V
ჟამი მოვიდა საუფლო.
ხალხი ხატობას დიოდა:
უნდა აცნობონ ბატონსა
ვისაც-კი რამა სტკიოდა.
მოქუჩდა ქალი და კაცი
სახვეწრით ცხვრით და ხარითა;
მიართმევდიან ბატონსა
სახვეწარს ბეღლის კარითა.
ეს ვინ-ღა მოდგა, ნისლივით,
თითბრით ნაზიკის ხმალითა?
ხევის ბერს აძლევს მოზვერსა,
დადგა დახრილის თავითა.
- ვის ამწყალობნებ, ალუდავ,
ამა კურატით შავითა? -
ჰკითხავს ალუდას ხუცესი
გადაწეულის მკლავითა.
დიდია ჩვენი ბატონი -
გუდანის ჯვარი თავითა,
საყმონიც ძლიერნი ჰყვანან,
ღვთითა და ღვთისა ძალითა.
კარგი ყმა უყვარს ბატონსა,
წყალობა ემეტებისა;
ვაჟკაცნი იმედიანნი
ჩვენს ბატონს ებედებისა.
მითხარ სახელი, ვის სწირავ,
იმასამც შაეწირება.
ხანჯარს აიძრობს, დიდების
სათქმელად დაეღირება.
- ეგ სამხვეწროა, ბერდიავ,
ძოღან მოკლულის ქისტისა.
მუცალს ეტყოდენ სახელად,
მაუნათლავის შვილისა.
კარგადაც დამიწყალობნე,
გამიმეტებავ მისთვინა,
როგორც უნდომლად მოკლულის
თავის ლამაზის ძმისთვინა.
- გაურჯულებულს არჯულებ,
შენ ეგ არ შაგიხდებისა,
ქისტისად საკლავის დაკვლა
კარგად არ მოგიხდებისა.
მამით არ მოდის ანდერძი,
პაპით და პაპის-პაპითა,
გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ,
ურჯულოვდები მაგითა;
ეშმაკს ნუ მისდევ... ეგ სიტყვა
როგორ ამოგცდა ბაგითა?!
რამდენ სხვა მაჰკალ, შენს ქავზე
ხელებ ჯღრდესავით ჰკიდია.
ზოგი ლეკისა, სხვა ქისტის,
მარჯვენეების ხიდია;
ციკანიც არვის დაუკალ,
განღამც კურატი დიდია.
როგორ ვახვეწო უფალსა
ძაღლი, ძაღლების ჯიშისა,
მანამ სჯობს, ცანი დამექცნენ,
ზურგი გამისკდეს მიწისა,
ან თუ ზღვამ დამნთქას უძირომ,
სადილი ვსჭამო ქვიშისა!
ფერი ედება ბერდიას,
ფერი სხვა-რიგის შიშისა.
- ზღვენსა ნუ გამიმსუბუქებ,
მადლი თუ გწყალობს ღვთისაო,
ყმა ვარ მეც გუდანის ჯვრისა,
ხევსური თქვენის წყლისაო,
მითომ ერთნი ვართ, ბერდიავ,
მცხოვრებნი ერთის მთისაო.
- ტყუილად სცდები, ალუდავ,
ტყუილად იცვეთ პირსაო.
გაჯავრდა ქეთელაური,
ფერი დაიდვა მგლისაო;
ხელი დაიკრა ფრანგულსა,
შუქი ამოხდა მზისაო.
უქნივა მოზვერს ქედზედა,
თავი მიგორავს ძირსაო.
თან შაეხვეწა ბატონსა,
ნუ შამიცოდებ შვილსაო,
ალლადა ჰქონდეს მუცალსა,
მაგ მოუნათლავ გმირსაო.
ბერდია ჯაგარაშლილი
ხალხისკე იზამს პირსაო.
- გაგონილაა, - იძახდა, -
ასრე აგდება რჯულისა:
საკლავს თვითონ ჰკლავს ალუდა,
მამხსენე ქისტის სულისა,
ხალხო, მინდარის გავიგო
პასუხი თქვენის გულისა.
დაჯარდით, ხევსურთ შვილებო,
ყველანი - დიდნი, მცირენი, -
სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ
ალუდას სახლის დირენი;
ნუ დაინანებთ, ექმნენით
ცოლ-შვილის ამატირენი.
მოკვეთილ იყოს, სხვა ქვეყნის
ცა-ღრუბლის შანამზირები.
წადით, უმტვრიეთ შავ-ბნელსა
სახლისა, ციხის კარები.
ცეცხლი მიეცით საძნოვარს, -
ცასა სწვდებოდეს ალები,
სათემოდ გამოირეკეთ
ცხვარი, ძროხა და ხარები.
შატილს ცოლ-შვილი უტირეთ,
გუდანს - შინშნი და ქალები;
ჰრისხამდეს ჩვენი ბატონი,
არ არის შასაბრალები.
ამის გამგონე მინდიას
მაუწყლიანდის თვალები,
ვეღარასა ჰშველს ალუდას,
გულზე გადიწყვის მკლავები,
შასმულებმ ხევსურთ შვილებმა
მაიმარჯვიან ფარები,
უნდა სცან ქეთელაურსა,
კაპასად ჟღერენ რვალები.
ჯარად დამსხდართა ხევსურთა
თავზედ წაადგა ბალღები,
ერთს ხელში დაუჭერია
მარჯვენის ნახრავ ძვალები.
- ვაჟნო, ვინდომებ თქვენთვისა
წყალობას ბატონისასა,
საკარგყმო დამალეინეთ,
მოგიტანთ ხელსა მტრისასა.
ყორანს მიჰქონდა ბრჯღალითა,
ყურეს უმარჯვდა კლდისასა.
იმ დროსა ვსტყორცნე ისარი
ლაღად მიმავალს ცისასა;
მართალ გამოდგა ნასრევი,
ყორანს უვლიდა ფრთისასა;
კლანჭით გაუშვა ნადავლი,
გადმეესრია მიწასა.
- მუცალის მარჯვენა არი,
მიზეზი ხევსურთ რჩევისა, -
წყრომით იტყოდა მინდია, -
მიზეზი იმათ წყევისა;
მე მივუტანე ალუდას,
ფერი დავადევ წყენისა;
რო არ მიიღო ალუდამ,
სიღრმე ვაჩვენე ხევისა.
- წაიღეთ, - ამბობს ბერდია, -
ტოტი ურჯულოს ძაღლისა,
არა ვართ ხევსურთ შვილები
ყმანი ეშმაკის, ალისა.
ძაღლს მიუგდიან საჭმელად
ხელი მუცალის მკლავისა.
პირი არ ახლო ქოფაკმა,
მორთო ღმუილი ბრალისა.
ხევის ბერ იტყვის ბერდია:
- ხევსურნო, ნახეთ თვალითა:
ძაღლი ძაღლის ძვალს არ სტეხსო,
თქმულია იმავ თავითა.
ქისტის მარჯვენას ბალღები
დაბლა ათრევენ კავითა.