ჩერქეზეთი უკან მოვიტოვე. ვუახლოვდები დარიალის ხეობას, რომელიც ჩვენი მხარისკენ არის. თერგი თითქმის დამშრალია, ერთი წვეთიღა დარჩა, მაგრამ ჩემს გულში ის ზღვასავით მძაფრად გადის, დიდ განცდებს იწვევს.
თითქოს ცა გამერღვა და თავზე დამემხო. ამ ცის ზემოთ კი კიდევ სხვა, მყინვარის ცაა. დარიალის ხეობის სილამაზითა და სიდიადით გაგიჟებულს, თვალებს ცრემლების ნაკადი, თერგივით, მირეცხავს.
გადავყურებ ღრმა, ალმასივით მბრწყინავ უფსკრულებს. ჩემი ბოროტი სული, დემონი, კვალდაკვალ მომყვება. ვხედავ გიგანტური ძალის შოლტის კუნთებს და რკინის ბაწარს, რომელიც ყელზე უნდა მომდოს, რაც სიკვდილს ნიშნავს.
ვიცი, ეს ბედი მაინც მელის. ისიც ვიცი, რომ ეს ჩემი ბრალია, ჩემზე ახია. ძვირფასო, იცოდე, მე არ ვარ მოლაპარაკე, ყბედი ადამიანი. ან თავის მოკვლა რა არის სატრაბახო?
მაგრამ ამ თვალუწვდენი ხრამების სიღრმე ქარიშხალივით მიტაცებს. ვიცი, რომ ქალი ხარ და ყველა ქალივით ამ ჩემს ნათქვამსაც ეჭვით უყურებ.
მინდა, რომ ვიყო მამაცი, გულადი მოგზაური, მწირი, რომელიც საშინელ ღამეს ვეფხვს დაგლეჯდა. მე შენით ვარ სავსე გულამდე და ჩემი ცრემლები მოვარდნილ წარღვნას ჰგავს.
მინდა, რომ ამ გზაზე, შარაგზაზე, მოვიფერთხო ყველაფერი, რაც მაწუხებს. მინდა, გული გულწრფელად გაგიხსნა. მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე. შენ ჩემს სიკვდილში არ გიდევს ბრალი.