prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ალავერდობა — ნაწილი 3

გურამ რჩეულიშვილი · პროზა

არ დაუნახავთ მთვრალ პატრონებს, როგორ აუშვა გურამმა მთიულური, მკერდგანიერი ცხენი, რომელიც თითქმის შეუმჩნევლად გაიყვანა ხალხიდან და უბელოს ზურგზე მოახტა.

ტარებით მიჰყავს მტვრიანი გზის გასწვრივ მაღლა ტყისკენ, უკანა რჩება ბუბუნი, ხმაური. მითოხარიკობს ცხენზე მჯდომი, დარჩენილი საკუთარ ვნებებთან, რომლებიც უფრო იტენებიან იმ შეხლის ჟინით, როდესაც ის გაჭენებული ცხენით მივარდება ისევ ხალხთან და რაღაც, რაღაც გადამწყვეტი მოხდება... მაგრამ ამაზე აღარ შეუძლია ფიქრი, ახლა მხოლოდ გრძნობების ასპარეზი რჩება.

თავდება მინდორში შემოჭრილი ტყის ბოლო. აქედან აღარ მოჩანს არც ალავერდი, არც ხალხი, არაბუნებრივი სიჩუმე დგას ირგვლივ. ტყის პირას პატარა გრილი ფშანი გამოდის, იქვე უხვევს და ბუჩქების სიღრმეში იკარგება. უცნაური გაშეშება იპყრობს მარტო დარჩენილ მხედარს, ცხენი ცოტა წყალსა სვამს და ყურებდაცქვეტილი დგება მის შუაში. ოდნავი ჩქამიც კი არ ისმის.

მთლიანად გამოთიშული გარემოსაგან, დგას გურამი და ამ სიჩუმეში, არარეალურობისაგან რამდენჯერმე გაძლიერებული, ისმის მთლიანი, დიდებული სიმფონია გაურკვეველი სურვილისა - სად დაიწყო?, სად დამთავრდება?, რა უნდა მოხდეს? არაფერი არ ესმის მსმენელს, ეს არის მუსიკა მთლიანი, ერთიანი, ყველა თავისი ხმით, ნაწილებით, ერთადერთი თავისდაცვაა მისგან არ გაინძრე, არ გაუძალიანდე და უცებ საოცარი სისწრაფით საიდანღაც თოფივით გავარდება ერთი ნოტა, დარჩენილი სიმფონიის გარეშე.

იწუვლა კოღომ. მოწყვეტით გავარდა მხედარი სიგრილიდან გახურებული მინდვრისკენ, ფეხდაფეხ აიყოლა ცხენი, ათას ხმებად დაიშალა კოღოს წუილი, აიმტვრა ჩალა, ალაწუნდა გამხმარი შალაფა, რგოლებად დაიყოლა დასიცხული ჰაერი. გახურდა მხედარი, გაუსწორდა წამოწეული ცხენი და თვალის დახამხამებაში იქცა ერთ სხეულად ორივე.

- ცხენი აშვებულა, - ამბობს ურმის უკან საქმეზე გასული თათარი.

- მაგას ცხენი არა სჯობს, გუშინ დოღი მოიგო, - პასუხობს მთვრალი თუში და უაზროდ უყურებს ურემზე მიბმულ უცხენოდ დარჩენილ საბელს.

- ჩემი უნაგირი აქა დევს, - განაგრძობს თვალიერებას დაელმებული თათარი.

- ე! ცხენი რა იქნა! - უცებ ყვირის აზრზე მოსული თუში და ხელების ქნევას იწყებს. მის ყვირილზე რამდენიმე კაცი ბანცალით იშლება ადგილიდან, ალბათ, იდეამოსული, რომ ამდენი ლოთობის შემდეგ შეიძლება იჩხუბო კიდეც, როგორც წესია.

- აგე ხრამზე ჩაუვლია წყლისკენ.

- ა?!

- ჩვენ წინ, კაცო, თუშო, ვერ ხედავ ნაფეხურს?

თუში ხედავს.

- ე!! ცხენი რა იქნა! - ყვირის უფრო აზრზე მოსული.

უცებ იწყებენ ყველანი გუგუნს, მოძრაობის იშტაზე მოსულები, მუქარას და ის-ის არის უნდა დაიშალონ ცხენის მოსაძებნად თუ მისაძინებლად, რომ ტყის კიდიდან ლარივით გაწოლილ შარაზე გამოვარდება უგონობამდე მისული, სიგიჟედ ქცეული მთიულური ცხენი, უცნობი მხედრით. სიბრაზით და კიდევ სხვა ვნებით ატაცებული ჯგუფი, ადგილიდან ნაბიჯის დაუძრავად დგას და უყურებს.

მხედარი ვერ არჩევს ამ ჯგუფს, შორიდან მთელი ხალხი გალავნის გაგრძელებასავით მოჩანს, ის მხოლოდ გახელებულ ჭენებას გრძნობს, გრძნობს, რომ თავს ვეღარ უჭერს გახურებულ ფაშატს. გიგანტური თეთრი გემივით იზრდება მის წინ ულამაზესი და უდიდესი ტაძართა შორის ალავერდი და მიდის მისკენ საბედისწეროდ, როგორც ზღვაში მოულოდნელად ბურუსიდან გამოსულ მარტოხელა მენავეზე ხომალდი.

არავის არ შეუძლია უცებ შეაჩეროს გემი. ვერ უჭერს თავს გურამი ცხენს და იზრდება მის ჩასაყლაპად ალავერდი. ყველაფერი ეს გარედან მაგრად პოეტურია და ამას გრძნობს ის გაორკეცებით შიგნიდან. და მოულოდნელად, ექსტაზის გახელებისას, მის წინ იხლიჩება მინდორი ხრამად და მის კიდეზე ის ერთ მთლიან მასად აღიქვამს ხალხს, გაღებული პირით. საბედისწერო სისწრაფით იკარგება თეთრი ტაძარი.

- ოოუჰ, - იძახიან ერთხმად ფეხზე წამოვარდნილები, გარინდებულები ერთ ხმად. მათ დაინახეს, როგორ გადაეშვა ბზრიალა ლოდივით ცხენი მხედრიანად ხრამში.

- აუუ ვაჰ, - ისმის ყოველი მხრიდან ათად გაზრდილი ხმა. - უვნებელი მხედარი, ამოვარდნილი ხრამიდან, მომატებული ძალით მიაგელვებს ხალხის შუაგულისაკენ ცხენს. მოულოდნელი მრავალფეროვნება სახეებისა საშინელი სისწრაფით გარბის თითქმის ცხენის ფლოქვების ქვევიდან: უშარვლო ბავშვი, ამოვარდნილი ასოთი, ბებერი ცხვირი შაოსანი ქალის, ნაწნავები, განიერი თეძოები ცეკვაშეწყვეტილი გოგოსი, გუდალოყება მეზურნე, გამხმარი მედოლე - დოლი ხელიდან უვარდება და ბათქანით სკდება ქვაზე.

კლდის ქიმივით იზრდება ოთხკუთხი სხეულით თავისი ოჯახის წინ ჩამდგარი სახემოქცეული ლეკის თავი, პრიალებს მის ხელში ხანჯალი, არაჩვეულებრივ სისწრაფეს მატებს ჭენებას ის ორი ნაბიჯი, რომელსაც ის აკეთებს მასზე მეხივით წამოსული ცხენისკენ. გურამი ხედავს, სულ მოიღრიცა ლეკის სახე, გაიზარდა, უცებ კიდევ ოთხჯერ გაიზარდა, ათჯერ, ელვის სისწრაფით გახტა გვერდზე.

- უუუუჰ, - იჩუტება მის ქვეშ ცხენი, რომელსაც გაბერილ ფილტვებში გაუყარა ლეკმა ხანჯალი. რამდენიმე წამი გურამი ჰაერშია, ორ მალაყს აკეთებს მიწაზე და გარბის. მისდევს ლეკი, რომლის ბავშვსაც დაეცა ცხენი, მისდევს თუში, ვისიც იყო ცხენი, მისდევენ მისი ამხანაგები, მისდევენ სხვები, მიჭენავს საკუთარ ფეხებზე გურამი, საყდრის ეზოში შევარდნილი.

ტყე პირდაღებული, დოყლაპია სახეებისა იზრდება მის წინ, მოძრაობენ სახეები, როგორც ცხენიანს ისე ეცლებიან გზიდან და უკნიდან მისდევენ. მიწიდან იზრდება მის წინ უცნაურად ფლეგმატური სახე კაუჭცხვირიანი, ყურებამდე გახლეჩილპირიანი თელაველი დახლიდარისა, თავის ძლიერი დარტყმით აგდებს ამ წამისათვის ამ არაჰარმონიულ არსებას, ახტება ზევიდან და გიჟურ იშტაზე მოსული, უცნაური, შეუჩერებელი, გადმოუცემელი ფიქრებით თავში შერბის ტაძარში.

საყდრის მდუმარება ყიჟინაზე მეტია, მეორე წუთში მდევართა გუგუნით ივსება გუმბათის თაღი, ყიჟინით მისდევს ლეკი, თუშები, ელი, კახელები. ალავერდის ცნობილი მოხვეული კიბის თავში, ღვთისმშობლის პატარა ხატთან თავაუღებლივ ლოცულობს მოხუცი ქალი, "იმათზე ილოცე, დედავ, მე თვითონ ავიტან თავს". უმიზეზო სიხარულის მოწოლით, მხოლოდ ტუჩებით ამბობს გურამი. ოცსაფეხურიან ნათელ კიბეს ოთხი ნახტომით ფარავს და ბნელ მოხვეულ კიბეებში იკარგება. ამ სიბნელეში უცნაურად სავსე, ძლიერად მხიარულია მისი ბუნება, გრძნობს უკან გაბრაზებულ მქშინავ ნაბიჯებს, კიდევ ემატება მის ვნებას ბავშვური ხალისი.

სიმაღლეში ვიწროვდება, დაბლდება კიბის თაღი, წინ სიბნელეა, უკნიდან სინათლეს მქშინავი ლეკის დიდი ბოხოხი ფარავს. გარბის მაღლა მიმავალ საფეხურებზე გურამი, უკნიდან ბოხი, წრიპინა, ჩახრეწილი ხმების მთელი კედელი ხერგავს მის მიერ რაღაც წამების წინ გავლილ გზას.

- სიუ, სიუ, - უსტვენს ბიჭური ჟინით და სხვა რაღაცის ვერგამოხატვის გამო დაღლილი მდევრების ჯიბრზე გურამი.

- თავდება კიბე! დავიჭერთ, - ესმის იმედიანი, ბრაზიანი ნაწყვეტები უკნიდან, ხმები წინ ვარდება ექოდ გვირაბის მარადიულად დაწოლილ ვიწრო სიბნელეში და უცებ მის თვალებში იჭრება კახეთის მიწიდან ატყორცნილი მზის სხივების თვალისმომჭრელი სიკაშკაშე - პატარა სარკმელთან ავარდნილი, მოწყვეტით დგება. აქ წყდება კიბეები და გუმბათის ზღურბლზე გადის. გუმბათი ლიპია, დაქანებული. აქლოშინებული, მხოლოდ ახლა გრძნობს ის ნამდვილ საფრთხეს. ყურთან ესმის ხანჯალმომარჯვებული ლეკის ღვინისოხშივრიანი სუნთქვა.

- დრ-ბრიდდ, - ურტყამს ის თუნუქის სახურავს ფეხებს, ეცლება მისი სხეული სარკმელს და შუქის მთელ სიმძლავრეს უშვებს გვირაბში. ლეკის წინ, რომელიც აქამდე სიბნელეში იყო, უცებ თავისუფლდება სხივიანი სარკმელი და იჭრება დაგორებული საგნის ხმა.

- იუჰჰ! - იძახის ის ხანჯალგაშეშებული. - დაგორებულააა...! - ეს გამგმირავი ხმა მეორდება დაუსრულებლივ, კიბეების დაყოლებაზე, დაყოფილი ათას სხვა ხმებად; ნაბიჯებით, ტყაპუნით გარბიან უკან. შეშინებული ლეკი ხიდან მოწყვეტილი დათვივით ეშვება. მის პატარა ფანტაზიას ჰორიზონტი ეზრდება, ეჩვენება, რომ გამწყრალი, ალავერდის ღმერთისგან გამოგზავნილი თვითონ გიორგი, თეთრ რაშზე მჯდომი, მოსდევს უკან. `ალაჰ!~ - იძახის ის და იმავე წამში, საფეხურზე ფეხაცდენილი, მიგორავს ქვევით შეშინებული, იმედგაწბილებული მუჰამედის რჯულისაგან, ღაღადითა სთხოვს ჩვენს ღმერთს სირბილ-სირბილ "აი, ქრისტე, შენი ჭირიმე".

ვიღაცა მოცეკვავემ, რომელმაც მოღერებული სახე მაღლა ასწია, ცეკვა ზედ თითის წვერებზე შეაჩერა და გაირინდა. გუმბათის კარნიზზე წონასწორობისთვის ხელგაშლილი მიდის გურამი. ის გაჩერდა და ქვევით, ხალხისკენ დაიწყო ყურება. მაღლა აიხედეს მეზურნეებმაც და დაკვრა შეწყვიტეს. ხალხმა დაინახა ეს მოჩვენება. აძგერდნენ ახალგაზრდა გულები გურამის სურვილით, აღელდნენ მოხუცები, ქალები; იმ მლოცველთა სახეებით, რომლებსაც არ ჩაუფიქრებიათ, რაზე უნდა ილოცონ, თვალს ვერ აშორებენ გუმბათს.

გავარდა ხმა, რომ კაცი დგას გუმბათის კარნიზზე და ყოველ წამს შეიძლება დაიმსხვრეს, ხმა გავიდა გალავნის გარეთ, მერე ხევს გაღმა და იწყო ხალხმა გალავნის შიგნით დენა. "ოოუ!" - იყვირა გურამმა, ხალხი ისევ ისე უძრავად იდგა, ამ სიმაღლიდან თითქმის ვერ აღწევს ხმა ქვევითამდე.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გურამ რჩეულიშვილი.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.