ამ წელს მთელი გაზაფხული იწვიმა; წვიმდა მთელი ზაფხულიც, ხალხი დადიოდა საწვიმრებში და მსუბუქ პალტოებში, ყველა ამინდის გამოსვლას შემოდგომისთვის ელოდა, მაგრამ სექტემბერში უფრო მოუმატა სუსხმა, მხოლოდ საქართველოში პირველად ჩამოსულები დადიოდნენ თეთრ პერანგებში თმებჩამოშლილი, გალუმპულები და თავს ირწმუნებდნენ, რომ აქ გაცილებით კარგი ამინდია, ვიდრე ჩრდილოეთში;
ჩამოდიოდნენ რიისკიდან, ოდერის ყინულოვან ოკეანეში შერთვის ადგილიდან, და ყვებოდნენ, რომ იქ ხალხი ბანაობს ზღვაში, შავდება, "მაინც რა მშვენიერი ამინდია კავკასიაში" ამბობდნენ ისინი აღტაცებით. საქართველოში კი სულ წვიმდა და წვიმდა, მაგრამ ასეა ცნობილი, რომ ჩვენთან ყოველთვის კარგი ამინდია და ჩამოსულები, უბრალოდ, არ უჯერებდნენ წვიმას.
რაღა შორს წავიდეთ, მეც ვერაფრით ვირწმუნე, როცა თელავში ჩავედი, რომ რთვლების დაწყების წინ ასეთი მოწყენილი, სუსხიანი, უფერო ამინდი დგას კახეთში.
იწვიმა კიდევ სამი დღე; ოცდაშვიდში ალავერდობა იყო. ოცდაექვსში საღამოს გამოიდარა, ნესტიანი მზე გრძელი, გვერდებზე გადატყორცნილი სხივებით მთელი საათი იწვა ღრუბლების თავზე, რომელთა სიმძიმესაც ძლივს უძლებდნენ წყლისაგან გაბერილი მთებიც კი.
მზის ჩაშვებასთან ერთად ნაწვიმარ ჰაერში მკაფიოდ იწყო გამოჩენა კავკასიონის მასივის გასწვრივ მწვანე ფრად გაწოლოლმა მინდორმა. აქამდე დაბლობზე ამაყად წამომდგარი მთები ბინდთან ერთად შეუმჩნევლად წავიდნენ უკან, თითქოს მათ შვენებას სულ სხვა განგება მართავდა, უცნაურად შეერწყა ქედის სწორი კონტური ვაკის უსასრულობას.
წინ გამოდიოდა, იშლებოდა, ფარავდა მთელ გარემოს უსასრულო, ერთ მთლიან სხეულად ქცეული ალაზნის ველი.
ბოლო სხივებმა მიატოვეს კავკასიონის თოვლები და მასთან ერთად ბინდში ჩაფლეს წაბლისფერ-მოწითალო შემოდგომის ტყეც.
ჩავიდა მზე;
დადგა ის წამი, როდესაც სხივიან შუქს შეჩვეული თვალი ვერ ამჩნევს წვრილ, უძლურ მნათობებს. იდგა მთლიანი სიბნელე და წყვდიადში მოჩანდა სადღაც უსასრულო სიღრმიდან მომავალი უმანძილო მინდორი, ის კი არ მოჩანდა, არამედ ინტუიციით ხედავდა მას ადამიანის თვალი და გრძნობდა მის არსებობას კახელი კაცის სხეული. მხოლოდ ღამესავით ვრცელსა და უსასრულოს შეეძლო ამ წყვდიადის ასე შეცნობა.
შეუმჩნევლად, მიპარვით შეეჩვია თვალი სიბნელეს, საიდანაც უცებ უცნაური ძალით ამოხეთქეს ვარსკვლავებმა და მთლიანად დაიპყრეს კახეთის ცა, ამოვარდა პირველი ნიავი, ნამის წვეთივით შეჩერდა ხის ცალკე გამოშვერილ ფოთოლზე, ოდნავ შეარხია ის, დაიყოლია თავისკენ, ის-ის იყო უნდა მიმწყდარიყო მისი არსებობა, რომ ჰაერის ახალი ნაზი ტალღა ჰარმონიულად მიეხმარა თითქმის მიმქრალ პირველ ნიავს და სხვა ფოთლებსაც აგრძნობინა მისი არსებობა.
შეიყუჟნენ შემოდგომის მისუსტებული ფოთლები, მაგრამ ისეთი ალერსიანი, სასიამოვნო იყო გრილი, უვნებელი ქროლვა დასავლეთის ქარის, რომ თითქმის წინააღმდეგობის გაუწევლად დაჰყვნენ მის ნებას და აშრიალდნენ დიდი ხეები, აშრიალდნენ ცაცხვები, ჩუმად ახმაურდა თელავის ათასწლოვანი ჭადარიც. საიდუმლო, უვნებელი ხმებით ამღერდნენ ცივის ფერდებიდან ალაზნის ჭალებში ჩაშვებული სიმღერები.
ბინდის ჩამოწოლასთან ერთად სევდა მოერია ციხის მაღალი ბურჯის თავზე მჯდარ ადამიანის თვალს, ის ცდილობდა ჩაჰყოლოდა ამ გრძნობას, გარინდებულიყო მარტო ყოფნის ნირვანაში, მაგრამ ბუნება ღამის ამ დროს გაცილებით ძლიერი იყო ყველა ადამიანურ გრძნობაზე;
პირველი ფოთლის შრიალივით გაიფანტა ის სევდაც და იმ კაცის სხეული თავისთავად შეერწყა გარემოს ბავშვურ დღესასწაულებრიობას, ის წამით დაუბრუნდა პირველ შემქმნელს, აშრიალდა მასავით, დაილაპარაკა მისი ენით და აივსო სურვილით საკუთარი სიტყვებით მიემართა მისთვის, ამ სურვილმა დაარღვია პირველი ჰარმონია და შექმნა ახალი, ადამიანის ხმასთან ერთად, რომელიც ჯერ უხმო ვნებით დაიწყო, მერე ბგერაში გამოიხატა და ამღერდა.
იჯდა ბურჯის თავზე მარტო კაცი, ამღერებული ბუნების ძალისგან, მღეროდა ის მის შესახებ, მღეროდა მთლიანად ჩაფლული საკუთარ ბგერებში, მხოლოდ ამოსუნთქვებს შორის გრძნობდა, რომ სადღაც უცნობ ადგილას შორდებოდა მას და ეს შეგრძნება უცნაურად აკლებდა ბუნებისეულ დიდებას მის ხმას, ხმა ხდებოდა სევდიანი, უცებ ამოხეთქილი და გაბმული, ზოგჯერ ტირილამდე მისული იმ უმწეობით, რომ მთლიანად არ ესმის ტყის ხმა, ქარის ხმა, ალაზნის ველის შრიალის სურვილი და მარტო ხმა ეძებდა თავის ცალს, თავისნაირს, რომელსაც ეტყოდა ამ საბედისწერო შეუსაბამობის შესახებ.
მიწყდა მისი სიმღერა და ისევ დაიპყრო ყველაფერი ნიავის, ფოთლების, ატეხილი ჭალების ჰარმონიულმა შრიალა მუსიკამ, ბურჯის ძირში მიმალულმა ჭრიჭინამ დაიცახცახა, ნელი ნათებით შეერია შალაფას ციცინათელა და საიდანღაც მოვარდნილმა სიამაყემ აავსო ბურჯის თავზე მჯდომის გული, ის, დისჰარმონიისაგან გამოწვეული სევდის მაგივრად, გრძნობდა ახალ, იმავე ადამიანური ძალის შეგნებულ მორევას, რომელიც გამოყოფს მას ამ წყვდიადიდან, მუდმივი შრიალიდან.
ჯდომელამ დაიწყო მან ისევ სიმღერა, ახლა ხმებმა კიდევ უფრო მეტი ძალა შემატეს მის სხეულს, წამოაყენეს ფეხზე და აამღერეს მთელი ხმით. მღეროდა კაცი თავისი ხმით, შრიალებდა ბუნება თავისი ხმით და მხოლოდ ახლა, შუაღამის ხანს, დამყარდა მთლიანი, უნაპირო დღესასწაული ალაზნის ველზე.
მთელი ოცდაშვიდის ღამე იხდიდა თავის დღეობას ჭალიდან გამოვარდნილი გედივით თეთრი ალავერდი.
უცნაური გადასვლა: "წინანდელმა რელიგიურმა
დღესასწაულებმა დაკარგეს თავიანთი
პირვანდელი მნიშვნელობა და ახლა
იქცნენ ლოთების, უსაქმურების ხანმოკლე
შფოთისა და დროსტარების ადგილებად."
- გაზეთებიდან -
სექტემბრის ბოლოს ალავერდში გამართული ტრადიციული ქრისტიანული დღეობები საშემოდგომო მოსავლის დიდი ნაწილის აღებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ატარებს ის განსაკუთრებით ინტერნაციონალურ ხასიათს, რაც საკმაოდ არაუცხოა საქართველოსთვის.
ამ დღეობებზე ღამის სათევად ჩამოდიან დიდოები, თუშები, ლეკები, წოვები, ჩეჩნები კანტიკუნტად, ქისტები დიდი რაოდენობით, მთელი კახეთის გლეხობა, ვისაც კი მოუწვდება ამ ბოლოებამდე, და ყარაჯალელი თათრები, ე.წ. ელი. ელი მეღრეობეთა დაახლოებით მეათედს შეადგენს ყოველთვის, ისინი წარმოუდგენლად ვიწრო ურმებზე, პირამდე დატვირთული ბავშვებით, გალავნის ბოლოს ირჩევენ ადგილებს, სვამენ იქვე, ჭამენ და ჩუმად მიდიან, ღამენათევები, თავიანთ სახლებში;
სამაგიეროდ, ნაღვინევი, დიდსამკუთხედთავა, უზარმაზარფაფახიანი დიდოები ჩხუბამდე დაძრწიან ურმებს შორის, უსიამოვნების ატეხისთანავე ქისტებს ტოვებენ შუაში და თვითონ გალავნის უკან იმალებიან.
მთელი ღამე ლოცულობენ, ილოცებიან, გალობენ, სვამენ, მღერიან ყოველგვარი წესრიგის გარეშე დარჩენილი მორწმუნენი თუ ურწმუნოები, დროებით შეშინებული ღვთის ძალისაგან. ქალები უმასპინძლდებიან კაცებს, ღამით კიდევ სუფევს რაღაცა ოჯახური, მოქცეული გარკვეულ რიგში. ღამენათევი პატიოსანი, ღვთის, შრომის პატივისმცემელი გლეხობა გათენებამდე აბამს საქონელს ჩარდახიან ურმებში და მზის ამოსვლამდე ტოვებს ტაძრის მიდამოებს.
ღრეობის ადგილას რჩება ღვინო, ჩარდახები საქეიფო და უაზროდ, უოჯახოდ, უინტერესოდ დარჩენილი ნამთვრალევი ხალხი. შიგ შუაგულისაკენ შემოდიან ლეკები, ირევიან ყველანი ერთმანეთში, სვამენ ერთად, იყრებიან, ისევ ირევიან, უხერხულად ფრუტუნებენ ჟინზე მოსული ცხენები მთვრალი პატრონების დანახვაზე. "დილის არაყი შეასვი, დილის არაყი", ისმის ყოველი მხრიდან.
შეუმჩნევლად ეპარება ღამეს ფერი; ამოდის მზე; დგება დილა უწვიმოდ, სავსე, სიცხიანი ბარაქიანი ყურძნისთვის, ნამდვილი კახური დღე, როცა მზე პირდაპირ შუაგულში აჭერს დედამიწას, სწოვს ნამის ნიშანსაც კი ყველაფერ გრილს, ოხშივრისგან მტვრად ორთქლდება მიწა.
უცნაურად, უნიჭო მოჩვენებებივით დაძრწიან გალავნის შიგნით თუ გარეთ დიდ ფაფახებში, თბილ მეცხვარულ ქურქებში გახვეული თუშები, ლეკები კოკროჭინა პატარა კეპებში, მაგარ ბოქსდარტყმული კახელი სოფლის `სტილნები~, კლოში შარვლებით და ცეკვისგან დაღლეტილი ფეხსაცმელებით, გამომწვევად უყურებენ უზარმაზარ ქურქებში გამოხვეულ ლანდებს.
მთელ გზებზე ოთხივე მხარეს გაწოლილან ისევ ის ჩარდახიანი ურმები, პატიოსანი, მშრომელი გლეხებით სავსე, მიმავალი ღამისთევის შემდეგ თავიანთი სახლებისაკენ, მხოლოდ უსაქმურები, ან აქ საქმისთვის თავის მოსაბმელად დარჩენილები, ან როლიდან უცებვერგამოსულები ვერ ელევიან დღეობის ნასუფრალს, ხელს ითბობენ მეზობელი სოფლიდან ღვინის გასაყიდად მოსული ჩარჩები, დიდი რაოდენობით იღვენთება მზეზე წითელი, ჯოხზე წამოცმული მამლები, ფოჩიანი კამფეტები, ადუღებული ლიმონათი და კოპერატივის საეჭვო წარმოშობის საქონელი.