ბოროტო სულო, ვინ მოგიწვია, რომ ჩემი წინამძღვარი გამხდარიყავი, ჩემი გონებისა და სიცოცხლის ამრევი? მითხარი, რა უყავი, სად წაიღე ჩემი სულის სიმშვიდე? რატომ მომიკალი ყმაწვილობის ბრმა რწმენა?
ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ჩემს ახალგაზრდობას? თითქოს მაძლევდი ამქვეყნად თავისუფლებას, ტანჯვებს შორის სიამოვნებებს მიხატავდი და თვით ჯოჯოხეთსაც კი სამოთხედ მიქცევდი!
მითხარი, რა მოუვიდა ამ საოცარ დაპირებებს? რატომ მომხიბლე, ამირიე ჩემი გულწრფელი აზრები? სად ხარ, ჩემო ამრევი, მიპასუხე, ნუ იმალები! რატომ გახდა შენი მომაჯადოებელი ძალა უშედეგო?
წყეულიმც იყოს ის დღე, როცა შენს დაპირებებს ბრმად ვენდობოდი, ვუმსხვერპლებდი ჩემს გულისთქმებს! მას შემდეგ დავკარგე სულის სიმშვიდე და ვნებების მღელვარებაც კი ვერ მიკლავს წყურვილს!
წადი ჩემგან, ჰოი, მაცდურო, ბოროტო სულო! ახლა რა ვარ ამქვეყნად დარჩენილი – უმიზნოდ, მარტო. გონებით ურწმუნო, გულით უნდო, სულიერად დაჭრილი და განადგურებული? ვაი მას, ვისაც შენი გამანადგურებელი ხელი შეეხება!