ლექსი მეწყერი
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.
იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.
და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
ანანურთან
თამუნია წერეთელს
* * * * *
შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
მომაგონდები ამ ანანურთან.
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.
არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი.
ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე“,
ფეხ-მოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.
ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის ფრთების შეხება,
სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა,
მოიბან შენი ირმის ფეხები.
დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც,
მათი ცხოვრება ხვალე იწყება,
ჩვენ მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას
დაფარავს მიწა და დავიწყება.
გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.
ასე კვდებოდა ალბათ ათასი
და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური,
ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი
და თვითმკვლელობის იავნანური.