prep.ge

სტუმრის რეჟიმი · დამატებითი სავარჯიშო ტექსტი

მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე

ტიციან ტაბიძე · პოეზია

ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი, ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს, დამშრალი თერგი ერთი წვეთია, მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.

წამექცა თავზე ცა გარღვეული, და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა, და დარიალით გადარეული თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.

და გადავყურებ ალმას უფსკრულებს, კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს, ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს.

ვიცი მომელის მაინც ეს ბედი, და ისიც ვიცი ჩემზე ახია, ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი, ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.

მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი, ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი.

მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი, საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა, ვარ ავსებული შენით გულამდე და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა.

მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე, მინდა გავიხსნა გული ალალი, მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე, შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ტიციან ტაბიძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.