დაფა-ზურნა გამუდმებით, უაზროდ უკრავს და ამაოდ ცდილობს, რომ ყველაფერი ერთმანეთს შეუხამოს. მუსიკის გარეშე სვამენ შუა მზისგულზე კერძო თუშები. ისინი დაბნეულები არიან, ნახევრად თათრული, ნახევრად ქართული ლაპარაკით ბუტბუტებენ, ლოცულობენ და ილანძღებიან. სწორედ მაშინ, როცა ქეიფი უნდა შეწყდეს და მიწყნარდეს, ღამენათევ ხალხს უერთდება თელაველი დახლიდარებისა და მძღოლების ახალი, გამოძინებული ნაკადი. დოლ-გარმონი, ზურნა და ჭიანური განახლებული ძალით იწყებს დაკვრას.
რამდენიმე ჯგუფი დამკვრელებისა გვერდიგვერდ დგას და დაუღალავად აცეკვებს ახლად მოსულებს. ისინი შედიან გალავნის შიგნით, გალავნის უკან, ზოგი კი, უფრო მეტად მოწადინებული, საყდარშიც კი შედის. საიდანღაც ჩნდებიან ნახევრად სოფლელი გოგოები ოთხკუთხედმხრებიანი კაბებით, რომლებსაც ახლოდან არც კი უნახავთ, როგორია კაცი. აქ კი ისინი ცდილობენ, რომ „გამოსულობის“ მიზნით, ვინმეს თავი მიუკარებლად, მაგრამ სასიამოვნოდ გარყვნილად მოაჩვენონ და გოჭებივით დახტიან ზურნის ხმაზე.
ბიჭისა და გოგოს ცეკვას შორის სრული შეუსაბამობაა. ეს ცეკვა სადღაც ერთდება, შემდეგ კი ღვინო ან მოწოლილი სიცხე ისევ აშორებს მათ. სამაგიეროდ, უაზრობისგან ცეკვის ტრანსი უფრო და უფრო ძლიერდება და უმაღლეს წერტილს აღწევს.
ეს უზარმაზარი მთვრალი მასა უცნაური, დაუკავშირებელი ფორმით ქეიფობს ერთად. ღამენათევები აგრძელებენ სმას, ყოველგვარი ხალისის ან ყურადღების გარეშე უყურებენ მოცეკვავეებს. დახლიდარ-შოფრები და სოფლის „სტილნები“ თავისთვის ცეკვავენ.
ერთ მხარეს, გალავნისკენ პირისპირ, ჩაწყობილია შუაცეცხლანთებული ჩარდახები ან უჩარდახო საქეიფო ადგილები, დატვირთული ხინკლებით, ცხვრის ხორცით, საქონლის თავ-ფეხით, ერთნახადი ალალაით, ორნახადი ჭაჭის არყით, გამოცლილი და სავსე ტიკებით. ამ უცნაურად ბუნებრივ დამატებას წარმოადგენენ თბილად ჩაცმული მთიელი ქრისტიანები, მაჰმადიანები, ქურქიანები, მაზარიანები. ამ კილომეტრის სიგრძეზე გაშლილი უძრავი ნატურმორტის პარალელურად, ფაფუკმტვრიანი გზის იქით, რომელსაც სულ ორი-სამი მეტრი სიგანე აქვს, სწორედ ის თავდავიწყებული მოძრაობა სუფევს დაფა-ზურნის ქვეშ.
ამ ორი მოპირდაპირე მხრიდან წარმომადგენლები საოცარი სისწრაფით მირბიან-მორბიან ერთმანეთისკენ და სრულად ეკუთვნიან იმ მხარეს, სადაც მივლენ. ცეკვა მზესთან ერთად მატულობს. ორი მოცეკვავე — ერთი დიდმხრებიანი, მთლიანად ოთხკუთხედი, წვრილი თავით, მეორე კი, ახალგაზრდაზე უფრო ხალისიანი შესახედაობის, მოხერხებული ტანის მოხუცი — დილით დაწყებულ ცეკვა-შეჯიბრს აგრძელებს.
გათენებისთანავე მათ ერთი დასტა ფულით აავსეს. ყოველ შემოტრიალებაზე 25, 50, 100-მანეთიანებს აძლევდნენ. სამი საათის განმავლობაში გარშემო შემოხვეული ხალხი მათ რიტმში უკრავდა ტაშს. მერე რიტმი დაირღვა, ტაში გაცივდა, ოთხკუთხედი მსუქანი ბიჭისა და შემართული მოხუცებულის მაყურებლები დაიშალნენ. ჩუმად გაიპარა დაფა-ზურნაც და სხვაგან დაიწყო დაკვრა.
ეს ორი მოცეკვავე უარესი გაგიჟებით აგრძელებდა ტრიალს, სრულიად გაოგნებული იმ უაზრობისგან, რაც გარშემო ხდებოდა. ერთხელ დაწყებული ტემპერამენტი და ვნება არ ნელდება. სინამდვილეში, დაუძლურებული ფეხები სადღაციდან უფრო მეტი ენერგიის მოწოლას გრძნობენ და გაუთავებლად ტრიალებენ. ისინი იჩოქებენ, მოწყვეტით ეცემიან მუხლისთავებით ქვა-მტვრიან გზაზე, ხტებიან კივილით და შეძახილით ამხნევებენ ერთმანეთს. ამ თავისთვის მომლხენ ხალხში უცნაური სიცარიელე და იქიდან გამოსული მუდმივი და უცვლელი ენერგია იგრძნობა.
კაცს ყბაზე ცალტუჩგაწეულ, სინანულნარევ ირონიასა და სევდას ჰგვრის ამ ორი უმუსიკო, უმაყურებლო, გაგიჟებული მოცეკვავის დანახვა. გრძნობ, რომ ალავერდობა აღარ არის ალავერდობა. გრძნობ, რომ ეს რელიგიური დღესასწაული მხოლოდ ინერციაა, რომელიც სასაცილოობამდე მისულა.
გუშინდელი ქეიფის დასასრული მთლიანად შემზარავ ტრაგიკომედიას ჰგავს. ამას ემატება ისიც, რომ ის, საერთოდ, ისტორიულადაც ბოლო დღეა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ქრისტიანულ საყდარში, ზუსტად კანკელის ძირას, შეიძლებოდა ოდესმე თავწაჭრილი მამალი და ცხვრის თავ-ფეხი დაგდებულიყო. მხოლოდ აქა-იქ დაინახავთ კუთხეებში მორცხვად მიყუჟულ შავკაბიან მლოცველებს, რომლებიც ღმერთს მხურვალედ სთხოვენ სათხოვარს.
ალავერდობას აღარაფერი შველის. არც ამ დროისთვის თბილისიდან ჩამოსული ექსკურსანტები, გზაზევე დასიცხული და დაღლილები. არც ბრწყინვალედ გამოწყობილი აკადემიკოსები, რომლებიც ოდნავი, რელიგიური ღიმილით, პატივისცემით ათვალიერებენ ყველაფერს, ერთი დღით განთავისუფლებულნი ხანგრძლივი მეცნიერული შრომისგან, აქეთ წამოსული ეგზოტიკის მისაღებად.
განსაკუთრებით უცნაურად, ტირილამდე სასაცილოდ გამოიყურებიან ამ მუქ ფერებში, თბილად ჩაცმულ ქურქიან მთიელებში რუსი გოგოები, ტურისტის ნიშნებით, დეკოლტეებითა და უსახელოებო კაბებით, მზისგან დამწვარი ცხვირებით. მიუხედავად ასეთი კონტრასტისა თავისი ფორმით, მათ მაინც ვერავინ ამჩნევს.
უეცრად, აქ ჩამოსვლისთანავე, საოცარი სიცხადით, გულისტკენით გრძნობენ აქამდე გაგიჟებით მომავალი, გზაზე მრავალნაწამები დამთვალიერებლები, რომლებიც თვითონაც ქეიფისთვის იყვნენ მომზადებულნი, რომ სრულიად არაფერი არ აკავშირებთ დამხვდურებთან.
აქ მყოფი ხალხი მოსულებისთვის თბილისიდან, რუსეთიდან, თელავიდანაც კი უცებ იქცევა იმავე შავი ბლუზების, ადუღებული ლიმონათის, ქამრების, უნაგირების გაგრძელებად, რაც ასე უხვად მოუტანიათ გასაყიდად და მყიდველებს უმუშტროდ დაუტოვებიათ. თავის მხრივ, „აქაურები“, ალბათ, ჩამოსულებს ჯოხზე წამოცმულ წითელ მამლებზე მეტ ფასს არ აძლევენ, რომლებისკენ მიხედვაც კი აზრად არ მოუვა არც ერთ მათგანს.
გარშემო უცნაური განურჩევლობა სუფევს, უმიზნო, დაუოკებელ ვნებაში შეზრდილი. და თითქოს ყველაფერს, როგორც რეჟისორის მთავარ ჩანაფიქრს, ხაზს უსვამს ორი ნაცნობი, ოფლში გაღვრილი მოცეკვავე, რომლებიც უმუსიკოდ და უმაყურებლოდ დარჩნენ. მათ უყურებს მანქანიდან ახლად ჩამომხტარი ჩვენი მოთხრობების გმირი და ცრემლებივით ადგება ყელში. მას უნდა რაღაც გააკეთოს, რითიმეს შეაჯანჯღაროს ეს ხალხი. ის ნელა, უხმოდ უკრავს ტაშს ორ მოცეკვავეს, მერე წყვეტს და ეღიმება, რადგან მისი ეს ცდა იმდენად უაზროა.
დიდხანს დგას ის ასე, მზეს თავმიშვერილი, უყურებს ამ ორი მოცეკვავის თავშეუკავებელ რიტმს, რომელიც სირბილად და ხტომად არის ქცეული. ესმის მათი შეძახილები და გული ბოღმით ევსება, რომ ამდენი ენერგია და სურვილი ასე უყურადღებოდ, უმაყურებლოდ იხარჯება.
უყურებს და უცებ სადღაციდან რაღაც სიცოცხლის მაგვარი, ხალისიანი ესმის. თითქოს ახლა ფხიზლდება, მთელი პირით ეღიმება, სულელურად იცინის. მის თვალწინ უცნაური სანახაობა იშლება: შავი, მოქეიფე ხალხის გამკვეთად გაწოლილ თეთრ გზაზე ჩამოსულ რუს გოგოებს წრე შეუკრავთ, ტაშს უკრავენ და თვითონვე მღერიან ლეკურს.
ორი შიშველმკლავება — ერთი გოგო, მეორე ქალი — ხტუნაობით ცეკვავს ლეკურს, იცინიან, მთელი გულით ერთობიან. კამპანიას ახლად შეერთებული კახელი ბიჭი ეხმარება ტაშის კვრაში. მერე ბიჭების რიცხვი იზრდება, ვიღაცას დოლ-გარმონი მოჰყავს და რას ხედავს ჩვენი გმირი! — რამდენიმე ქურქიანი ლეკი, პირდაღებული, წრის ახლოს მდგარი, ჰყვება ტაშის კვრას. ხალხი იწევს მათკენ: აი, აქ იწყება ნამდვილი გართობა და მთავრდება ყველა დაღლილი, რელიგიური ინერცია, რომელიც, ურწმუნობის მიუხედავად, თავისდაუნებურად მაინც არსებობს ალავერდის მიწის მკვიდრთა შორის.
ისინი ამ უცხო ხალხისგან თითქოს თავისი აქ მოსვლის ნამდვილ აზრს იგებენ, მაგრამ ეს გამოფხიზლების მხოლოდ წამია. არავის არ უნდა სხვისი გართობის ყურება და ისევ წყდება ყველაფერი.
შუადღეზე მოქეიფე ალავერდი ცოცხალ სასაფლაოს ემსგავსება, მოძრავი, გამოთლილი ქვებით სავსეს. რუსები თითო-თითოდ ადიან „სამოსვალში“ და ტოვებენ ალავერდს, საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს მიჩვეულ და ერთმანეთისგან მოწყენილ მეალავერდეებს.
ამდენ მთვრალ ხალხში არავითარი გაუგებრობა არ ხდება. არავინ ჩხუბობს, არავინ ატრიალებს წელზე ჩამოკიდებულ, საცოდავად მივიწყებულ ხანჯლებს. უბრალო წალაპარაკებაც კი არ ხდება. ისევ და ისევ უმიზნოდ ერევა ერთმანეთში შემოდგომის ბოლო ღვინო ამოწურული ქვევრებიდან, მცხუნვარე მზე და მთვრალი ხალხი.
ძნელია ექსცენტრიული, ბუნებით ეგზოტიკით სავსე შემოქმედისთვის ყველაფერი ამის ყურება. ის სვამს ღვინოს, რომ ხელოვნურად აღიგზნოს ვნებები, დათვრეს სხვებივით. იქნებ მაშინ მაინც დაინახოს ის რაღაც, რასაც ისინი ხედავენ — იმედიანი, მისი აქეთ წამოსვლის გამამართლებელი.
მის სხეულში მატულობს კახური, ქვევრში დაყენებული სასმელის სასიამოვნო სითბო. ის შეუჩერებლად დადის ხალხში, ედება ყველას, ელაპარაკება, ვერ ასმენს და აღარ ესმის არაფერი. მაგრამ რამის გაკეთება, რაც თუნდაც წამით შეცვლის რაღაცას, მისთვის აუცილებელია. ის ასე ვერ წავა აქედან!
ამ დროს ასეთი ბუნების კაცისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ის ხდება ასეთ წუთებში უცნაურად ეშმაკი და უგუნურებამდე უშიშარი თავისი იდეის განსახორციელებლად. ყველაფერი კარგავს მისთვის მნიშვნელობას, გარდა ერთისა: არტისტულ არენად აქციოს ყველაფერი და მაყურებელი დააინტერესოს ამ წამში ერთი ამბით, ერთი მიზნით, ერთის ბედით.
სწორედ ეს შინაგანი ინსტინქტი არტისტისა, რომ ყველას თავის გარშემო ერთი ინტერესი, მიზანი მისცეს, მთლიანად იპყრობს მას. ის შიგნიდან ცახცახებს, მისი გონება უკვე სავსეა ამ შეგრძნებით, რომელსაც მხოლოდ მოქმედების დაწყება, პირველი აზრი სჭირდება. შემდეგ მსახიობი შედის თავის როლში. გაგიჟებული ხალხი ტაშს უკრავს მას ან ესვრის ათას სიბინძურეს — ამაზე როლში შესულ მსახიობს უკვე აღარ შეუძლია იფიქროს.
სანადიროდ გამოსული კატუნიას ნაბიჯებით ეპარება გურამი ურმის უკან საუკუნოდ ღვინის სასმელად ჩამჯდარ თუშ-ლეკების ჯგუფს, რომლის შუიდანაც განუწყვეტლივ ისმის თუშის ბორძიკა ხმა: „მა სხვა რა ვქნათა, შავსვათ კიდევ...“