ახლა კი მოდით, ქრისტეს მორწმუნეებო, და ვიდღესასწაულოთ ამ ახალი წმინდა მოწამის ხსენების დღე. ქრისტემ ის მთელ ჩვენს ქვეყანას, ქართლს, ჩვენდა შემწედ მოგვანიჭა. მოდით, დიდი სიხარულით გავხსნათ ჩვენი გულისა და გონების საგანძურები. სიხარულით, გულწრფელად ვაქოთ მისი კეთილი მოღვაწეობა და ვთქვათ:
გიხაროდეს, სანატრელო მოწამეო, უფლისაგან! რადგან შენ, ჩვენი მაცხოვრის მეთერთმეტე ჟამის უკანასკნელი მუშაკი, გაუთანასწორდი იმ დღიურად დაქირავებულ მუშაკებს, რომლებიც დილით ადრე ადგნენ. შენ მათზე ნაკლები გასამრჯელო არ მიგიღია!
გიხაროდეს, მოწამეო, უფლისაგან! რადგან შენ მიემსგავსე უკანასკნელ მოციქულ პავლეს. შენ უარყავი მამაპაპეული კანონები და სწავლებები. აღიარე ქრისტე, ღვთის ძე, და მის მსგავსად თავი მოგკვეთეს.
ახლა ვინ გაქოს შენ შესაფერად, ჭეშმარიტად საქებარს? მსურს შენი ქება, ყოვლად-ქებულო ქრისტეს მოწამეო, მაგრამ ვერ ვბედავ. რადგან ჩემს გონებას აღემატება შენი სათნოების ქება. ამასთანავე, მეშინია დადუმებისაც. რადგან შენ ქრისტესმიერი, სანატრელი სიყვარულით შემიყვარე მე, სანამ ამ ჩვენს წუთისოფელში იყავი. ახლა ნუთუ ჩემი ენის დადუმებით შეწყდება ჩემთვისაც შენი შუამდგომლობის მოღვაწეობა ქრისტეს წინაშე! ამიტომ, შენივე მეშვეობით ქრისტეს მადლის მიღებით, ჩემი ძალისამებრ, გაქებ შენ, უფლისაგან მშვენიერებით შემკულო!
შენთვის ძალიან გვაკვირვებს, წმინდაო მოწამეო, რადგან სწორედ ისმაიტელთა ბატონობის ამ დროს, შენივე ნებით ქრისტესთვის თავმდაბლობა არჩიე დიდებას. შენ უარყავი მახვილზე, ძალადობაზე დამყარებული სარწმუნოება. აღიარე ჭეშმარიტი სარწმუნოება და ჯვარცმული ქრისტე აღიარე უფლად და ღმერთად!
შენ სარწმუნოებით იმ ავაზაკს გაუთანასწორდი და სამოთხეში დაიმკვიდრე ადგილი!
შენ ქრისტეს ჯვრით სამოთხის კარი გააღე. ცეცხლის მსგავსმა ქერუბიმებმა, სამოთხის მცველებმა, ვერ გაგიკითხეს, ვერ გაიგეს, ვინ იყავი!
კიდევ რა ვთქვა მეტი? „უფალმა ივნო ჩვენთვის, უბრალომა ბრალეულთათვის“, მან უბიწო სისხლი დაღვარა. შენ კი ვალი გადაიხადე, რადგან შენც დაღვარე შენი სისხლი მისი სიყვარულისთვის. ამიტომაც მან გამარჯვების გვირგვინით შეგამკო და მამამისის სასუფეველში მკვიდრად გამოგაჩინა!
შენი ღვაწლით, წმინდაო მოწამეო, ქრისტეს სიყვარული ჩვენდამი და ჩვენი რწმენა მისდამი კვლავ განახლდა. რადგან ჩვენ შევერიეთ უცხო ერს, რომელიც ქრისტესგან განდგომილი იყო სარწმუნოებით. ეს იყო წუთისოფლის მოყვარე მოდგმა, ღვთის ძის ურწმუნო გვარი, ჩვენი სარწმუნოების მაგინებლები. მათგან ვისწავლეთ მათი საქმენი და ჩვენი გულის წადილს ვემონებოდით მათი წაბაძვით, თითქოს ქრისტეს მოიმედე არ ვყოფილიყავით და დაგვივიწყებოდა მარადიული ცხოვრება. ახლა კი შენი მეშვეობით ქრისტე მოგვიახლოვდა. ჩვენ კვლავ შევიცანით მისი შიში და მისი სიყვარული. მისი მადლის ღირსნი გავხდით, და მისი სიყვარული და წყალობა დღითი დღე მრავალი სასწაულისა და კურნების გამოჩენით ვლინდება ჩვენ შორის!
შენს უგუნურმა შემწირველებმა, მახვილითა და ცეცხლით, უფრო მეტად გაგაბრწყინვეს, ვიდრე ალი. უგულისხმოებმა ვერ გაიგეს უფლის სიტყვა, რომ „ყოველი, ვინც მოგკლავთ თქვენ, იფიქრებს, რომ ღმერთს მსხვერპლი შესწირა“. ოჰ, მათი უგუნურება და უმეტესად უგუნურება! რადგან ის, ვინც თავიდან არავინ იცოდა, ვინ იყავი, ან რომელი ნათესავისგან, ან რომელი ერისგან, ან რომელი სარწმუნოებით ცხონდებოდი, ახლა, უნებლიედ, ყველასთვის ცხადად წარმოგაჩინეს ქრისტეს აღმსარებლად და მოწამედ ყველას შეგასწავლეს.
შენმა ნათესავებმა უცხოდ და განდევნილად გაგხადეს. ქრისტემ კი ისმაიტელთა შორის, ეკლებიდან ვარდივით, გამოგარჩია და თავის ეკლესიაში მიგიღო! შენ, ველური ზეთისხილი, ქრისტემ მოგიღო და თავის სამკვიდრებელში, თავის მტილში, კურთხევის ნაყოფად დაგნერგა. შენი სარწმუნოების ნაყოფით გაახარა ეკლესია, რომელშიც ქრისტეს მორწმუნეები ხარობენ და ნატრობენ შენს დიდებას, შენს მოღვაწეობას, შენს სიმხნევეს, შენს მოწამეობას, შენს ზეციური დიდების გვირგვინის მოპოვებას!
როგორ უნდა გაქო შენ, ღვაწლის მძლეო წმინდაო მოწამეო? რადგან შენ, ქრისტეს გზაზე ახლახან შემდგარი, მოძღვრად, მასწავლებლად გვექმენ. სწავლულთ გულისხმიერება შეჰმატე, რწმენაშერყეულნი უფრო განამტკიცე, განმტკიცებულნი გაამხიარულე, წარმართებს ქრისტეს მსახურება მოასურვე. შენი მოწამეობის მოსახსენებელი ჩვენ დაგვიტოვე, შენი სახელის ყველასთვის საუწყებლად ქადაგად ვიქეცით!
ახლა ყველა ვევედრებით შენს ქრისტესადმი სიყვარულს: გვიშუამდგომლე ყოველთა მაცხოვრის წინაშე ჩვენ ყველასთვის, ვინც შენი მეშვეობით ითხოვს წყალობას ქრისტეს ღმერთისგან, რომლისა არს დიდება და პატივი და ძლიერება მამასთან და ყოვლადწმინდა სულთან ერთად, ახლა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!