IV თავი
იმ საღამოს სტეფანწმინდას ამოვედი. მშვენიერი საღამო იყო, ასე რომ იმ ღამეს იქ დავრჩი, რათა თვალი გამეძღო მშვენიერის ხილვითა. ოხ, საქართველოვ!
„სხვა საქართველო სად არის,
რომელი კუთხე ქვეყნისა?“
ოთახიდამ გარეთ გამოვედი და შევხედე სტეფანწმინდის პირდაპირ აყუდებულ მყინვარსა, რომელსაც ყაზბეგის მთას ეძახიან.
დიდებული რამ არის ეგ მყინვარი. აბა მაგას შეუძლიან სთქვას: ცა ქუდადა მაქვს და დედამიწა ქალამნადაო. ცისა ლაჟვარდზედ მოჩანდა იგი თეთრად და აუმღვრევლად. ერთის მუჭისოდენი ღრუბელიც არა ჰფარავდა მის მაღალ შუბლსა, მის ყინვით შევერცხლილს თავსა.
ერთადერთი ვარსკვლავი, მეტად ბრწყინვალე, ზედ დაჰნათიდა, ერთს ალაგს გაჩერებული, თითქო მყინვარის დიდებულ სახეს განუცვიფრებიაო.
მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი. დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს, - ერთის სიტყვით, მყინვარია. მყინვარი მთელის თავის დიდებულებით საკვირველია და არა შესაყვარებელი.
აბა რად მინდა მისი დიდება? ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ ერთ ძარღვსაც არ აატოკებს. ძირი თუმცა დედამიწაზედ უდგა, თავი კი ცას მიუბჯენია, განზედ გამდგარა, მიუკარებელია.
არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა. დალოცა ღმერთმა ისევ თანზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი, მღვრიე თერგი. შავის კლდის გულიდამ გადმომსკდარი მიდის და მიბღავის და აბღავლებს თავის გარეშემოსა.
მიყვარს თერგის ზარიანი ხუილი, გამალებული ბრძოლა, დრტვინვა და ვაი-ვაგლახი. თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა, ამაღელვებელი და ღირსსაცნობი სახეც არის: იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის ქვეყნის უბედურების ნაცარტუტა.
მყინვარი კი უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა: ცივია - როგორც უკვდავება და ჩუმია - როგორც განცხრომა.
არა, მყინვარი არ მიყვარს, მით უფრო, რომ მიუკარებლად მაღალია. ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედი კი ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირიდამ ამაღლებულა, მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა. ამიტომაც მე, როგორც ქვეყნის შვილს, თერგის სახე უფრო მომწონს და უფრო მიყვარს.
არა, მყინვარი არ მიყვარს: მისი სიცივე ჰსუსხავს და სითეთრე აბერებს! მაღალიო! რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება.
არა, არ მიყვარს მყინვარი. მყინვარი დიდ გეტეს მაგონებს და თერგი კი მრისხანე და შეუპოვარს ბაირონსა. ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს.
მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი...
V თავი
ჩემოღამდა. თერგისა და მყინვარის ყურებაში და ზოგიერთ ფიქრების გართკაში დრო ისე გამეპარა, რომ თითქმის ვერ შევიტყე, მზე როგორ გამოესალმა მისგან გამთბარ ქვეყნიერებასა და როგორ მიეფარა მთებსა.
დაღამდა, თვალწინ აღარა სჩანს-რა, მისწყდა ხმაურობა ქვეყნისა, ქვეყანა დადუმდა.
დაღამდა, მაგრამ არ ვიცი, რას ვიქმოდი, რომ იმედი არა მქონდეს კვლავ გათენებისა. სიცოცხლე სიცოცხლედ-ღა ეღირებოდა?.. მიყვარს, ბუნებავ, შენი დაწყობილობა, რომლის მეოხებითაც ყოველი ღამე თენდება ხოლმე.
დაღამდა, მაგრამ მე მაინც სტანციის გარედა ვარ და დაჟინებით ყურდაცქვეტილი გონებას ვადევნებ თერგის თავზედ ხელაღებულის დენის ხუილსა. ყველა დადუმდა და შენ არ სდუმობ, თერგო! მერწმუნეთ, მე მესმის ამ ხმაგაკმენდილს ქვეყანაში თერგის დაუჩუმარი ჩივილი.
არის ადამიანის ცხოვრებაში იმისთანა წუთნი მარტოობისა, როცა ბუნებას შენ თითქო შენსას აგებინებ და იგი თავისას შენ გაგებინებს. ამიტომაც შეგიძლიან სთქვა, რომ მარტოობაშიც არსად მარტო არა ხარ, ჰოი, ორფეხო ცხოველო, რომელსაც ადამიანს გეძახიან.
ამ ღამეს ვგრძნობ, რომ ჩემის ფიქრებისა და თერგის ჩივილის შუა არის რაღაც იდუმალი კავშირი, არის რაღაც თანხმობა. გული მიტოკს და მკლავი მითრთის. რისთვის? დროს დავაცალოთ ამის პასუხის მიცემა.
დაღამდა. მისწყდა ადამიანის ფეხის ხმა, მისწყდა ადამიანის მორჭმული ხმაურობა, აღარ ისმის მისის დაღლილის ზრუნვლისა და წადილის გუგუნი, ქვეყნის ტკივილმა დაიძინა, ადამიანი აღარა სჩანს ჩემს გარშემო.
ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!.. არა, წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა, წვალებითა, ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა!
ჰოი, ბნელო ღამევ, მეჯავრები შენ მე! შენ რომ არ დაარსებულიყავ ქვეყნისათვისა, მე მგონია, რომ ნახევარი უბედურობაც ადამიანისა ქვეყანაზედ არ იქნებოდა.
შენთა მოვლენათა დასცეს პირველად თავზარი ადამიანის გონებასა და დააფრთხეს იგი. მას აქეთ შეშინებულსა გზა თვისი ვერ უპოვნია, - და აჰა, იბრძვის ადამიანი და დღევანდელამდე ათასში ერთსა თავისი ერთხელ დამფრთხალი გონება ფრთხოლას ვერ გადაუჩვევია.
აი მიზეზი ქვეყნის უბედურობისა.
ჰოი, ბნელო ღამევ! მეჯავრები შენ მე. შენის კალთის ქვეშა, ვინ იცის, რამდენი გაბოროტებული მტერი ადამიანისა ეხლა თავს იმალავს? ვინ იცის, ამ ბნელ ფარდის ქვეშ, რომელიც ეხლა ჩემს თვალს ჩამოაფარე, რამდენი მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა სჭედავს ბორკილთა ადამიანის ბედის შესაჭედად?
შენ ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც ადამიანის დამფრთხალს გონებასა უბედურობას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე;
შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების სერბოსა, საცა ისმის სადღეგრძელო სიბნელისა. ჰოი, ბოროტო, წარველ ჩემგან, დღეო ნათელო, მოვედ შენ!..
VI თავი
სტანციაში შევიტყვე, რომ მთებში დიდი დაბრკოლებაა ფოშტით მიმავალისათვის, რადგანაც სტანციებში ცხენები ხშირად თურმე აკლდებათ. მირჩიეს ფასანაურამდე ცხენი მექირავნა და ცხენდაცხენ გადავსულიყავ. მე ეს რჩევა ჭკვაში დამიჯდა. იმ ფიქრით მივეცი თავი ძილს, რომ ხვალე საჯდომს ცხენს ვიქირავებ და ისე გადვივლი მთებსა.
გათენდა. რა მშვენიერი რამა ხარ, დილის რიჟრაჟო! რა მშვენიერი რამა ხარ, დილის ცვრით პირდაბანილო ქვეყანავ! მე მგონია, რომ ამ დილას ყოველი ტკივილი ქვეყნისა უნდა დაყუჩებულიყოს, მაგრამ თერგი მაინც ჰბღავის და იბრძვის. სჩანს, ქვეყნის ტკივლი დაუყუჩავია.
გათენდა და გაიხმაურა ქვეყანამ ადამიანის ხმითა. დღემ დაიწყო თავისი დაუდეგარი ფაციფუცი. კარგია გაღვიძებული ადამიანი!.. მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულაღტყინებულსა. ჩემო ლამაზო ქვეყანავ, არიან ამისთანანი შენში? მე მოვნახავ და, თუ ვიპოვე, ვეთაყვანები.
გავედი სტანციის გარეთ და ერთს მოხევეს შევხვდი. ვიქირავე მისგან ცხენი იმ პირობითა, რომ თითონაც ცხენით გამომყოლოდა. ბოლოს არამც თუ ვინანე, დიდად კმაყოფილის დავრჩი, რომ ჩემი საქმე ეგრე მოეწყო. ჩემი მოხევე ძალიან კაცი გამოდგა. იგი იყო ჭაღარამორეული, ხანში შესული კაცი. ბოლოს გამოჩნდა, რომ თვალყურმადევარიც ყოფილა იმ პატარა ქვეყნისა, რომელიც მის გარშემო ბედს შემოეხაზა და რომელიცა იმის უფერულის ცხოვრების მისაქცევ-მოსაქცევად დაენიშნა.
შევსხედით ცხენებზედ და წამოვედით სტეფანწმინდიდამ. უკანასკნელად შევხედე მყინვარს. იგი როგორღაც დიდკაცურად იბღვირებოდა თავის სიმაღლიდამ. ამან ამირია იმ დილით დამშვიდებული გონება. გულმა კიდევ ტოკვა დამიწყო და მკლავმა თრთოლა. სრულის მძულვარებით მოვაშორე თვალი მყინვარის დიდებულებასა და უფრო დიდის პატივით გამოვეთხოვე მის ფეხთა ქვეშე გაგიჟებით მავალს თერგსა.
ჩემი მოხევე სანახავად ღირსი იყო. იგი, თვითონ ზორბად მოსული, იჯდა ერთს პატარა მთის ცხენზედ, რომელიც თითქმის მთელს გზას მგლურის ძუნძულით სასაცილოდ მოძუნძულებდა. ჩემს მოხევეს ჩამოეფხატა ბანჯგვლიანი ქუდი თვალებზედ და ისე გარინდებული იდვა განიერ უნაგირზედ გადაბოტებული, ისე არხეინად და გულამღვრეულად აყოლებდა თავის ახოვანს ტანს ცხენის ძუნძულს, ისეთის დამშვიდებით და განცხრომით აბოლებდა თავის ჩიბუხსა, რომ გეგონებოდათ - ამისთანა ქეიფში სხვა კაცი ძნელად თუ იქნება დედამიწის ზურგზედაო.
– რა გქვიან, ძმობილო? - ვკითხე მე.
– ...ლელთ ღუნიას მიხმობენ, - მომიგო მან.
– სადაური ხარ?
– სადაველ? გაიბოტნიდამ, აქაივ მთაჩია, თერგ-კიდურზედ.
– ქართველი ხარ, თუ ოსი?
– ოვსი რაიდ ვიქნები?! ქართველ ვარნ, მახევე.
– კაი ადგილია ეს თქვენი ადგილი.
– არაა გონჯაი: ჩვენს ბეჩაობას შეჰფერობს.
– ამისთანა წყალი, ამისთანა ჰაერი სწორედ ბედნიერებაა.
– ჰმ! - ჩაიცინა მოხევემ.
– რას იცინი?
– საცინალს ვიცინი. ცარიალ სტვამაქი მაგნით ვერ გაძღების.
– აქ ძალიან მოსავალი უნდა იცოდეს?!
– რაიდ არ ეცოდინების? ადგილ არაა გონჯაი, პატარ გვაქვნ: თვითვაულს კაცს ორ-ორ შაბადის ყანა არ ექმნების. ვიწროდ ვარნ.
– ეს დიდი გზა დიდ ხელს მოგცემთ.
– რაი ბედანაა გზაი? იგ მისთვის ვარგობს, ვისეც თვის ნაშვრელ-ნამუშევერ გასატან-გასასყიდ აქვნ.
– მაშ ქირაზედ არ დადიხართ?
– რაიდ არ დავდივართ? დავდივართ.
– მაშ ქირით ფულს იშოვნით.
– ვშაულობთ. ჯიბეჩი არ რჩების: მთის კაცი მახევე სვამეხის კერძია. ჭამადი, სმადი არაა სახლჩი, ნაშოვერ დუქანჩი მიდის.
– მაშ ისევ ბარი სჯობნებია: იქ ხალხი უფრო მაძღარია.
– ვინ უწყის? იქაითაც საჭირბოროტოია დარჩენა. ადგილ ჰხაშმობს. იქაველ კაცს ფერი არა აქვნ, ჯანი არა აქვნ. აქაველ ჯანმრთელნი არნ. ცარგვლის გამჩენმა განაგო იქაით-მაძღრობა, აქაით - სიმრთელე.
– რომელი ქვეყანა სჯობია, მაძღარი თუ მრთელი?
– ორივენ ერთადა. უერთურთოდ ქვეყანაი გონჯაა.
– ორში რომ ერთი ამოგარჩევინონ?
– ორჩიდა? არჩევანზედ? ამ ღორღიან კლდეთ ვიჯობდი, ჯანმრთელია. ადამის ძეი ბალახითაც, გაჭირდის, გაძღების, სატკივარს რაი ეყვის?
ამ დროს ჩემს მოხევეს უეცრად თოკის უზანგი ჩაუწყდა, თავი ვერ დაიმაგრა და ცხენს გვერდზედ მოექცა. მერე ისევ გასწორდა, ჩამოხტა ცხენიდამ და დაიწყო უზანგის გამართვა.
– საჭირბოროტოია შეკაზმულ ცხენ, - წამოიძახა ღიმით მოხევემ, - დაილოც შიშვალ ცხენ: ფეხ გადაწვდიდი და გადაჯდიდი.
მე აღარ მოვუცადე მოხევეს და წინ წავედი.