VI
თოვლი სთოვს, ქარი ბობოქრობს,
ყელებ შაკრულა მთებისა;
ჩამოდის ხევად ზოვები,
ჩამონასხლეტნი კლდებისა.
გაუბამ ყინულს ლურჯადა
უბე-კალთები წყლებისა,
მიუნაქრია ერთიან
ვიწრო სავალი გზებისა.
ვის მასწყენია სიცოცხლე,
გზას ის ვინ გაუდგებისა?
წინ მიდის მგზავრი, მიჰკვალავს,
ხუთიც უკვენა ჰყვებისა.
სიმშილით შაწუხებული
მთას ღმუის ჯოგი მგლებისა.
“კარგს ნურას ჰნახავთ, ხევსურნო,”
ერთი დიაცი სწყრებისა.
“ავაჰმე, ჩვენო სახ-კარო,
ქვა-ქვაზე აღარ დგებაო,
ციხეზე, ჭერხოს ბოძებზე
ეხლა ყოვები სხდებაო”.
დედა ეტყოდა ალუდას:
- შვილო, იარე ნელაო,
შენთან ვერ გავძლებთ ვერც მენა,
ვერც შენი ცოლი ლელაო,
ბალღები აგვიბოჟირდა,
ხელ-ფეხ დაგვიზრა ძნელაო.
ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ,
ვაჰმე, როგორა ბნელაო!
ნეტავ არ დასჭირდებაა
ხევსურთა შენი შველაო?!
ვის რა წყალ-ჭალა გვისტუმრებს,
სად რა-რა დავილევითა?
უბინო უსახ-კარონი
სხვაკანაც დავიწყევითა.
ვეღარ მიუვალთ ჩვენს სახ-კარს,
გაღმა შატილის ხევითა.
თავის მიწა-წყლის გაწირვა
ძნელი ყოფილა მეტადა;
მამაკვდავს დავფერებივარ,
გონი გამხდია რეტადა.
მუხლებ არ მამდევს, გულშია
ბნელი ჩამიდგა სვეტადა.
ვაჰ, მამა-პაპის საფლავნო,
კლდენო, დამდგარნო მწვეტადა!
ჯავრობით ეტყვის ალუდა:
- დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა,
მოდით, მამყევით, ვიდინოთ,
ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა,
ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ,
ნუ გადიქცევით ცეტადა!
ერთხელ მაუნდა ალუდას,
ერთხელ მობრუნვა თავისა:
“მშვიდობით, საჯიხვეებო,
გამახარელნო თვალისა!
მშვიდობით, ჩემო სახ-კარო,
გულში ამშლელო ბრალისა!
მშვიდობით, ჩვენო ბატონო,
ყმათად მიმცემო ძალისა!”
გაწირეს მგზავრთა სამუდმოდ
წყალი და მიწა თავისა.
შტერად დამდგარან მთის წვერნი,
ისმის ხვივილი ქარისა.
გადვიდნენ, ქედი გადავლეს,
თხრილი აღარ ჩანს კვალისა.
ერთი მაისმა შორითა
მწარე ქვითინი ქალისა.