრეჭილი, კეტი მომარჯვებული ეჭირა და იგის შესცქეროდა. მაგრამ მის სიავეში დროდადრო მაინც ჩანდა თეთრი შიში.
იგი უყურებდა და ელოდა.
ბელადი უხმოდ მისჩერებოდა.
მაშინ იგი გაიმართა და ისევ მოიხარა. კიდევ გაიმართა და კიდევ მოიხარა.
და ჰკითხა:
- ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები?
ბელადს შიში გაუქრა. ახლა მის გაავებულ სახეს გაკვირვების სუნი ასდიოდა. ბოლოს თქვა:
- ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები.
და კეტი დაუშვა.
ამ დროს ნიმ თქვა:
- იგის ისეთი სიტყვები აქვს, როგორიც სხვებს არა აქვთ.
ბელადმა ისევ მოიმარჯვა კეტი და დაიძაგრა.
- რა სიტყვები აქვს იგის?
ზურგში ნის მზერა და ზუს მზერა ერთმანეთს შეერია. იგი ვერ ატყობდა ტკიოდა თუ არა. სხეული გამოქვაბულში წუხდა და გარეთ ყოფნა უნდოდა.
ბელადი იდგა ერთიანად მოზიდული და ავად შესცქეროდა.
უცებ იგის დიდი სიმშვიდე დაეუფლა. ბელადს თვალი აარიდა, სივრცეს გახედა მის აშლილ ფაფარს ზემოთ და თქვა:
- იგის არა აქვს სიტყვები. სიტყვები არავის არა აქვს. სიტყვები რაღაცაა და თავისთვისაა. ხოლო რაღაცა ყველგანაა. ხეში, ზღვაში, შორეულ ქედებში, ტყის მწვანე სუნში, ბალახის ღეროში. ხანდახან იგის თავში შემოდის, იქ სიტყვებად იქცევა და პირიდან გამოდის. განა სხვებს არ დამართნიათ ასეთი რამ? განა ბელადს არ დამართნია ასეთი რამ?
- არა. ბელადს არ დამართნია! - დიდი ხმით თქვა ბელადმა.
იგის პირი თავისთავად გაეხსნა, თეთრი კბილები გამოუჩნდა, სახეზე სითბოს სუნი აუვიდა.
სხეულში ბელადი გაჩნდა. მაგრამ ეს ბელადი ნადირის უმწეო ლეკვსა ჰგავდა, ახალშობილს, ბრმას, რომელიც წკავწკავებს და უსინათლო თვალებით დედას ეძებს.
იგიმ სხეული შეიბერტყა და ხილვა გააძევა. მერე ბელადს შეხედა. მისი სახის ავ გამომეტყველებას სინამდვილეშიც ახლდა რაღაც ისეთი, რაც ბრმა ლეკვის უმწეობას ჰგავდა.
და იგიმ თქვა:
- რაღაცა ყველაფერშია. ყველაფერი რაღაცაა. - უცებ თავში სიტყვები მოზღვავდნენ და იგის უკითხავად წამოვიდნენ. - ქვეყანა ზეცაა, მაგრამ ქვეყნის სახე აქვს, ფოთოლი ხეა, მაგრამ ფოთლის სახე აქვს, ღამის სიბნელე ცის თვალია, მაგრამ სიბნელის სახე აქვს, ყველაფერი რაღაცაა; და როცა იგი რაღაცას ხედავს, მაშინ იგიც ყველაფერია. იგი ზღვაცაა და ცაც, ნადირიც და მონადირეც. იგი ყველაფერშია და ყველაფერი იგიშია... იგი...
მოზღვავებული სიტყვები ნის ხმამ შეაჩერა.
ნიმ თქვა:
- იგი ნიც არის?
- ნიც არის. იგი ყველაფერია.
ბელადი შეკრთა. ცალი ფეხი უკან გადადგა. თვალები გაუფართოვდა და იგის მოეჩვენა, რომ ხმაც გაუფართოვდა.
- იგი ბელადიც არის?
გამოქვაბულმა ერთი დაიღმუვლა და მერე სიჩუმეზე უფრო ძლიერი სიჩუმე ჩამოწვა.
დუმილი დაჟინებით მისჩერებოდა და პასუხს ელოდა.
იგიმ თვალები დახუჭა და გაირინდა. სხეულში აწრიალებული შეშფოთება მიყუჩდა. თავში სიტყვების გაუგებარი გროვა ნელა შეირხა, გადაიხსნა და წყობისად დალაგდა. მაშინ იგიმ თვალები ისევ გაახილა და ბელადს მიაპყრო.
- იგიმ ისეთი რამ იცის, რაც სხვებმა არ იციან. იგიმ იცის, რომ იგი ყველაფერია და დანარჩენებიც ყველაფერი არიან. ყველაფერი იგის სხეულშია და იგის შეუძლია ყველაფერი თავისი სხეულიდან გამოუყვანოს. იგი აჩვენებს ბელადს, როგორ გამოვა იგის სხეულიდან ყველაფერი. გამოვიდეს ბელადი გარეთ. დანარჩენებიც გამოვიდნენ.
იგი შეტრიალდა და წელში გამართული, ნელი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისაკენ.
თავიდან არავინ განძრეულა. ყველა გაშეშებული იდგა და იგი გრძნობდა, რომ ყველა მას უყურებდა.
იგის არ მოუხედავს, ისე გავიდა გამოქვაბულიდან.
ქადილით კი დაიქადნა, მაგრამ არ იცოდა, შეასრულებდა ნათქვამს თუ ვერა. რაც ზღვის პირას მოხდა, თავისთავად გაჩნდნენ იგის სხეულში ნიცა და ბელადიც, თავისთავად გამოვიდნენ იქიდან და მერე სილაში ჩაწვნენ. ახლა კი იგი ბედს იყო მინდობილი, როგორც მონადირე, რომელმაც კვალს ვერ მიაგნო და ალღოთი დაეძებს ნადირს. თუ ალღომ უმტყუნა იგის, ბელადის რისხვა დიდი იქნება და ძლიერი.
იგიმ აქაც უნდა გააკეთოს ის, რაც ზღვის პირას გააკეთა.
იგი ჩაცუცქდა, საჩვენებელი თითი გაშალა და, მიწას რომ შეახო, სხეულში ცივმა შეშფოთებამ დაუარა. ზღვის პირას რბილი სილა იყო და თითი ადვილად ეფლობოდა შიგ, აქ კი მაგარი მიწაა, ამ მიწას თითი ვერაფერს დააკლებს...
იგის ბრძოლა მოუწევდა ბელადთან. კეტი მაინც არ დარჩენოდა გამოქვაბულში.
იგი ზეზე წამოვარდა, უკანვე შეტრიალდა, მაგრამ გვიანღა იყო: გამოსასვლელში უკვე მოჩანდა ბელადი. თავში, თითქოს იგის სულაც არ ეხებოდა, ისე ჩაიქროლეს სიტყვებმა: "რომც არ დარჩენოდა კეტი გამოქვაბულში, ასეთ ბელადთან მაინც რას გახდებოდა იგი!"
მაგრამ სხეული ხსნას ეძებდა და სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა. სხეული სწრაფად დატრიალდა, თვალებმა რაღაცას დაუწყეს ძებნა, ბოლოს ქვაზე შეჩერდნენ. ფეხებმა სწრაფად მიირბინეს იმ ქვასთან, ხელებმა აიტაცეს. იგი ცდილობდა გაერკვია, რას აპირებდა მისი სხეული, მაგრამ სხეული გაექცა იგის და იგი აღარ იყო სხეულის პატრონი. და მხოლოდ მაშინ, როცა ხელებში ატაცებული ქვა შუაზე გადატყდა, იგი დაეწია თავის სხეულს.
"რაღა რბილი ქვა მოყვა ხელში იგის!" - უხმოდ თქვა გამწარებულმა იგიმ და ქვას ხელი გაუშვა. ნატეხი ძირს დაეცა და კვლავ შუაზე გადატყდა.
იგი დამტვრეულ ქვას დააცქერდა და უცებ სხეულში ძლიერი სინათლე შემოიჭრა. მაშინვე თვითონაც სინათლედ იქცა, ყოველ მხარეს გაიფანტა, ყველაფერში შეაღწია, ყველაფრად იქცა და ყველაფრად იგი აქცია. ახლა სამყარო და იგი ერთი განუყოფელი რარაც იყო.