ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩივარი, ქედდრეკილი, მადლიერი; უშფოთველი, ქვემძრომელი, რიგიანი, წესიერი; ყოვლად მთმენი, ვით ჯორ-ცხენი, ნახედნი და ღონიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! ყველა უნჯი, ყველა მუნჯი, გულჩვილი და ლმობიერი; თვალაბმული, თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი; ყველა ყრუი, ყველა ცრუი, ჭკვადამჯდარი, გულხმიერი; მცირე, დიდი - ყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! მტვერწაყრილი, თავდახრილი, ყოვლად უქმი, უდიერი; უზღუდონი, გზამრუდონი, არგამტანი და ცბიერი; მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი; არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი. ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმე ერი?
სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი
ბედნიერი ერი
კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.
ამ ტექსტზე ვარჯიში →ტექსტის შესახებ
ავტორი — ილია ჭავჭავაძე.
საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.
წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა
თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.