prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ალუდა ქეთელაური — თავი II

ვაჟა-ფშაველა · პოეზია

II

მზემ აიწია ცაზედა,

ნისლებმ დაწირეს ხევები;

მისჯარებიან ცის კიდეს

კავკასიონის დევები.

აშლილან სანადიროდა

ქორებ, ფრინველთა მლევლები;

სოვნი არწივებს მასდევენ,

მუქთად ჭამისთვის მხლებლები.

ჯიხვნი მაებნენ მყინვარსა,

მადლი რქათ ადგა ღვთისაო.

ხევი-ხევ შამოყრანტალებს

ყორანი ავის ხმისაო:

“მამკვდარა ქისტი მუცალი,

თვალნ უნდა ვსჭამნე ყმისაო,

გულ-ღვიძლი ამოვარიდო,

კალთა დავხურო მხრისაო”.

შატილს ჯერ არ ჩასწდომია

შუქი შუადღის მზისაო,

არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა,

ცა ახურია კლდისაო.

ყმა მოიდოდა გორი-გორ,

არ ეწონება თავია;

პირს დასწოლია ნისლები,

გულით ნადენი, შავია.

ტახტაზე დაუკიდებავ

მუცალის ძმისა მკლავია,

ვერცხლით მორთული ბაზალა, -

ეგ ხოროსნული ხმალია.

მეება ჭიუხიანსა,

სადაც იმედას ქავია,

ზაფხულს თოფის ხმას იყურებს,

ზამთარ ჩამუდის ზვავია.

ბევრჯელ მაასწრო დელგმამა,

ჰყეფდა ყორანი შავია.

დაჰფამფალებდა თავზედა

გაუმაძღარი სვავია,

ვერვინ მაჰრივა იღბალი,

ვერავინ უყვა ავია.

ურჯულოს ხელებსავ ადნობს

ზედ მზის სხივები მწვავია.

გველმა ვერ გასჭრა ლიბოი,

დღესაც ცოცხალი არია.

ზოგჯერ ავდარი დადგება,

ზოგჯერ მზე ბრწყინავს, დარია.

რა უყვათ, ბევრი უნახავ

ულვაშ-აშლილი მკვდარია!

ბევრჯელ წასულა საჭალოდ

დახოცილთ სისხლის ღვარია;

შაუღებია წითლადა

ავი არდოტის წყალია.

ვისაც მტერობა მასწყურდეს,

გააღოს სახლის კარია,

სისხლ დაიგუბოს კერაში,

თვითანაც შიგვე მდგარია.

ღვინოდაც იმას დაჰლევდეს,

პურადაც მოსახმარია.

პირჯვარი დაიწეროდეს,

მითამ საყდარში არია.

სისხლშია ჰქონდეს ქორწილი,

იქ დაიწეროს ჯვარია,

დაიპატიჟოს სტუმრები,

დაამწკრიოდეს ჯარია.

სისხლში დაიგოს ლოგინი,

გვერდს დაიწვინოს ცალია

ბევრი იყოლოს შვილები,

ბევრი ვაჟი და ქალია;

იქვე საფლავი გათხაროს,

იქ დაიმარხოს მკვდარია.

შენ რო სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ,

მკვლელს არ შაარჩენს გვარია.

შატილს გადმოდგა ბანებზედ

ხევსურთ ქალი და რძალია,

გამეეგებნენ ალუდას

ძმა, ძმისწულები სამნია.

ბევრს უნდა ამბის გაგება,

ბევრნი მოვიდნენ სხვანია.

მიულოციან ალუდას:

- სახელიანიმც ხარია!

ბებერი ჰკითხავს უშიშა

ალუდას ამბავს ცდისასა.

უამბობს ქეთელაური

ამბავს ღილღველის მგლისასა:

“აქით წასულმა, უშიშავ,

კვალი შავაჭერ მთისასა,

მოკლედავ გადავეწივე.

ნავალ დავატყვე ქვიშასა.

ორნ იყვნენ, თოფი ვიხმარე,

წვერს ვერ ვუწვდენდი ხმლისასა.

იმ ცხონებულსა მუცალსა,

რკინა სდებიყო გულადა!

- რას ამბობ? ქისტის ცხონება

არ დაწერილა რჯულადა.

- მით ვაქებ ვაჟკაცობასა,

არ იყიდება ფულადა.

სამ მე ვესროლე. სამ - იმან,

მესამით დავასრულია.

მკერდზე ნაკრავმა ტყვიამა

გაუნაძოძა გულია.

ნატყვიარს ბრძამით იფევდა,

ისრე დალია სულია.

სულს არ აცლიდა ამოსვლას,

კიდევ მიხსენა რჯულია.

ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,

მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი;

ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ

კუპრში მიელის ქშენანი.

ამის თქმით ვწარა-მარაობთ,

ღთიშვილთ უკეთეს იციან.

ყველანი მართალს ამბობენ

განა, ვინაცა ჰფიციან?!

ვერ გავიმეტე მუცალი

მარჯვენის მოსაჭრელადა,

გული გამიწყრა, არა ჰქნა,

რაც საქნელია ძნელადა:

“დაე დააკლდეს სახელსა,

მე გირჩევნივარ მრჩევლადა”.

ხევსურთა ახალ-უხლები

გადაიქციან ტყემლადა,

ავად შაჰხედნეს ალუდას,

შაუძრახნიან ხმელადა:

“მოკვდი, სიკვდილი გირჩევნავ,

რა ხარ სიცრუის მთქმელადა;

აიხსენ გველის-პირული,

დიაცთ გადუგდე ცხემლადა;

ფარი - ქსლის ჩასაბეჭავად,

ხირიმ - გაუდვან გარადა;

დამბაჩა გამოადგებისთ

საბრუნლად, თითისტარადა!

გამოჰქცევიხარ ქისტიშვილს,

გადუქცევიხარ ქალადა.

მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ,

უკვენ მისდევდი მა რადა?!”

ზურგი აქციეს ალუდას

პირითა ჯავრიანითა;

თავ-თავის სახლებს მიჰმართეს

ჭერხოთით კარიანითა.

გაწირეს ქეთელაური

გულითა ნარიანითა,

სახელსა ალუდაისას

იძახდენ ბრალიანითა,

შატილს მინდიაც მოიდა

ზერდაგით რვალიანითა,

წელზე ნარტყამის ფრანგულით,

მკლავითა ფარიანითა,

თორმეტის ქისტის მამკლავი

შუბითა ტარიანითა.

ირემს ჰგავ მინდის წითლაი

შუბლითა მთვარიანითა.

ალუდას აუგს ეტყოდენ

სიტყვითა შხამიანითა.

იწყინა, შუბლი დაკეცა

ნაოჭით ზარიანითა.

- ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს

ენითა ქარიანითა.

ადვილად მტერი მოგიკვდესთ,

ადვილ გავიგო მართალი.

ბევრ დაღონება არ გვინდა,

ერთი დღის მეყოს საგძალი,

გზა-კვალი არ ამერევა,

ყოველ მხრივ ვიცი სავალი,

დღესავ მოგივათ მინდია,

მანამ დაბრძანდეს მრავალი.

ქუსლი ჰკრა, წითლა გამალდა,

ნიავქარივით მავალი.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ვაჟა-ფშაველა.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.