IV
თენდება, მთის წვერნ დაწითდენ,
ნისლნი აგროვდენ მთებზედა.
დგება, იღვიძებს სოფელი,
მგზავრი მიდ-მოდის გზებზედა.
სოვნი სამგზაგროს წავიდენ,
მთა-ბარს მაავლეს თვალია;
რამდენს ფრაშ-ფრაშში არიან,
ცას ვერ გაავლეს კვალია!
ვინ მოდის წითლის ცხენითა,
გამაიარა წყალია?
- მოხველ მშვიდობით! - მინდიას
ხევსურთა შაუძრახნიან. -
რა მაიტანი ამბავი? -
შორითვე დაუძახიან.
- ახლებო, სისხლი გიფუისთ,
სჭრითა და ჰკერავთ გულითა,
გულს ათრევინებთ გონებას,
თავს აჭრეინებთ ცულითა,
ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა
მის ვაჟკაცურის რჯულითა!
ერთურთს ნუ დააჩაგვრინებთ,
გული-დ გონება ძმანია.
მართალი არი ალუდა,
თავს არ დამექცნენ ცანია!
თუ არა გჯერათ, ქისტისა,
აი, მოჭრილი მკლავია.
ენა ქარქაშში გეჭიროსთ,
ადვილ ნუ იტყვით სიტყვასა,
ადვილ ნუ იტყვით ვაჟკაცზე,
არა ვარგაო, იმასა!
ხელი ალუდას მიართვის:
- წაიღ, მიაკარ ქავადა!
- თუ ხელის მოჭრა მდომიყო,
გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?
ვერ გიქნავ კარგად, მინდიავ,
საქმე მოგირთავ ავადა;
რაად მინდარის, ვერ მიხმლობს,
არ გამოდგება ფარადა;
მთაში წავიღო, არ მითიბს,
არც მარგებს თივის კავადა.
წაიღე, თუ გწამ უფალი,
ნუღარ მაჩვენებ თვალითა.
კაის ყმის მარჯვენა არი,
გული მეწვება ბრალითა.
რაად სწყრებიან ხევსურნი,
რადა ტყვრებიან ჯავრითა?!
მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი
მარჯვენას მაგათ ჯაბრითა!
“წესი არ არის მტრის მოკვლა,
თუ ხელ არ მასჭერ დანითა”.
ვაი ეგეთას სამართალს,
მონათლულს ცოდვა-ბრალითა!