prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ალუდა ქეთელაური — თავი III

ვაჟა-ფშაველა · პოეზია

III

დაბნელდა, წყალნი ტირიან,

კალთა გვეხურვის ღამისა;

დროა ვარსკვლავთა ჟიკჟიკის,

მცვრევა ბალახზედ ნამისა,

მკვდართ სულთ საფლავით გამოსვლის.

დრო მათ სიმღერის წყნარისა.

დევნი გამოვლენ კლდიდამა,

ხევ-ხუვში ეხეტებიან.

ყველამ ივახშმა და ახლა

საძილედ ემზადებიან.

- პურ მიირთვიო, - ალუდას

და-დედან ეხვეწებიან.

- მე პურ არ მინდა, დედაო,

გული შამეკრა რადამე,

წუხელ ცუდ სიზმრები ვსინჯე,

რიგში ვიყოდი სადამე.

წინ გვედვა მიცვალებული,

ხევსურნ შაწყენის ისხდენა.

სალაშქროდ დამზადებულნი,

ზოგნი კარებზე იდგენა.

მენაც იქ ვიყავ, ვტიროდი,

როგორც წესია კაცისა.

გუმანი მქონდა სალაშქროდ,

ხანიც მოვიდა წასვლისა.

ერთს წამს ხელ ვინამ დამტაცა,

ტარი ჩამიდვა ხანჯრისა.

შავხედენ, მუცალი იყო,

ტანთ ეცვა ჯაჭვი რვალისა,

გულზე ემჩნივა ნიშანი

მე-დ იმის ბრძოლის წამისა,

ეფინა ნატყვიარშია

ლეგა საფევი ბრძამისა,

კლდედ იდგა, გაუტეხლადა,

ცრემლ არ ჩამოსდის თვალისა.

“მინდა სიკვდილი, არ ვკვდები,

მამკალო, მითხრა ხვეწნითა.

თქვენ დაგრჩეს წუთისოფელი,

მე-კი წავიდე ქვეყნითა,

დაძეღით, ხევსურთ შვილებო,

ლაშქრობით, ხმლების ქნევითა”.

დავჯე, ჯამ ვინამ დამიდგა,

კაცის ხორც იყო წვნიანი,

ვსჭამდი, მზარავდა თუმცა-ღა

კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი.

რასა ვსჩადიო, ვსჯავრობდი,

უმსგავსი, შაჩვენებული.

“ჭამეო, რამამ მიძახა,

ნუ ჰხდები გაშტერებული:

კიდევ მიმირთვით ალუდას

წვენ ხორცი გაცხელებული”.

მიმატეს კაცის ულვაშით

წვენ-ხორცი შანელებული...

სიზმართ დამტანჯეს, იმით ვარ

გუნება-აღელვებული.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ვაჟა-ფშაველა.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.