ნეტავ, რამ შემქმნა ადამიანად? ნეტავ, რატომ არ მოვედ ამქვეყნად წვიმის სახით, რომ მუდამ ვყოფილიყავი ღრუბლების გულ-მკერდზე მძივივით ჩამოკიდებული, ან მიწაზე ჩამოსასვლელად ცივ ნამად ან თოვლად ქცეული? ჩემი შემქმნელი, ჩემი პატრონი, ასე უსარგებლოდ და მიტოვებულად არ დამტოვებდა!
ის ცაშივე ამიტაცებდა და თან დამატარებდა, როგორც საკუთარ შვილს. ასეთ შემთხვევაში, არ დამჭირდებოდა სულ მუდამ ფრთხილად ყოფნა. ვივლიდი მზის მოყვარული, სიკვდილის დასამარცხებლად; მაღლა ცა და დაბლა ხმელეთი მე მეკუთვნოდა, ჩემი წილი იქნებოდა.
გავიხარებდი, როდესაც დავინახავდი მთებსა და ბარებს გამწვანებულს, ჩემი ოფლით (წვიმით) მორწყულს, ყვავილებით სავსეს როგორც შიგნით, ისე გარეთ. გადავუშლიდი ჩემს გულ-მკერდს დღისით მზეს და ღამით მთვარეს. სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი მომაკვდავ არე-მარეს, მთელ გარემოს.
თოვლად ქცეულ გულში კი ცეცხლივით იმედი მრჩებოდა, რომ ჩემი სიკვდილი (დნობა, აორთქლება) ისევ სიცოცხლედ გადაიქცეოდა და განახლებულ ბუნებას ისევ მოეხვეოდა, როგორც ყელ-ყურზე შემოვლებული სამკაული.