გაუთავებლივ, უაზროდ ჭყიპინებს დაფა-ზურნა, უშედეგოდ ცდილობს თავი მოუყაროს ყველაფერს ერთად. უმუსიკოდ ლოთობენ შუა მზისგულზე კერძო თუშები, არეული ელში, ნახევრად თათრული, ნახევრად ქართული ლაპარაკით ბლუკუნებენ, ილოცებიან, ილანძღებიან, ეს-ეს არის უნდა მიწყდეს, მიიძინოს ღრეობამ, რომ ღამენათევებს უერთდება გამოძინებული თელაველი დახლიდარებისა და მძღოლების ახალი ნაკადი, განახლებული ძალით იკვებება დოლ-გარმონი, ზურნა, ჭიანური; გვერდიგვერდ მიმდგარი რამდენიმე დასტა დამკვრელებისა დაუღალავად აცეკვებს ახლად მოსულებს; ისინი შედიან გალავნის შიგნით, გალავნის უკან და ზოგი, მეტ იშტაზე მოსული, საყდარშიაც იწევს, საიდანღაც ჩნდებიან ოთხკუთხმხრებიან კაბებში ნახევრად სოფლელი გოგოები, რომლებსაც არც კი უნახავთ ახლოდან კაცი როგორია, აქ კი ცდილობენ, "გამოსულობის" მიზნით, მიუკარებელ, ოღონდ სასიამოვნოდ გარყვნილად მოაჩვენონ ვინმეს თავი და გოჭებივით დაბორგავენ ზურნის ქვეშ.
სრული დისჰარმონიაა ბიჭისა და გოგოს ცეკვას შორის, რომელიც სადღაც ერთდება და შემდეგ ღვინო თუ მოწოლილი სიცხე ისევა თიშავს მათ. სამაგიეროდ, უაზრობისგან უფრო ხურდება ცეკვის ტრანსი და უმაღლეს წერტილამდე ადის.
ეს უზარმაზარი მთვრალი მასა უცნაური არაკავშირით ღრეობს ერთად. განაგრძობენ ღამენათევები სმას, ყოველგვარი ხალისის ან ყურადღების გარეშე მოსული მოცეკვავეებისადმი, ცეკვავენ დახლიდარ-შოფრები, სოფლის "სტილნები" თავისთვის;
ერთ მხარეს, გალავნისაკენ პირით, ჩაწყობილია შუაცეცხლანთებული ჩარდახები თუ უჩარდახო საქეიფოები, დატვირთული ხინკლებით, ცხვრის ხორცით, საქონლის თავ-ფეხით, ერთნახადი ალალაით, ორნახადი ჭაჭის არყით, გამოცლილი და სავსე ტიკებით, რომელთა უცნაურად ორგანულ დამატებას წარმოადგენენ თბილად ჩაცმული მთიელი ქრისტიანები, მაჰმადიანები, ქურქიანები, მაზარიანები, ამ კილომეტრის სიგრძეზე გაშლილი ნატურმორტის პარალელურად, ფაფუკმტვრიანი გზის იქით, რომელსაც სულ ორი-სამი მეტრი განი აქვს, სუფევს სწორედ ის თავდავიწყებული მოძრაობა დაფა-ზურნის ქვეშ.
ამ ორი მოპირდაპირე მხრიდან საოცარი სისწრაფით მირბი-მორბიან წარმომადგენლები ერთმანეთისკენ და სრული კუთვნილება ხდებიან იმ მხარისა, სადაც მივლენ. მატულობს ცეკვა მზესთან ერთად; ორი - ერთი დიდმხრება, მთლიანად ოთხკუთხედი წვრილი თავით, მეორე, ახალგაზრდაზე უფრო ხალასი შესახედაობის, ასხლეტილტანიანი მოხუცი დილით დაწყებულ ცეკვა-შეჯიბრს აგრძელებს.
გათენებისთანავე გაავსეს შაბაშით მათ ერთი დასტა, ყოველ შემოტრიალებაზე - 25, 50, 100 მანეთიანებით, სამი საათი უკრავდა მათ რიტმში ტაშს გარშემოხვეული ხალხი, მერე რიტმი დაირღვა, გაცივდა ტაში, დაიშალნენ ოთხკუთხედი მსუქანი ბიჭის და შემართული მოხუცებულის მაყურებლები, ჩუმად გაიპარა დაფა-ზურნაც და სხვაგან დაიწყო დაკვრა.
უარესი გახელებით განაგრძობდა ეს ორი ტრიალს, სრულიად გაოგნებული ყველაფერი იმის უაზრობისგან, რაც გარშემო ხდებოდა; ერთხელ დაძრული ტემპერამენტი, ვნება არ ნელდება, სინამდვილეში დაუძლურებული ფეხები უფრო მეტი ენერგიის მოწოლასა გრძნობენ საიდანღაც და ტრიალებენ გაუთავებლად, იჩოქებენ, მოწყვეტით ეცემიან მუხლისთავებით ქვა-მტვრიან შარაზე, ხტებიან შეკივლებით, შეძახილით ამხნევებენ ერთმანეთს. უცნაური სიცარიელე და იქიდან გამოსული მუდმივი და უცვლელი ენერგია იგრძნობა ამ თავისთვის მომლხენ ხალხში.
ყბაზე ცალტუჩგაწეულ, სინანულნარევ ირონიასა და სევდას ჰგვრის კაცს ამ ორი უმუსიკო, უმაყურებლო, გახელებული მოცეკვავის დანახვა; გრძნობ, რომ აღარ არის ალავერდობა ალავერდობა, გრძნობ, რომ ეს რელიგიური დღეობა მხოლოდ ინერციაა, მისული სასაცილოობამდე.
შემზარავ ტრაგიკომედიასა ჰგავს მთლიანად გუშინდელი ლხინის ბოლო, ამას ემატება ისიც, რომ ის, საერთოდ, ისტორიულადაც ბოლო დღეა; ვინ წარმოიდგენდა, რომ ქრისტიანულ საყდარში, ზედ კანკელის ძირას, შეიძლებოდა ოდესმე გდებულიყო თავწაჭრილი მამალი და ცხვრის თავ-ფეხი. მხოლოდ აქა-იქ დაინახავთ კუთხეებში მორცხვად მიყუჟულ შავკაბიან მლოცველებს, რომლებიც ღმერთს მხურვალედ სთხოვენ სათხოვარს.
აღარ შველის ალავერდობას აღარაფერი, არც ამ დროისთვის თბილისიდან მოღწეული ექსკურსანტები, გზაზევე დასიცხული, დაღლილები, არც ბრწყინვალედ გამოწყობილი აკადემიკოსები, რომლებიც ოდნავი, რელიგიური ღიმილით, პატივისცემით ათვალიერებენ ყველაფერს, ერთი დღით განთავისუფლებულნი ხანგრძლივი მეცნიერული შრომისგან, აქეთ წამოსული ეგზოტიკის მისაღებად.
განსაკუთრებით უცნაურად, ტირილამდე სასაცილოდ გამოიყურებიან ამ მუქ ფერებში, თბილად ჩაცმულ ქურქიან მთიელებში რუსი გოგოები, ტურისტის ნიშნებით, დეკოლტეებითა და უსახელოებო კაბებით, მზისგან დამწვარი ცხვირებით, რომელთაც, მიუხედავად ასეთი კონტრასტისა თავისი ფორმით, მაინც ვერავინ ამჩნევს.
უეცრად, აქ ჩამოსვლისთანავე, საოცარი სიცხადით, გულისტკენით გრძნობენ აქამდე გახელებით მომავალი, გზაზე მრავალნაწამები დამთვალიერებლები, მომზადებული თვითონაც ღრეობისთვის, რომ სრულიად არაფერი არ აკავშირებთ დამხვდურებთან.
აქ მყოფი ხალხი მოსულებისთვის თბილისიდან, რუსეთიდან, თელავიდანაც კი უცებ იქცევა იმავე შავი ბლუზების, ადუღებული ლიმონათის, ქამრების, უნაგირების გაგრძელებად, რაც ასე უხვად მოუტანიათ გასაყიდად და მყიდველებს უმუშტროდ დაუტოვებიათ; თავის მხრივ, "აქაურები", ალბათ, ჩამოსულებს ჯოხზე წამოცმულ წითელ მამლებზე მეტ ფასს არ აძლევენ, რომლებისკენ მიხედვაც კი აზრად არ მოუვა არც ერთ მათგანს.
უცნაური განურჩევლობა, უმიზნო დაუოკებელ ვნებაში შეზრდილი, სუფევს გარეშემო და თითქოს ყველაფერს, როგორც რეჟისორის მთავარ ჩანაფიქრს, ხაზს უსვამს ორი ნაცნობი, ოფლში გაღვრილი მოცეკვავე, დარჩენილი უმუსიკოდ და უმაყურებლოდ. უყურებს მათ მანქანიდან ახლად ჩამომხტარი ჩვენი მოთხრობების გმირი და ცრემლებივით ადგება ყელში, უნდა რაღაც გააკეთოს, შეაჯანჯღაროს რითიმე ეს ხალხი. ის ნელა, უხმოდ უკრავს ტაშს ორ მოცეკვავეს, მერე წყვეტს და ეღიმება, იმდენად უაზროა მისი ეს ცდა.
დიდხანს დგას ის ასე, მზეს თავმიშვერილი, უყურებს ამ ორი მოცეკვავის თავშეუკავებელ რიტმს, რომელიც სირბილად, ხტომად არის ქცეული, ესმის მათი შეძახილები და გული ბოღმით ევსება, რომ ასე უყურადღებოდ, უმაყურებლოდ იხარჯება ამდენი ენერგია, სურვილი.
უყურებს და უცებ რაღაცა სიცოცხლის მაგვარი, ხალისიანი ესმის საიდანღაც, თითქოს ახლა ფხიზლდება, ეღიმება მთელი პირით, იცინის სულელურად; უცნაური სანახაობა იშლება მის თვალწინ: შავი, მოქეიფე ხალხის გამკვეთად გაწოლილ თეთრ შარაზე ჩამოსულ რუს გოგოებს წრე შეუკრავთ, ტაშს უკრავენ, თვითონვე მღერიან ლეკურს.
ორი შიშველმკლავება - ერთი გოგო, მეორე ქალი - ხტუნაობით ცეკვავს ლეკურს, იცინიან, ერთობიან მთელი გულით. კამპანიას ახლად შეერთებული კახელი ბიჭი ეხმარება ტაშის კვრაში, მერე ბიჭების რიცხვი იზრდება, ვიღაცას დოლ-გარმონი მოჰყავს და რას ხედავს ჩვენი გმირი! - რამდენიმე ქურქიანი ლეკი, პირდაღებული, წრის ახლოს მდგარი, ჰყვება ტაშის კვრას, ხალხი იწევს მათკენ: აი, აქ იწყება ნამდვილი გართობა და თავდება ყველა დაღლილი, რელიგიური ინერცია, რომელიც, მიუხედავად ურწმუნობისა, თავისდაუნებურად მაინც არსებობს ალავერდის მიწის მკვიდრთა შორის.
ისინი ამ უცხო ხალხისგან იგებენ თითქოს თავისი აქ მოსვლის ნამდვილ აზრს, მაგრამ ეს წამია გამოფხიზლების, არავის არ უნდა სხვისი გართობის ყურება და ისევ წყდება ყველაფერი.
შუადღეზე ცოცხალ სასაფლაოს ემსგავსება მოქეიფე ალავერდი, მოძრავი გამოთლილი ქვებით სავსეს. თითი-თითო ადიან "სამოსვალში" რუსები და ტოვებენ ალავერდს, საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს მიჩვეულ და ერთმანეთისაგან მოწყენილ მეალავერდეებს.
არავითარ გაუგებრობას არა აქვს ადგილი ამდენ მთვრალ ხალხში, არავინ არ ჩხუბობს, არავინ არ ატრიალებს წელზე ჩამოკიდებულ, საცოდავად მივიწყებულ ხანჯლებს, უბრალო წალაპარაკებაც კი არა ხდება. ისევ და ისევ ირევა უმიზნოდ ერთმანეთში შემოდგომის ბოლო ღვინო, ამოწურული ქვევრებიდან, მცხუნვარე მზე და მთვრალი ხალხი.
ძნელია ექსცენტრიული, ბუნებით ეგზოტიკით სავსე შემოქმედისთვის ყველაფერი ამის ყურება; ის სვამს ღვინოს, რომ ხელოვნურად აღიგზნოს ვნებები, დათვრეს სხვებივით, იქნებ მაშინ მაინც დაინახოს ის რაღაცა, რასაც ისინი ხედავენ, იმედიანი, მისი აქეთ წამოსვლის გამამართლებელი.
მატულობს მის სხეულში კახური, ქვევრდაკრული სასმელის სასიამოვნო სითბო, შეუჩერებლივ დადის ხალხში, ედება ყველას, ელაპარაკება, ვერ ასმენს და აღარ ესმის არაფერი. მაგრამ გაკეთება, რამის გაკეთება, რაც წამით მაინც შეცვლის რაღაცას, აუცილებელია მისთვის, ის ასე ვერ წავა აქედან!
ამ დროს ასეთი ბუნების კაცისგან ყველაფერი მოსალოდნელია, ის ხდება ასეთ წუთებში უცნაურად ეშმაკი და უგუნურებამდე უშიშარი თავისი იდეის განსახორციელებლად. ყველაფერი კარგავს მისთვის მნიშვნელობას, გარდა ერთისა: არტისტულ არენად აქციოს ყველაფერი და მაყურებელი დააინტერესოს ამ წამში ერთი ამბით, ერთი მიზნით, ერთის ბედით.
სწორედ ეს შინაგანი ინსტინქტი არტისტისა, მისცეს ყველას თავის გარშემო ერთი ინტერესი, მიზანი, მთლიანად იპყრობს მას. ის შიგნიდან ცახცახებს, მისი გონება უკვე სავსეა ამ შეგრძნებით, რომელსაც მხოლოდ სჭირდება მოქმედების დაწყება, პირველი აზრი. შემდეგ აქტიორი შედის თავის როლში, გახელებული ხალხი ტაშს უკრავს მას ან ესვრის ათას სიბინძურეს - ამაზე როლში შესულ მსახიობს უკვე აღარ შეუძლია იფიქროს.
სანადიროდ გამოსული კატუნიას ნაბიჯებით ეპარება გურამი ურმის უკან საუკუნოდ ღვინის სასმელად ჩამჯდარ თუშ-ლეკების ჯგუფს, რომლის შუიდანაც განუწყვეტლივ ისმის თუშის ბორძიკა ხმა "მა სხვა რა ვქნათა, შავსვათ კიდევ..."